ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის ბოლო დღე დაეთმოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ახალგაზრდების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე. ფორუმის ბოლო პანელის მოდერატორი გახლდათ გიორგი მელაშვილი, მომხსენებლები – გია ჯაფარიძე (ილია ჭავჭავაძის ცენტრი), შამილ შუგაევი (ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის – სახმრეთ კავკასიის ოფისი) და დავით შერვაშიძე (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი).
პირველი მოხსენება ეკუთვნოდა გია ჯაფარიძეს. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა დღეს ნამდვილად არის გამოწვევა და გაიხსენა ისტორიული რეალობა, სადაც მათ პროცესებში წამყვანი როლი ჰქონდათ. მან გაიხსენა გურამ დოჩანაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაობა, რომელიც საბჭოთა დიქტატურის ძლიერების დროს 1956 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით პროკლამაციებს არიგებდნენ, მან გაიხსენა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც მე-19 საუკუნეში ფაქტობრივად ყველა დიდი საქმე სწორედ ახალგაზრდობაში წამოიწყო, გაიხსენა ახალგაზრდები 1978 წლის 14 აპრილის მანიფესტაციიდან, სადაც ქართველმა ახალგაზრდობამ ეროვნული ენა დაიცვა საბჭოთა ტირანიისგან და შეინარჩუნა სახელმწიფო ენად და ბოლოს გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, როდესაც მთავარი მამოძრავებელი ძალა, პროტესტის ერთგვარი ძრავა სწორედ ახალგაზრდობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის ტვინს სხვა ადამიანები წარმოადგენდნენ. გია ჯაფარიძმე გაიხსენა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებიც, როდესაც ვარდებს რევოლუცია სწორედ ახალგაზრდების დიდი ძალისხმევითაც იყო განპირობებული, რომელთაც აღარ სურდათ კორუფციულ და ნეპოტიზმით სავსე ჭაობში დარჩენა, მიუხედავად გარკვეული საგარეო პოლიტიკური წარმატებებისა. თუმცა, გია ჯაფარიძის თქმით, დღეს, როდესაც პრობლემები ისევ ძალიან ბევრია და როდესაც საერთაშორისო დონეზეც მსოფლიო აქტორები უფრო სწორად ხედავენ ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის სახეს და ბევრად უფრო რეალურად უყურებენ რუსეთის პრობლემას, ვიდრე მას აღიქვამდნენ 10 წლის წინ, რითაც იხსნება ჩვენთვის ერთგვარი შესაძლებლობები, დღევანდელი ახალგაზრდობა არის პასიური. რაც შეეხება იმას, რა უნდა გაკეთდეს ამ თაობის გასააქტიურებლად – იგი ამბობს რომ ამის რეცეპტი არის ძალიან რთული მოსაძებნი. ერთი, უნდა გაკეთდეს ის, რასაც პანელზე წარმოდგენილი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები აკეთებენ – ახალგაზრდებთან სისტემატური მუშაობა და კომუნიკაცია. იგი ფიქრობს, რომ ალბათ ამ თაობასაც, მსგავსად წინა თაობებისა, სჭირდება მომწიეფება. იგი ახალ თაობას განსაკუთრებულად თვლის, ვინაიდან ეს არის პირველი თაობა მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თანამედროვე გაგებით თავისუფალ სახელმწიფოში, შესაბამისად ამ თაობისთვის თავისუფლება არ არის ბრძოლის შედეგი, არამედ არის უკვე მოცემულობა. ამგვარად ეს არის უნიკალური თაობა, რომელსაც სჭირდება გაცნობიერება ამ ფაქტორის, სჭირდება ბიძგი აქტივიზმისკენ, რათა შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელში ცხოვრებაც მას უნდა.
პანელი გაგრძელდა შამილ შუგაევის (ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი) მოხსენებით. იგი ეთანხმება გია ჯაფარიძეს, რომ ცვლილებები ხშირად სწორედ ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული, მომავალი მათ ხელშია და ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისგმებლობაც. შამილ შუგაევმა ისაუბრა პოლიტიკისადმი ნიჰილისტურ დამკიდებულებაზეც და იმაზე, რომ ეს განპირობებული არის არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების არსებობითაც, თუმცა პრობლემაა ისიც, რომ გარე მაყურებელს არასწორად აქვს აღქმული დიალოგი და შეთანხმებასთან მისვლას ხშირად პრინციპების ღალატთან აიგივებენ. მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების შეცვლა, ვინაიდან პოლიტიკა სწორედ დიალოგის და შეთანხმების პროცესია. მისი თქმით მისთვის პრიორიტეტები არის მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანის პირადი ინტერესები, ეს პრიორიტეტები კი დამოუკიდებელ საქართველოში ხშირად ნაწილობრივ ან საერთოდაც განუხორციელებელი რჩება. ამის მიზეზად კი იგი ასახელებს პოლიტიკაში აქტიური და ხარისხიანი ჩართულობის არარსებობას. იგი ერთი მხრივ საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია პირადი და საჯარო სივრცის გამიჯვნა ერტმანეთისგან, რაც არის აშკარა პრობლემა, მეორე მხრივ კი აღნიშნავს იმას, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა აშკარა უნდობლობას განიცდის საზოგადოებისგან და საჭიროა ახალგაზრდების უფრო მეტად გააქტიურება პოლიტიკაში. ამის შემდეგ მან ისაუბრა უშუალოდ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის აქტივობებზე, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდების გააქტიურებას. მან ახსენა სალექციო კურსები ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტებისთვის, პროექტი „პოლიტიკური დიდაქტიკა”, პროექტები მედიისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით, ზაფხულისა და ზამთრის სკოლები და ბანაკები, რომელთაც მათი მხარდაჭერით ახორციელებელ ისეთი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სტუდენტები თავისუფლებისთვის და ახალი ეკონომიკური სკოლა.
ფორუმის ბოლო მომხსენებელი იყო დავით შერვაშიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან”. მან ისაუბრა IRI-ზე, რომელიც ემსახურება დემოკრატიის გაძლიერებას და თანამშრომლობს როგორც პოლიტიურ პარტიებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთნა. მათ შექმნეს ერთგვარი ქოლგა – დემოკრატიის თაობა, რომლის ნაწილიც არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტიც. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, მან ახსენა პროექტი Youth-Lead, რომელიც აერთიანებს აქტიურ ახალგაზრდებს, რათა უფრო გაუმჯობესდეს მათი ჩართულობა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკა ვიღაცისთვის არის ყოველდღიურობა, ვიღაცისთვის ტაბუდადებული თემა, თუმცა დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაზე არსებითი სწორედ მოქალაქეთა ჩართულობაა, რადგან ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. ის ასევე შეეხო IRI-ს დაფინანსებით ჩატარებულ კვლევებსაც, რომლებიც ასახავს მოსახლეობის განწყობებს და რომლებიც მიზნად ისახავს პარტიებისთვის შესაძლებლობის მიცემას, მუდმივად ობიექტურად ჰქონდეთ წარმოდგენილი მოსახლეობის განწყობები. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კვლევის აღქმადობის გაზრდასაც, განსაკუთრებით მედიის მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდულ მიმართულებას, იგი აღნიშნავს რომ ამ მიმართულებით მუშაობს 2009 წლიდან. მან ხაზი გაუსვა პროექტს – „აზალგაზრდული პოლიტიკური დებატები”, რომელიც ახალგაზრდებს სხვადასხვა პოლიტიური პარტიებიდან უკვე 10 წელზე მეტია შესაძლებლობას აძლევს სატელევიზიო დებატების ფორმატში იმსჯელონ კონკრეტულ პრობლემებზე და ისაუბრონ მათი გადაჭრის გზებზე. ამ პროექტის მიზანი არის სწორედ საზოგადოებაში პოლიტიური კულტურის შეცვლა, ან როგორც მინიმუმ სტანდარტის აწევა, რომელიც დღევანდელ რეალობაში არის გამოწვევა. მისი თქმით შედეგებიც უკვე აშკარააა, რადგან ახალი თაობა არის უფრო მოტივირებული და კომპრომისზე ორიენტირებული და ისინი რომ დღეს იყვნენ ძალაუფლების სათავეებში, შეთანხმება მათ გაცილებით უფრო გაუადვილდებოდათ. მისი თქმით აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკაში პირადი ანგარიშსწორება, შეურაცხყოფა და მიუღებელი მეთოდებით ბრძოლა. მათი მიზანია დაეხმარონ ახალგაზრდებს საკუთარი გზების პოვნასა და შესაძლებლობების აღმოჩენაში, რათა ააშენონ წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა, დარჩნენ პროფესიონალებად და მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, ჰქონდეთ საერთო მიზანი – ქვეყნის განვითარება.
ამის შემდეგ გიორგი მელაშვილმა მათ მიმართა კითხვით, დაესახელებინათ ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვაში და ესაუბრათ ამ ფაქტორების განეიტრალების გზებზე.
შამილ შუგაევის თქმით მთავარი გამოწვევა, რომელიც ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში უშლის ხელს, არის განათლება, განსაკუთრებით სასკოლო განათლება, რომელიც ახალგაზრდებს არ ამზადებს რეალური ცხოვრებისთვის. მეორე პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკა აღქმულია გზად პირადი სარგებლის მისაღწევად, ხშირად პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება სწორედაც რომ პირადი სარგებლისთვის, რის გამოც ახალგაზრდებს უკეტავენ გზას. ამგვარად უნდა შეიცვალოს პირად სარგებელზე ორიენტირებული პოლიტიკა და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობები, მათთან მიტანილ უნდა იქნას სულისკვეთება, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე შენ თვითონ, არამედ ეს არის ის, რითაც სხვებსაც აძლევ შესაძლებლობას განვითარდნენ საკუთარ სფეროებში.
დავით შერვაშიძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ განათლება არის მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში. პრობლემაა ის, რომ არაა ცხადი, რა პროდუქტი უნდა შექმნას სკოლამ – ფაქტობრივი ცოდნა უმაღლესში ჩასაბარებლად, თუ ცხოვრებისთვის მომზადება. პასუხი ამ პრობლემაზე არის ის აქტივობები, რასაც წარმოდგენილი ორგანიზაციები აკეთებენ. ის საუბრობს სტერეოტიპების პრობლემაზეც, რომლებიც ახდენს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაციას. არსებობს სტერეოტიპები პოლიტიკაზეც – იგი ბინძურია, არ ჩავერთვები და ა.შ. თუმცა ის აღნიშნავს, რომ რეალურად ვუახლოვდებით „მოსეს ნიშნულს”, როდესაც ახალმა თაობამ უნდა შეცვალოს ძველი თაობა და მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა გაიგონ, რა გააკეთონ პოლიტიკაში და გააცნობიერონ, რომ აუცილებელია შეწყდეს პირადი სარგებლისთვის პოლიტიკაში მოსვლა, რათა ერთ წრეზე არ გავაგრძელოთ სიარული. მისი თქმით ამაყი ერი ვართ და გვაქვს პირველობისა და ძლიერების სურვილი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არის რაღაც ნაბიჯები, რომელსაც ვერ გამოვტოვებთ. კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი მისი თქმით არის ახალი და ძველი თაობების კონკურენცია დაა უცილებელია ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება. მისი თქმით პრობლემა არის სტერეოტიპები, წამალი კი განათლება – მათ შორის არაფორმალური განათლება, რომელსაც ემსახურებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
დასასრულ, გია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ისიც იზიარებს მოსაზრებას განათლების პრობლემის შესახებ. განათლების სისტემის რეფორმა რეალურად საქართველოში შინაარსობრივად არ მომხდარა, ჩვენ გავათავისუფლეთ განათლების რეფორმა კორუფციისგან და ქრთამისგან, თუმცა შინაარსობრივად ის ისევ არის საბჭოთა განათლების სისტემა. საჭიროა უნარების განვითარება, ყველაზე მეტად მინიმუმ უნივერსიტეტის დონეზე. გარდა ამისა ის საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა ტექნელოგიურმა წინსვლამ და კონკრეტულად სოციალურმა ქსელებმა იქონია ნეგატიური გავლენა აქტივიზმზე და რეალურად აქტიურობა გარდაიქმნა „კლავიატურის აქტივიზმში”. მისი თქმით საბჭოთა რეჟიმმაც კი ვერ გაუბედა ქართველ ხალხს 30 წლის წინ 4-5 დღეზე მეტი ხნით კომენდანტის საათი, დღეს კი ეს კვაზი-შეზღუდვა ფაქტობრივად უკვე 1 წელია ძალაშია.
გარდა ამისა ის ხაზს უსვამს ასევე პირად და საჯარო ინტერესებს შორის ზღვარის მოშლას, იმ ფაქტს, რომ დღეს 95%-ს პოლიტიკაში აწუხებს არა ის, რომ კორუფციაა, არამედ ის, რომ თავად არ არის მისი ნაწილი და ვერ იღებს სარგებელს მისგან. რეალურად არანაირი მე-3 ძალის მოთხოვნა არაა, არამედ არის მოთხოვნა პოლიტიკური ელიტების ცვლილების. გარდა ამისა მისი თქმით ახალგაზრდებს აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. გარდა ამისა მან ისაუბრა არისტოტესეულ „პოლიტიკურ ცხოველზე” და ფაქტზე, რომ პოლიტიკა დაკავშირებულია აბსოლუტურად ყველა სფეროსთან. გარდა ამისა მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ მონოლოგის კულტურიდან დიალოგის კულტურისკენ ტრანსფორმაციის პროცესში. რაც შეეხება უშუალოდ მის ორგანიზაციას – ილია ჭავჭავაძის ცენტრს, რომელიც თავის დროზე ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდა რეფორმატორის სახელს ატარებს, ისინი ახორციელებენ აქტივობებს ახალგაზრდებისთვის, კინოჩვენებებს, საჯარო დისკუსიებს, ჩართულნი არიან კვლევებში და ა.შ. ასევე ღია არიან ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივებისთვის. ბოლოს გია აბაშიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის ყველაზე ნაღები ნაწილი სწორედ ფორუმში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან და ისინიც უნდა გააქტიურდნენ პოლიტიკაში.