გიორგი მელაშვილის საჯარო ლექცია გორში
„ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით 2 ივლისს გაიმართა საჯარო ლექცია – „ევროკავშირის როლი საქართველოში პიროვნული თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარებაში“.
საჯარო ლექციაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ არის დაცული პიროვნული თავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებში, რა საშუალებებით უჭერს მხარს ევროკავშირი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოსთვის.
საჯარო ლექცია ჩაატარა გიორგი მელაშვილმა – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ხონში ახალგაზრდებს შეხვდა
30 ივნისს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში, დავით ესათიამ ხონში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები; მეთექვსმეტე მიზანი – მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები; გამოცდილების გაზიარება განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივებზე; YSP – ახალგაზრდობა, მშვიდობა, სამართლიანობა – გაეროს დღის წესრიგი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის წარმომადგენლის გუნდის წევრი, ვასიკო ხორავა. მან სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის, ამერიკის განვითარების სააგენტოსა და კავკასიური სახლის მხარდაჭერით შედგა.
ფესტივალ „არტ-გენს“ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია #ახლა შეუერთდა
„არტ-გენი“ არის ქართული ფოლკლორის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია #ახლა აღნიშნულ ფესტივალს შეუერთდა. რუსთავსა და დმანისში გამართულ ღონისძიებებზე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, რომლებიც კამპანიის სპეციალურ კუთხეეში ინფორმაციას აწვდიდნენ მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.