ჩემი მოკლე ბიოგრაფია
წარმოშობით არის სამაჩაბლოდან, მაგრამ 2008 წლიდან ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონ სოფ. კოდაში. სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესდა 12 წლის ასაკიდან და 2012 წლიდან არის მოხალისე სათემო განათლების ცენტრში, სადაც ხშირად იყო პროექტების ინიციატორი და უწევდა მუშაობა უცხოელ მოხალისეებთან ერთად. თავისი პროექტების განხორციელების დროს ჰქონდა შეხება სხვადასხვა ფონდებთან და ასევე ადგილობრვ თვითმართველობასთან. ის აგრძელებს მოხალისეობრივ საქმიანობას და 2017 წლიდან არის არასამთავრობო RDFG-ს მოხალისე სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლაში. დაამთავრა კოდის საჯარო სკოლა და ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშრისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
ჩემთვის #ქმედება არის
სამოქალაქო ქმედების სკოლა ყველაზე ნაყოფიერი პროექტი აღმოჩნდა ჩემთვის, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, რადგან ის საკითხები რაც გლობალური პოლიტიკის მოდულის ფარგლებში გავიარეთ ჯერ უნივერსიტეტში ნასწავლი არ მქონდა. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო ყველაზე აქტუალური საკითხები და სტუდენტებს გვქონდა საშუალება მარტივად, სწრაფად და არაფორმალურ გარემოში მიგვეღო ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში თვეების განმავლობაში ვსწავლობთ ( ან არ ვსწავლობთ ). პროექტი დაგვეხმარა პიროვნულ განვითარებაში და ისეთი უნარ-ჩვევების შეძენაში როგორიცაა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთება, კრიტიკული აზროვნება და სხვა. გლობალური პოლიტიკის მოდულის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა შეგვეფასებინა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვნლენები და გვემსჯელა რა გამოწვევები ჰქონდა მსოფლიოს 2017 წელს და რა გამოწვევები ექნებოდა მას 2018 წელს.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთ-ერთ იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის დონის ამაღლებას. ეს ორგანიზაცია მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს ბევრ პროექტს, რომლებიც აძლევს ადამიანს საშუალებას, პირველ რიგში , საკუთარი თავი აღმოაჩინოს, ხოლო შემდეგ იმის გააზრების საშუალებას, რომ მას აქვს უნარი არსებული რეალობა შეცვალოს უკეთესობისაკენ. ეგიმ შეძლო ის რაც აქამდე არცერთ ორგანიზაციას არ გაუკეთებია. მან მოახერხა მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი მოსწავლისა და სტუდენტის გაერთიანება თითქმის ყველა რეგიონიდან. ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა მოგვცა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის, თანატოლებისათვის გამოცდილებისა და რესურსების გაზიარების საშუალება. მის ფარგლებში ბევრმა ახალგაზრდამ შეძლო თემისათვის სასარგებლო პროექტის განხორციელება.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე მინდა ქართულ ნაციონალიზმზე დაფუძნებული ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, რომლის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი წყობა ზუსტად იქნება განსაზღვრული და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია და აღარ იქნება დევნილი მოსახლეობა. მინდა ქვეყანა, სადაც საგანმანათლებლო სისტემა თანამედროვე სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში და გვექნება საშუალება ჩვენსავე ქვეყანაში მივიღოთ სრულყოფილი განათლება. ქვეყანა, სადაც მოვახერხებთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისებასა და გონივრულად და რაციონალურად გამოყენებას. ქვეყანა, სადაც დასრულდება თაობათა შორის ჭიდილი. ქვეყანა, სადაც ყველა და ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებთან არ იქნება კავშირში და პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობები გახდება. ქვეყანა, სადაც ადამიანებს პენსია ეყოფათ მედიკამენტების შეძენაზე. ქვეყანა, რომელსაც ეყოლება ძალიან ცოტა ემიგრანტი ( დასასვენებლად ან სასწავლად გასულები ქვეყნიდან) და ბოლოს ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო უწოდებს არა Georgia-ს, არამედ საქართველოს.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში კარიერის მხრივ, მინდა ვიყო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, რომელიც, იმედია, მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში. 2008 წლის აგვისტოს ომი ძალიან მტკივნეული საკითხია მთელი საქართველოსთვის და მათ შორის ჩემთვისაც, მით უმეტეს, რომ პირადად გავხდი ამ ამბების მონაწილე და სწორედ ამ მოვლენის გამო ავირჩიე საერთაშორისო სამართლის სპეციალობა და იმედია ამ საკითხის მოგვარებაში ჩემი მცირე წვლილი მაინც იქნება მომავალში. მეორე მხრივ, მინდა აქტიურად ვიყო ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, გავუზიარო სხვა ადამიანებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება, დავეხმარო ადამიანებს იმის გააზრებაში, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია პოზიტიური ცვლილების შეტანა საკუთარი თემის ცხოვრებაში.
ქართველობა ჩემთვის არის…
ჩემთვის ქართველობა არის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და მას ვერავინ წაგვართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს საკუთარი ენა და ანბანი, რომელშიც აღარავინ გვეცილება და მთელმა მსოფლიომ აღიარა მისი უნიკალურობა. გვქვს რელიგია, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში გარკვეულ წილად აყალიბებდა ჩვენს ფასეულობებს და მასშიც არავინ გვეცილება. გვაქვს ფოლკლორი და საოცარი ბუნება, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. ჩემი აზრით, ქართველობა და საქართველო მუდამ იყო ევროპული ოჯახის წევრი და გარკვეული ევროპული ფასეულობების გაზიარებით ჩვენ ქართველობას არ დავკარგავთ. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას დავრწმუნდებით, რომ ბიზანტიის იმპერიასთან კავშირებით დაწყებული, ქართველი მეფეების აქტიური დიპლომატიით გაგრძელებული და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლით დამთავრებული, ყველაფერი ჩვენს დასავლური კულტურისკენ სწაფვაზე მეტყველებს. დავაკვირდეთ ჩვენს კულტურას, როგორი არაერთგვაროვანია იგი, მინიმუმ 4 განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მქონე კუთხე საქართველოს ნაწილად მიიჩნევს თავს.