ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ანა დაიბადა 1996 წელს ქალაქ სიღნაღში. 2003 წლიდან 2015 წლამდე სწავლობდა ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლაში. 2015 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე. ამჟამად არის მესამე კურსის სტუდენტი. ღირებული არაფერი შეუქმნია, თუმცა იმედს არ კარგავს.

#ქმედება არის

სამოქალაქო ქმედება ჩემთვის არის “გამოფხიზლება”. ჩემს შემთხვევაში ქმედებას პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ სკოლამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც პროცესის მიმდინარეობასა თუ ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი, შემახსენეს, რომ საჭირო არის მუდმივი ქმედება, სვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ ადგილზე გაყინული რჩები. შესაბამისად, თუ რომელიმე სფეროში, (არ აქვს მნიშვნელობა გლობალური პოლიტიკა იქნება ეს, ეკონომიკა, თუ ამ პროექტთან კავშირში არ მყოფი ხელოვნება) წარმატების მიღწევას გეგმავ, მუდმივ მოქმედებაში და საკუთარი თავის ზრდისა და რეალიზაციის პროცესში უნდა იყო, თუ არა, კონკურენტუნარიანობას კარგავ.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ქართულ-ევროპული ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას. ჩემთვის ევროპულ-ქართლი ინსტიტუტი არის ის ორგანიზაცია, რომელიც “არასტანდარტული” გზებით ცდილობს ხელი შეუწყოთ ახალგაზრდების, მსგავსად ჩემი და ჩემი მეგობრების (რომლებიც აქტიურად არიან ეგი-ს საქმიანობაში ჩართულნი), მათთვის საინტერესო გზებით და აქტივობებით მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ან გახდნენ მათთვის სასურველი პროცესების მონაწილეები.

მე ასეთი საქართველო მინდა…

პირველ რიგში, ჩემი ოცნების საქართველო არის განათლებული, მოტივირებული და მომავლის იმედის მქონე ახალგაზრდობა. მიმაჩნია, რომ სწორედ განათლება არის ის საშუალება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრაში დაგვეხმარება. რის შედეგადაც, მომავალში მინდა ვიხილო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში გაწევრიანებული ერთიანი საქართველო ( ოპტიმისტურად ჟღერს, ნამდვილად ).

მომავალში მე მინდა გამოვიდე

დღევანდელი დღის იქით მომავალს რომ ვგეგმავდე, ალბათ ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი , თუმცა ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის რომ მინდა ნორვეგიული ენის სწავლის გაგრძელება და ბაკალავრიატის შემდეგ ნორვეგიაში, ოსლოს ან ტრომსოს უნივერსიტეტში, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების შესწავლა. მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ საკუთარი პროფესიით კარიერის გაგრძელებას ვერ შევძლებ, ვეცდები ნორვეგიული ბალადები ვთარგმნო.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის არ ნიშნავს ეროვნებას. ( წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველობა არა თუ დაკარგული, საერთოდ არ მქონია, როგორც რამდენჯერმე უთქვამთ კიდევაც ჩემთვის ). ჩემთვის ქართველობა ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე და იზიარებდე იმ საერთო ღირებულებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასევე სარგებლობდე იმ “სიკეთით” რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.