დღეს საფრანგეთში იმართება უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორია და ზოგადად ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ევროპის მომვალი. ამ არჩევნების ფავორიტებიდან რამდენიმე ღიად უჭერს მხარს საფრანგეთის გამოსვლას ნატოდან და ევროკავშირიდან, რაც მსოფლიოში უსერიოზულეს ცვლილებებს გამოიწვევს და ყველა საქართველოს მოქალაქის ინტერესშია ნატომ და ევროკავშირმა შეინარჩუნოს ერთიანობა. 2017 წლის არჩევნები განსაკუთრებულია იმის გამო, რომ შესაძლოა 2 ტრადციული პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გავიდეს არჩევნების მეორე ტურში, რაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში. 4 ძირითადი კანდიდატიდან საქართველოსთვის ყველაზე საშიშად 3 ჩანს და ვეცდები მოკლედ დავახასიათო სამივე:
რატომ არ მომწონს მარინ ლე პენი?
მარინ ლე პენი არის ნაციონალისტი, რომელმაც მამამისის ანტისემიტიზმი და ისლამოფობია ერთგვარად პოლიტკორექტულობის საზღვრებში მოაქცია და შეძლო პარტიის “დე-დემონიზაცია,” თუმცა ამ პარტიის არსი მაინც იგივე დარჩა. მან თავისი პარტიის ეკონომიკურ მესიჯებს სერიოზული მემარცხენე შტრიხები შემატა და “ეროვნული ფრონტი” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დეინდუსტრიალიზაციის და ევროკავშირის გაფართოებისშემდგომი მიგრაციის ტალღებით დაზარალებული პატარა ქალაქებში მცხოვრები ფრანგი მუშებისთვის აქვს მესიჯი, რეფერენდუმი ევროკავშირის დატოვების შესახებ და პროტექციონიზმის დაწყება. ასევე მარინ ლე პენის საარჩევნო პროგრამაშივე 118-ე პუნქტად ვკითხულობთ: „ნატოს ერთობლივი სამხედრო მეთაურობის დატოვება, რათა საფრანგეთი არ იყოს ჩართული ისეთ ომებში, რომელიც მისი არ არის.“ საფრანგეთის გარეშე კი ევროზონის და ევროკავშირის გადარჩენა ძალიან რთული წარმოსადგენი იქნება. ყველაზე ცუდი არის ის, რომ მარინ ლე პენი ყირიმის ანექსიაში პრობლემას ვერ ხედავს და თვლის, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთი იყო, ამასთანავე ის ბაშარ-ალ ასადის ხელისუფლებაში დარჩენის მომხრეც არის.
რატომ არ მომწონს ჟან-ლუკ მელანშონი?
ჟან-ლუკ მელანშონი არის ადამიანი, რომელსაც “საფრანგეთის კომუნისტური პარტია” უჭერს მხარს და იდეაში ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ არ მომწონდეს, მაგრამ მაინც დავწერ. მისი ეკონომიკური დაპირებები იმდენად რადიკალურად მემარცხენეა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება საფრანგეთის ვენესუალიზაცია ალბათ გარდაუვალი იქნება. მაგალითად, ის 100 მილიარდით აპირებს სახელმწიფო ხარჯების ზრდას, იმ ფონზე, რომ საფრანგეთი მშპ-ს მიმართ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს, 57%-ს ხარჯავს. ასევე ის აპირებს 100%-იანი გადასახადი დაუწესოს ყველა იმ იდამიანს, ვისი შემოსავალიც 400 000 ევროს აღემატება. ჩვენთვის, რაც მთავარია, ის ევროსკეპტიკოსია და ნატოს დატოვებასაც ემხრობა. 2005 წელს საფრანგეთში გაიმართა რეფერენდუმი ერთიანი ევროპის კონსტიტუციის შესახებ, სადაც ის და ჟან-მარი ლე პენი ერთობლივად იყვნენ ჩართული კამპანიაში და საბოლოოდ გამარჯვებაც შეძლეს. ის კიდევ უფრო ღია მიგრაციული პოლიტიკის მომხრეა, რაც არაადეკვატური და კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია.
რატომ არ მომწონს ფრანსუა ფიიონი?
ფრანსუა ფიიონი ალბათ იდეოლოგიურად ჩემთან ყველაზე ახლოს დგას, მაგრამ მისი ძალიან ახლო ურთიერთობა პუტინთან და წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან შემაშფოთებელი უნდა იყოს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ევროკავშირის და არც ნატოს დატოვებას ჰპირდება მოსახლეობას. ამასთანავე მან გაამართლა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს დატოვებს თავის “ისტორიულ” ნახევარკუნძულს. სწორედ ამიტომ ძალიან ცუდი იქნება თუ ის გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი. თუმცა ვაღიარებ, რომ მე მის სოციალურ კონსერვატიზმს დიდწილად ვიზიარებ, მისი ხედვები მიგრაციასთან დაკავშირებითაც საკმაოდ სწორი მგონია და რაც მთავარია, მას გააჩნია ყველაზე სრულყოფილი ეკონომიკური გეგმა საფრანგეთის ღრმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსაყვანად. ის ყველაზე მეტად ემხრობა გადასახადების შემცირებას, 500 000-ით აპირებს ბიუროკრატიის შეკვეცას და მისი საბოლოო მიზანია სახელმწიფო ხარჯების შემცირება 49%-მდე GDP-ს მიმართ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს კვლევები არ შეცდებიან ის მეორე ტურში ვერ გავა.
ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი ყოფილი სოციალისტია, რომელიც ამბობს, რომ მემარჯვენეცაა და მემარცხენეც. ჩემთვის მისი ხედვები ბევრ საკითხის მიმართ მიუღებელია, ასევე ძალიან გამაღიზიანებელია მისი ლიბერალური პოპულიზმი იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა ალჟირში ადამიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, ან მისი განცხადება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი ფრანგული კულტურა არ არსებობს. მოკლედ, მისი პოპულიზმი ხშირად ვულგარულად ლიბერალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, მაკრონი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთს, რომელიც ყირიმის ანექსიას არ ამართლებს, რომელიც ამავდროულად ემხრობა ძლიერ და ერთიან ევროკავშირის, რომელიც არ აპირებს ნატოს დატოვებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის ხარჯების GDP-ის 2%-მდე გაზრდის დაპირებაც შეგვიძლია ვიპოვოთ მის პროგრამაში. ჩემთვის მისი ეკონომიკური პროგრამა არასაკმარისად რადიკალურია, მაგრამ მას აქვს რამდენიმე კარგი დაპირება: ბიუროკრატიის 120 000-ით შემცირება, მოგების გადასახადის შემცირება 33%-დან 25%-მდე და საფრანგეთის 5-დან 4 მოქალაქისთვის საცხოვრისის გადასახადის გაუქმება.
იმ კატასტროფის ფონზე, რასაც ზევით აღწერილი კანდიდატებისგან უნდა ველოდოთ საქართველოსთვის, მაკრონი საუკეთესო ვარიანტია და შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს ის გავა არჩევნების მეორე ტურში, თუმცა რა მოხდება მეორე ტურში რთული სათქმელია. ხშირია შედარებები 2002 წელთან, თუმცა 2017 წელს სრულიად სხვა კონტექსტია, საფრანგეთმა გაირა 15 წლიანი ფრუსტრაცია სამი სხვადასხვა პრეზიდენტისგან და ნაკლებად სავარაუდოა მოხერხდეს საზოგადოების ისეთი კონსოლიდაცია, როგორიც 2002 წელს მოხდა. მაგრამ მე მაინც ღრმად მწამს, რომ ფრანგები დარჩებიან რესპუბლიკური იდეების ერთგული, იმ იდეების, რომლისთვისაც მრავალი წელი იბრძოდნენ, ამიტომ 7 მაისს ველი ფრანგი ერის ცალსახა უარს ყველაფერი იმის მიმართ, რასაც მარინ ლე პენი ჰპირდება მათ, მსოფლიოს სჭირდება საფრანგეთი ევროკავშირში და ნატოში და საფრანგეთსაც სჭირდება საკუთარი თავი ამ ორგანიზაციებში.
Vive la Republique!
გიორგი ლოლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი.