ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ლანა მურცხვალაძე დაიბადა 2000 წლის 27 აპრილს ქ. ცაგერში. 2006 წლიდან სწავლობს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში. ამჟამად არის მე-12 კლასში, აბიტურიენტი, და აქტიურად ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით, იყო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “”ლეჩხუმის”” მოცეკვავე.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლის შვიდწლედი, ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და თავისი ცეკვის ანსამბლთან ერთად მიღებული აქვს უამრავი პრიზი. გავლილი აქვს სამხატვრო სკოლის კურსი. აქტიურად იღებდა მონაწილეობას სასკოლო ოლიმპიადებში და იმარჯვებდა კიდეც. სკოლაში წარჩინებით სწავლის გამო, 2015 წელს მიიღო განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი – კომპიუტერი. არის ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა აქვს მიღებულ ისეთ პროექტებში როგორებიცაა: „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, „ მე და კონსტიტუცია“. აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში და ისეთ პროექტებში რომლებიც ახალგაზრდების სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობას უწევენ პროპაგანდას. ინიციატივის ფარგლებში აქვს არაერთი პროექტი განხორციელებული თავის რეგიონში.

ჩემთვის #ინიციატივა არის

ჩემთვის ინიციატივა არის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საშუალება. ინიციატივამ მომცა საშუალება განმეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნი შენების პროცესში. ინიციატივის მეშვეობით გავიღრმავე ცოდნა და სულ სხვა თვალით შევხედე კონკრეტულ საკითხებს. გავიცანი უამრავი აქტიური, მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივამ შეგვკრიბა ყველა, იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ.
და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ინიციატივა ჩემთვის ისევე, როგორც ყველა სხვა ახლაგაზრდისთვის, არის გზა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების, გზა პროგრესისა და განვითარების.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში, რომელმაც განახორციელა მრავალფეროვანი პროექტები არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალურ სფეროებში.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობების ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. ინსტიტუტი ახროციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც უმეტესწილად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.

მე ასეთი საქართველო მინდა…

ძალიან რთულია რეალურად ისაუბრო იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, როდესაც ამაზე ფიქრს ვიწყებთ, ყველას ისეთი სურვილები გვიჩნდება, რომლებიც ხშირად რეალობიდან ძალიან შორს არის, მაგრამ არ ვკარგავთ იმედს იმისას, რომ ოდესღაც ყველაფერი შეიცვლება და ვიცხოვრებთ ჩვენთვის სასურველ ქვეყანაში.მე მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელშიც ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, არ არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, ყველა დასაქმებულია და ქვეყნის შენებაში თავის წილ აგურს დებს. ყველა ადამიანი ჩართულია ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცსეში, არ არიან გულგრილნი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არ ავალდებულებენ სხვა ადამიანებს იმის გაკეთებას, რაც რეალურად შეუძლიათ, თვითონ გააკეთონ.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მიუხედავად იმისა, რომ ვარ აბიტურიენტი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს თუ ვინ მინდა გამოვიდე. ვინაიდან ვთვლი, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, რადგან შენი მომავალი ცხოვრება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ ვიცი ის , რომ რა პროფესიისაც არ უნდა ვიყო მომავალში მე ის სფერო ძალიან მეყვარება და და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი წვლილი შევიტანო იმ სფეროს განვითარებაში და რაღაც ღირებული შევქმნა. ამავე დროს, მუდამ ვიქნები აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიქნები აქტიური მოქალაქე.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის არის ზრუნვა საქათველოზე, მის კულტურასა და ხელოვნებაზე. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება ვინმემ ქართველობა წაგვართვას, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველობა არის ისეთი რამ რასაც ვერავინ ვერ შეეხება, თუ ჩვენ თვითონ არ დავთმეთ ის. ქართველობა პირველ რიგში არის საქართველოს სიყვარული, მისი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა და დაცვა, ქართველი ხალხის დახმარება და ქვეყნის მართვაში მონაწილეობა, მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ წინსვლაში ჩვენი წვლილის შეტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *