ჩემი მოკლე ბიოგრაფია
არჩილ ბერიტაშვილი დაიბადა 1998 წლის 15 მარტს, ქალაქ თბილისში. 2016 წელს დაამთავრა თბილისის 120-ე საჯარო სკოლა და ამავე წელს, წარჩინებით ჩაირიცხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2017 წლიდან სწავლობს ამავე უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. არის ამ ფაკულტეტის, ევრო-ატლანტიკის კონცენტრაციის, გერმანული მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი. სკოლის მოსწავლედ ყოფნის პერიოდში, აქტიურად ასპარეზობდა ეროვნულ და კერძო ოლიმპიადებში და წარმატებულ მონაწილეობასთან ერთად, 2014 წელს იყო ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის, პირველი ნაკადის მონაწილე. აქტიურად მონაწილეობს თავისუფალი უნივერსიტეტის გაცნობითი პროგრამებისა და ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორგანიზებული ბანაკების კოორდინირებაში. არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ეგიდით ორგანიზებული ,,#ინიციატივა’’-ს წევრი და ,სამოქალაქო ქმედების სკოლის’’ დამფუძნებელი ნაკადის, უსაფრთხოების მოდულის წევრი.
ინტერესის სფეროები: ახალი და უახლესი ისტორია; დიპლომატიის ისტორია და სამსახური.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
რადგან, მქონდა პატივი ორივე პროექტში ვყოფილიყავი ჩართული, შემიძლია ვთქვა რომ ერთი მეორეს არაფრით ჩამოუვარდება. #ინიციატივა იყო და არის ძალიან კარგი წყარო ახალი მეგობრების შესაძენად და საკუთარი იდეების განსახორციელებლად და ამასთან ეს პროექტი ცვლის შენს შედვას კონკრეტული საკითხების მიმართ. #ქმედება-ს შემთხვევაში მქონდა პატივი მიმეღო ცოდნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც აქამდე შეხება ნაკლებად მქონდა. ეს გახლდათ უსაფრთხოება. ვფიქრომ რომ ორივე პროექტი იდეურად ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის და ამასთან იძლევა ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის არსებობაზე, #ინიციატივა-ს საზაფხულო ბანაკში გავიგე და ამის შემდეგ ყოველთვის ვახსენებ ამ ორგანიზაციას, როდესაც ზემოხსენებულ ორ პროექტზე მაქვს საუბარი. ეგის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და დიდი ალბათობით მეც ნაკლები მეგობარი მეყოლებოდა და ჩემი გონებრივი რესურსის კონკრეტული კომპონენტები არასრულყოფილად ჩამოყალიბდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ ეგის უნდა ვუმადლოდეთ ყველაფერში და უკვე შემდგომ ვისაუბროთ მის წარმატებულ პროექტებზე.
მე ასეთი საქართველო მინდა…
სულ რაღაც 2 კვირაში მე უკვე 20 წლის გავხდები და ალბათ ეს კითხვაც უფრო ხშირად შემაწუხებს ხოლმე. ვერ ვიტყვი რომ ღამეებს ვათენებ იმაზე ფიქრით თუ როგორი მინდა იყოს ჩემი ქვეყანა, თუმცა ამ კითხვის დასმისას, ყოველთვის მახსენდება კახა ბენდუქიძის ინტერვიუ, რომელშიც ის საუბრობს იმაზე თუ როგორი საქართველო უნდა და რა უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ ამ ადამინის ხედვა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ყველას ვურჩევდი რაც შეიძლება მეტი წაიკითხონ და გაიგონ ამ ადამიანის შესახებ.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მახსოვს მეხუთე კლასში პოლიციელობა მინდოდა, დაახლოებით მერვე კლასში გადავწყვიტე, რომ სამხედრო მოსამსახურე უნდა გავმხდარიყავი და მეათე კლასიდან პირველ კურსამდე კი, მეგონა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ქვესფეროში ვიმუშავებდი მთელი ჩემი ცხოვრება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბებიაჩემი მარწმუნებდა, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი, თუმცა მსგავსი მნიშვნელობის ცხოვრება, რომ მდომებოდა ალბათ მეხანძრე ვიქნებოდი. პირველი კურსი სამართალზე გავატარე და თითქმის დავრწმუნდი იმაში, რომ საჯარო სამართალში შეიძლებოდა მომავალი მქონოდა, თუმცა აქაც რაღაც მოხდა. მეორე კურსზე ჩემი თვალით დავინახე თუ როგორი შეიძლება იყოს კარიერული დიპლომატი ,,ატსტავკაში” და როგორ შეიძლება აუვარდეს თავში იმ ადამიანს, რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში აფინანსებდა, რათა როგორ დიპლომატს ეზრუნა ქვეყნის იმიჯზე. ამიტომ ამ ,,ელჩის” ნახვის შემდეგ, დიპლომატიაზე წარმოდგენა შემეცვალა და ახლა არ ვიცი რა მინდა. როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, ,,არაფერია ჭეშმარიტი, ყველაფერი ნებადართულია.” ასე რომ დრო მაქვს და რამეს მოვიფიქრებ.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობაზე ჩემს მეგობრებთან ხშირი კამათი არ მქონია, რადგან მსგავსი საკითხით არ დავინტერესებულვარ არც მე და არც ჩემი გარემოცვა. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ქართველობისა და სუფრის ინსტიტუტის გამოცდილება მაკლია და ალბათ უფროს თაობას უფრო მეტი უნდა ელაპარაკა წარსულზე ვიდრე მომავალზე. ქართველობის არ ვიცი მაგრამ საქართველოს მოქალაქე უკვე ძალზედ ნაცნობი სიტყვებია.