ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიესალმება საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიღწეულ კომპრომისულ შეთანხმებას.
განვმეორდებით, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, ნამდვილად არის კომპრომისული დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს ყველა პოლიტიკური აქტორის ინტერესებს და ემსახურება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია და გაჯანსაღება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასიცოცხლო ინტერესში.
განსაკუთრებული მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს ქრისტიან დანიელსონს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ასევე საქართველოს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებსაც მიუძღვით წვლილი ამ კომპრომისული შეთანხმების მიღწევაში.
საქართველოს არჩევანი არის დასავლური და ევრო-ატლანტიკური მომავალი, ზრდასრული, კომპრომისული პოლიტიკა და საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობასა და წარსულზე უარი – მრავალპარტიული მომავალი და ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმა სასამართლო სფეროში.
იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი დღე გახდება ქართული პოლიტიკის გაჯანსაღების დღე.