23 თებერვლის დილას თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს, გააღრმევებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და გაართულებს მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.
საბჭოთა ოკუპაციიდან მე-100 წლისთავზე პროცესების მსგავსი განვითარება დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში მოპოვებულ დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლას საფრთხეს უქმნის.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერა და სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ლახავს ქართული დემოკრატიის იმიჯს საერთაშორისო არენაზე და აფერხებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.
კრიზისის ამ დონეზე გამწვავება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.
სასამართლოში არსებული ხარვეზების ფონზე, მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგელობა ხელისუფლებას ეკისრება.
ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ვითარების დეესკალაციას.