კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის ფარგლებში
ნაშრომის ავტორი:
ნიკა ხომერიკი
თბილისი, საქართველო
2021 წლის 1 თებერვალი
ანოტაცია
მოცემული პოლიტიკური კვლევა ეხება ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად შეიცვალა პოლიტიკოსთა რადიკალურ ცვლილებებს შორის. ამ მოვლენათა შორის კორელაცია მრავალი წლის განმავლობაში იწვევდა მკვლევართა ინტერესს, რადგან მოსაზრება აშშ-ს მიერ ვენესუელაზე გავლენის მოხდენაზე საკმაოდ გავრცელებული გახდა. კვლევა კრიტიკული მსჯელობის საშუალებით აანალიზებს, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. ამ ცვლილებათა მთავარ განმაპირობებლად აღებულია ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა ვენესუელის პოლიტიკას: უგო ჩავესი. ნაშრომი სრულად მოიცავს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას. აშშ-ს ნებისმიერი მცირე გავლენა ვენესუელაზე აქ გაანალიზებულია და წარმოჩენილია მისი ხასიათის ცვლილება.
სოციალური კონსტრუქტივიზმის პრიზმიდან საკითხი დანახულია როგორც რეალურ მიზეზებზე აგებული მთელი კორპუსი. ხაზგასმულია ის ფაქტორები, რომლებიც ახდენდა გავლენას ვენესუელის პოლიტიკაზე, მაგრამ, ამასთანავე, დამატებულია ის გარემოება, რომ ანტიამერიკული სენტიმენტი მოგვიანო პერიოდისაა და მას რეალურად გავლენა მოახდენინეს ვენესუელის მოსახლების განწყობებსა და მის პოლიტიკაზე.
შესავალი
1989 წელს, საკუთარი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში კარლოს ანდრეს პერესმა მიიღო ვაშინგტონის გეგმა ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, შედეგად აღმოცენებული პროტესტთა სერიის გასანეიტრალებლად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, მას შესთავაზა ვალი, შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტი თავადაც ეწვია ვაშინგტონს და შეხვდა ბუშს. 2006 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მეორე დღეს აშშ-ს სხვა ქალაქში, ამჯერად ნიუ-იორკში, სიტყვით გამოვიდა ვენესუელის რადიკალურად განსხვავებული მმართველი, უგო ჩავესი, მან ასამბლეის პირველ დღეს იმავე სცენაზე მდგომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, პირდაპირ უწოდა ეშმაკი, ისაუბრა მისგან შემორჩენილ გოგირდის სურნელსა და მისი პოლიტიკის იმპერიალისტურ ბუნებაზე. ამ ორ ფაქტს აშორებს 17 წელი, ორივე ხდება აშშ-ში, მათი მონაწილეები არიან სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს ორი ლიდერი და მამა-შვილი, რომელთაგან ორივე იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მცირე დროში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა, ხოლო ამ დიდი ცვლილების მიზეზების მოძიება და ანალიზი მოცემული პოლიტიკური კვლევის მთავარი დანიშნულებაა.
ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასააზრებლად მნიშვნელოვანია მსჯელობის დაწყება ორი საუკუნით ადრე მომხდარი მოვლენებით, რადგან მათი გავლენა განსაკუთრებით დიდი იყო როგორც რეგიონზე, ასევე კერძოდ უგო ჩავესზე. პირველ რიგში, ხაზგასასმელია ადამიანი, რომელსაც ვენესუელაში კომანდანტედ წოდებული პრეზიდენტი იდეალად თვლიდა და მის ყოველ ნაბიჯს აანალიზებდა, სიმონ ბოლივარის უმცირეს დეტალებში გამოყენებიდან გამომდინარე კი შეიძლება ვთქვათ, რომ ჩავესი თავად იცნობდა მის მთელ მოღვაწეობასა და მწერლობას. უგო ჩავესმა საკუთარ რევოლუციურ პროცესსაც მისი სახელი უწოდა, ასევე გამოსვლებისას ხშირად იყენებდა ნაწყვეტებს ბოლივარის ნაწერებიდან. ბოლივარის ნაწერების კრებულს წინ უძღვის წინასიტყვაობა, რომელიც შედგება უგო ჩავესის სხვადასხვა გამოსვლებისგან, აქ ზედმიწევნით ჩანს ორი საუკუნით ადრე მცხოვრები ადამიანის გავლენა მასზე, მაგრამ კვლევისთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავებული მახასიათებლით. უგო ჩავესი აღნიშნავს, რომ სიმონ ბოლივარიც ხშირად უსვამდა ხაზს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდინარე საფრთხეებს, ამის თვალსაჩინო მაგალითებად კი მოჰყავს მისი ციტატები მომავლისა და ბოლივარის მიერ შექმნილი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორმხრივი ანალიზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, აქედან ჩანს ის ადგილი, საიდანაც შეიძლება იწყებოდეს უგო ჩავესის სკეპტიციზმი შეერთებული შტატების მიმართ, მაგრამ ეს სიტყვები ასევე გამოყენებულია საკუთარი მთავრობის პოლიტიკის გასამართლებლად და გასამყარებლად. ამ პერსპექტივიდან მარტივი დასანახია, რომ ვენესუელის ლიდერი ლიდერობამდე ბევრად უფრო ადრე იყო სკეპტიკურად განწყობილი მის სამშობლოზე დიდი გავლენის მქონე ქვეყნის მიმართ. (Chávez, Introduction 2009)
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველის თანადროულია, მაგრამ მისი განვითარება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა ვენესუელაში. ჯონ კუინსი ადამსმა პრეზიდენტი მონროს პრეზიდენტობისას დაწერა დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკას აყალიბებდა, მას მოგვიანებით „მონროს დოქტრინა“ ეწოდა. დოკუმენტი მიმართული იყო ევროპული კოლონიალიზმის წინააღმდეგ და მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში გმობდა ევროპელთა მოქმედებებს. ამ დოკუმენტის ინტერპრეტირება საკმაოდ ფართოდ შეიძლება, რამაც საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია მომავალ ისტორიაში, მისი დანახვა შეიძლება საკუთარი დაცულობის უზრუნველყოფის იარაღადაც და ასევე მომავალი მიზნების დოკუმენტირებადაც. მნიშვნელოვანია, რომ მის ინტერპრეტაციას ახდენდნენ თავად ამერიკელი პოლიტიკოსებიც, მათ შორის კი გამოსარჩევია ერთ-ერთი სახელმწიფო მდივანი, რიჩარდ ოლნი. მაიკლ ტრავერის წიგნში ვხვდებით, რომ ის ბრიტანეთთან მოლაპარაკებებშიც აღნიშნავდა მონროს დოქტრინის თავისივე ინტერპრეტაციას, აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ის აძლევდა ჩარევის უფლებას, ხაზს უსვამდა მის დომინაციას და თავად დოქტრინის საზღვრების დადგენის პრეროგატივას აშშ-ს მთავრობას აძლევდა, ხოლო ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოც დაეთანხმა ამ ინტერპრეტაციას. მოცემული მოვლენებიდან ჩანს, რომ აშშ-ს პოლიტიკა მთელი რეგიონის მიმართ ბევრ კითხვას აჩენდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან და, ამ ფაქტებით მანიპულირების მიუხედავად, შეუძლებელია ითქვას, რომ საფუძველი არ არსებობდა აშშ-ს კრიტიკისთვის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავად ნაშრომის სათაურიც, რადგან ის მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გავლენისკენ ვენესუელის პოლიტიკაზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ეს პერიოდი მიეკუთვნება მხოლოდ ვენესუელის ნაწილს. ამ პერიოდის ვენესუელის პოლიტიკაზე გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა აშშ ამ მცირე პერიოდში, არამედ მთელი ორი საუკუნის განმავლობაში, ამას ხაზს უსვამს ჩავესზე წარსულის დიდი გავლენა, ხოლო თეორიისთვის მნიშვნელოვანი ტერმინით ამას შეიძლება ეწოდოს ისტორიული მეხსიერება. ასევე, მასზე გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ვენესუელის მიმართებაში წარმოებული პოლიტიკა აშშ-ს მიერ, არამედ მთელი ლათინური ამერიკის მიმართ, ეს განსაკუთრებით იკვეთება ჩავესის მეგობრობაში ფიდელ კასტროსთან. აქედან გამომდინარე, სათაურის პირველი ნაწილი უფრო ზოგადია, ხოლო მეორე უფრო კონკრეტული, მისი საზრისი სრულად კი შემდეგია: ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლათინური ამერიკის მიმართებაში ორი საუკუნის განმავლობაში წარმოებული საგარეო პოლიტიკის გავლენა ვენესუელის პოლიტიკაზე პერესიდან ჩავესამდე. (Traver 2018)
პოლიტიკური კვლევა იწყება კარლოს ანდრე პერესის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისით, რომელიც რეალურად არის უდიდესი ცვლილებების დასაწყისი, ეს პერიოდი გამოირჩეოდა გამოსვლებითა და პროტესტით. ასევე ის მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ იწყება ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ადამიანის, უგო ჩავესის, პოლიტიკური ცხოვრება. როგორც უკვე თვალსაჩინო იქნებოდა აქამდე, სწორედ მისი განხილვაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ის დიდწილად იყო ცვლილებების ავტორი, განმაპირობებელი და განსახიერება. საინტერესოა ჩავესის მმართველობის ყოველი ნაწილი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პერიოდი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგებამდე, მის შემდეგ ურთიერთობა აშშ-სთან სულ უფრო ერთფეროვანი ხდება. აღსანიშნავია, რომ ამ ვიწრო პერიოდში მოღვაწე ორი პრეზიდენტი აქამდეც ყოფილა ამ თანამდებობაზე, მათგან კარლოს ანდრეს პერესი ცნობილი იყო წარმატებულ პოლიტიკოსად და ხალხს იმედად ევლინებოდა მეორე ვადაზე მისი არჩევისას, კალდერა კი თავად პერესამდე ყოფილა პრეზიდენტი და კვლევისთვის განსხვავებული ასპექტით არის ხაზგასასმელი. სტივენ გრეიბი ავტორია წიგნისა კისინჯერის ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ, სადაც ის უმნიშვნელოვანეს ფაქტს უსვამს ხაზს, რომ თავად კალდერა ვენესუელას პოზიციონირებას აშშ-სთან მიმართებაში ითხოვდა მექსიკისა და კანადის დონეზე, ის უნდა ჩათვლილიყო პირველხარისხოვან პარტნიორად. აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ დღეს არსებული წარმოდგენისა და ზოგადი სიტუაციის მიუხედავად, ვენესუელა ზუსტად ამ პერიოდამდე ითვლებოდა გამონაკლისად ლათინურ ამერიკაში, ის იყო დემოკრატიის მაგალითი ბეტანკურის დროიდან და ნავთობის წყალობით ითვლებოდა უდიდესი პოტენციალის მქონე სახელმწიფოდ, მაგრამ ეს ყველაფერი ათწლეულზე ცოტა მეტ დროში არა უბრალოდ შეიცვალა, არამედ სრულიად საწინააღმდეგოდ იქცა, რის მიზეზადაც უგო ჩავესი და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი დაასახელებდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკას. ამ კვლევისთვის მთავარია იმის გაგება, თუ როგორ გამოიწვია უცხო ქვეყნის მოქმედებამ ფუნდამენტური ცვლილებები ლიდერებსა და მათ მმართველობის ფორმებს შორის? (Rabe 2020)
მეთოდოლოგია
პოლიტიკური კვლევა ეხება წარსულში მომხდარ პროცესებს, ეხება მომხდარის ანალიზს და არა თანამედროვეობაზე საუბარს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლივარული რევოლუციის სახელით ცნობილი პროცესი დღემდე დაუსრულებლად ითვლება, ამიტომ აქ მხოლოდ მისი იდეები და საწყისი ეტაპებია აქ რელევანტური. ამ მოვლენების შესახებ არსებობს დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ლიტერატურა, რომლის ანალიზიც საჭიროა მოვლენების მრავალმხრივი და დეტალური განხილვისთვის. ასევე, არაერთ ადამიანს უმუშავია ამ საკითხზე, ხოლო ვენესუელელები მომსწრენიც კი გამხდარან იმ ყველაფრის, რის შესახებაც შეიძლება ვისაუბროთ აქ, ამის გამო აზრების ჩამოყალიბების საუკეთესო გზა ინტერვიუს ჩაწერაა. ნაშრომი იყენებს სამ ინტერვიუს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში თანდათან იწერებოდა, ორი მათგანი ჩაწერილია მთელი ლათინური ამერიკის რეგიონისა და ამ საკითხის შემსწავლელ ადამიანებთან, ხოლო ერთი პოლიტიკაში ჩართულ ვენესუელელთან, რომელსაც ზედმიწევნით ახსოვს საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარი მოვლენები. ამ მრავალფეროვანი ანალიზის გასაერთიანებლად გამოყენებულია საერთაშორისო ურთიერთობების ერთი კონკრეტული თეორია, მოვლენათა განხილვა ამ პრიზმიდან ამოდის, ითვალისწინებს მისგან განსხვავებულ აზრსაც და ხაზს უსვამს არჩეული მიდგომის უპირატესობებს.
ლიტერატურის მიმოხილვა
განსახილავი საკითხის შესახებ დიდი რაოდენობით ლიტერატურა არსებობს, განსაკუთრებით კი ეს ეხება უგო ჩავესის შესახებ არსებულ ლიტერატურას მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში. ლიტერატურის ნაწილი ჩავესის გამოსვლების ტექსტები და მისთვის ჩამორთმეულია ინტერვიუებია. პირველ რიგში, ასეთი წყაროა ბოლივარის ნაწერთა კრებულისთვის შესავლად დართული სიტყვები (Bolivarian Revolution), რომელიც ამ ლიდერის გადაწყვეტილებებზე გავლენის მქონე ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიის უფრო ღრმა ანალიზი 90-იანი წლების პერიოდამდე მისასვლელად, რისთვისაც არჩეულია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმძღვანელო, ტარვერის ეს წიგნი (The History of Venezuela) იმსახურებს მოწონებას მრავალი აკადემიკოსისგან და განიხილავს სახელმწიფოს არსებობის მთელ პერიოდს. უფრო კონკრეტული შესწავლისთვის კი მნიშვნელოვანია პერიოდი, რომელიც განსახილავს რამდენიმე წლით წინ უსწრებს და მის საფუძველს წარმოადგენს, რეიბის წიგნი (Kissinger and Latin America) კისინჯერის ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობის შესახებ ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან აშშ-ს ეს სახელმწიფო მდივანი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი იყო. ლიტერატურის ეს ნაწილი მნიშვნელოვანია სათქმელისა და მთელი ანალიზისთვის საფუძვლის შესაქმნელად, რათა წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, თუ რა სიტუაცია იყო ქვეყანაში 1989 წლისთვის.
ვენესუელის 90-იანების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ბოლივარული რევოლუცია ითვლება, ამიტომ ყველა იმ პროცესის გასააზრებლად, რომელიც მიმდინარეობდა პერესის მეორე ვადიდან ჩავესის ხელისუფლებაში მოსვალმდე, აუცილებელია გავიგოთ ამ რევოლუციის ხასიათი. სტრონენის წიგნი (Grassroots Politics and Oil Culture in Venezuela) პოპულარულია მკვლევართა შორის და განიხილავს მოვლენის საფუძვლებს, ვენესუელის პოლიტიკურ გარემოს რევოლუციამდე, მის თავისებურებებს, ხოლო ამასთან ერთად ნავთობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. განსახილავია ასევე ამ პროცესის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია და ასევე ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებდა მთელ ლათინურ ამერიკაში და შემდეგ გავლენას ახდენდა ვენესუელაზე. ამისთვის ლავმანის წიგნი (Addicted to Failure) ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რადგან ის განიხილავს ზოგად სურათს, მაგრამ ასევე გვაწოდებს კერძო ფაქტებსაც, მაგალითად, უგო ჩავესის მიერ გაკეთებულ პირველ განცხადებებს აშშ-ს შესახებ. რადგან ეს წიგნი ძალიან კრიტიკულია ერთ-ერთი მხარის მიმართ, მის საპირწონედ შეიძლება კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშის (Venezuela: Background and U.S. Relations) გამოყენება, რომელიც ძალიან მოკლედ და მკაფიოდ აყალიბებს ამ სახელმწიფოს პოზიციას, ეს კი იმის გარანტორი ხდება, რომ საკვლევ კითხვაზე პასუხი მიუკერძოებელი იქნება.
ბოლივარული რევოლუციის საფუძველთან ერთად წინარე პერიოდში მნიშვნელოვანია გაანალიზდეს უფრო კონკრეტული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, კარლოს ანდრე პერესის იმპიჩმენტი. ამისთვის ვიყენებთ ლალანდერის, ვენესუელის მკვლევრის, წიგნის ერთ-ერთ ნაწილს (The Impeachment of Carlos Andrés Pérez), ეს მოვლენა ვენესუელის ცვლილებათა პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია. ასევე არანაკლებმნიშვნელოვანია ის სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ილაშქრებდა ჩავესი, ამის ანალიზს აგრეთვე ლალანდერი გვაწოდებს, თუმცა განსხვავებულ სტატიაში (Decentralization and Party System in Venezuela), აქედან შეიძლება ხალხის უკმაყოფილების მიზეზების გაგება.
როგორც აქამდე ვახსენე, ჩავესის პოლიტიკური ცხოვრება არ იწყება მისი პრეზიდენტად არჩევით, არამედ მთელი განსახილავი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, იწყება ჯერ კიდევ პერესის იმპიჩმენტამდე. ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწოდებს რამონეტის წიგნი (My First Life), რომელიც რეალურად ჩავესთან ინტერვიუს შედეგადაა დაწერილი და მისივე მონათხრობს ეფუძნება, როგორც სათაური მიგვანიშნევს, ის მოღვაწეობის პირველ პერიოდს ეხება. ამავე და შემდეგი პერიოდის შესახებ უფრო აკადემიურად საუბრობს გონსალესის წიგნი (Hugo Chávez: Socialist for the Twenty-First Century). ასევე მნიშვნელოვანია ჩავესის შესახებ დაწერილი ორი ბიოგრაფიული ხასიათის მქონე წიგნი, ორივე მათგანი ეხება მის პრეზიდენტობის პერიოდს, მათგან კორალესისა და პენფორდის წიგნი (Dragon in the Tropics) მეტად მის პოლიტიკას ეხება და დიდ ნაბიჯებს, ხოლო კეროლის წიგნი (Comandante: Hugo Chávez’s Venezuela) უფრო დეტალურია და ყოველდღიური მოვლენების შესახებ ყვება, რომლებიც ასახავენ მის პიროვნებას და, ამის გამო, მნიშვნელოვანია ვენესუელის ისტორიის შესასწავლად.
ჩავესის ძალაუფლებაში მოსვლას აღწერს ველდენის სადოქტორო ნაშრომი (Chavez North is our South), რომელიც იმითაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კვლევის მთავარი კითხვისთვის ცდილობს პასუხის გაცემას, ბოლივარულ რევოლუციას განიხილავს აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობების კონტექსტში. მნიშვნელოვანია ასევე ის იდეები, რომლებსაც ეფუძნებოდა რევოლუცია და, აქედან გამომდინარე, იწვევდა გარკვეულ შედეგებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ამის ანალიზისთვის საკმაოდ კარგი ნაშრომია მაურა დიუფის სადოქტორო თეზისი (Venezuela’s Bolivarian Revolution: Power to the people?). ამ იდეებთან მიმართებაში თავად რევოლუციის მოვლენები კი განხილული აქვს ბაქსტონს (Continuity and Change in Bolivarian Revolution), რაც იდეების რეალობასთან მიახლოებაში საჭირო იქნება. ამ რევოლუციის მიმდინარეობისას გარდამტეხი წელი აღმოჩნდა 2002 გადატრიალების მცდელობის გამო და ამ მოვლენების დეტალებისთვის ლაპერის ნაშრომი (Living with Hugo) მნიშვნელოვანი წყაროა.
თეორიული ჩარჩოდან გამომდინარე, რომელსაც ირჩევს ნაშრომი, მნიშვნელოვანია თეორიული საკითხების გაშლა. სოციალური კონსტრუქტივიზმის ჩარჩო იდეებს უსვამს ხაზს, რასაც ვენდტის სტატიის მიხედვით გავუძღვებით (Anarchy is What States Make of it), ხოლო ამ ფაქტორის სიძლიერე, როგორც შემდეგში გამოჩნდება, ხშირად გამოწვეული იყო პოპულისტური პოლიტიკით. იან-ვერნერ მიულერი ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია, ხოლო მის ყველაზე გავლენიან წიგნში (What is Populism?) ის უგო ჩავესს სახელმძღვანელო მაგალითადაც კი იყენებს, ამიტომ ეს წიგნი უმნიშვნელოვანესი წყაროა. ჰარვარდის მკვლევართა ჟურნალი (ReVista) კი ხაზს უსვამს ნაციონალიზმითა და იდენტობის პოლიტიკით მანიპულაციას ჩავესის მიერ და ამავე საკითხში მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწოდებს. დასასრულისთვის კი ლიუს სტატია (Hugo Chavez’ Bolivarian Revolution: A Legacy) ჩავესის კულტსა და მემკვიდრეობაზე საჭირო წყაროა ჩავესის ეპოქისა და მისი დანატოვრის შესაფასებლად.
თეორიული ჩარჩო
ვენესუელის ისტორიის მოცემული მცირე ეპოქა რთული განსახილავია მხოლოდ ერთი პრიზმიდან და ამის განმაპირობებელი დიდწილად ის ადამიანია, რომელიც ყოველი ცვლილების სათავეში იდგა და დღეს მათ სახედ გვევლინება. უგო ჩავესზე ძალიან რთული სათქმელია, რომ ის ერთ ხაზს მიყვებოდა საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში, ამიტომაც ვენესუელის პოლიტიკის ორიენტირად ძალაუფლების ან მშვიდობის ცალსახად დასახელება თითქმის შეუძლებელია. ჩავესს პოლიტიკის წარმოების ძალიან უცნაური მეთოდი ჰქონდა, დიდ ყურადღებას აქცევდა თავის გამოჩენას, მაგრამ არ ჰყოფნიდა ყოველკვირეული გადაცემები, აუცილებლად უნდა ემოგზაურა ქვეყანაში და გამოსულიყო სიტყვით, ხოლო ამ შეხვედრებზე ხშირად პირადად ელაპარაკებოდა ხალხს, გამოთქვამდა საკუთარ ემპათიას და მათ აზრებს შემდეგში მართლაც ითვალისწინებდა. მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე დიდი გავლენა მის მეგობრებსაც ჰქონდათ, რომლებს შორისაც სხვა ქვეყნების ლიდერები ყოფილან, ამიტომ თითქმის გარდაუვალია დასკვნა, რომ მისი პოლიტიკა განიცდიდა ძალიან თვალსაჩინო კონსტრუირებას როგორც სოციუმის, ასევე იდეების მხრიდან, რომელთა შორისაც იყო თავიდან სამხედრო რეჟიმები, ხოლო შემდეგში სოციალისტური დოქტრინა.
ჩავესზე საუბრისას არ უნდა იყოს უგულებელყოფილი გარემოება, რომ მას მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში არც ერთხელ არ გაუყალბებია არჩევნები, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მისთვის არასასურველი შედეგით დასრულებული რეფერენდუმი, კიდევ უფრო საგრძნობლად კი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა და მთელი პროცესია. აქედან ჩანს, რომ ჩავესისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის მხრიდან მის მხარდაჭერას, თანხმობის წარმოებისთვის ის იყენებდა ზემოხსენებულ და კიდევ მრავალ სტრატეგიას. ამ პროცესების გავლენა უდიდესი იყო მის მიერ წარმოებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან ის განაპირობებდა არა მხოლოდ საკუთარი კანდიდატურის მიმართ თანხმობას, არამედ მთელი საკუთარი პოლიტიკის მიმართ, მათ შორის კი დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართ, რომელიც მკვლევართა თვალსაზრისით აქამდე არასდროს ყოფილა ამდენად სკეპტიკური ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობდა აქამდე.
აქამდე თქმულიდან გამომდინარე, ნაშრომი ორი მიმართულებით ავითარებს მსჯელობას, პირველი ესაა ორ სახელმწიფოს შორის წინააღმდეგობის სოციალური კონსტრუირება, იმ გავლენის ჩავესის მიერ გაბუქება და ხანდახან შექმნაც კი, რაც აშშ-ს ჰქონდა ვენესუელაზე. მის საფუძველში იქნება რეალური გავლენა, რომელიც მისი შედარებითი სიმცირის მიუხედავად უდავოდ ნამდვილია და ხდებოდა ჩავესის მხრიდან არაკეთილგანწყობისა და, შესაბამისად, მთელი კამპანიის წამოწყების მიზეზი. მეორე მიმართულება პირველის მსგავსია, თუმცა საკუთარი მიზნით განსხვავებულია, რადგან ჩავესი ამ წინააღმდეგობის შექმნით ამასთანავე განმაპირობებელ უცხოს აჩვენებდა ხალხს აშშ-ს სახით, იყენებდა მას ობიექტად, რომლისთვისაც ყველაფრის დაბრალება შეიძლებოდა.
ამ მიზეზების გამო სოციალური კონსტრუქტივიზმი არის ერთადერთი საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, რომელმაც სისრულეში შეიძლება ახსნას მცირე წინააღმდეგობებიდან წარმოშობილი უზარმაზარი უფსკრული, გასცეს პასუხი იმას, თუ როგორ მოახდინა გავლენა აშშ-ს საგარეო პოლიტიკამ ვენესეულის პოლიტიკის ცვლილებაზე ამდენად მცირე პერიოდში. ამ კითხვაზე პასუხის გაცემასთან ერთად ის იმ აზრსაც დაუმატებს, რომ სხვადასხვა ლიდერებმა ამერიკის მოქმედებებს განსხვავებული ელფერი შესძინეს, ხოლო შემდეგ უკვე გავლენა „მოახდენინეს“ ვენესუელელების დამოკიდებულებაზე მის მიმართ.
თავი I: პირველი ცვლილებები
კარლოს ანდრეს პერესი ჯერ კიდევ ბეტანკურის დროიდან იყო ცნობილი ხალხისთვის, მისი რეპუტაცია შეუდრეკელი იყო და პარტიაში კითხვებიც კი იშვიათად ჩნდებოდა მისი კანდიდატურის შესახებ. ყოველი მკვლევარი დღეს მისი მოღვაწეობის ორ საპრეზიდენტო ვადას, რომელთა შორისაც საკმაოდ დიდი დაშორება იყო, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულად განიხილავს და განაცალკევებს. პირველი ვადის წარმატებების გამო რთულ პერიოდში მას დაუჭირა მხარი ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ლალანდერი აღნიშნავს, რომ 80-იანი წლების წარუმატებლობისა და მისთვის „დაკარგული წლების“ წოდების მიუხედავად, ვენესუელა ამ ეპოქაში მაინც დემოკრატიისა და ეკონომიკური ძლიერების მაგალითი იყო ლათინურ ამერიკაში, თუმცა ამავდროულად უკვე იჩენდა ლათინური ამერიკის სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ წარუმატებლობის სიმპტომებს, გამოჩნდა სიღარიბე, კლასთა შორის დისბალანსი და სახელისუფლებო ელიტიზმი. პერესი ამ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში ხალხის ბოლო იმედი იყო და უნდა დაესრულებინა რეგრესის ათწლიანი პერიოდი, ეს საქმე მარტივიც ჩანდა ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე თვალსაჩინოა, რომ აქამდე წარმოებული პოლიტიკის გამოსასწორებლად, განსაკუთრებით ნავთობის მიმართ, დიდი ცვლილებები იყო საჭირო. (Lalander, The Impeachment of Carlos Andrés Pérez and the Collapse of Venezuelan Partyarchy 2009)
1989 წელს თანამდებობის დაკავებიდან ცოტა ხანში ეკონომიკური სიტუაციის შემოსაბრუნებლად პერესმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო „ვაშინგტონის გეგმა“. ვენესუელაში ამ პოლიტიკას უწოდეს „შემობრუნება“, მას უნდა დაესრულებინა სხვადასხვა აქტორების ზეწოლა ფასებზე, ამის გამო მის დასაწყისშივე შეინიშნებოდა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი რესპოდენტი და ლიბერალური პარტიის წევრი, მელკიადეს პულიდო, თვლის, რომ ნავთობის ფასების სუბსიდირების შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯი იყო და მასზე ხალხის რეაქცია მოკლევადიანი მოგების იმედმა გამოიწვია. მართლაც, შესაძლოა ამ მტკივნეული პროცესების ერთხელ გადატანა დღევანდელ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა ქვეყანას, თუმცა კვლევისთვის უფრო მნიშვნელოვანია გამოსვლები, რომლებიც მოჰყვა მათ. ეს გამოსვლები კარაკასოს სახელით შევიდა ისტორიაში და დიდი წარუმატებლობით დასრულდა, ხოლო ამის შემდეგ 1992 წელს მოეწყო სამთავრობო გადატრიალების მცდელობა, ამ საკითხის გაშლა შემდეგში გახდება საჭირო. (Pulido 2020)
კარაკასომ აქამდე არნახული პრობლემა წამოწია ვენესუელის საზოგადოებაში, უკმაყოფილება გამოხატა უკვე ხალხის ძალიან დიდმა ნაწილმა, ხოლო პუნტო ფიხოს მოდელმა რღვევის ნიშნები აჩვენა. დღემდე დავის საგნად რჩება ის, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა დაპირისპირებას აქტივისტებსა და სახელმწიფო ძალებს შორის, მაგრამ რიცხვი 300-დან 3000-მდე მერყეობს სხვადასხვა ინფორმაციების თანახმად. სტრონენის წიგნი ხაზს უსვამს იმას, რომ დაპირისპირებამ სახელმწიფო ძალების წარმომადგენლებშიც გამოიწვია ეჭვები პერესის მთავრობის ლეგეტიმაციის შესახებ, რადგან მათ „თავისიანებს აკვლევინებდნენ“, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა უგო ჩავესი, რომელმაც შემდეგ ხალხი თავის გარშემო შემოიკრიბა. ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ხალხის უნდობლობის გამოსაწვევად და 90-იანი წლებში უკვე ამის შედეგად რეკორდულად მცირე აქტივობა ფიქსირდებოდა, წარმოიშვა პარტიოკრატიული სისტემის უარყოფის ფაქტები და ამის შედეგად თავად ამ დროს არსებული დემოკრატიისაც, რამაც საშიში პრეცედენტი შექმნა მომავალში პოპულისტური მიზნებით გამოყენებისთვის. (Strønen 2017)
კარლოს ანდრეს პერესის პრეზიდენტობის დასასრული განაპირობა როგორც აქამდე ნახსენები ფაქტებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ, ისევე ერთმა ფაქტმა, რომელიც გახდა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი. პრეზიდენტს ამ დროს ჰქონდა საიდუმლო რეზერვი, რომლის გამოყენებაც არ კონტროლდებოდა, მაგრამ ამის შესახებ ამბავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და პერესს სახელმწიფო რესურსების უმიზნო ხარჯვაში ბრალი დაედო. ვენესუელის ისტორიის სახელმძღვანელოს თანახმად, პერესმა 17 მილიონი დოლარი გამოყო ნიკარაგუას საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიოლეტა ჩამოროს, დასახმარებლად. ყურადღებას მიღმა არ უნდა დარჩეს, რომ ჩამოროს განათლება მიღებული ამერიკაში ჰქონდა, ხოლო მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჯორჯ ბუშმა ნიკარაგუას მოხსნა სანქციები, რომლებიც რონალდ რეიგანმა დაუწესა სახელმწიფოს. აქედან ჩნდება ვარაუდი, რომ მისი გაპრეზიდენტება აშშ-ს ინტერესებში იყო და ამის გამო პერესიც უჭერდა მხარს მას, ეს შეიძლება პირდაპირი ან, თუნდაც, ირიბი გავლენის ნიშნად დავინახოთ. ამ ანალიზიდან კი შეიძლება აისახოს, რომ პერესის იმპიჩმენტის გამომწვევი საქმე აშშ-ს გავლენით იყო მიღებული და ორი სახელმწიფოს არათანაბარ მდგომარეობას ავლენდა. (Traver 2018)
ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა
ვენესუელისთვის ამ მეტად რთულ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები რჩებოდა მის პარტნიორად, მეტიც, ის ყოველ ეტაპზე ემხრობოდა პერესის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, შემობრუნების გეგმაც ვაშინგტონში იქნა მიღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქ მდებარეობის გამო. ამ და სხვა მოქმედებების მხარდაჭერით აშშ განაპირობებდა ვენესუელური პარტიოკრატიის გაძლიერებას, ეს უკანასკნელი კი დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში. ლათინური ამერიკის მკვლევარი ინტერვიუს დროს აღნიშნავდა, რომ ვენესუელის შემთხვევაში აშშ ყველაფერს აკეთებდა რეჟიმის შესანარჩუნებლად, რადგან ის ხელსაყრელი იყო მისი ინტერესებისთვის, ხოლო ეს მხარდაჭერა გახდა შემდეგ მისი კრიტიკის ამომავალი წერტილი. ეს ერთ-ერთი ნამდვილად არსებული ფაქტორია, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი უარყოფითი გავლენა მოეხდინა ხალხის დამოკიდებულებაზე აშშ-ს მიმართ, თუმცა ამგვარი უკმაყოფილება არ გამოითქმებოდა ამ პერიოდში, იყო უკმაყოფილება თავად რეჟიმის მიმართ, თუმცა არა მისი მხარდამჭერების. ამ ფაქტორს გაცილებით მოგვიანებით გაესვა ხაზი ჩავესის მიერ და წარმოჩნდა ისე, რომ პერესის მთავრობასთან ბრძოლით ხალხი ებრძოდა თავად აშშ-საც. (1 2020)
კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პერესის ხელისუფლების მხარდაჭერას უსვამს ხაზს, სწორედ ისაა, რომელიც შესავალში უკვე ვახსენეთ, კარაკასოს მოვლენების შემდეგ ჯორჯ ბუში ვაშინგტონში შეხვდა მას და ჯერ კიდევ იქამდე დახმარება შესთავაზა ვალის სახით. ამ ვითარებიდან ჩანს, რომ აშშ იაზრებდა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს და მაინც არჩევდა აქ ჩამოყალიბებული ხელისუფლების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია აქამდე ნახსენები ფაქტიც ნიკარაგუას საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელშიც ერთის მხრივ ჩანს აშშ-ს გავლენა ნიკარაგუას შემთხვევაზე, მაგრამ, ამასთანავე, მისი გავლენა პერესის მიერ ჩამოროს მხარდაჭერაზე.
ვენესუელა აგრეთვე იმით იყო გამონაკლისი მთელი ლათინური ამერიკიდან, რომ ეკონომიკურადაც ის უფრო სტაბილური იყო, ხოლო პოტენციალი ჰქონდა ძალიან განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. ამ პოტენციალის მიზეზი იყო ნავთობი, რომლის მსოფლიოში უდიდეს მარაგებსაც ფლობს ვენესუელა დღემდე. სტრონენის თანახმად, ეს ინდუსტრია პერესის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ნაციონალიზებული გახდა, ამით კი კლასობრივი უთანასწორობის შესახებ პროტესტი დააწყნარეს. ამის მიუხედავად, ნაციონალიზაციამ ცუდად იმოქმედა ეკონომიკაზე და ცენტრალურმა კომპანიამ (PDVSA ) დაიწყო თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან, ამათგან კი დიდ ნაწილში საკუთარი ინტერესები ჰქონდა აშშ-ს, რადგან ვენესუელა იყო ყველაზე დიდი ნავთობის მიმწოდებელი მათთვის. შემდეგი დროის განმავლობაში PDVSA-მ მოიპოვა ავტონომია, მაგრამ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების სუბსიდირების საჭიროება არ აღმოფხვრილა, ხოლო მისი ყველაზე დიდი მომხმარებლისთვის უმთავრეს ინტერესად ვაჭრობა და მისი გარანტირება რჩებოდა, აქედან გამომდინარე, აშშ-ს საკმაოდ დიდი ეკონომიკური ბერკეტი ჰქონდა ამ სახით. (Strønen 2017)
Por ahora (ჯერ-ჯერობით): ჩავესის პირველი გამოჩენა
კარლოს ანდრეს პერესის მეორე ვადის დასაწყისითვის უგო ჩავესი უკვე სამხედრო პირი იყო, თანაც საკმაოდ გავლენიანი იმ დანაყოფებში, რომლებშიც იმყოფებოდა. ამ დროისთვის ათი წლის განმავლობაში უკვე ჰყავდა შედგენილი საკუთარი ჯგუფი, რომელსაც მნიშვნელოვანი ძალა ჰქონდა. აშშ-ს მიმართ ჩავესის დამოკიდებულება ამ დროისთვის ძირითადად ჩამოყალიბებულია ბოლივარის დიდი გავლენითა და ჯორჯ ბუშის მიერ პერესის მხარდაჭერით, რაც თავიდანვე განაპირობებდა მის სკეპტიციზმს. თავად ჩავესის პოზიცია ამ საკითხზე და მისი განვითარება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შემდეგში ის გაუსვამს ხაზს ამ სახელმწიფოს ჩართულობას და შექმნის მის მიმართ მტრულად განწყობილ საზოგადოებას, ხოლო უმთავრესად ანტიამერიკულ პოლიტიკას. ის შესაძლოა მართლაც ეფუძნებოდა აქამდე ნახსენებ გარკვეულ ფაქტებს, მაგრამ ეს პოლიტიკა და ჩავიზმი ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა და ეკონომიკური წნეხის გამო უკმაყოფილება იქნებოდა. შემდეგ ჩავესის ამ დამოკიდებულებას დაემატა კარაკასო, რომელშიც თავად არ მონაწილეობდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ საკუთარ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ მოვლენამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის თანამოაზრეებზე, მათ უწევდათ გამოსვლების დროს „თავიანთი ხალხის“ დახოცვა, ხოლო შემდეგში მათაც ელოდათ საკმაოდ რთული პროცესები, მათ შორის ჩავესი იხსენებს რამდენიმე ადამიანს, რომელიც შეეწირა ოპოზიციური მოძრაობების შესახებ გამოძიებას. ამ მოვლენის შემდეგ ჩავესი ემზადება საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად და ყოველ უმცირეს კრიტიკას გამოიყენებდა ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ. (Chávez, My First Life, Conversations with Ignacio Ramonet 2016)
1992 წელს ვენესუელაში მოხდა გადატრიალების მცდელობა, სამხედრო პირები ცდილობდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ეს გეგმა მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ წარმატებული შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს პრეზიდენტის დატყვევება და ამ მომენტიდან მცდელობა კრახისკენ წავიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დიდ როლს თამაშობდა უგო ჩავესი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ჯერ არაფერი ჰქონია გაგებული. აქ მან პირველად ითამაშა საკუთარი პოლიტიკური თამაში, რომლის გამოყენებას არასდროს დაანებებდა თავს ამის შემდეგ. თავადაც აღნიშნავს ინტერვიუში, რომ მას სურდა საკუთარი დაუმარცხებლობის და ამ წარუმატებლობის დროებითობის წარმოჩენა. ამიტომაც მან გადაწყვიტა ტელევიზიების წინაშე წარმოეთქვა სიტყვა, რომელიც გაგრძელდა წუთზე ნაკლებ ხანს, მაგრამ უზომო გავლენა მოახდინა ვენესუელის პოლიტიკაზე. პირველ რიგში, მან ხელები აჩვენა კამერებს იმის ნიშნად, რომ ხელბორკილები არ ეკეთა, ხოლო შემდეგ საკუთარ დაჯგუფებას უწოდა არა სამოქალაქო-სამხედრო მოძრაობა, არამედ ბოლივარული სამხედრო მოძრაობა. საკუთარი წარუმატებლობის ფორმულირებაში მან უმნიშვნელოვანესი ორი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც იმედს მისცემდა მოსახლეობას და საყოველთაო ცნობადობას მისცემდა მას: por ahora, რაც ნიშნავს „ჯერ-ჯერობით“, ეს ნიშნავდა, რომ წარუმატებლობა დროებითია და ბოლივარული მოძრაობა მომავალში აუცილებლად გაიმარჯვებდა. ამ გამოსვლით ის ლაპარაკობდა მთელი მოსახლეობის სახელით, ეს ჩვეულება მას შემდეგში კიდევ უფრო განუვითარდა. ამ მომენტიდანაც ჩანს, რომ ჩავესი ხალხის ნების უპირობო შემსრულებლად მოიაზრებდა საკუთარ თავს იმის მიუხედავად, რეალურად რას თვლიდა ხალხი, იგივე ნაწილობრივ მოქმედებს აშშ-ს მიმართ წარმოებულ პოლიტიკაზე, შეიძლება ის ვენესუელელთა უმრავლესობას სულაც არ სურდა 1998 წლამდე, მაგრამ ჩავესს ეს სურდა და, როგორც ხალხის ნების წარმომადგენელი, ის მაინც მართალი იქნებოდა. (Chávez, My First Life, Conversations with Ignacio Ramonet 2016)
თავი II: გარდამავალი და მყიფე პერიოდი
პერესის იმპიჩმენტს მოყვა თითქმის ერთწლიანი გაურკვევლობის პერიოდი, მის შემცვლელად მოვიდა ლეპახე, ხოლო რამდენიმე კვირაში ის უკვე შეცვალა ველასკესმა. ეს პერიოდი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა და ცდილობდა ხალხის უკმაყოფილების შემცირებას, ამაში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სხვა მხრივ ეს ერთი წელი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, მით უმეტეს, კვლევისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. უფრო საინტერესო ამ მხრივ აღმოჩნდა რაფაელ კალდერას მეორე საპრეზიდენტო ვადა, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ვენესუელას საგარეო პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ვადა წინ უსწრებდა პერესის პირველ ვადასაც, ხოლო ყოფილი პოლიტიკოსების დაბრუნება ვენესუელის პოლიტიკაში სიახლის ნაკლებობაზე მიუთითებს. რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ამჯერად კალდერას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკუთვნის ამ ცვლილებათა დიდ სერიაში, იმის მაგივრად, რომ სრულად ყოფილიყო დამოკიდებული აშშ-ზე, კალდერამ პირველად დაამყარა საიმედო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და კუბასთან. ეს პირველი და თანაც ირიბი ნიშანია ყველა იმ ცვლილებისა, რაც მოსდევს შემდეგ მას. (1 2020)
ხალხის მხრიდან 1993 წელს ვენესუელამ ორი უმნიშვნელოვანესი გზავნილი მიიღო, პირველი მათგანი აქამდე ვახსენეთ და ეს იყო დიდი რაოდენობით ხალხის მიერ უარის თქმა არჩევნებში ხმის მიცემაზე, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხალხის უნდობლობას ვენესუელის დემოკრატიული სისტემის მიმართ. ამასთანავე არჩევნებში მონაწილეთა საკმაოდ მყიფე უმრავლესობა (30.5%) მიიღო კანდიდატმა, რომელიც ორი მმართველი პარტიიდან არ ეკუთვნოდა არც ერთს, რამაც ხალხში სიახლის მოთხოვნაზე შეიძლება მიგვანიშნოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ახალი პარტიის წარმომადგენელი მისი დამაარსებელი და აქამდე COPEI-ს კანდიდატი რაფაელ კალდერა იყო. ეს უცნაური გარემოებები წარმოაჩენს ხალხის ჩამოუყალიბებლობას ამ პერიოდში, უფრო მეტად კი თავად პოლიტიკოსების, რომლებსაც არც ძველის დავიწყება სურდათ და არც ახლის შეჩერება. ამ მოვლენას ლალანდერი აფასებს ორპრატიულობის მულტიპარტიულობის ჩანაცვლებად, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად ასახავს პუნტო ფიხოს სისტემის რღვევას. (Lalander, Decentralization and the Party System in Venezuela 2003)
საერთაშორისო ურთიერთობები კალდერას დროს
კალდერას საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აშშ-ს გავლენა კვლავ იმ ორ ფაქტორში გამოიხატებოდა, რაშიც აქამდე: მხარდაჭერასა და ნავთობში. ამ მხრივ აქ ცვლილებებს ვერ ვხვდებოდით გარდა იმისა, რომ კალდერამ სცადა პერესის ეკონომიკური პოლიტიკის აღკვეთა, შესაბამისად, ნავთობის ფასის დაბრუნება „შოკურ თერაპიამდე“ არსებულ მდგომარეობაში. ამ უკანასკნელ ფაქტს აშშ-სთან ურთიერთობაზე არ მოუხდენია გავლენა, რადგან ნავთობის ექსპორტი აქ მაინც იგივე რჩებოდა. ამასთან ერთად გამოჩნდა საგარეო ცვლილების პოტენციალი მაშინ, როცა ვენესუელამ დაამყარა ურთიერთობები კუბასა და რუსეთთან. ძალაუნებურად ამან განაპირობა ის, რომ ჩავესის მიერ პრეზიდენტობის პირველივე წლებში გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები დიდ ცვლილებად არ ყოფილა აღქმული. როგორც აღნიშნავს გონსალესი, კალდერა დიდი მოლოდინების მიუხედავად არ იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ცვლილებების მოტანა ვენესუელისთვის, ხოლო მისი მეორე პრეზიდენტობის ყველაზე დიდი მოვლენებიც იყო დაკავშირებული არა მასთან, არამედ ჩავესთან. (Gonzalez 2014)
ჩავესის გაგმირება
რაფაელ კალდერას მოღვაწეობის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო მისი 1994 წლის გადაწყვეტილება შეეწყალებინა ორი წლით ადრე სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე უგო ჩავესი. ტარვერი აღნიშნავს, რომ ეს მის შეცდომადაც შეიძლება აღიქვას, რადგან ამ დროისთვის ჩავესი არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, მას ხალხის მცირე რაოდენობა უჭერდა მხარს, მაგრამ ამ მცირე რაოდენობის გავლენითაც კი მან ჩათვალა საჭიროდ ამის გაკეთება. ამის შემდეგ უგოს მხარდამჭერთა რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა, იმ ზომებამდეც კი, როგორსაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, პირველ რიგში კი თავად პრეზიდენტი კალდერა. უგო ჩავესი გახდა მთელი ქვეყნის გმირი, რომელიც ხალხის უკმაყოფილების ყველა საგანს უსვამდა ხაზს და მათზე ბევრად მეტზეც კი ლაპარაკობდა. არასდროს ყოფილა ელიტისტურ სისტემასთან ახლოსაც კი, ხოლო მისი დამხსობისთვის აქამდეც არ დაუშურებია ძალისხმევა, ხოლო ახალი განცხადებებიდან ჩანდა, რომ არც მომავალში დაანებებდა ამ მიზანს თავს. თავიდანვე საკუთარ თავს ხალხის ხმას უწოდებდა და რიტორიკიდან გამომდინარე ხშირად ასეც იყო, ხოლო ეს იდეა შემდეგში იმდენად განვითარდა, რომ მოსახლეობა ამას მოცემულობად იღებდა. კალდერას მოღვაწეობის მთელი პერიოდი მან გაატარა საკუთარი თავის ვენესუელელი ხალხისთვის გაცნობაში, მისი პოპულისტური მეთოდი კი, რომელიც მოგვიანებით იქნება აქ განხილული, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ 1998 წლის არჩევნებზე მას მოუტანა იმ დროისთვის წარმოუდგენელი 56% და ამის შემდეგ გარდაცვალებამდე ამ თანამდებობიდან არ გადამდგარა რამდენიმე დღის გარდა. (Traver 2018)
თავი III: კომანდანტე აშშ-ს წინააღმდეგ
კომანდანტე არის ტერმინი, რომელიც ესპანურენოვან ქვეყნებში ხშირად გამოიყენება მმართველების მიმართ, პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მეთაურს. წლების განმავლობაში ლათინური ამერიკის სხვადასხვა ლიდერს ამ წოდებით მიმართავდნენ, მაგალითად, ერნესტო ჩე გევარას, ხოლო საყოველთაო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო ეს წოდება დაიმსახურა უგო ჩავესმა. პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ჩანდა, რომ ის ვენესუელისთვის სრულიად ახლებური პოლიტიკის მწარმოებელი იქნებოდა. კონსტიტუციაზე ფიცის დადების დროსაც კი მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დოკუმენტს ძალა ჰქონდა დაკარგული და ამის მიზეზი აქამდე არსებული ელიტისტური სისტემა იყო. შემდეგ მან გამოიყენა საკუთარი მხარდაჭერის დიდი ტალღა, მალევე მოაწყო რეფერენდუმი მის შესაცვლელად, ისიც მოიგო და კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, პრეზიდენტად არჩევის ლიმიტი არ არსებობდა და ირჩეოდა 6-წლიანი ვადებით. მისი დამოკიდებულება არც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ყოფილა ჩვეული აქამდე ვენესუელისთვის, ორლანდო პერესის გადმოცემით, მან პირველივე გამოსვლებში განაცხადა, რომ ვენესუელა უნდა ყოფილიყო აშშ-ს დამაბალანსებელი რეგიონში და წინ უნდა აღსდგომოდა მის მიზნებს. (Pérez 2006)
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე წარდგენილი ანგარიში ძალიან მოკლედ აჯამებს მთელ საპრეზიდენტო პერიოდს და გადმოგვცემს ქვეყნის პოზიციას მასთან მიმართებაში. აღნიშნულია ის უარყოფითი მოვლენები, რამაც მიიყვანა ვენესუელის მოსახლეობა ჩავესის მხარდაჭერამდე, ეს მოვლენა მაქსიმალურად უარყოფითადაა დანახული და ხაზგასმულია მისი აშშ-სთან შეწინააღმდეგების სურვილი. ასევე საუბარია ხელისუფლების ერთი ადამიანის ხელში მოქცევაზე. აქვე აღნიშნულია ის დადებითი შედეგები, რაც მოიტანა პერესის პოლიტიკამ, ამის შედეგად 20%-ით შემცირდა სიღარიბის დონე, განვითარდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები. მთელი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ანგარიშში ეს დადებითი მოვლენებიცაა აღნიშნული, რომელთა უარყოფაც ალოგიკური იქნებოდა ობიექტური წყაროსთვის. (Seelke 2020)
უგო ჩავესი დემოკრატიას ყოველთვის იცავდა, მეტიც, ხშირად იარაღად იყენებდა ხოლმე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას ამასთანავე არ მოსწონდა სახელმწიფოს დეცენტრალიზებული მოდელი, რომელიც პუნტო ფიხოს დროიდან არსებობდა, ხოლო 90-იან წლებში კიდევ უფრო მეტად დეცენტრალიზებული გახდა. თავად ჩავესი ამის მომხრე არ ყოფილა, არჩევნებში აუცილებლად უნდა გაემარჯვა, თუმცა ამის შემდეგ მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, ამიტომაც შეცვალა კონსტიტუცია, ხოლო შემდეგ მიადგა სახელმწიფო სისტემებს. ველდენის თანახმად, მან ნელ-ნელა დაიწყო ყველაფრის ნაციონალიზაცია, ტელეკომუნიკაციით დაწყებული და ნავთობით დამთავრებული, რომელიც საბოლოოდ მის ოჯახს ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდა. PDVSA-ს ნაციონალიზების კიდევ უფრო მაღალი დონე, ნავთობთან ერთად მისი გადამუშავებაც უკვე დიდი საფრთხე ხდებოდა აშშ-სთვის, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ რესურსის ვაჭრობაში დიდი ცვლილებები არ შეინიშნებოდა. ამავე დროს, თვალსაჩინო იყო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის დასრულება, რომელიც ორ ქვეყანას საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა, ხოლო ვარგასის ტრაგედიისას დამხმარე აშშ-ს შემოთავაზებაზე ვენესუელის ტერიტორიაზე შესულიყო მათი ხომალდი, ჩავესმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ეს ქვეყნის სუვერენულობის დარღვევა იქნებოდა. (Velden 2009)
აქამდე ნახსენებ დეცენტრალიზებულ მოდელს ემხრობოდა აშშ და ჩავესის მიერ მისი შეცვლა დიდ კითხვებს აჩენდა, ამის და სხვა მოვლენების გამო, რომლებსაც შემდეგში განვიხილავთ, დიდი წინააღმდეგობა წარმოიშვა ორ სახელმწიფოს შორის. ჩავესმა კი აშშ-ს გასაწონასწორებლად მის სხვა მოწინააღმდეგეებთან დაამყარა კონტაქტები, რომელთა დიდი უმრავლესობაც ლათინურ ამერიკაში მემარცხენე პოლიტიკას იზიარებდა, ამის შემდეგ კი თავადაც შეუერთდა ამ იდეას და იქამდეც მივიდა, რომ მას დღეს მაგალითად ბევრი იყენებს. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში ის არ ავლენდა ასეთ მოსაზრებებს, ეს მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა, რადგან მთელი მმართველობის პერიოდის შუაში მას დაუდგა არაპოპულარულობის ერთადერთი ეპოქა, რომლიდან თავის დასაღწევადაც გამოიყენა ჯგუფები, რომელთა მიმართაც აქამდე ყურადღება არ ყოფილა მიქცეული, ეს იყვნენ მემარცხენეებიც, ხოლო უმთავრესად ეს იყო ხალხის ღარიბი ნაწილი, რომელსაც აქამდე არავინ აქცევდა ყურადღებას. მემარცხენეობის საშუალებით ჩავესმა ორ მიზანს მიაღწია, დაიბრუნა ხალხის პოლიტიკოსის სახელი და დაუპირისპირდა აშშ-ს. ამ რეგიონის სპეციალისტმა ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან დადებითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ის ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამდა, მათ შორის ისეთ უპრინციპოებსაც, როგორიც იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ ფაქტის მხარდაჭერის დროს ჩავესს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი წამოსცდა, რომელსაც მის აღქმასთან არ ჰქონია კავშირი, თუმცა ჩანდა, რომ რუსეთის ფედერაციის ნარატივსაც არ იცნობდა, მან თქვა, რომ რუსეთი აქ იცავდა საკუთარ და არა სხვის ინტერესებს. (2 2020)
უგო ჩავესის პოპულიზმი
ამ ეტაპისთვის საჭიროა განვიხილოთ ფაქტორი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური კონსტრუქტივიზმის პრიზმით საკითხის გააზრებისთვის. სოციალური კონსტრუქტივიზმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეებსა და გარემოებებს, უარყოფს იმას, რომ მხოლოდ სამხედრო ძალას ან ფულს შეიძლება ჰქონდეს გავლენა პოლიტიკაზე. უგო ჩავესმა ძალიან თვალსაჩინო გახადა, რომ გარკვეული სენტიმენტის არარსებობის შემთხვევაშიც კი მას შეეძლო მისი იდეების საშუალებით ხალხში გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ამ მაგალითზე საუბრის არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრის სოციალურად კონსტრუირებისა და იდეებისგან წარმოქმნისა, ეს ყველაფერი დიდწილად ერთი ადამიანის დიდი ძალისხმევის დამსახურებაა, ეფუძნება გარკვეულ ფაქტებს, თუმცა მათი გამოღვიძება სრულიად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. ჰარვარდის ჟურნალის ერთ-ერთ გამოცემაში საუბარია კიდეც იმაზე, რომ უგო ჩავესმა თავად გამოიგონა ვენესუელური ნალიონალიზმი და მისი ყოველი ნაწილი, შემდეგ კი იყენებდა მას თანხმობის წარმოებისთვის მოსახლეობაში. მასში შემავალ ნაწილებად შეიძლება მივიჩნიოთ დაპირისპირება აშშ-სთანაც და ჩავესის იდეებთან სრული თანხმობაც, ხოლო ამ ანალიზის შემდეგ გამოდის, რომ ვენესუელური ნაციონალიზმი ჩავიზმისგან არაფრით განსხვავდება. (Capriles 2008)
ყველა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩავესი საკუთარ იდეებს ხალხს უზიარებდა და მათზე გავლენას ახდენდა, ცნობილია საერთო სახელით – პოპულიზმი. ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი და ფილოსოფოსი იან-ვერნერ მიულერია, რომელმაც 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით „რა არის პოპულიზმი?“ სწორედ ამ წიგნით ვიხელმძღვანელებთ ამ განხილვისას. სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თავად მიულერი ჩავესს იყენებს სახელმძღვანელო მაგალითად იმის ასახსნელად, თუ რა არის პოპულიზმი, რადგან კომანდანტეს დონისთვის ჯერ კიდევ არავის მიუღწევია მეთოდურობაში. შეგვიძლია ამ წიგნის დასკვნაში მოცემული პოპულიზმის შვიდი თეზისით შევამოწმოთ, იყო თუ არა ჩავესი პოპულისტი. პირველი მათგანი გულისხმობს ელიტების წინააღმდეგ ბრძოლას და ეს ჩავესის მოწოდება იყო პირველივე გამოჩენიდან, მეორეა მათი მონოპოლია ხალხის ნებაზე, რომ მხოლოდ ისინი წარმოადგენენ ხალხს და არავინ სხვა, ხოლო ჩავესის გამოსვლებში ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ის ყველანაირ პლურალიზმს ებრძოდა, თავისი გადაცემებითაც კი ის სულ საკუთარი მონოპოლიის ლეგიტიმაციას ახდენდა. შემდეგი თეზისია ის, რომ პოლიტიკოსი წარმოადგენს ხალხის ნებას აუცილებლად, ხოლო თუ მას რაიმე საკითხში არ ეთანხმებიან, სწრაფად შეუძლია ჩუმად მყოფი უმრავლესობის არგუმენტის მოყვანა, ჩავესი აუცილებელ მიზნად ისახავდა ხალხის ნების წარმომადგენლობის დამტკიცებას და, ამასთანავე, მართლაც ცდილობდა მათი პრობლემების გაგებას და ამ ნებასთან მიახლოვებას. მეოთხე თეზისი არის ის, რომ დემოკრატიული მექანიზმი პოპულისტს სჭირდება ლეგიტიმაციის წყაროდ და ეს აქამდეც ბევრჯერ ვახსენეთ. მეხუთე თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ რადგანაც მხოლოდ ისინი წარმოადგენენ ხალხს, მათ მთავრობებში ეს წარმომადგენლობა ხდება კორუფციისა და მასობრივი კლიენტიზმის გამამართლებელი, აქედან გამომდინარე კი, წარმოიშვება ზუსტად ეს პრობლემები, ისინი კი ნამდვილად არსებობდა ვენესუელაში ჩავესის დროს. შემდეგი თეზისი პოპულისტებს წარმოაჩენს საფრთხედ დემოკრატიისთვის, ეს ჩავესის შემთხვევაშიც სიმართლეა, რადგან მან ხალხის დარწმუნებისა და შემოერთების დიდი მექანიზმის საშუალებით მათ წაართვა ალტერნატივის დანახვის უნარიც, ხოლო დღევანდელი მდგომარეობის გადმოსახედიდან ჩანს, რომ მისი საფრთხე უკვე რეალური მოცემულობაა ვენესუელაში ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით. მეშვიდე და ბოლოა ის, რომ მიუხედავად მანიპულაციისა, პოპულისტები აჩენენ, რომ ხალხის ნაწილი მართლაც არაა წარმოდგენილი პოლიტიკოსების მიერ, ჩავესმა კი ეს გააკეთა ღარიბი მოსახლეობის თავის გარშემო შემოკრებით. ამ ყველა კრიტერიუმით თვალსაჩინო ხდება, რომ ჩავესი იყო პოპულიზმის ნამდვილად სახელმძღვანელო მაგალითი და ხვდებოდა და იყენებდა კიდეც ამას. (Müller 2016)
აუცილებელია ასევე განვიხილოთ ის მეთოდები, რასაც იყენებდა ჩავესი მუდმივად საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში. პირველ რიგში, კომანდანტეს ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე არასდროს არ კმაყოფილდებოდა მცირე სატელევიზიო ეთერებით, რაც პოლიტიკოსისთვის შეიძლება შეეთავაზებინათ, მას სჭირდებოდა, რომ მუდმივად შეხვედროდა ხალხს, მათ თვალწინ გამოჩენილიყო, ამიტომ ძალიან ხშირად დადიოდა მთელი ვენესუელის მასშტაბით კამპანიით. ამ კამპანიების განმავლობაში ის ავლენდა საკუთარ ორატორულ ნიჭს, რომლითაც საკმაოდ გამოირჩეოდა, როგორც თავად ამბობდა, არც ერთი გამოსვლა არ ჰქონია წინასწარ დაწერილი, ამ საშუალებით ხალხი მასთან კავშირს ხედავდა, ამის გასაძლიერებლად კი ის ხშირად ურთიერთობდა მოსახლეობასთან, მათ ისტორიებს ისმენდა და დახმარებას ცდილობდა, თანაც შემდეგში მართლაც ითვალისწინებდა ამას. ამის გარდა, მას პრეზიდენტობისას აუცილებლად სჭირდებოდა ადგილი, საიდანაც ყოველი ადამიანი დაინახავდა მას და ინტერაქცია ექნებოდა, ამისთვის მან შექმნა ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა Aló Presidente (პრეზიდენტი გისმენთ), რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დარეკვა, პრეზიდენტთან გასაუბრება, რჩევის მიღება, პოლიტიკის გარკვეული ასპექტის ახსნის მოთხოვნა, ხანდახან კი ყოფილა საუბრები გასართობ და მხიარულ თემებზე. კეროლი საკუთარ წიგნში აღწერს ამ გადაცემას, მის რამდენიმე შემთხვევას, ხანდახან ის შვიდი საათიც კი შეიძლება გაგრძელებულიყო, ხალხის ინტერესი კი არ წყდებოდა, ამ საშუალებით უგომ იცოდა, რომ მთელი ვენესუელა ხედავდა მას და დავიწყების საშუალება არც ეძლეოდათ. (Carroll 2013)
პოპულისტური ნაბიჯების გადადგმისას სრულიად საოცარი ფაქტებიც კი მომხდარა, მათ შესახებ ასევე მიულერი საუბრობს და მათ პოპულიზმის სუფთა მაგალითებად აწოდებს მკითხველს. საკუთარი ყოველკვირეული გადაცემის დროს ჩავესი გადაწყვეტილებებსაც კი იღებდა და ბრძანებებს ეთერიდანვე გასცემდა, ხშირად მას სტუდიაშივე ესწრებოდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, არაერთში შეგვიძლია შევნიშნოთ ნიკოლას მადურო, რომელიც დღეს ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობას იკავდებს (ეს საკითხი დავის საგანია ვენესუელაში). ერთ-ერთი ასეთი გადაცემის დროს მადურომ აკრიტიკა კიდეც საკუთარი პოლიტიკური გუნდი, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი მინისტრი პირდაპირ გადაცემის მსვლელობის დროს დაითხოვა. აქ მისი სრულიად საკვირველი მოქმედებები არ დასრულებულა, სხვა გადაცემის დროს მან ერთ-ერთი ზარის შემდეგ გადაწყვიტა, რომ 14 ტანკი გაეგზავნა კოლუმბიის საზღვრისკენ, რითაც არაფორმალურად ომს უცხადებდა მეზობელ სახელმწიფოს, მაგრამ, საბედნიეროდ, ამის პრევენცია მოხდა, ხოლო 14 ტანკი მართლაც გაემგზავრა კოლუმბიის მიმართულებით. ამავე საშუალებით ის საუბრობდა საკუთარი პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტზე, მათ შორის, აშშ-სთან ურთიერთობებზეც, ამ ინტენსიური დარწმუნების პროცესის შედეგად კი ანტიამერიკული სენტიმენტი მართლაც გაჩნდა ვენესუელის მოსახლეობაში. (Müller 2016)
მეგობრობა ფიდელ კასტროსთან
შესავალში აღინიშნა, რომ ჩავესის პოლიტიკაზე გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც აშშ ვენესუელის მიმართ აწარმოებდა, არამედ მთელი ლათინური ამერიკის მიმართ. ამის ერთ-ერთი ამომავალი წერტილი აღმოჩნდა ჩავესის მეგობრობა კუბის ძალიან გრძელვადიან მმართველ ფიდელ კასტროსთან. კუბასთან აშშ-ს ამ დროისთვის უკვე ძალიან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა ჩამოყალიბებული, ბატისტა, რომელიც ამერიკელი ბიზნესმენების ინტერესების გამტარებელი დიქტატორი იყო, კასტროსა და ჩე გევარას გზაზე პირველი წინააღმდეგობა აღმოჩნდა, კარიბის კრიზისი ჩავლილი იყო და, რაც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, მომხდარი იყო ღორების ყურის ინციდენტი. პერესის თანახმად, ეს ყველაფერი ერთად კასტროს მიერ გადმოცემული არწმუნებდა ვენესუელელ პრეზიდენტს, რომ აშშ ცდილობდა საკუთარი ჰეგემონობის გაძლიერებას და საჭირო იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისმა ძლიერმა კავშირმა კასტროსთან აგრეთვე გამოიწვია ამერიკელთა უკმაყოფილება, რამაც შემდეგში ბევრჯერ იჩინა თავი. (Pérez 2006)
კასტროს გავლენა ჩავესზე ამით არ დასრულებულა, თავად კომუნისტური იდეებიც შესაძლოა მისგან მიიღო ვენესუელელმა კოლეგამ. მემარცხენე იდეალების გავრცელებაში კასტრო გამორჩეული ადამიანი იყო, ამისთვის ჩავესმა ის საკუთარ გადაცემაშიც კი მიიწვია. იმ ფაქტიდან გამომდინარე კი, რომ ჩავესისთვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა მხარდაჭერის მომატებას, ის ამ ცდუნებას ვერასდროს გაუძლებდა, დიდი მხარდაჭერა მისთვის კარგი იყო, მაგრამ ბევრად მეტი სურდა მუდმივად და პოპულიზმის დაუღალავ ტალღებში ეს ძალიან თვალსაჩინო იყო. დიუფი აღნიშნავს, რომ ჩავესის მმართველობის სტილიც ძალიან დაემსგავსა კასტროსა და სხვა ლათინოამერიკელი ავტორიტარი მმართველებისას, ეს გამოიხატებოდა საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებაში, მემარცხენეობაში, ცენტრალიზაციასა და, რაც მთავარია კვლევისთვის, აშშ-სთან წინააღმდეგობაში. (Duffy 2012)
გადატრიალების მცდელობა
1999-დან მოღვაწეობის განმავლობაში არსებობს მცირე მონაკვეთი, როდესაც ჩავესს არ ეკავა პრეზიდენტის ოფისი. გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში მან მთელი სისტემის საკუთარ თავზე მორგება მოახერხა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მას ჯერ არ ჰქონია დაწყებული მუშაობა იმ პროექტებზე, რომლებმაც რეალური გაუმჯობესება აგრძნობინა მოსახლეობას. 2002 წლისთვის უგო ჩავესმა ყველა მცდელობის მიუხედავად დაკარგა პოპულარობა, ხოლო ხალხის ნაწილი იმდენად უკმაყოფილო აღმოჩნდა ძალაუფლების ერთ ადამიანში გაერთიანებით, რომ მათ დაიწყეს სამხედრო გადატრიალების მომზადება. მათ ამის გაკეთება მოახერხეს კიდეც, ჩავესი დააკავეს, ხოლო პედრო კარმონა გამოვიდა სიტყვით, გააკეთა განცხადება მომავალი კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ. ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კონსტიტუციის მეორედ ცვლილება აღარავის უნდოდა, ხოლო ჩავისტების ნაწილმა დაიწყო გამოსვლების მოწყობა. ეს რამდენიმედღიანი მცდელობა კარმონას მარცხით დასრულდა, მაგრამ კორალესისა და პენფორდის შეფასებით ამან ცუდი გავლენა მოახდინა ვენესუელის ეკონომიკაზე, მისი სანდოობა მკვეთრად შემცირდა და, შესაბამისად, ეკონომიკა დაზარალდა. (Corrales and Penfold 2011)
ამ ფაქტთან დაკავშირებით კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომელმაც სრულიად გაანადგურა ურთიერთობები აშშ-სა და ვენესუელას შორის. ლაპერის ნაშრომის თანახმად, 12 აპრილს, როცა ჩავესი ჯერ კიდევ დაკავებული იყო, თეთრი სახლის პრესმდივანი გამოვიდა სიტყვით, სადაც ისაუბრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყო ვენესუელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის. ამდენად ადრე გამოცხადებული (მეორე დღეს) ეს მხარდაჭერა ხაზს უსვამდა მათ უკმაყოფილებას ჩავესის პოლიტიკით, მის შეცვლის სურვილს და აჩენდა ეჭვს, რომ თავად აშშ ერეოდა ვენესუელის შიდა პოლიტიკურ სივცეში არა მხოლოდ ამ განცხადებით, არამედ აქამდე ამ გადატრიალების მცდელობის დაგეგმვით. ჩავესი მუდამ ამტკიცებდა ამას და საკუთარი პოპულისტური მეთოდების წყალობით ამაში დაარწმუნა არა მხოლოდ ვენესუელის მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ადგილას მცხოვრები ხალხი. ჯორჯ ბუშ უმცროსი კი, რომელიც ამ დროს აშშ-ს პრეზიდენტი იყო, მისი მთავარი სამიზნე გახდა. ცნობილია ასევე მისი გამოთქმები 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ, ის აცხადებდა, რომ ტერორისტული აქტები იმდენადვე უპატიებელი დანაშაული იყო, რამდენადაც არის აშშ-ს ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში, ამ შემთხვევაში ინტერვენციის გზით. (Lapper 2006)
თავი IV: მტრის ხატის შექმნა
2002 წლამდე დაწყებული კამპანია ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ უგო ჩავესმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბევრად გაზარდა, შეუდგა გრძელვადიან სამუშაოს, რომლის შედეგიც ხალხში ანტიამერიკული სენტიმენტის გაღვივება იქნებოდა. ამ დროისთვის მოცემულობა ისეთი იყო, რომ ჩავესის ნებისმიერი მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო აშშ-ს „იმპერიალიზმის“ მოწინააღმდეგე. ნამდვილად არსებობდა უარყოფითი მოვლენები ამ ორი ქვეყნების ურთიერთობებში, ეს იყო უკმაყოფილების გამომწვევი რეჟიმების მხარდაჭერა, ეკონომიკური გავლენა, ჩავესის შემთხვევაში რეალური მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ბოლივარის აზრებს აშშ-ს შესახებ, ამ უკანასკნელის საგარეო პოლიტიკა ლათინური ამერიკის ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მონროს დოქტრინიდან დაწყებული, მაგრამ მათზე შემდეგში მოხდა ანტიამერიკანიზმის დაშენება. ვენესუელელი მელკიადეს პულიდო აღნიშნავს, რომ ჩავესის აქტიურ გამოსვლებამდე აშშ-ს მიმართ უკმაყოფილება არ არსებობდა ხალხში, მათგან არავინ უსვამდა ხაზს უცხო ქვეყნის გავლენას ვენესუელაზე და მისი აღმოფხვრის საჭიროებაზე. რეალური მიზეზების არსებობის მიუხედავად, ხალხში ის ჩავესმა ჩანერგა, პრაქტიკულად გამოიგონა, ხოლო შემდეგ ანტიამერიკულმა ძალებმა და მედიამ ეს აზრი სხვა სახელმწიფოებშიც გაავრცელეს. ამ მოქმედებებით მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, როდესაც ერთ-ერთი პირველი, რაც ხალხს ახსენდება ვენესუელაზე, ისაა, რომ მისი ხელისუფლება აშშ-ს მიმართ უკიდურესად მტრულადაა განწყობილი. (Pulido 2020)
ჩავესის მოქმედებები საინტერესოდ ეხმიანება ალექსანდრ ვენდტის ყველაზე ცნობილ ნაშრომს, მისი რიტორიკა ეწინააღმდეგება აქამდე ჩამოყალიბებულ აზრს, რომ ანარქია ბუნებრივია საერთაშორისო ასპარეზზე და მხოლოდ ისაა შესაძლებელი, ხოლო თეორიებს შორის რადიკალურად იყოფა აზრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ სახელმწიფოები ამ მოცემულობაში, შესაბამისად, როგორ ხედავენ ისინი ანარქიას. მისი მთავარი მტკიცებაა, რომ ანარქიის რაობას თავად სახელმწიფოები განსაზღვრავენ, ეს კი მთლად გასაგები არაა სანამ სახელმწიფო აპარატს მართავს დიდი რაოდენობით ხალხი და ძალაუფლება მათში განაწილებულია, მაგრამ უგო ჩავესი საოცრად რელევანტურ და ადვილად აღსაქმელ მაგალითს გვაწოდებს, რადგან თავად ის იყო მთელი ძალაუფლების გამაერთიანებელი ვენესუელაში და თეზისში, რომ ანარქიის რაობა სახელმწიფოებზე იქნებოდა დამოკიდებული, აქ უნდა ვიგულისხმოდ ვენესუელის სახელმწიფოს სახით მხოლოდ ერთი ადამიანი, მისთვის თვალის დევნება კი ძალიან მარტივია. ჩავესს პრეზიდენტად არჩევისთანავე ჰქონდა არჩევანის საშუალება, პარტნიორი ყოფილიყო აშშ-სი თუ დაპისიპირებოდა მას, მასზე დიდი გავლენა მოახდინა აქამდე ჩამოთვლილმა ყველა ფაქტორმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. ასევე გამოავლინა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებენ სხვა ქვეყნების მიმართებაში, ახლოს მყოფ კუბასთან და შორს მყოფ რუსეთის ფედერაციასთან მისი დამოკიდებულება მეგობრული იყო, ხოლო აშშ-სთან და კოლუმბიასთან – მტრული. ამის გარდა, როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ჩავესი დიდწილად იყო ვენესუელური ნაციონალიზმის და ანტიამერიკული სენტიმენტის ავტორი, ხოლო ეს ყველაფერი შეუძლებელია გაჩენილიყო იდეის გარეშე, მით უმეტეს, რომ ვხედავთ მის მმართველობამდე პერიოდს, როდესაც იგივე პრობლემები არსებობდა, იდეა კი – არა, ამის გამო მოსახლეობაში სულაც არ შეინიშნებოდა აშშ-ს მიმართ უნდობლობა ან მტრული განწყობა. (Wendt 1992)
აშშ – განმაპირობებელი უცხო
უგო ჩავესი საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში მტრის ხატის შექმნისას იმ დონემდე მივიდა, რომ ვენესუელის ნებისმიერ წარუმატებლობას აბრალებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამგვარად, მოსახლეობისთვის შემოთავაზებულ ანტიამერიკულ განწყობას კიდევ ერთი დონე დაემატა, ამიერიდან აშშ გახდა განმაპირობებელი უცხო. როცა ხალხის გაერთიანება შეუძლებელი იყო ელიტიზმის წინააღმდეგ, ეს როლი აშშ-მ შეითავსა, ამიტომაც ვენესუელური ჩავისტური ნაციონალიზმის ერთ-ერთი თვისება გახდა ანტიამერიკანიზმი, ეს იყო ფაქტორი, რომელიც აერთიანებდა ხალხს. მიულერი აღნიშნავს, რომ ჩავესი ამას ძალიან ნატიფად იყენებდა, იმ დონემდე, რომ ქვეყნის არც ერთი წარუმატებლობა აღარ იქნებოდა არც მისი, არც პარტიის და არც კორუფციის შედეგი, ის ყოველთვის უმცირეს წარუმატებლობებსაც კი აბრალებდა საკუთარ მოწინააღმდეგეებს, ხოლო როცა ეს შეუძლებელი იყო მას ჰქონდა მეორე ვარიანტი, ამის დაბრალება ყოველთვის შეიძლებოდა აშშ-სთვის, ხოლო ყველაზე მწვავედ – ჯორჯ ბუშ უმცროსისთვის. (Müller 2016)
ეს სენტიმენტი ჩავესის გარდაცვალებამდე იყო მთელი მისი მოძრაობის პანაცეა, საკმარისი იყო უმცირესი უკმაყოფილება გამოთქმულიყო ვენესუელაში არსებული სიტუაციის მიმართ, რომ მისი მიზეზების მითითება აშშ-ს „იმპერიალისტურ“ პოლიტიკაში ხდებოდა. ეს მექანიზმი შეგვიძლია აღვწეროთ ისევე, როგორც ახასიათებდა ვალტერ ბენიამინი ისტორიულ მატერიალიზმს, აქაც განმაპირობებელი უცხო იყო ილუზია, თურქული თოჯინა, რომელიც იგებდა ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან შიგნით ადამიანი იყო დამალული. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი გადაწყვეტდა სისტემის კრიტიკას, მას უწევდა არა რეალური ფაქტების წინააღმდეგ თამაში, არამედ მის პირისპირ საჭადრაკო დაფაზე მყოფ პოპულისტურ განცხადებებსა და განწყობებთან, რომელიც უხშირესად იყო აშშ-ს „იმპერიალიზმის“ შესახებ საუბარი. (ბენიამინი 2007)
საერთაშორისო ასპარეზი
ამერიკის შეერთებული შტატები მოცემული სიტუაციის დროს უმოქმედოდ არ ყოფილა, 2002 წლის შემდეგ ბევრი ვექტორი მათ საგარეო პოლიტიკაში ვენესუელის მიმართ შეიცვალა. პირველ რიგში, აღმოსაფხვრელი იყო ყველანაირი ეჭვი მათ მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერის შესახებ, ამის სამიზნე კი გახდა მათ მიერ დემოკრატიული აქტორებისა და პროექტების დაფინანსება. ბაქსტონი აღნიშნავს, რომ ამის შედეგად აშშ-ს გავლენა შემცირდა ვენესუელაზე იმ დონემდე, რომ ოპოზიციურ ძალებს უჭირდათ მოღვაწეობა, პირველ წლებში ხალხში არსებული მუხტი მათ არსებობას შესაძლებელს ხდიდა, ხოლო შემდეგ ისინი სულ უფრო არაპოპულარულები ხდებოდნენ. (Buxton 2019)
უგო ჩავესი ამ დროს კი არც იმაზე გაჩერებულა, რომ მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაში გაეღვივებინა ანტიამერიკული სენტიმენტი, ის ყველაზე წარმოუდგენელი ზღვარგადასული პოზიციონირებით გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში. ლიუ აღნიშნავს, რომ საკუთარი აგრესიული მოწოდებებითა და გამოსვლებით მან ჩამოაყალიბა ნეოლიბერალური სისტემის რეალური ალტერნატივა. მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მისი გამოსვლები გაეროში კი იმდენადვე ლეგენდარული გახდა, რამდენადაც იყო მისი მეგობარი ფიდელ კასტროს ერთსაათიანი ლექციები ათ წუთზე გათვლილ გამოსვლებზე. ჩავესის გამოსვლების ლეგენდარულობა სხვა მიზეზით იყო გამოწვეული, ის ძალიან ხისტ განცხადებებს აკეთებდა და შემრიგებლობის არანაირ ნიშანს არ ავლენდა, ერთ-ერთ მათგანზე განაცხადა კიდეც, რომ ჯორჯ ბუშ უმცროსი იყო ეშმაკი და მის შემდეგ სცენაზე გოგირდის სუნი იგრძნობოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ობამას პრეზიდენტობისას ურთიერთობების დასტაბილურების შესახებ იმედი ამდენადვე არაორდინალურად გამოთქვა, თქვა, რომ იქ გოგირდს ვეღარ გრძნობდა და მოუწოდებდა ობამას წინამორბედის შეცდომებისგან თავის არიდებისკენ. ნახსენებთაგან პირველი გამოსვლის დროს მან სცენაზე წარადგინა კიდეც ნოამ ჩომსკის წიგნი „ჰეგემონია ან გადარჩენა“, რომელშიც აშშ-ს მიერ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის ყოველი ფაქტი იყო გაკრიტიკებული, ის გახდა ჩომსკის მეგობარიც ამ უკანასკნელის მიერ აშშ-ს კრიტიკის გამო. ამგვარად, ჩავესმა მთელ მსოფლიოში წარმოქმნა აზრი, რომ ვენესუელა ანტიამერიკული ძალა იყო და ამ სახელმწიფოს კლანჭებიდან თავის დაღწევა ვენესუელისთვის ეგზისტენციალური საჭიროება იყო. (Liu 2013)
დასკვნა
პოლიტიკური კვლევის მთავარი საკითხი მნიშვნელოვანია დროით კონტექსტში გავიაზროთ. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გავლენა უგო ჩავესის გაპრეზიდენტებამდე განპირობებული იყო ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირით, ეს იყო ეკონომიკური ფაქტორები და იმ რეჟიმების მხარდაჭერა, რაც არსებობდა ვენესუელაში ამ დროს, ამათგან პოლიტიკური გავლენის სახით მხოლოდ მეორე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად. რადიკალური ცვლილება გამოიწვია 1998 წელს არჩეულმა უგო ჩავესმა, რომელმაც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალი საშუალებით ქმნიდა აშშ-სგან მტრის ხატს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მან საკუთარ თავზე აიღო ყოფილიყო ამ იდეების შემოქმედი, რომლებსაც შემდეგ იმდენად უნდა გაედგა ფესვები საზოგადოებაში, რომ მთელი პოლიტიკურ სივრცეში ჩავისტურ და, ამავდროულად, ანტიამერიკულ მუხტს შექმნიდა. საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში მან ეს ნამდვილად მოახერხა, იდეების სოციალური კონსტრუირება მისი ინიციატივით ხდებოდა პოპულიზმის მრავალი იარაღის გამოყენებით, თუმცა სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია დღეს, როდესაც ბოლივარული რევოლუციის იდეები აღარაა ფართოდ გაზიარებული ვენესუელაში, ხოლო მის მემკვიდრეს უწევს არჩევნების გაყალბების ყველაზე პრიმიტიული მეთოდების გამოყენება. აქედან გამომდინარე, ერთი ადამიანის მიერ აზრის ერთპიროვნულად კონსტრუირების საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჩავესის გარეშე მას სწრაფად ივიწყებენ.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ განაპირობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკამ ფუნდამენტური ცვლილებები ლიდერებსა და მათ მმართველობის ფორმებს შორის, აუცილებელია კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და გავიგოთ, თუ რა გავლენა მოახდინა მან ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე, რომელმაც მთელ აშშ-ს პოლიტიკას სათავისო ელფერი შესძინა და შემდეგ მოახდენინა გავლენა მმართველობის ფორმაზე, ხალხის განწყობასა და შემდგომ პოლიტიკაზე. ლიდერების ცვლილებაში აშშ-ს წვლილი შემოიფარგლება აქამდე არსებული სისტემებისა და შემდეგ უკვე გადატრიალების მცდელობაში მონაწილეთა მხარდაჭერით, მეორე მათგანის მიერ გავლენის მოხდენა ასევე ჩავესის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგია. რაც შეეხება მმართველობის ფორმას და ზოგად პოლიტიკას, რომელიც შემდეგ ჩავესმა აწარმოა, ამაზე გავლენა ბევრ ფაქტორს ჰქონდა, მათ შორის შედის ეს მხარდაჭერაც და ნავთობის ინდუსტრიაში მათი როლიც, თუმცა ემატება ამას თავად ჩავესის განწყობა. მისი განწყობა განპირობებული იყო საგარეო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებდა აშშ ლათინურ ამერიკაში მთელი ორი საუკუნის განმავლობაში, ამ ფაქტორში შედის ბოლივარის განწყობები, კასტროსა და სხვა მემარცხენე ძალებთან მეგობრობა. ამ რამდენიმე მიზეზით ჩავესი თავიდანვე უნდობლობით იყო გამსჭვალული ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და ეს განწყობა გადასდო მთელ მოსახლეობასაც. ამის შედეგად, მან სამხედრო თანამშრომლობაზე თქვა უარი ამ სახელმწიფოსთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მასზე ეს ფაქტორები მხოლოდ იმდენად ახდენდა გავლენას, რამდენადაც თავად აძლევდა ამის უფლებას, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ მის მიერ ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და ხელში ჩაგდებისთვის ხელსაყრელი იყო ანტიამერიკული მოქმედებები და განწყობა მოსახლეობაში. ამან გამოიწვია 2002-ში თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაც და შემდეგ მისი ჩავესის მიერვე საბუთად გამოყენებაც. საბოლოოდ, ჩავესის ამ მოქმედებებმა დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და სამხედრო ძალაა მნიშვნელოვანი ფაქტორები საერთაშორისო ურთიერთობებში. საკუთარი გამოსვლებითა და მსოფლიოს დიდი ნაწილის დარწმუნებით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იდეები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მნიშვნელოვნებაში არის ისეთივე ფარული საფრთხე, როგორიც დემოკრატიაში არსებობს. კერძოდ, ესაა გარემოება, რომ მათი გამოყენება საკუთარ იარაღად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პოპულიზმის გამოყენებით, ჩავესმა გამოიყენა ორივე მათგანი, პოპულისტური კამპანიით 15 წლის განმავლობაში რჩებოდა პრეზიდენტად, ხოლო ამავე მეთოდით ქმნიდა იდეებს და ავრცელებდა მათ მთელ მსოფლიოში.
უგო ჩავესზე საუბრისას ისევე, როგორც ნებისმიერი ძლიერად პოლარიზებული ადამიანის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია არ გავხდეთ პოლარიზებულები თავად ჩვენ, ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს არც ის, რომ ჩავესზე მართლაც ჰქონდა გავლენა აქამდე მომხდარ მოვლენებსა და წინაპართა ნაწერებს, ასევე არც ის, რომ ამ ყველაფერს ის უბრალოდ ხალხს ანახებდა და რეალურად მათი არ სწამდა. ამის გამო, ორივე სახის ფაქტორები ხაზგასმულია მთელს პოლიტიკურ კვლევაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რის სჯეროდა თავად ჩავესს, ჩვენი მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმის ამოხსნაში, თუ რა და როგორ დააჯერა ჩავესმა ხალხს და როგორ გამოიწვია უზომოდ დიდი ცვლილებები. მან კი ნამდვილად გაავრცელა საკუთარი იდეები იმდენად, რომ მათი კვალი დღემდე შესამჩნევია ვენესუელაზე, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების მხრივ მან საკუთარი მოქმედებებით ხაზი გაუსვა სოციალური კონსტრუქტივიზმის უპირატესობებს.
უგო ჩავესი თავის გამოსვლებში ძალიან წუხდა საკუთარი კუმირის, ბოლივარის, ხალხის მიერ მიტოვების შესახებ ცხოვრების უკანასკნელ წლებში, როდესაც ეს უკანასკნელი საკუთარ თავს ერთი ფრაზით ამსგავსებდა დონ კიხოტს. თავად ჩავესი გარდაიცვალა პატივში, მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა და ეს დაკრძალვის ცერემონიაზეც აისახა, თუმცა წლების შემდეგ ბოლივარული რევოლუციის იდეები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მისი მოღვაწეობის შესახებ აზრები ძალიან ბევრგან იყოფა, შეიძლება ითქვას, რომ ჩავესის გაქრობისთანავე ქრობა დაიწყეს მისმა იდეებმაც და დღეს ის ასევეა მიტოვებული, ამიტომ შეგვიძლია ის მისი იდეების წარმავალობიდან გამომდინარე ამავე ფრაზით შევადაროთ სერვანტესის ლეგენდარულ პერსონაჟს: „მე ვხნავდი ზღვას“. (Chávez, Introduction 2009)
ბიბლიოგრაფია
Chávez, Hugo. 2009. “Introduction.” In The Bolívarian Revolution, by Simón Bolívar, VII-XVII. London: Verso.
Traver, H. Micheal. 2018. The History of Venezuela. Santa Barbara, California: ABC-CLIO, LLC.
Rabe, Stephen G. 2020. Kissinger and Latin America. Ithaca: Cornell University Press.
Pulido, Melquiades, interview by Nika Khomeriki. 2020. (9 December).
Strønen, Iselin Åsedotter. 2017. Grassroots Politics and Oil Culture in Venezuela. Bergen: Palgrave Macmillan.
Lalander, Rickard. 2009. “The Impeachment of Carlos Andrés Pérez and the Collapse of Venezuelan Partyarchy.” In Presidential Breakdowns in Latin America, by Mariana Llanos and Leiv Marsteintredet, 129-146. New York City: Palgrave Macmillan.
Chávez, Hugo. 2016. My First Life, Conversations with Ignacio Ramonet. London: Verso.
Lalander, Rickard. 2003. “Decentralization and the Party System in Venezuela.” Nordic Journal of Latin American and Caribbean Studies 97-121.
Gonzalez, Mike. 2014. Hugo Chávez: Socialist for the Twenty-First Century. London: Pluto Press.
Pérez, Orlando J. 2006. “U.S. Security Policy and U.S.-Venezuelan Relations.” In Addicted to Failure: U.S. Security Policy in Latin America and the Andean Region, by Brian Loveman, 80-102. Plymouth: Rowman & Littlefield Publishers, Inc.
Seelke, Clare Ribando. 2020. “Venezuela: Background and U.S. Relations.” Congressional Research Service, 26 August.
Velden, M. G. E. van der. 2009. Chávez’ North is our South. Maastricht: Radboud University Nijmegen.
Capriles, Collete. 2008. “The Politics of Identity.” ReVista, Harvard Review of Latin America 8-10.
Müller, Jan-Werner. 2016. What is Populism? Philadelphia: University of Pennsylvania Press.
Carroll, Rory. 2013. Comandante: Hugo Chávez’s Venezuela. New York City: The Penguin Press.
Duffy, Maura. 2012. Venezuela’s Bolivarian Revolution: Power to the People? Manchester: University of Manchester.
Corrales, Javier, and Michael Penfold. 2011. Dragon in the Tropics: Hugo Chávez and the Political Economy of Revolution in Venezuela. Washington D.C.: Brookings Institution Press.
Lapper, Richard. 2006. Living with Hugo: U.S. Policy toward Hugo Chávez’s Venezuela. New York City: Council of Foreign Relations.
Wendt, Alexander. 1992. “Anarchy is what States Make of it: The Social Construction of Power Politics.” International Organization 391-425.
ბენიამინი, ვალტერ. 2007. ისტორიის ცნების შესახებ. თბილისი: არაკომერციული გამომცემლობა საგა.
Buxton, Julia. 2019. “Continuity and Change in Venezuela’s Bolivarian Revolution.” Third World Quarterly 1-17.
Liu, Larry. 2013. “Hugo Chávez’ Bolivarian Revolution: A Legacy.” 1-3.
1, Respondent, interview by Nika Khomeriki. 2020. (29 November).
2, Respondent, interview by Nika Khomeriki. 2020. (10 December).