6 აპრილს გაიმართა „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების ფორუმის” მე-2 პანელური დისკუსია. შეხვედრის მოდერატორი იყო ნათია ქალდანი, მომხსენებლები – ლევან ლაბაძე (ლელო საქართველო), ნიკა ყირიმელი (სტრატეგია აღმაშენებელი), მირიან ბეჟიტაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება), დარეჯან ფერაძე (მოქალაქეები) და თორნიკე კობახიძე (ევროპული საქართველო).
ნათია ქალდანმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და განაცხადა, რომ 6 აპრილის დისკუსიის თემა იქნებოდა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის გზები, როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში.
პირველი მომხსენებელი იყო მირიან ბეჟიტაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება). მან აღნიშნა, რომ მისი პარტია გაყოფამდეც და მის შემდეგაც აქცენტირებულია იმ სივრცის გამოყენებაზე, სადაც ყველაზე აქტიურად არიან ახალგაზრდები წარმოდგენილნი, ესაა სოციალური ქსელი. „გირჩმა” წამოწია წინ არაპოპულარული თემები, რომლებმაც დაინტერესება ბუნებრივად ჰპოვა ახალგაზრდებში. ამასთანავე მათ შექმნეს განსხვავებული სისტემა, სადაც პორტალზე ერთი „დაკლიკვით” ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამხდარიყო პოლიტიკოსი. რაც მთავარია გირჩმა საკუთარ ახალ პოლიტიკოსებს მისცა „ბაბლში” მასებთან კომუნიკაციის საშუალება. ვინაიდან დამწყებებს უჭირდათ პირველი ნაბიჯების გადადგმა, მათ გადაწყვიტეს მათი ბლოგების, ვიდეორგოლების საკუთარ „ბაბლში” გავრცელება. მირიანი ასევე აღნიშნავს რომ ნეგატიური წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ახალგაზრდებს ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკის მიმართ და იგი მიაჩნიათ ბინძურ სფეროდ. მისი თქმით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პოლიტიკისა და წესრიგის შეცნობა სკოლის ასაკშივე, რათა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკა არაა მეორადი პროფესია. მისი თქმით, პირადი გამოცდილებით მანაც არ იცოდა ბევრი რამ პოლიტიკის შესახებ 18 წლის ასაკამდე, სანამ უშუალოდ არ ჩაერთო მასში, რაც ასევე სკოლებში საკითხის აქტუალობის არარსებობით არის განპირობებული. მისი თქმით პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა სცადონ ახალგაზრდები შემოიკრიბონ იდეების ირგვლივ, ვინაიდან ახალგაზრდებს უყვართ იდეები. მირიან ბეჟიტაშვილმა ისაუბრა ქართულ რეალობაში პიროვნების, განსაკუთრებით ქალების დიკსრედიტაციის პრობლემაზეც. საბოლოოდ მან აღნიშნა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ ახალგაზრდების უფრო მეტად გააქტიურებაზე, რათა გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი.
პანელური დისკუსია გაგრძელდა ლელო საქართველოს წარმომადგენელ ლევან ლაბაძის მონოლოგით. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლელო ახალი დაარსებული პარტიაა, არჩევნების დროს საკუთარი ნებით ათასამდე ახალგაზრდა ჩაეწერა მათ რიგებში. მან აღნიშნა, რომ რთულია იპოვო ის ხაზი, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებთ, თუმცა მნიშვნელოვანია მოინახოს იგი და შეექმნათ ახალგაზრდებს კომფორტული გარემო. იგი დაეთანხმა წინა მომხსენებელს სკოლებში პოლიტიკის პოპულარიზების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისი აზრით შესაძლებელია მოეწყოს ექსპურსიები საჯარო სექტორის დაწესებულებებში, შეხვედრები პოლიტიოსებთან, რათა ახალგაზრდებმა აღიქვან პოლიტიკა როგორც მათი ყოველდღიურობის განმსაზღვრელი და განუყოფელი ნაწილი. ლელოს გამოცდილებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აქტიური იყო რეგიონები. მისი თქმით ახალგაზრდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად მიეწოდებინათ პარტიისთვის იდეები, რომელსაც თავადვე განახორციელებდნენ. მან ასევე განაცხაა რომ „ლელო ტივი” დღე-დღეზე ჩაეშვება და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა წარმართონ დისკუსიები მათთვის აქტუალურ საკითხებზე სწორედ ამ პლატფორმაზე. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის ზრდასთან ერთად ძველი სახეების გამოცდილების მნიშვნელობასაც.
კონფერენციის მე-2 პანელი განაგრძო დარეჯან ფერაძემ. (მოქალაქეები). მან აღნიშნა, რომ ახლადჩამოყალიბებულ პარტიაში სტრუქტურები ჯერაც ფორმირების პროცესშია. მათთვის ახალგაზრდული ფრთა არის პრიორიტეტი. „მოქალაქეებს” აქვთ სურვილი შეცვალონ საარჩევნო კამპანიის დროს კოლოსალური რესურსების ხარჯვის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ პარტია შარშან დარეგისტრირდა, მის ინდივიდუალურ წევრებს – ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს ჰქონდათ ადგილობრივი თვითმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება, სადაც მთავარი ძალა იყო ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა. დარეჯან ფერაძის თქმით დღეს პოლიტიკა არის არაპრესტიჟული არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. მან აღნიშნა რომ „მოქალაქეების” ძირითადი პრიორიტეტული ხაზი არის განათლება. ამის დასტურად მას მოჰყავს მათ მიერ ორგანიზებული ისტორიულ-შემეცნებითი ტურები, ალეკო ელისაშვილის ისტორიული ვიდეო გაკვეთილები პანდემიის დროს, აქტივობა „ოფენ ბუკია”, რომლის დროსაც ბუკიას ბაღის გახსნის მოთხოვნასთან ერთად მოეწყო ბიბლიოთეკა ქუჩაში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მოეტანა და წაეღო წიგნები, სადაც ალეკო ელისაშვილმა მსურველებს დაურიგა მის მიერ დაწერილი წიგნიც. მოხსენების ბოლოს მან აღნიშნა რომ მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდულ დებატებში (მაგალითად IRI-ის მიერ ორგანიზებულ), ასევე აქვთ გეგმა ახალგაზრდული დისკუსიები მოაწყონ პარტიის შიგნითაც.
შემდეგი მომხსენებელი გახდათ თორნიკე კობახიძე „ევროპული საქართველოდან”. მისი თქმით ახალგაზრდებს აქვთ უნიკალური პოტენციალი და მნიშვნელოვანია გარემომ ხელი შეუწყოთ მათ ამ პოტენციალის გამოყენებაში. არსებობს პოლიტიკისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც უფროსი თაობისგან გადმოედო ახალგაზრდობასაც. თორნიკე კობახიძე წინა მომხსენებლებს დაეთანხმა სასკოლო განათლების სისტემაში პოლიტიკის პოპულარიზებასთან დაკავშირებით. მისი თქმით ისტორიის გაკვეთილებსაც თან უნდა ახლდეს კონკრეტული მოვლენის პოლიტიკური ანალიზი, ამასთანავე გაცილებით პრიორიტეტული უნდა გახდეს სამოქალაქო განათლება. მისი თქმით IRI-ის მიერ ორგანიზებული დებატები კარგი გამოცდილებაა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება შეიძლება სასკოლო დონეზეც, რათა მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს და ჩაერთოს მასში. მისი პოლიტიკაში ჩართვის პირადი გამოცდილება დაკავშირებულია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, როდესაც მას გაუჩნდა პროტესტის განცდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფუძვლოდ აკავებდნენ მის თანატოლებსა და სხვა ადამიანებს. მისი თქმით მნიშვნელოვანია ადამიანს საპარლამენტო საქმიანობის უფლება ჰქონდეს 18 წლის ასაკიდან. „ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით იგი ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობა პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩართულია პარტიის საქმიანობაში, არის მუდმივი პროტესტის ნაწილი, ამასთანავე ისინი გეგმავენ პარტიის ლიდერების მიერ შეხვედრების ორგანიზებას ზუმ პლატფორმის მეშვეობით ახალგაზრდებთან.
შეხვედრის ბოლო მომხსენებელი იყო ნიკა ყირიმელი „სტრატეგია აღმაშენებლიდან”. თავდაპირველად ნიკა ყირიმელმა ამ ტიპის ფორუმებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რაც შეეხება აქტუალურ პრობლემებს – მან აღნიშნა, რომ ვინაიდან ახალგაზრდობა არაა ელექტორატის აქიტური ნაწილი, პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ მათ მიმართ. ამასთანავე მისი თქმით ახალგაზრდებს პოლიტიკაზე უარყოფით შთაბეჭდილებას უქმნის არაპროფესიონალი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციურ პარტიებშიც, კორუფცია და ნეპოტიზმი. თუმცა იმისთვის, რომ პროცესი გაჯანსაღდეს, ისინი არათუ უდნა გაემიჯნონ მას, არამედ უფრო აქტიურად ჩაერთონ მასში. ის ასევე მიიჩნევს რომ სკოლებში პოლიტიკურ განათლებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. პოლიტიკის პოპულარიზების საკითხში ახალგაზრდებს შორის იგი ძალიან მნიშვნელოვან აქტორებად აღიქვამს როგორც თავად პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქით აუცილებელია ისეთი გადაცემების ორგანიზება, სადაც ახალგაზრდებს თავად ექნებათ მათთვის პრიორიტეტულ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან ბევრი იდეა, რის რეალიზებაშიც პოლიტიკური პარტიები უნდა დაეხმარონ, განსაკუთრებით მატერიალური რესურსით. თუმცა ამ ტიპის დახმარება და აქტივობები უნდა იყოს გამჭვირვალე. ნიკა ყირიმელმა ისაუბრა საზაფხულო ბანაკების აუცილებლობაზე, მისი თქმით „სტრატეგია აღმაშენებელი” ამ ტიპის ბანაკების ორგანიზებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით პანდემია რჩება მთავარ გამოწვევად ამ კუთხით.
ამის შემდეგ ნათია ქალდანმა მომხსენებლებს დაუსვა კითხვა – რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკით ახალგაზრდების დასაინტერესებლად და თავად ისინი ახალგაზრდული დღის წესრიგის განვითარებზე თუ მუშაობენ და რა ფორმით.
ლევან ლაბაძის თქმით საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ახალგაზრდებს, განსაკუთრებით დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს ადრევე უწევთ მუშაობის დაწყება და აღარ რჩებათ დრო დამატებით აქტივობებისთვის. რაც შეეხება მის პარტიას, მისი თქმით პარტიის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუნდაც მის მაგალითზე დაყრდნობით როდესაც ხედავენ მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევენ მათ შესაძლებლობას დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში იქცენ ლიდერებად, ამ გზით გახდა ის სულ რამდენიმე თვეში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი.
მირიან ბეჟიტაშვილის აზრით სახელმწიფომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახალგაზრდების პოლიტიკით დასაინტერესებლად, არის ის რომ შეწყვიტოს პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და პოლიტიკის დისკრედიტაცია. რაც შეეხება პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართვის მისი პარტიისეულ ხედვას – ეს არის სოციალური მედია და რაც შეიძლება კრეატიული კონტენტი, ასევე „გირჩი ტივი” და მსგავსი პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ „ბაბლში” გააჟღერონ საკუთარი ხედვები.
დარეჯან ფერაძე მიიჩნევს რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სამოქალაქო განათლებას. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა რომ საპარლამენტო საქმიანობის ასაკის დაწევას 18 წლამდე არ ემხრობა, მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს სახელმწიფო სტრუქტურებში ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა. რაც შეეხება უშუალოდ მის პარტიას, დარეჯან ფერაძის თქმით „მოქალაქეები” აპირებენ საჯარო დისკუსიების გამართვას პარტიაში, ასევე შემეცნებითი-გასართობი ბანაკების ორგანიზებას, ასევე ისინი ღია არიან ახალგაზრდების მხრიდან ნებისმიერი იდეისა და ინიციატივისთვის.
ნიკა ყირიმელი მიიჩნევს რომ მმართველი გუნდი „ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს არც პარტნიორების – აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციას და მით უმეტეს არც ადგილობრივი ახალგაზრდების აზრს, ამიტომ ახალგაზრდებმა დღის წესრიგი თავად უნდა შექმნან და სხვას არ უნდა დაელოდონ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ მათ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის” დღის წესრიგს, მისი თქმით არჩევნებამდე 3 თვით ადრე შექმნილმა პარტიამ მოახერხა ის, რომ ახალგაზრდების აქტიურობაზე დაყრდნობით მიიღო იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე 5 და 10 წლის შექმნილმა პარტიებმა. გარდა ამისა მისი თქმით არჩევნების შემდეგ პარტიაში რეკონსტრუქცია მოხდა და ახალგაზრდულმა ფრთამ მეტი ფუნქცია შეიძინა. ….
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ – თორნიკე კობახიძის, მისი თქმით მნიშვნელოვანია სკოლებში მოსწავლეები იღებდნენ საბაზისო ინფორმაციას პოლიტიკისა და მასში ჩართულობის შესახებ. იგი ამასთანავე მიიჩნევს, რომ 18 წლის ადამიანს თუ აქვს შესაძლებლობა მისცეს ხმა და განსაზღვროს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საპარალმენტო საქმიანობაში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2 და 3 მოწვევის ადამიანები და პარლამენტარები ათეულობით წლის საპარალმენტო სადეპუტატო გამოცდილებით ხშირად ხმას საერთოდ არ იღებენ, შესაბამისად მათი გამოცდილება არაფერზე არ მეტყველებს. რაც შეეხება უშუალოდ მის პარტიას, მისი თქმით თავად გამოჩნდენ ადამიანები, რომელთაც სურდათ ჩართულიყვნენ მათ საქმიანობაში, იმართებოდა დისკუსიები და შეხვედრები სხვა ახალგაზრდებთან, თუმცა ეს უფრო მეტად გართულდა პანდემიის გამო. პანდემიის გამო გართულდა უშუალოდ მათი მაჟორიტარული კანდიდატების შეხვედრებიც რეგიონებში. მისი თქმით ისინი აპირებენ ზუმ პლატფორმაზე შეხვედრების ჩატარებას, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ მათი პარტიის ლიდერებს და ესაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე.
სრული დისკუსიის ნახვა შეგიძლიათ აქ