ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევების მაგისტრისა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შიდა კომუნიკაციების მენეჯერის ანა ჩიქოვანის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმიანობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
საქართველოს დემოკრატიული რეჟიმი ფორმალურია, რეალურად არაფორმალური მმართველი და ერთი პოლიტიკური პარტია მართავს პროცესებს, მის ხელშია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი (სასამართლო, პოლიცია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახური, საარჩევნო კომისია, თვითმმართველი ერთეულები და ა.შ.) პოლიტიკური პარტიების მთავარი გამოწვევა ამ მოცემულობის შეცვლაა – არჩევითი დემოკრატიის მიღწევა, პოლიტიკური პლურალიზმის და მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად, სადაც არა ერთი, ან ორი, არამედ რამდენიმე პარტია იქნება ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
ესტონეთის რეფორმატორი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, რომელმაც საბჭოთა იმპერიიდან თავის დაღწევის შემდეგ ეკონომიკური სასწაული მოახდინა ქვეყანაში. რეფორმებს, რომელიც მან გაატარა დიდი გამბედაობა ჭირდებოდა, რადგან ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა მისთვის მთავარი იყო შედეგი, რომელსაც ჯამში მიიღებდა ესტონეთის მოსახლეობა და ასეც მოხდა.გარდამავალ ქვეყნებში ის ერთადერთი პრემიერი იყო, რომელიც არჩევნებზე მარცხის მიუხედავად შემდგომ არჩევნებზე კვლავ აირჩიეს.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
გირჩი იმ იშვიათ პარტიებს შორის არის, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს მიღმა შეძლო დღის წესრიგის შექმნა და ცვლილებების მიღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი, რომლის გადაწყვეტილებითაც ქვეყანაში კანაფის მოხმარება გახდა ლეგალური და ადამიანებს ციხეში აღარ სვამენ ამის გამო. ასევე მნიშვნელოვანი თემა მგონია შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება, ამომრჩეველთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობა პარტიული რეიტინგის შედგენის პროცესში.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ვმუშაობთ ამომრჩეველთან კომუნიკაციაზე, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე პერსონალური კომუნიკაციით შეხვედრები მხარდამჭერებთან. მონაცემთა ანალიზზე, პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე რეგიონებში. ვაკეთებთ ახალგაზრდულ ბანაკებს – პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სამართალზე. ვგეგმავთ საარჩევნო კამპანიას და ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე ჩვენთვის პრიორიტეტული თემებით. ვაკეთებთ ახალ ელექტრონულ პლატფორმას მობილური აპლიკაციის სახით, რომელზეც ყველა ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი იქნება მხარდამჭერებისთვის.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ისეთი პოლიტიკური პარტიების არსებობა, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული იდეოლოგია და ღირებულებები აქვს, მნიშვნელოვანია, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის განვითარების თვალსაზრისით. ამ მხრივ მწირია ჩვენი გამოცდილება და პარტიების ორიენტაცია დიდწილად პოპულისტური დღის წესრიგით შემოიფარგლება, იდეოლოგიური ღერძის გარეშე. გირჩი-მეტ თავისუფლება დგას ამერიკის კონსტიტუციის მთავარ ფუნდამენტზე, ადამიანის განუყოფელ უფლებებზე – სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა – მთავრობა უნდა ფლობდეს იმდენ ძალაუფლებას, რამდენსაც ხალხი მისცემს მას და მან უნდა დაიცვას ეს ფუნდამენტური უფლებები. მე მჯერა, რომ სწორედ ამ ღირებულებების რეალურად დასაცავად არის ჩემი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა მნიშვნელოვანი.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა იმის გაანალიზებაა, რომ თავად ქმნის იმ სოციუმს და იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობს, თავად ირჩევს ხელისუფლებას და მისივე გადახდილი გადასახადებით ეს ხელისუფლება ისევ მასვე ემსახურება. რომ ძალაუფლებას მთავრობას რეალურად ჩვენ ვანიჭებთ და მისი რეალური ფუნქციაა დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება და თავისუფლება. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე საზოგადოება ვართ და ადამიანები ცხოვრობდნენ რეალობაში, რომელშიც მათ ნაცვლად სხვა იღებდა გადაწყვეტილებებს, რთულად გასათავისებელი აღმოჩნდა ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის განცდა, ეს ორი ფუნდამენტია სამოქალაქო კულტურის განსავითარებლად მნიშვნელოვანი.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ჩემი შეფასებითა და დაკვირვებით, ქართული საზოგადოება გაცილებით ტოლერანტული გახდა უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში, ცხადია იდეალური სურათი არ გვაქვს, თუმცა არის თემები, რომელიც უბრალოდ გადატყდა უკვე საზოგადოებაში და მიმღებლობა განსხვავებული ეთნიკურობის, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიმართ რეალურად უფრო მეტად გაზრდილია. ლგბტქ საზოგადოება მაინც ყველაზე რთულ თემად რჩება და ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა, თუ გავიხსენებთ წლების წინ, რამხელა აგრესია იყო, პირობითად, რელიგიური ჯგუფების(მაგ.იეჰოვას მოწმეების) მიმართ, ეს სურათი ნამდვილად შეცვლილია. ადამიანებმა უმარტივესი რამ უნდა გაიაზრონ, რომ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე აქვთ ავტონომია და სხვა არავისი ცხოვრება მათ არ ეხებათ, იქამდე, სანამ ის სხვებზე არ ძალადობენ.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რთულია 1989 წლის 9 აპრილზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ამის შემდგომი ბრძოლა გავიხსენო, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა.
ვარდების რევოლუცია – ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ გამოიმუშავა საკუთარი უფლებების დასაცავად მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის მობილიზების უნარი. მშვიდობიანმა რევოლუციამ მოიტანა საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმები, რეგიონში კორუფციით ცნობილი ქვეყანა, რამდენიმე წელში კორუფციის დამარცხების მაჩვენებლითა და ეკონომიკური ზრდით სამაგალითო გახდა, საქართველო გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე.სამწუხაროდ ზემოთ ხსენებული ესტონეთის მაგალითი ვერ გავიზიარეთ და ბევრი შეცდომაც მოჰყვა, თუმცა თავად რევოლუცია უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მოვლენა იყო.
მესამეა – უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.