5 აპრილს გაიმართა “ახალგაზრდა ქართველ პოლიტიკოსთა ფორუმის” პირველი პანელი – ახალგაზრდები და პოლიტიკა: ახალგაზრდული ჩართულობის გამოწვევები. მასში მონაწილეობდნენ გიორგი ჩაკვეტაძე (ქართული ოცნება), მარიამ ქასრაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) და ნუცა გაბაძე (თავისუფალი დემოკრატები). რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა – ქეთევან მიდელაშვილმა პანელში მონაწილეობა ბოლო მომენტში ვეღარ შეძლო.

პანელის მოდერატორი – გიორგი მელაშვილი. მელაშვილმა ფორუმი მერაბ კოსტავას სიტყვებით გახსნა, სადაც ხაზგასმული იყო ერთობის მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს – პანდემიით გამოწვეული და პოლიტიკური კრიზისის პირობებში. მელაშვილის თქმით ერთობა და ერთობის მნიშვნელობა არის სწორედ 5 აპრილს გამართული ფორუმის თემაც. მოდერატორმა მოიხმო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც, სადაც მოსახლეობის განწყობებში ცალსახად იკვეთება ახალგაზრდობის პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობა. ამასთანავე ფორუმის დღვანდელი სესია მან ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის, ხსოვნას მიუძღვნა.

ფორუმის პირველმა მომხსენებელმა მარიამ ქასრაშვილმა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) მონოლოგი დაიწყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გახსენებით, სადაც მისი თქმით ახალგაზრდების, როგორც სამოქალაქო აქტივისტების როლი იყო განსაკუთრებული და ახალგაზრდობამ გააცნობიერა საკუთარი ხმის მნიშვნელობა. მომხსენებელმა ისაუბრა პოლიტიკაში ჩართვის პირად გამოცდილებაზეც. მისი თქმით 2013 წელს პოლიტიკაში ჩართვა 20 წლის ასაკში გადაწყვიტა, ვინაიდან მისთვის მიუღებელი იყო პროცესები, რომლებიც 2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობდა და არ შეეძლო ამ ყველაფრისთვის სახლიდან ეყურებინა. მან აღნიშნა, რომ ძალადობისა და შანტაჟის გამო პოლიტიკაში ყოფნა დღეს საქართველოში არ არის უსაფრთხო. ეს იწვევს რადიკალიზაციას და პროცესების ქუჩაში გადატანას. ძალადობრივი გარემო ასევე ხალხს გულს უცრუებს პოლიტიკაზე. მარიამ ქასრაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული სურათის შესაცვლელად აუცილებელია მეტი ახალი სახე პოლიტიკაში, პროცესების გამჭვირვალობა, გაჯანსაღება. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ სურათი წლების განმავლობაში არ იცვლება, მნიშვნელოვანია ხალხი არ დანებდეს.

მიხეილ ქუმსიშვილმა მოხსენება პოლიტიკაში ჩართვის საკუთარი გამოცდილებით დაიწყო. იგი პოლიტიკაში 17 წლის ასაკში ჩაერთო. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად 2020 წლის არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიურობის შედარებით უკეთესი მაჩვენებლისა, მათი ჩართულობის ნაკლებობა პოლიტიკაში კვლავ გამოწვევად რჩება. მისი თქმით თაობათა ცვლის პროცესთან ერთად მნიშვნელოვანია პოლიტიკაში პიროვნებების ყოფნის მთავარი განმსაზღვრელი იყოს პატრიოტიზმი და არა თაღლითობა, ნეპოტიზმი და ა.შ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი როლი პოლიტიკურ პროცესებში აქვს ხალხსაც, ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ხალხის ნებას არ ემორჩილებიან და ხდება ხელისუფლების მიტაცება. მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც სადამკვირვებლო მისიებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასა და ლეიბორისტულ პარტიაში. იგი აღნიშნავს, რომ ახალი თაობის აქტიურობა პოლიტიკაში გაზრდის პოლიტიოსების მხრიდან მათ წინაშე ანგარიშვალდებულებას. ამასთანავე მისი თქმით, ახალგაზრდებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები აქვთ უფრო კარგად გააზრებული, ვიდრე უფროს თაობას. “ჩვენს შემთხვევაში ეს ხდება ძალიან ბუნებრივად, განსხვავებით უფროსი თაობის პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ არიან დასავლურ ღირებულებებზე, რომ დასავლეთს უნდა ეს, და არა იმიტომ, რომ მართლა გულწრფელად იზიარებენ ყოველივე ამას” – აღნიშნავს ქუმსიშვილი. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს წამყვან პოზიციებზე ახალგაზრდების წინ წამოწევასაც, ამ კუთხით მისი თქმით არსებობს მრავალი გამოწვევა. მიუხედავად ახალგაზრდებში კაპიტალის არსებობისა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო დონორებს აქვთ, ისეთი საკითხები, როგორიცაა არადემოკრატიული გარემო, მიტაცებული ძალაუფლება, პოლიტიკური კრიზისი და რესურსების დეფიციტი, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ მასებთან კომუნიკაციის კუთხით,.ხელს უშლის მათ პოლიტიკურ გააქტიურებას. მიუხედავად ამისა, მისი თქმით ისინი მაინც არ უნდა დანებდნენ.

ქართული ოცნების წარმომადგენელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო პარტია ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას იყვნენ არჩეულნი და ამის დასტურად მოჰყავს 2017 წლის თვითმმართველობისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მისი თქმით ქართული ოცნება ახალგაზრდების გააქტიურებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელს უწყობს განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების გზითაც, როგორიცაა სტარტაპ საქართველო, აწარმოე საქართველოში და ა.შ. ჩაკვეტაძის თქმით ახალგაზრდობის პასიურობა პოლიტიკურ პროცესებში არის რეალურად პრობლემა, თუმცა ეს პრობლემა არ არის სპეციფიკური მხოლოდ საქართველოსთვის და ტენდენციურია მსოფლიოშიც. იგი ახალგაზრდული პოლიტიკის ორ ძირითად მიმართულებად განათლების რეფორმასა და პროფესიული თვითრეალიზების პერსპექტივებს მიიჩნევს. გარდა ამისა მისი თქმით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მიერ საზოგადოებრივი აქტივობის წახალისებაც, მაგალითად ისე, როგორც ხელისუფლებამ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით წარმართა მოხალისეობრივი პროგრამა, რომელშიდაც 3000-მდე მოხალისე დარეგისტრირდა, გადამზადდა და ჩაერთო პანდემიის დროს თანამოქალაქეების მხარდაჭერის პროცესში. გიორგი ჩაკვეტაძემ ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობას იმ კუთხითაც, რომ ეს გაზრდის მათ წინაშე პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებას.

რაც შეეხება პირველი პანელის ბოლო მომხსენებელს – ნუცა გაბაძეს (თავისუფალი დემოკრატები), მან აღნიშნა რომ ახალგაზრდობაში აშკარად შეიმჩნევა ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ, ვინაიდან იგი ბინძურ სფეროდ მიიჩნევა. გარდა ამისა მისი აზრით ახალგაზრდების დამოკიდებულება ვირტუალურ სივრცეზე აკარგვინებს რეალურ პროცესებში ჩართვის ინტერესს. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვეობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პოლიტიკური აქტიურობა, ვინაიდან მათ გააჩნიათ ინოვაციური და კრეატიული აზროვნება და იდეები. მნიშვნელოვანია მოხდეს პოლიტიკური სპექტრის ახალგაზრდებით ჩანაცვლება და მათი მომზადება დიდი საქმეებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ისტორიულ როლს, გმირობას, დამსახურებას საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და იმ ფაქტს, რომ რეალურად ქვეყანა სწორედ მათ ზურგზე დგას.

ინდივიდუალური მონოლოგების შემდეგ გიორგი მელაშვილმა მომხსენებლებს ორი კითხვა დაუსვა. პირველი შეეხებოდა მათ პოზიციას იმის შესახებ, თუ დღევანდელი კრიზისის ფონზე რა უნდა იყოს ახალგაზრდების როლი და როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ მათ კრიზისის დაძლევას. გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ კრიზისი ხელოვნურია და ახალგაზრდებმა ყველას უნდა მოუწოდონ ინსტიტუტების პატივისცემისა და ბოიკოტის შეწყვეტისკენ. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მარიამ ქასრაშვილის თქმით კრიზისი არაა ხელოვნური და იგი განაპირობა გაყალბებულმა არჩევნებმა, ასევე მისი პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ. მისი აზრით ახალგაზრდებმა უფრო მეტად უნდა გააქტიურონ პროტესტი, ვინაიდან ხელისუფლება მხოლოდ მაშინ მიდის დათმობაზე, როდესაც ხედავს ხალხის ძალას. მისი თქმით ხალხმა და ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზეც. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით კი ინსტიტუტების პატივისცემის მოწოდებას ვერ მიიღებს იმ ადამინისგან, რომელიც წარმოადგენს პარტიას, რომელიც ინსტიტუტებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და თავადვე არ სცემს პატივს მათ. მან ხაზი გაუსვა პროკურატურისა და სასამართლოს ნდობის არარსებობას. მისი თქმით ახალგაზრდები საკუთარ პარტიებშივე პრინციპულად უნდა შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ უკანონობას. მისი თქმით იმ რეალობაში, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ყოველდღიურად აკავებენ ახალგაზრდებს, ქვეყანა ვერ გამოვა პოლიტიკური კრიზისიდან. ნუცა გაბაძის თქმით კი მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ერთობა, რათა მათი აზრი იქნას გათვალისწინებული.

გიორგი მელაშვილის მეორე კითხვა შეეხებოდა იმას, თუ როგორ ხედავენ პანელის მონაწილეები 10-20 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, რა ფასეულობებზე იქნება დამყარებული იგი. მარიამ ქასრაშვილისთვის საქართველოს იდეალური მომავალი არის ის მოცემულობა, რომელშიდაც ქვეყანა არის პრო-დასავლური, ევროპის ნაწილი, დემოკრატიული, ამბიციური სახელმწიფო, სადაც დაობენ არა იმაზე, თუ არსებობს თუ არა დემოკრატია სახელმწიფოში, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე. ნუცა გაბაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია პრიორიტეტების სწორად დალაგება – განათლებაზე აქცენტირება და ევროპული კურსის შენარჩუნება. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას სახელმწიფო, სადაც არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში, სადაც მოსახლეობა შანტაჟის ფონზე არ აძლევს ხმას და სადაც დაუბალანსებელ საარჩევნო ოქმებს არ სჭირდება კორექტირებები, სახელმწიფო, რომელზედაც დასავლეთში არ ამბობენ რომ არჩევნებმა ლეგიტიმაციის ზღვარზე გაიარა. მისი თქმით სწორედ ამის მერე გახდება შესაძლებელი სხვა საკითხებზე – განათლებაზე, შრომით უფლებებზე, დასავლეთისკენ სწრაფვასა და სხვა საკითხებზე საუბარი. გიორგი ჩაკვეტაძე კი ისურვებდა 10 წლის მერე იხილოს საქართველო, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. მისი სურვილია ყველა უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ამუშავდეს, საქართველო იყოს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი და 10 წლის შემდეგ იყოს ნაკლები რადიკალიზაცია.

სრული დისკუსიის ნახვა შეგიძლიათ აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.