ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ნინო ჭყოიძე დაიბადა 1999 წლის 29 იანვარს დაბა ხარაგაულში. ჰყავს დედა, მამა და ორი უფროსი ძმა. მისთვის სწორედ მშობლები და ძმები არიან ადამიანები, რომელთა რჩევებიც ყოველდღიურად უმარტივებს ცხოვრებას.
ბავშვობა გაატარა ხარაგაულში. დადიოდა ბაღში. ოქროს მედალზე დაამთავრა ხარაგაულის ევგენი ხარაძის სახელობის #3 საჯარო სკოლა. მეცხრე კლასში წარმატებული სწავლისათვის მოიპოვა ლეპტოპი. მონაწილეობა მიიღო არაერთ სასწავლო ოლიმპიადაში და ბევრ მათგანში გაიმარჯვა კიდეც.
აქტიურად იყო ჩართული რაიონის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში, პროექტებში, საგანმანათლებლო აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
არაერთხელ ყოფილა ხარაგაულისა თუ საკუთარი სკოლის წარმომადგენელი სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში.
მისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც მის ცხოვრებას შესძენს აზრს.
ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და არის მომავალი ჟურნალისტი. აქვს 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება.
დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედიც. 10 წლის განმავლობაში იყო ხარაგაულის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “უბისის” წევრი.
უყვარს ახალი ადგილების მონახულება, ფილმების ყურება, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება.
არის წარმატებული ინიციატორი და ხარაგაულში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
დღეისათვის ნინო აქტიურად იღებს მონაწილეობას ახალგაზრულ პროექტებში და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებაში.

ჩემთვის #ინიციატივა არის

რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ინიციატივა ჩემთვის არის იმედი. დიახ, იმედი იმისა, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, ვიპოვო ბევრი თანამოაზრე. ყოველთვის, როცა ინიციატივის წევრებთან ერთად ვარ, ვგრძნობ, რომ ჩემს იდეებსა და მისწრაფებებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ინიციატივა არის საშუალება, რომელიც კარგ ჩანაფიქრს სასურველ რეალობად აქცევს. საკმარისია მოინდომო, ეცადო და მიზნისკენ, იცხოვრო უკეთეს ქვეყანაში, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.
ჩემთვის ინიციატივა, ერთი მხრივ, შანსიცაა, გამოვავლინო შესაძლებლობები. განა მხოლოდ ის რად ღირს, რომ ინიციატივის საზაფხულო თუ ზამთრის სკოლებში გავიცანი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ნამდვილად დიდი საჩუქარი იქნებოდა ნებისმიერი პიროვნებისთვის. დღეს უკვე მყავს მეგობრები, რომელთაგანაც გაცილებით მეტს ვსწავლობ, ვიდრე – რომელიმე სახელმძღვანელოდან.
ინიციატივა აღმოჩნდა სივრცე, სადაც ვისწავლე, როგორ დავგეგმო პროექტი, როგორ გავანაწილო ბიუჯეტი რაციონალურად ან უბრალოდ როგორ მივხვდე, რა არის უკეთესი ჩემთვისა და ჩემი ქვეყნისთვის.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას უიმედობა იპყრობს. გაგიმხელთ, ასეთი გრძნობა ახალგაზრდებსაც ხშირად გვეუფლება, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ინიციატივა, ანუ, როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს იმედი, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ თამამად ვთქვათ: დიახ, გვეშველება!

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, პირველ რიგში, არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ, თუ ძალიან მოინდომებ, შესაძლოა, ჩანაფიქრი აქციო რეალობად.
ზოგადად კი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 2015 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად იკვლევს საქართველოში არსებულ პრობლემებს და ცდილობს, მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანოს მათ გადაჭრაში.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ხელს უწყობს ახალგაზრულ საქმიანობასა და არაფორმალური განათლების დამკვიდრებას საზოგადოებაში.
პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მოსწავლეებსა და სტუდენტებში ისეთ მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის ყველაზე საიმედო გზამკვლევია, რომელმაც მე, როგორც რეგიონში მცხოვრებ რიგით მოსწავლეს, საშუალება მომცა, დავსწრებოდი არაერთ საინტერესო ლექციას, გამეგო მეტი დასავლური ფასეულობების შესახებ. მეტიც, ამ ორგანიზაციამ გამიმარტივა ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.
ახლა კი, როგორც უკვე სტუდენტს, კვლავ მაქვს მჭიდრო კავშირი ევროპულ-ქართულს ინსტიტუტთან და ვხედავ, რამდენად შესამჩნევია განსხვავება ჩემს წარსულსა და აწმყოს შორის. ალბათ, გადამეტებული არ იქნება, თუ ჩემს მოსწავლეობა-სტუდენტობას ორ ნაწილად დავყოფ: პირველი – მე ევროპულ-ქართულ ინსტიტუტამდე და მეორე – მე, როგორც ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტების თანამონაწილე.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე ისეთი საქართველო მინდა, სადაც ახალგაზრდების იდეებსა და მისწრაფებებს დიდი ყურადღება დაეთმობა.
მე ისეთი საქართველო მინდა, როგორზე ოცნებაც ხშირად გამიტაცებს ხოლმე.
ისეთი საქართველო მინდა ვნახო, რომ სხვები ჩვენგან იღებდნენ მაგალითს. მინდა, ხელშეუხებელი იყოს სიტყვის თავისუფლება.
მე ერთიანი საქართველო მინდა. ისეთი საქართველო, ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით რომ წითელ იარებად აღარ ემჩნეოდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ღიმილით ესალმებიან, ტკბილად ესაუბრებიან და რჩევებს აძლევენ.
საბედნიეროდ, მგონია, რომ ჩემი სურვილები არაა არარეალური. წარმოსახვაში ვხედავ ქვეყანას, რომელსაც ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდობა მართავს. წარმოვიდგენ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც, როგორც მინიმუმ, ნაგავს ძირს არ ყრის, იხდის გადასახადებს, სწავლობს კარგად და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.
ისეთი საქართველო მინდა ვნახო, სადაც ყველა ჩვენგანი არჩევნებზე მიდის, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, იცნობს ქვეყნის კონსტიტუციას და გარკვეულია ყველა მნიშვნელოვან საკითხში.
მინდა ისეთი ქვეყანა მქონდეს, სადაც ხალხი სახელმწიფოს მეთაურს ენდობა. ისეთი საქართველო მსურს, სადაც ჯანსაღი კონკურენცია წყვეტს ამა თუ იმ თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნის საკითხს.
დაბოლოს, მე ასეთი საქართველო მინდა: ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და დასავლური ფასეულობების თანამოზიარე.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მე ჟურნალისტობა მსურს.
ეს ჯერ კიდევ მესამე კლასში გავიაზრე და ისიც ვიცოდი, რატომ მინდოდა, ამ პროფესიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.
პირველ რიგში, კანონმორჩილი მოქალაქე მინდა ვიყო, რაც მომავალში დამეხმარება, რომ მიუკერძოებელი, პროფესიონალი ჟურნალისტი გავხდე.
მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს კარგი მიზნებისათვის იყენებს. მინდა, გამოვააშკარავო ყველა გადაცდომა, ვამხილო ნებისმიერი პიროვნება, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მალავს.
დიდი სურვილი მაქვს, ისეთი ადამიანი გავხდე, რომლის ნდობაც ადვილი იქნება.
მინდა ვიყო მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, წარმატებული.
თუკი შესაძლებლობა მექნება, ვეცდები, დავეხმარო ყველას, ვისაც ჩემი თანადგომა დასჭირდება.
მინდა ვიყო სამართლიანი.
ძალიან მინდა გამოვიდე ჟურნალისტი, რომლისთვისაც საკუთარი პროფესია და კარიერული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა, შემეძლოს ადამიანების ამოცნობაც. ვიცოდე, ვის ვენდო და ვის არა. მახსოვდეს, საიდან დავიწყე და სად მოვედი. არ დამავიწყდეს, რად დამიჯდა წარმატების მიღწევა და დავაფასო ის ადამიანები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს განვითარებაში.
პირველ რიგში კი, ვეცდები, ვიყო ადამიანი. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი იმ პიროვნებებთან, რომლებმაც წარმატების მიღწევამდე გრძელი და რთული გზა განვლეს. ბევრ რამეს ვისწავლიდი მათგან და მეცოდინებოდა, რა ფასი აქვს თავდაუზოგავად შრომას.

ქართველობა ჩემთვის არის…

ჩემთვის ქართველობა არის სოციალური სტატუსი. ქართველობა ერთგვარი იარლიყია, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობას მიმძაფრებს და მაიძულებს, ვიყო ღირსეული მოქალაქე.
ქართველობა არის ის, რაც, ერთი მხრივ, სიამაყის საფუძველს მაძლევს, მეორე მხრივ კი, მავალდებულებს, ვიშრომო თავდაუზოგავად.
ქართველობა, ერთი შეხედვით, საჩუქარიცაა და სასჯელიც. ბედნიერი ხარ, როცა ქვეყნის წარსულს გადაავლებ თვალს, მაგრამ შეშფოთებული, როცა გაიაზრებ, რა რეალობაში გიწევს ცხოვრება.
ქართველობა ჩემთვის ყანწი და თამადა სულაც არაა. არ მესმის, რატომ ჰგონიათ, ქართველობას გვართმევენო, როცა სინამდვილეში დასავლური ფასეულობების პოპულარიზაციაზეა საუბარი. აი, ქართველობას ის ადამიანები გვართმევენ, რომლებიც უარს ამბობენ სწავლაზე, უქმად ატარებენ თითოეულ დღეს და არ ფიქრობენ პიროვნულ განვითარებაზე.
ქართველობა, პირველ რიგში, განათლებულობაა. ქართველობა არის მდგომარეობა, როცა ცხოვრობ უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაში და ამავდროულად ზრუნავ მის განვითარებაზე.
ქართველი ვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და სწორეად ამიტომაც მინდა, ვიზრუნო მასზე. დავაფასო ყოველი წამი და ვიცოდე, რა მინდა მომავალში.
ცხადია, უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ქართველნი ვართ, მაგრამ უნდა ვცდილობდეთ კიდეც, რომ ისევ ქართველებად დავრჩეთ.
მერწმუნეთ, ქართველობა გამოცდაცაა. ის, ვინც უკეთესი მომავლის შენებაში საკუთარ აგურს დებს, გამოცდას წარმატებით აბარებს. ის კი, ვინც არაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად, საკუთარ ნაჭუჭში რჩება ცხოვრების ბოლომდე.

One thought on “ნინო ჭყოიძე

  1. წარმატებები ნინიკო,ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენნაირი ქართველები,მეამაყები….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *