ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით, იწყებს ახალ პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
წარმოგიდგენთ მეორე დაიჯესტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის შესახებ.
ნინო წულაძემ თბილისის საკრებულოში ამორტიზებული ლიფტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინა
16 იანვარს პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ ამორტიზებული ლიფტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინა. გეგმა მთელი ქალაქის მასშტაბით ლიფტების მდგომარეობის შესწავლას, ელექტრონული მონაცემების ბაზის შექმნასა და მასზე მოქალაქეების წვდომის უზრუნველყოფას, ასევე თბილისის მერიის მხრიდან ისეთი სისტემის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე შემოიყვანს ინვესტორს, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ მართვასა და სარგებლობაში გადაიბარებს მათ.
თბილისში ახალგაზრდული დებატების ტურნირი გაიმართა
21-22 იანვარს თბილისში ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატების ტურნირი გაიმართა . „იდებატე“ არის ერთადერთი სეზონური ჩემპიონატი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე დებატობენ. ტურნირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ტარდება, შემოსული თანხა კი უკრაინის მხარდასაჭერად იგზავნება.
ბათუმში სტუდენტების მიერ ახალგაზრდული პროექტები ჩატარდა
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სალექციოს კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში საჭიროებებზე მორგებული, აქტუალური და შედეგზე ორიენტირებული პროექტები ჩაატარეს. განხორციელებულ პროექტებს შორისაა: „უკეთესი მომავალი“; „გაუზიარე სხვას“ ; „ერთად გარემოსთვის“; „გაუმჯობესებული ტროტუარი ბათუმს“; „წიგნი ქმნის მომავალს“ ; „ერთად გარემოს კეთილდღეობისთვის“; „უსაფრთხო ქუჩები“ ; „სტრესი და სტრესთან გამკლავების გზები“ „გახდი დონორი“; „არა ფემიციდს“’ ; „ადაპტირებული ბათუმი“; „იპოვე მარტივად“; „ბუნების სარგებელი ბუნებას“.
Რუსული იმპერიალიზმი მე-19 საუკუნის საქართველოში
ახალგაზრდა ბლოგერის, იურისტის და უფლებადამცველის ვასილ ჟიჟიაშვილის პოდკასტების სერიის, „პირველი რესპუბლიკის“ ფარგლებში, გამოქვეყნდა ეპიზოდი მე-19 საუკუნის საქართველოში რუსული იმპერიალიზმის შესახებ, რომლის სტუმარიც გახდა მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი. პროექტი „პირველი რესპუბლიკა“ ხორციელდება „საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან“ და „ფრანკლინის კლუბთან“ თანამშრომლობით.