„ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის” მე-3 პანელი დაეთმოთ სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს. პანელს მოდერატორობა გაუწია შაკო ჩხეიძემ. პანელის მომხსენებლები იყვნენ გიგა ფარტენაძე (ახალგაზრდული უზენაესი საბჭო), გიორგი ნამგალაძე (მწვანეები), ნინო წულაძე (მოძრაობა „ხალხისთვის“) და ბაჩო ხუციშვილი (მოძრაობა „დროა”).
მოდერატორმა პანელის გახსნისას აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალურად პოლიტიკუ პარტიებზე უკეთ ხშირად ხალხის მობილიზებას ახერხებენ სწორედ კონკრეტულ თემატიკაზე კონცენტრირებული მოძრაობები.
პირველი მოხსენება ეკუთვნოდა გიგა ფარტენაძეს – „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. მისი ორგანიზაცია 2014 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში და 6-ვე მუნიციპალიტეტში აძლევს სტუდენტებს სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას. მან გამოჰყო რამდენიმე პროექტი, რომლებმაც პერმანენტული სახე მიიღო – მოდელირებული უმაღლესი საბჭო, საზაფხულო სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ და არჩევნებში მოხალისეობრივი დაკვირვების შესაძლებლობა. პრიორიტეტად იგი მიიჩნევს დეზინფორმაციასთან ბრძოლას. გიგამ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით დემოკრატიაში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ხელისუფლებაზე ზემოქმედების არის არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ხმა წონადია. გარდა ამისა მისი აზრით აუცილებელია ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულნი იყვნენ მანამ, სანამ ისინი გახდებიან უშუალოდ პოლიტიკური პარტიების წევრები, და არა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში გადაწყვეტენ წასვლას.
მეორე მომხსენებელი გახლდათ გიორგი ნამგალაძე „მწვანეების” მოძრაობიდან. მისი თქმით გრძელვადიან პერსპექტივაში მოძრაობა შეიძლება ტრანსფორმირდეს პარტიადაც. მისი აზრით მთავარი გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული მოძრაობები ან არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პარტიებთან, რომლებიც ამ მიმართულებით დომინირებენ, ან არის კონკრეტულ თემატიკაზე ორიენტირებული და ვერ ახერხებს მასობრივ მობილიზაციას. მისი თქმით მათი მიზანი სწორედ არის ის, რომ მათმა მოძრაობამ გარშემო შემოიკრიბოს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ თემაზე ორიენტირებული ადამიანები, არამედ იქცეს სახალხო, ინკლუზიურ მოძრაობად. იგი შეეხო ბოლო დროის აქტუალურ თემებს – ბათუმი „რივეირასა” და ნამახვანჰესის საკითხს. მისი თქით აქამდე ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ მსგავსი საკითხები შეიძლება გარკვეულიყო კაბინეტში და არ უნდა შეთანხმებულიყო ხალხთან, თუმცა მასობრივმა პროტესტებმა ხელისუფლებას დაანახა, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა პირობები აქვს კონკრეტულ შეთანხმებას. მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით მხარდაჭერა იყო თურქეთის მწვანეებისგანაც და რომ მეზობელი სახელმწიფოც დგას მსგავსი გამოწვევის წინაშე პრეზიდენტ ერდოღანის დიდი ჰესების პოლიტიკიდან გამომდინარე. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ მანიფესტანტები აფილირებას არ ახდენენ კონკრეტულ პარტიებთან. გიორგი ნამგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მემარჯვენე და მემარცხენე მიმართუელბები არ მუშაობს და საბოლოოდ მოძრაობა, იგივე შეიძლება ითქვას მწვანეებზე, იღებს ჰიბრიდულ ფორმას. გარდა ამისა მას მიაჩნია, რომ 30 წლის განმავლობაში მიუხედავად მემარცხენე ოპოზიციური პარტიების არსებობისა, ბოლოს მაინც ვიღებთ ბიზნესთან სინთეზირებულ სახელმწიფოს. დასასრულ მან ერთხელაც აღნიშნა რომ კონკრეტულ თემაზე სპეციალიზირებული მოძრაობები არ არის ეფექტიანი, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში აღწევს კონკრეტულ შედეგს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში არ გააჩნიათ განგრძობითობა.
შემდეგი მოხსენება ეკუთვნოდა ნინო წულაძე მოძრაობიდან „ხალხისთვის”. მათი მოძრაობა ფუნქციონირებს 2020 წლიდან და მისი თქმით, გააჩნიათ მანიფესტი, რომელიც ერთგვარი კონსტიტუციაა მოძრაობისთვის. ჰყავთ ყველა თემაზე მომუშავე ჯგუფები, მოძრაობაში კი 400-მდე წევრია. წევრების უმრავლესობას წარმოადგენენ ახალგაზრდები, რაც საფუძველშივე წარმოადგენდა მათი ლიდერის – ანა დოლიძის მიზანს. მთავარ პრობლემად ნინო წულაძე ასახელებს ხიდჩატეხილობას, განსაკუთრებით ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის. მისი თქმით აღნიშნული პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით აშკარაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ათიათასობით სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე, რომელიც ვერ აღასრულებს საკუთარი განათლების უფლებას და ამაზე არ არის რეაგირება. გარდა ამისა იგი საუბრობს ნიჰილიზმზე, რომელიც გამოწვეულია პოლარიზაციით, არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოთი. მისი თქმით ისინი აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას და ხშირდ ისმენენ მათგან, რომ მოქალაქეები არიან „აპოლიტიკურნი”, რაშიც კარგად ჩანს პირდაპირ ზიზღი პოლიტიკური რეალობის მიმართ. მან აღნიშნა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის 98-ვე უბანზე ჰყავდათ დამკვირვებლები და რაც მათ იხილეს, სწორედ ის გარემო იწვევს ნიჰილიზმს, დამოკიდებულებას, რომ თუ პოლიტიკაში მიდიხარ – უბრალოდ გაისვრები. ნინო წულაძე მიიჩნევს რომ ნებისმიერი პროტესტი არის მნიშვნელოვანი და დღევანდელ რეალობაში აუციელბელი. გარდა ამისა იგი საუბრობს იმ პრობლემაზეც, რომ მოსახლეობის 80%-მა არ იცის იმ ჩართულობის ფორმებისა და სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც რეალურად არსებობს. ბოლოს მან აღნიშნა, რომ ცნება „აპოლიტიკურობა” არის ერთგვარი ტყუილი, ვინაიდან როგორც კი კონკრეტულ ინდივიდს ეხება ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილება, მაგალითად რომელიც უშლის ხელს საქმიანობის განხორციელებაში და შემდგომ მოქალაქე ამ საკითხზე გამოთქვამს პროტესტს და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, იმ მომენტშივე იგი ხდება პოლიტიკური.
მე-3 პანელის ბოლო მომხსენებელი გახლდათ ბაჩო ხუციშვილი მოძრაობიდან „დროა”. მათი მოძრაობა სპეციალიზირებულია ანტისაოკუპაციო საკითხებზე, კორუფციასა და სოციალურ თემებზე. მისი თქმით მთავარი გამოწვევა სწორედაც არის კომუნიკაციის პრობლემა პოლიტიკურ ელიტებსა და მოსახლეობას შორის. მისი თქმით მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომელიც არ ჩანს მედიაში. გარდა ამისა, მისი თქმით აშკარაა დეცენტრალიზაციის პრობლემაც. ბათუმი „რივეირას” საკითხიდანაც ჩანს, რომ ისეთ რეგიონშიც კი, როგორიც აჭარაა და რომელსაც აქვს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ხლახს არ აქვს საკმარისი თვითმართველობა, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ რეგიონებზე, რომლებიც ფაქტობრივად პერიფერიებად არის ქცეული, რაც უშლის ხელს დემოკრატიასა და პოლიტიკურ საქმიანობას ადგილობივ დონეზე. მისი თქმით დგას შიდა-პარტიული დემოკრატიის პრობლემაც, გარდა ამისა ერთგვარი გამოწვევაა ისიც, რომ 20-30 წელია ერთი და იმავე პოლიტიკური ელიტა ქმნის დღისწესრიგს და მედიაც მიეჩვია, რომ ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ სწორედ ისინი. ახალგაზრდებს ამგვარად არ რჩებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ მასებთან კომუნიკაცია, გარდა ისეთი პლატფორმებისა, როგორიცაა სოციალური ქსელი. მათ სჭირდებათ სწორედ კომუნიკაციაში დახმარება. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერაც პოლიტიკურ ელიტებთან კომუნიკაციის პროცესში. ბაჩო ხუციშვილის თქმით მათი მოძრაობის წარდგენა ოფიციალურად ამ თვეშია დაგეგმილი. მოძრაობაში 40-მდე პირია გაერთიანებული, თუმცა მათი რიცხვი ზრდადია. იგი შეეხო ნამახვანში მიმდინარე პროცესებსაც და აღნიშნა, რომ ის თვითორგანიზება, რომელიც იქ ხდება – შთამბეჭდავია. მისი თქმით იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი ძალის იწამოს, მნიშვნელოვანია რომ იყოს რაც შეიძლება მეტი პრეცედენტი იმის, რომ ხალხმა წააყენა მოთხოვნა და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ინდივიდუალური მოხსენებების შემდეგ მოდერატორმა სპიკერებს დაუსვა კითხვა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ხალხისა და ორგანიზაციების ქმედება რეაქციულიდან პროაქტიული ხასიათისკენ და რა გზებით შეიძლება უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა.
ნინო წულაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჯანსაღი კონკურენციის აღქმა. მისი თქმით ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც იმდენად არიან ადამიანები კონკურენციის გრძნობით შეპყრობილი, რომ მზად არიან მიწასთან გაასწორონ კონკურენტის მოსაზრება. მისი თქმით აუცილებელია კონკურენციისადმი ჯანსაღი მიზნობრივი მიდგომის ჩამოყალიბება. გარდა ამისა აუცილებელია ისეთი საკითხების გამოკვეთა და იდენტიფიცირება, რომლებზედაც ყველა თუ არა, უმრავლესობამ აინც ვთანხმდებით და მათზე კონცენტრირება. მაგალითად ასეთი საკითხებია სასამართლო ხელისუფლების პრობლემა და ოკუპაცია. ის დასძენს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო მოძრაობებს შორის ხისტი კონკურენცია არის დამღუპველი. მას მოჰყავს მაგალითი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული აქტივობა იყო სხვა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებული, მას არ მოერიდა იქ მისვლა და მათ გვერდით დადგომა, ვინაიდან იზიარებდა პროტესტის მიზანსა და პათოსს.
გიგა ფარტენაძე მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს პასუხის მოთხოვნა იმაზე, რაზეც უკვე არის პასუხი გაცემული და როდესაც უკვე დგას პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება არჩევნების გზით. როდესაც ამას გავითავისებთ, მისი თქმით ამის შემდეგ უფრო შევძლებთ შედარებით ემოციურ ახალგაზრდებთან საუბარს. ამის შემდეგ მივიღებთ შედეგზე ორიენტირებულ სურათს.
ბაჩო ხუციშვილი გამოეხმაურა ნინო წულაძის მიერ გამოკვეთილ ორ საკითხს – სასამართლო ხელისუფლებასა და ოკუპაციას და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები არსობრივად შეიძლება იყოს გამაერთიანებელი, მათზე კონსენსუსის მიღწევა მაინც რთულდება. სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ეს განპირობებულია ნებისმიერი ხელისუფლების ცდუნებით, ჰქონდეს კონტროლი მასზე. რაც შეეხება ოკუპაციას, მისი თქმით ის ფაქტი, რომ ენგურზე ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლება 5 დღიან კარანტინს უწესებს, ხოლო რუსი პროპაგანდისტი დედაქალაქში ქეიფობს და ამის გამპროტესტებელ ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრი პროვოკატორებს უწოდებს, უჩნდება ეჭვი – მართლა გვაერთიანებს თუ არა ეს საკითხი ყველას. გარდა ამისა იგი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პროტესტი იყოს ერთიანი და არა დაქსაქსული.
რაც შეეხება გიორგი ნამგალაძეს – მან აღნიშნა რომ ისიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს არსებულ სურათს. გარდა ამისა, მისი თქმით ამ კუთხით მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციისადმი მეტი ყურადღების მიპყრობა, მით უმეტეს ეს არის საკითხი, რომელიც მისი თქმით არ დგას მოძრაობების დღის წესრიგში – თუმცა იგი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან უბრალოდ იმიტომ, რომ რეგიონებში ხალხი თავს აღიქვამს პერიფერიის ნაწილად, იქ არ არიან სამოქალაქო აქტივისტები, ხოლო დედაქალაქს აქვს კოლონიური სახე. არადა შესაძლებელია თითოეული ქალაქი საკუთარ რესურსებზე, ბიუჯეტზე იდგეს და წარმოაჩინოს საკუთარი მოდელი, რაც დეცენტრალიზაციის პრობლემის გამო ვერ ხერხდება.
დასასრულ შაკო ჩხეიძემ მომხსენებლებს მიმართა ერთი კონკრეტული კითხვით – რა შეიძლება იყოს 1 მთავარი ცვლილება, რაც შეცვლის ან ბიძგს მისცემს ტრადიციული სისტემის ჩანაცვლებას.
გიგა ფარტენაძე მთავარ საკითხად, რომელზედაც შეთანხმება უნდა შედგეს, თვლის ოკუპაციის საკითხზე ახალგაზრდობის გაერთიანებასა და შეთანხმებას. დანარჩენი კი მიზანმიმართული უნდა იყოს განვითარებისა და დასავლური კურსის განმტკიცებისკენ, დავა კი უნდა იყოს ამ მიზნისაკენ სწრაფვის გზებზე.
გიორგი ნამგალაძე მიიჩნევს რომ დღის წესრიგის დაგეგმივს მოდელები უნდა ჩამოერთვას მმართველ ძალებს, რომლებიც აკონტროლებენ მასმედიას. ინფორმაციული სივრცე მისი თქმით უნდა გაიხსნას და მედია აღარ უნდა იყოს მონოპოლიზირებული.
ბაჩო ხუციშვილი მთავარ გამოსავალს ხედავს კოალიციურ მთავრობაში. მისი თქმით ბოლო 30 წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ერთპიროვნული ხელისუფლება მოდის დიდი იმედებით, როგორც გმირი, თუმცა ამთავრებს ძალიან ცუდად. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს და უნდა გავიაზროთ, რომ 1 ადამიანი არ არის მესია და გმირი და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ჩართულნი დემოკრატიულ პროცესებში.
ნინო წულაძის აზრით კი აუცილებელია პოლიტიკური აქტორების ცვლილება და რომ არ შეიძლება 20 წელი ერთსა და იმავე სახეებს უყუროს ხალხმა საარჩევნო პლაკატებზე. აქტორების ცვლილება მისი თქმით შეცვლის შინაარსსაც. მისი თქმით ის, რომ ხალხს მობეზრებული აქვს მოქმედი პოლიტიკური სახეები, კარგად ჩანს IRI-ის კვლევაშიც, სადაც აშკარაა ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება მოქმედი პოლიტიკოსებისადმი.