კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის ფარგლებში

ნაშრომის ავტორი:
მიხეილ მთიულიშვილი

თბილისი, საქართველო
2021 წლის 1 თებერვალი

გერმანიის ჩართულობის შეფასება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სამშვიდობო პროცესებში

ანოტაცია

დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 %-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ქმედებები 1990-იანი წლების დასაწყისიდან აგრესიული პოლიტიკით, სეპარატისტული განწყობილებების წახალისებითა და გაღვივებით გამოირჩეოდა. 2008 წლის 26 ოქტომბერს რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. მას შემდეგ, დღემდე გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაცია. შედეგად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე არსებობს ორი მოუგვარებელი კონფლიქტი – აფხაზეთი და ე.წ. ცხინვალის რეგიონი.

აღნიშნული კონფლიქტების მოგვარება უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მუდამ აქტიურად განიხილებოდა – სამშვიდობო პროცესებში ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად რუსეთი 2008 წლამდეც მოქმედებდა როგორც დაპირისპირებული მხარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, იგი კონფლიქტის სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობდა როგორც შუამავალი.

კონფლიქტთა დასაწყისიდანვე გერმანია აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო პროცესებში. იგი ჩართულია როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ასევე ევროკავშირის წევრი. ამასთან ერთად, გერმანელი ოფიციალური პირების განცხადებების თანახმად, გერმანიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა კონფლიქტში შუამავლის როლით მონაწილეობაზე.

კვლევის ფარგლებში განხილული იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობები – ისტორიული კონტექსტი, დღევანდელი ურთიერთობა, პოლიტიკოსთა განცხადებები და ვიზიტები – გერმანიის პოლიტიკურ ფონდთა საქმიანობა საქართველოში კონფლიქტთა ტრანსფორმაციის მიმართულებით, სამშვიდობო პროცესებში გათვალისწინებული ყველა ინიციატივა, რომელიც გერმანიამ შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს.

საერთო ჯამში, კვლევის მიზანია გერმანიის მონაწილეობის შეფასება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო პროცესებში – რამდენად ეფექტიანია მისი, როგორც შუამავლის, მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში?

შესავალი

„დღეს უამრავი ადამიანია, ვინც შეცდომით თვლის, რომ შეიარაღებული საბრძოლო მოქმედებების არარსებობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავტომატურად ნიშნავს მშვიდობას.“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით.

მართლაც, საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო ინტერესების მისაღწევად დღემდე გრძელდება რუსეთის მხრიდან აღნიშნული მოუგვარებელი კონფლიქტებით მანიპულირება: ხშირია ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებისა და გატაცების, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „აგვისტოს ომის“ დასრულების მიზნით გაფორმდა ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დღემდე გრძელდება რუსეთის მხრიდან მისი დარღვევა. რუსეთის პოლიტიკა მიმართულია საქართველოს ორი რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ, რასაც ადასტურებს 2017 წლის მარტში ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, რეგიონში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ფორმალურად შეუერთდა და დაექვემდებარა. (ბოკუჩავა, 2020) ამასთან ერთად, 2009 წლიდან რუსული აგრესიის ერთ-ერთ მეთოდად იქცა ე.წ „ბორდერიზაცია“. რუსეთი ბორდერიზაციით ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის მორღვევას, ასევე ხელს უშლის დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოებას. საგულისხმოა ის განსხვავება, რომელიც ოკუპაციისა და ბორდერიზაციას შორის არსებობს – ეს უკანასკნელი ემსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას. (კაკაჩია, 2017) გარდა ეროვნული დონის საფრთხისა, აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგს. ცალსახაა, რომ კონფლიქტის ესკალაციის მაღალი რისკი, რუსული სამხედრო კონტიგენტის არსებობა სხვა სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ენერგო რესურსების დივერსიფიკაცია ზიანს აყენებს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს უსაფრთხოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს ოკუპირებულ ორივე რეგიონთან – 2017 წლის მონაცემებით, 30-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცხინვალის რეგიონის მიმდებარე 33 სოფელში, აფხაზეთის გამყოფ ხაზთან კი 7 სოფელში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2014 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს 4 მოქალაქეა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული: 2014 წელს – 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს – 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს – 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს – 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. (ბოკუჩავა, 2020)

რუსეთისა და საქართველოს ძალთა არათანაბრობა ცხად ჰყოფს, რომ საქართველოს არ შეუძლია პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას – იმოქმედოს განსაკუთრებულად ფრთხილად. გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია საქართველოსა და დასავლელი პარტნიორების უკეთესი და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთისთვის შესაბამისი პასუხის გაცემას.
კოვიდ-19-ის პანდემიამ წყალი დაასხა რუსეთის წისქვილზე, რადგან რუსეთი პანდემიას იყენებს, როგორც დამატებით შესაძლებობას. შესამჩნევია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი კიდევ უფრო გაძლიერდა – აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია როგორც სახელმწიფოს სტრუქტურებისადმი, ასევე ლუგარის კვლევითი საქმიანობის ირგვლივ სიცრუის გავრცელებით. გარდა ამისა, გააქტიურდა ბორდერიზაციის პროცესები და გახშირდა ეთნიკური ქართველებისთვის სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის ფაქტები. სამწუხაროდ, ზოგიერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. აღნიშნული ვითარება ხელს უწყობს რუსეთს გააძლიეროს საკუთარი გავლენები საქართველოში. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ერთადერთი საშუალება რუსული გამოწვევების წინააღმდეგ დასავლეთისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერაა. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში შექმნილი მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა ფონმა გარკვეულწილად შეცვალა მთელ რიგ სახელმწიფოთა დღის წესრიგი როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისოდ. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ დღევანდელი ვითარებით საქართველოსი და მისი პარტნიორების თანამშრომლობა არასაკმარისია იმ გამოწვევების საპირწონედ, რომლებსაც რუსეთი სთავაზობს საქართველოს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს – მათ შორის, არ უნდა იზღუდებოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა, რათა შესრულდეს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობა.

საქართველოს დასავლელი პარტნიორებიდან აღსანიშნავი გერმანიის მოქმედებებია. იგი რეგიონში მოქმედებს როგორც საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ერთ-ერთი წამყვანი წევრი ქვეყანა. გერმანია სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტების დასაწყისშივე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ გერმანიას მართლაც შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესებში. იგი არის ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირისა და ნატოს განვითარებაში. ამასთან ერთად, ევროპის სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გერმანიას გააჩნია განსაკუთრებული ურთიერთობები რუსეთთან როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე. შესაბამისად, ამ ფაქტორებს შეუძლიათ კონფლიქტთა მოგვარების პროცესში პოზიტიური გავლენის მოხდენა.
გერმანელმა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ გერმანია მზად არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში შუამავლად მონაწილეობდეს. (German News Information GmbH, 2008) გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ განაცხადა აღნიშნულის შესახებ. (Agenda.ge, 2018) გერმანია დაინტერესებულია რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობით. შესაბამისად, მისი ძალისხმევა რეგიონში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვალოდ არ ჩაივლის ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე.

გერმანიის მონაწილეობა კონფლიქთა მშვიდობიანად მოგვარების პროცესებში სხვადასხვა აქტორებითა და ინიციატივებით შეიძლება განვსაზღვროთ. გერმანიის წარმომადგენლობა სამშვიდობო პროცესებში ჩართულია როგორც სამთავრობო პოლიტიკის დონეზე, ასევე სამოქალაქო სექტორში. აღსანიშნავია, რომ გერმანიის პოლიტიკური ფონდების საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამხრეთ კავკასიაში აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ყარაბაღის კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციაა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთა მიზეზების, ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიული კონტექსტისა და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მაღალი რანგის თანამდებობის პირთა განცხადებებისა და ვიზიტების, გერმანიის პოლიტიკური ფონდების კონფლიქტთა ტრანსფორმაციის პროცესების მიმართულებით საქმიანობის, გერმანული მხარის, როგორც შუამავლის, მიერ დაპირისპირებულ მხარეთათვის შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივების განხილვა იქნება ერთგვარი ინდიკატორი, რომელიც შეაფასებს გერმანიის, როგორც შუამავლის, ჩართულობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სამშვიდობო პროცესებში.

მეთოდოლოგია
საკვლევი საკითხი – გერმანიის ჩართულობის შეფასება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სამშვიდობო პროცესებში – მეტად კომპლექსურია, რომლის სრულფასოვნად გამოკვლევისთვის აუცილებელია საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმოხილვა და ისტორიული კონტექსტი გააზრება, ასევე მნიშვნელოვანია გერმანულ-ქართული ურთიერთობების შეფასება – რა აკავშირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები აღნიშნული კვლევის ფარგლებში განხილვისთვის ზედმეტად ფართოა, ნაშრომში განხილული იქნება უშუალოდ გერმანიისა და საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ცხად ჰყოფს გერმანიის კონფლიქტების მოგვარებით დაინტერესებას. კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესების ობიექტურად შეფასებისთვის აუცილებელია რუსეთის როლის იდენტიფიცირება ამ ყველაფერში და რუსულ-გერმანული ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა. გერმანიის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში მოიცავს იმ ინიციატივებსაც, რომლებიც ემსახურებოდა კონფლიქტების რეგულირებას – სწორედ ამიტომ, ნაშრომში განხილული იქნება ე.წ „ბოდენის გეგმა“ და „შტაინმაიერის გეგმა“, რადგან ორივე სამშვიდობო ინიციატივა გერმანელ დიპლომატებთან არის დაკავშირებული. კვლევის ავტორი სამშვიდობო გეგმების განხილვით აფასებს გერმანიის, როგორც მედიატორის, როლს საქართველოს კონფლიქტებში. ასევე, საგულისხმოა ის მხარდაჭერა, რომელსაც გერმანია საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად იჩენს, რაც, ერთი მხრივ, წარმატებული სახელმწიფოს საწინდარია, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიანი გეგმით, დაპირისპირებულ მხარეთათვის სამოქალაქო დიალოგის ახალი პლატფორმების შექმნის საშუალებაა. მართლაც რომ, აღსანიშნავია გერმანიის წვლილი საერთაშორისო მისიებში, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მინიჭებული მანდატით იმყოფებოდნენ საქართველოში.

ყოველივე ამ საკითხთა განსახილველად მკითხველი ხშირად შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, პოლიტიკის დოკუმენტების, ასევე კონფლიქტოლოგიის ექსპერტთა კვლევითი ნაშრომებისა და წიგნების დამოწმებას.

კვლევის ფარგლებში ავტორი საერთაშორისო აქტორების ჩართულობაზე საქართველოს კონფლიქტებში და, ზოგადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შესახებ ესაუბრა მშვიდობისა და კონფლიქტის მკვლევარს, ნათია ჭანკვეტაძეს, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლობს. ნათია წლებია მუშაობს კონფლიქტების ანალიზის, ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, აქვს სწავლების, პროექტებისა და პროგრამის მართვის, კვლევებსა და ანალიტიკურ სტატიებზე მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ნათია ფლობს მაგისტრის ხარისხს მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევაში მანჩესტერის უნივერსიტეტიდან.

განსახილველი ლიტერატურა

ქართულ-გერმანული ურთიერთობების სხვადასხვა ჭრილში განხილვისას ავტორი ხშირად იმოქმებს კორნელი კაკაჩიასა და ბიძინა ლებანიძის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს, სახელწოდებით „საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ევრო-ატლანტიკურ კონტექსტში“. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა 2019 წელს, მის მომზადებაზე კი “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” იზრუნა. დოკუმენტში განხილულია ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში საყურადღებოა – თანამშრომლობის სფეროები, საქართველო ევროატლანტიკური პესპექტივები, გერმანიის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და გერმანიის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დასასრულს კი, ავტორები საუბრობენ რეკომენდაციებზე, რომლებიც პოზიტიურ ეფექტს იქონიებს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებაზე. დოკუმენტის ობიექტურობას ზურგს უმაგრებს ავტორთა პროფესიული ფონიც – კორნელი კაკაჩია სხვადასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის, ჯონ ჰოპკინსისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამასთან ერთად, იგი საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS ევრაზია) წევრია. ბიძინა ლებანიძე კი არის ბერლინის სკოლის, ეკონომიკისა და სამართლის მოწვეული ლექტორი, ასევე მკვლევარი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და სამეცნიერო საზოგადოების წევრი „Kolleg-Forschergruppe“-ში.

კვლევითი ნაშრომის პირველი თავში ავტორი მოკლედ მიმოიხილავს კონფლიქტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ფაქტობრივი სიზუსტისთვის და ანალიზისთვის იყენებს საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ მომზადებულ ანგარიშებს – „მავთულხლართებს მიღმა“ (2018 წ.), „საქართველო: მოლოდინის რეჟიმში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში“ (2009 წ.), „მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე; ქართულ-რუსული კონფლიქტი“ (2008 წ.). „საერთაშორისო ამნისტია“ არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 1961 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ამ უფლებების შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა ქვეყნებში.

იგივე მიზანს ემსახურება ავტორის მიერ საქართველოში კონფლიქტის ფაქტების შემსწავლელი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მეორე ნაწილის დამოწმება. აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი იყო. კომისია ევროკავშირის მიერ შეიქმნა 2008 წლის 21 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფაქტი არაობიექტურად არის გაშუქებული, კომისიის დასკვნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ცხად ჰყოფს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას კონფლიქტში. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიმდინარე პროცესები და ევროპულ-რუსული ურთიერთობები, რომლებიც კვლევითი ნაშრომის განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხებია.

კვლევის უმთავრესი საკითხი გერმანელი დიპლომატების მიერ სხვადასხვა დროს შემუშავებული სამშვიდობო გეგმების განხილვაა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები ჯერ-ჯერობით მოუგვარებელია. ამისთვის ავტორი იყენებს ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, სახელწოდებით „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი“. აღნიშნული ორგანიზაცია 1999 წელს თბილისში დაარსდა და მუშაობს კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი მიმართულებით. დოკუმენტში აღწერილია და გაანალიზებულია 1990-იანი წლებიდან 2016 წლამდე პერიოდის საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ფარავს უშუალოდ სამთავრობო პოლიტიკას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების პროცესებს.

დოკუმენტზე უშუალოდ მუშაობდნენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ივანე აბრამაშვილი და ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი რევაზ ქოიავა.

კვლევის ფარგლებში დამოწმებულია და განხილულია რამდენიმე სტატია, რომელიც სხვადასხვა დროს გერმანიის სხვადასხვა პოლიტიკური ფონდების მიერ მომზადდა – მათ შორის არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია „ყირიმი, რუსეთი და ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. აღნიშნული სტატია ბრიტანელ ჟურნალისტს თომას დე ვაალს ეკუთვნის. იგი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტებით. დე ვაალს გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და რამდენიმე წიგნი, რომლებიც სამხრეთ კავკასიას უკავშირდება – „შავი ბაღი“, „გაიცანით: კავკასია“. იგი სხვადასხვა დროს იყო ავტორიტეტული გამოცემების – The Economist, The Moscow Times, The Times – კორესპონდენტი. ასევე მუშაობდა BBC World Service-ში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამჟამად კი კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. მის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ ავტორის ყურადღება ერთი საინტერესო პასაჟით მიიქცა, რომელიც აფხაზეთის სამომავლო პერსპექტივას უკავშირდება. თემის რელევანტურობიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაკვეთი განხილულია კვლევის ერთ-ერთ თავში, რომელიც გერმანიის პოლიტიკური ფონდების საქმიანობას ეხება კონფლიქტთა ტრანსფორმაციის მიმართულებით.

თეორიული ჩარჩო

სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია გერმანიის საგარეო პოლიტიკისა და მისი კონკრეტული ქმედებების ახსნის შესაძლებლობას იძლევა. ეს არის თეორია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად ისტორიულ და სოციალურ კონტექტსს განიხილავს. ეს უკანასკნელნი კი სახელმწიფოთა ინტერესებისა და ქმედებების ერთგვარი ყალიბია. საგულისხმოა, რომ ერთი სახელმწიფოს ინტერესების მრავალფეროვნება და ზოგჯერ ქმედებათა პარადოქსულობა ამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განსხვავებულ იდენტობებში ვლინდება. ალექსანდრე ვენდტისა და კაცენშტაინის აზრით, იდენტობა ერთგვარი შემაერთებელი ხაზია სტრუქტურულ გარემოსა და ინტერესებს შორის, სადაც იდენტობა ერთი მხრივ ვლინდება აქტორის სუბიექტური „მე“-ს მიმართება „სხვას“-თან. ვენდტის სტატია „ანარქიის რაობას სახელმწიფოები ქმნიან“ აღწერს იდენტობის კონსტრუქციას ანარქიულ სამყაროში, სადაც თანაარსებობენ მატერიალური და იდეური ფაქტორები. იგი პარალელს ავლებს ერთი მხრივ, კონსტრუქტივისტულ ხედვასა ლიბერალიზმის მიდგომებს შორის, მეორე მხრივ კი, კონსტრუქტივისტულ ხედვასა და რეალიზმს შორის. (ვენდტი, 1992)

გერმანიის საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა თავისებურებებით გამოირჩევა – მიუხევადად ნატოს წევრობისა და ევროკავშირის წამყვან წევრად ყოფნისა, ამ ორგანიზაციების წევრ სხვა სახელმწიფოებს შორის, გერმანიას ყველაზე დიდი ეკონომიკური კავშირები გააჩნია რუსეთთან, გარდა ამისა, შთამბეჭდავია მისი წვლილი საერთაშორისოდ დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში, ხოლო გერმანიის პოლიტიკური ფონდები ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას ემსახურებიან. ამ ყველაფერთან ერთად, გერმანიას სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებით მეტ-ნაკლებად განსხვავებული პოზიციები უჭირავს, მიუხედავად მსგავსი გარემოებებისა – გერმანიისთვის ისევე, როგორც მთლიანად დასავლეთისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შემდეგ კი ყირიმის ანექსია და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია, თუმცა ყირიმის ანექსია კიდევ უფრო მიუღებელია, რასაც ადასტურებს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, გერმანიას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები გააჩნია სამხრეთ კავკასიაში, ასევე დაინტერესებულია რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობით, რადგან რეგიონი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება.

სოციალური კონსტრუქტივიზმის მიხედვით, გერმანული საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა იდენტობებით ვლინდება, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკურ-სამხედრო პოტენციალზე, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და გერმანიის ინტერესებზეა დამოკიდებული. საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედება მეტ-ნაკლებად განსხვავებული იდენტობებით სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიას ყველაზე მეტად მიესადაგება.

1969-1974 წლებში გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტის მიერ ჩამოყალიბებული „ოსტპოლიტიკა“, რომელიც პოლიტიკური ურთიერთობების დათბობის (détente) პრინციპსა და კონცეფციას – „ცვლილებები დაახლოების გზით“ ეფუძნებოდა, ორი გერმანული სახელმწიფოსი და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის (გფრ) აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. „ოსტპოლიტიკა“ იგივე „აღმოსავლური პოლიტიკა“ საშუალებას გვაძლევს ავხსნათ გერმანიის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. „ოსტპოლიტიკა“ საბჭოთა კავშირსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დაიწყო და ურთიერთობის ნორმალიზებაზე ზრუნვით გაგრძელდა. ეს პოლიტიკა გერმანიის მეხუთე კანცლერმა ჰელმუთ შმიდტმა გააგრძელა და შემდგომში გერმანიის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კულტურის ნაწილად იქცა. საერთო ჯამში, ეს მეთოდი მუდმივი დიალოგითა და დაძაბულობის განმუხტვით არსებული რეალობის შეცვლის შესაძლებლობას გულისხმობდა. (Grau, 2003)

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტებების ობიექტური ახსნა სოციალური კონსტრუქტივიზმის ჭრილიდან არის შესაძლებელი.

გერმანის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

„ოსტპოლიტიკის“ გარდა, არსებობს მთელი რიგი მიზეზები იმისა, თუ რატომ ცდილობს გერმანია აქტიურად იყოს ჩართული სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ დღის წესრიგში:

დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხთან. სამხრეთ კავკასია რომ გერმანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონია 2016 წლის ბუნდესტაგის მიერ ოტომანთა იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებითაც მტკიცდება. (Deutsche Welle, 2016) გერმანიის მთავრობა დიდ რესურსს დებს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში – სხვადასხვა გზით ფინანსდება როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო პროგრამები, რომელთა მიზანი ერების დაახლოება და დემოკრატიის დამკვიდრებაა. ამას ადასტურებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაც. დემოკრატიის გაძლიერება რეგიონში უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი.
გერმანია აცნობიერებს, რომ რეგიონის ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპის ენერგო უსაფრთხოებასთან. გეოგრაფიული მდებარეობით სამხრეთ კავკასია, თურქეთთან ერთად, იქცა ენერგო კორიდორად ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორ და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. შესაბამისად, რეგიონის არასტაბილური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ დააყენებს პარტნიორ სახელმწიფოთა შორის საკომუნიკაციო არხების და ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას. ეკონომიკური ინტერესების განხილვისას, აღსანიშნავია, რომ გერმანია ყოველთვის ესწრაფვოდა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას – XX საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიის დაინტერესება სამხრეთ კავკასიით სწორედ ბაქოს ნავთობის აღმოჩენით იყო გამოწვეული. სამხრეთ კავკასიაზე გამავალი მილსადენები ევროპას შესაძლებლობას აძლევს ყაზახური, თურქმენული და აზერბაიჯანული რესურსები მიიღოს. რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ბერკეტია რუსეთის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოებისთვის ალტერნატივის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც თავისთავად ნიშნავს ენერგო უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიისთვის ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელება, ეს ხელს შეუწყობს გერმანიის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებას. ლოგიკურია, გერმანიის მთავრობა აღნიშნულს კარგად იაზრებს და სწორედ ამიტომ ცდილობს ალტერნატიული კორიდორების ხელშეწყობას. რეგიონში გერმანიის დიდ ეკონომიკურ მიზნებს ადასტურებს მერკელის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრებისას გაჟღერებული მესიჯბოქსი – აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის კუთხით. (TULUN, 2018)

გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის გერმანიისთვის, შავი ზღვის აუზი საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული არეალია, სადაც იკვეთება რამდენიმე დიდი პოლიტიკური აქტორის ინტერესები. ნატომ შავი ზღვისკენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ განსაკუთრებულად გამოიხედა, რასაც ადასტურებს ვარშავის სამიტი და ბუქარესტის საპარლამენტო ასამბლეა. (Anastasov, 2018)საკომუნიკაციო არხებისა და ენერგოკორიდორის უსაფრთხოებას, რეგიონში არსებულ მოუგვარებელ და ახალ კონფლიქტებს დაემატა შავი ზღვის აუზში გაზრდილი რუსული სამხედრო კონტიგენტის რიცხვი. რუსეთის მხრიდან ამ გამოწვევებს ნატოს ბევრად აქტიური მოქმედება ჰმართებს. ფაქტობრივად, შავი ზღვა აღიქმება კონფრონტაციის ახალ ხაზად. (ჩიტალაძე, 2018) ბუქარესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ გერმანელი დეპუტატის ულა შმიდტის მიერ იყო მომზადებული. რეზოლუციის თანახმად, შავი ზღვის უსაფრთხოებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და უკრაინას ეკისრებათ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2015 წელს საქართველოს პირველად ეწვია ნატოს საზღვაო სარდლობა. ვიზიტის ფარგლებში, ორი გერმანული და ერთი თურქული გამნაღმველი ფრეგატი ბათუმის პორტში შემოვიდა. (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2015)
გერმანიის ინიციატივითა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი. (Reisner, 2003)

გერმანიის კავკასიის ინიციატივა და სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკური ინიციატივები რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოსა და ნატოსა და ევროკავშირს შორის, რომელთა წევრიც გერმანიაა, ნათლად ადასტურებს გერმანიის ექსკლუზიურ დაინტერესებას სამხრეთ კავკასიის რეგიონით.
კონფლიქტების მოკლე მიმოხილვა
მეოცე საუკუნის ბოლოს, საბჭოთა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ყალიბდება, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ერთიანდება ათასობით ადამიანი. ეთნიკური ნაციონალიზმის გააქტიურებისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის პარალელურად რესპუბლიკის შიგნით ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გამწვავდა, ერთი მხრივ – ეთნიკურად ქართველებსა და აფხაზებს, და მეორე მხრივ – ეთნიკურად ქართველებს და ოსებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ეთნიკური ჯგუფი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ ორ ავტონომიურ ერთეულში იყო კონცენტრირებული, კონფლიქტის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარესაც ეკისრება. რუსული სპეცსამსახურები მეოცე საუკუნის ადრეული დასაწყისიდანვე აქტიურად ცდილობდნენ ანტიქართული განწყობების გაღვივებას, რასაც ადასტურებს 1907 წელს გამოსული ვორონოვის ბროშურა წარწერით: “Абхазия не Грузия” – აფხაზეთი საქართველო არ არის. (გვანცელაძე, 2015) მას შემდეგ რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და მათი სამართლმემკვიდრის – რუსეთის ფედერაციის – სპეცსამსახურები დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრივი იდეისა და აზროვნების რღვევას ცდილობენ.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები სამგანზომილებიან კონფლიქტად ითვლება – ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე 2008 წლამდე კონფლიქტთა სამშვიდობო პროცესებში შუამავლად მონაწილეობდა, რეალურად იგი კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარედ იყო ჩართული. (ჭანკვეტაძე, 2020)
80-იან წლებში საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში სეპარატისტული განწყობები განსაკუთრებით გაღვივდა – გამწვავდა ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობა, რომელიც დროთა განმავლობაში სეცესიურ მოთხოვნებში გამოიხატა. ოსების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის თვითნებურად რესპუბლიკად გამოცხადებამ და მთელმა რიგმა სეპარატისტულმა ქმედებებმა, რომელიც ხორციელდებოდა საბჭოთა და შემდგომში რუსული სპეცსამსახურების წაქეზებით „ადამონ ნიხასის“ მიერ. (ჯალაბაძე & ქანთარია, 1989)
90-იან წლების დასაწყისში დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და, მეორე მხრივ, დამოუკიდებლობის მოთხოვნებს შორის. იმ მომენტისთვის, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებები ძალაში შედიოდა, საქართველოს ხელისუფლება აღარ აკონტროლებდა აფხაზეთის უდიდეს ნაწილსა და ცხინვალის რეგიონის ზოგიერთ ნაწილს. (საერთაშორისო ამნისტია, 2019)
აფხაზეთში განლაგდნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, ხოლო ცხინვალის რეგიონში საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ოსების ერთობლივი სამშვიდობო ძალები.

აფხაზეთის ომს 15000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან დაახლოებით 5000 კი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. (Human Rights Watch, 1995) კონფლიქტისას დაფიქსირდა ომის დანაშაულების მრავალი ფაქტი, მათ შორის ქართველთა ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება. აფხაზეთის ომის შედეგად, დაახლოებით 260000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა, რომელთაგან უმეტესობა ეთნიკურად ქართველი იყო. მათგან დაახლოებით 45000 ეთნიკურად ქართველი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა გალის რაიონში, თუმცა დანარჩენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობამ თავი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეაფარა. (საერთაშორისო ამნისტია, 1998) სხვადასხვა ცნობით, კონფლიქტს ცხინვალის რეგიონში 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 60000-მდე მერყეობს, რომელთა უმრავლესობაც ეთნიკურად ოსი იყო და თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარეს. საქართველოში ისინი სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობდნენ. ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა 10000-მდე ეთნიკური ქართველიც, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ტერიტორიაზე განსახლდა. (საერთაშორისო ამნისტია, 2010) 1992-1993 წლების ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის შეიარაღებული დაპირისპირება იყო. დროდადრო იზრდებოდა დევნილთა და გარდაცვლილთა რიცხვები. შემდეგი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში მოხდა, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა. საომარი მოქმედებები 12 აგვისტოს შეწყდა, როცა ევროკავშირის შუამავლობით ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. (საერთაშორისო ამნისტია, 2008) მიუხედავად ხელის მოწერისა, რუსეთი დღემდე არ ასრულებდა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. აგვისტოს ომის შედეგად 30000-მდე ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლ-კარი ცხინვალის რეგიონიდან, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი იყო.

(საერთაშორისო ამნისტია, 2009) საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევები კონფლიქტის ყველა მხარისგან ფიქსირდებოდა. (საერთაშორისო ამნისტია, 2008) დღესდღეობით, ეთნიკურად ქართველები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმეტესად გალის რაიონის (აფხაზეთი) და ახალგორის რაიონის (სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი) სახლობენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. რა თქმა უნდა, ძალადობრივად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობა და აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ეს ტერიტორიები აღიარებული არ არის. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ე.წ „სამხრეთ ოსეთს“, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხოლოდ ისინი აღიარებენ, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიეთ უწევთ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირები, ესენია: ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, სირია და რამდენიმე არშემდგარი სახელმწიფო, რომლებიც არ არიან აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების რუსი სამხედროების მიერ გაკონტროლებას ამ ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტორობით ხსნის. თუმცა, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებები აღქმულია, როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების უხეშად დარღვევა, და რუსეთს აგრესორად მიიჩნევენ, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ( ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, 2012)

ფაქტობრივად იგივეს ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო, რომელმაც 2021 წლის 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ვერ უზრუნველყოფას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდგომ მოვლენებზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა. (Civil.ge, 2021)
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კონფლიქტების გაღვივებაში რუსეთის როლი აშკარაა, რომელსაც იგი სათავისოდ იყენებს, კონფლიქტების სამშვიდობო პროცესების ეფექტიანობა დამოკიდებულია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. დღესდღეობით რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა და ისინი სხვადასხვა მედიატორების საშუალებით ურთიერთობენ. შესაბამისად, გერმანიას, როგორც ევროპის ერთ-ერთ წამყვან და რუსეთთან შედარებით ნორმალური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოს, ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დიალოგსა და პრობლემის მოგვარებაში.

ქართულ-გერმანული ურთიერთობები

ისტორიული კონტექსტი

ქართულ-გერმანულმა ურთიერთობამ 2017 წელს მესამე ასწლეულში შეაბიჯა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აქტიურად იქმნებოდა გერმანული კოლონიები ჩრდილო კავკასიაში, აზერბაიჯანსა და საქართელოში. 1817 წელს საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ. მას შემდეგ ორ ერს შორის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური დაახლოება მიმდინარეობს. მე-20 საუკუნეში ქართველ და გერმანელ ერებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევს: გერმანიამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე. ამასთან ერთად, გერმანიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წელს და იმავე წელს საელჩოს გახსნით აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

ყურადსაღებია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი გერმანიის იმპერიის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა: 1918 წლის 28 მაისს ფოთში დადებული „გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ დროებითი შეთანხმების“ თანახმად, გერმანია ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობდა საქართველოს, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში ეხმარებოდა. (ავალიშვილი 1990, გვ. 86) ფოთის შეთანხმებას, ხელი გერმანიის საიმპერატორო მთავრობის მხრიდან, ბავარიის გენერალ-მაიორმა ფონ-ლოსსოვმა მოაწერა, ხოლო საქართველოს მხრიდან, ახლადგამოცხადებული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პრემიერმინისტრმა ნოე რამიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა. ამავე წლის 27 აგვისტოს გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული დამატებითი ხელშეკრულება ხელს უწყობდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ და სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში: მე-15 მუხლში ეწერა, რომ „საბჭოთა რუსეთი თანახმაა გერმანიამ აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა“. აღნიშნული ფაქტი ცხად ჰყოფს, რომ გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე გარკვეულ გავლენას რუსეთის ფაქტორი ახდენდა და ახდენს. (ავალიშვილი, 1990, p. 143)

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული დიპლომატი, ზურაბ ავალიშვილი ფოთის ხელშეკრულებაში გერმანიას იხსენიებდა როგორც „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ნათლიათ“, რომელმაც მაშინდელ საქართველოს თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი ოკუპაციაც აარიდა თავიდან. (ავალიშვილი, 1990, p. 90) აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსდა გერმანული სამხედრო კონტიგენტი, რომელთა საერთო რაოდენობაც დაახლოებით 19,000 იყო.

ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გერმანია 100 წელზე მეტია საქართველოს ეხმარება საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცებაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე

1992 წლიდან ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარება ახალ ფაზაში გადავიდა – დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, საფუძველი ჩაეყარა ახალ პოლიტიკურ, კულტურულ, აკადემიურ და სოციალურ ინიციატივებს. გერმანია რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია დასტურდება მისი მხარდაჭერით საქართველოს განვითარების სფეროში. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 1992 წლიდან 1,066 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება აღმოუჩინა. მასში არ იგულისხმება სამხრეთ კავკასიის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გერმანიამ 300 მილიონამდე ევრო გამოყო.

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზებამ ხელი შეუწყო საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის სტატუსის გამყარებას. აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილე პირველი დონორი სახელმწიფო გერმანია აღმოჩნდა, რომელმაც „შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ქსელის“ პროექტი 100 მილიონი ევროთი დააფინანსა. ამან კი, საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის ერთგვარი წინაპირობა შექმნა. პარტნიორ სახელმწიფოთა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროებია გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო მმართველობა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დემოკრატია. გერმანული მხარე ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების დანერგვას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს უწყობს მთლიანი რეგიონის ინტეგრაციას, მათ შორის ენერგიტიკის სფეროში.

დასაფასებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქმიანობა საქართველოში, რომლის მხარდაჭერითაც მიმდინარეობდა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გორში. ამასთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ხელშეწყობით დაინერგა პროგრამული ბიუჯეტი და მათი კონსულტაციების შედეგად საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს აქვს წვდომა თანამედროვე სერვისებზე.

გერმანია იყო საქართველოს პარტნიორ ქვეყანათან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა დახმარებისა და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის გერმანია აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) საქართველოში.
თავის მხრივ, გერმანელი ერი აფასებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წვლილს გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებაში. (კაკაჩია, 2019)

ორივე სახელმწიფოს მაღალი რანგის დიპლომატებისა და თანამდებებობის პირების ვიზიტები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური კავშირები ძლიერდება. მაგალითად, 2018 წელს გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
ანგელა მერკელმა სამხრეთ კავკასიური ტურნე 23 აგვისტოს საქართველოდან დაიწყო, თუმცა მანამდე, 18 აგვისტოს, მეზებერგის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა ლიდერების განხილვის საკითხებში, უკრაინისგან განსხვავებით, არ ყოფილა საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც, უკრაინის მსგავსად, რუსეთის მიერ არის დარღვეული. შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ენერგეტიკულ საკითხებსა და სირიის კრიზისზე.
ანგელა მერკელის ვიზიტზე საუბრისას საყურადღებოა ისიც, რომ იგი თბილისს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ესტუმრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მზადყოფნა კონფლიქტების მოსაგვარებლად. მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს 200 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ენერგო რესურსებთან.
მიუხედავად ზემოთ ხსენებული ინიციატივებისა და ფინანსური მხარდაჭერის შთამბეჭდავობისა, უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე აშკარა გახდა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის არსებობს უთანხმოების გამოწვევი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ესენია: საქართველოს ევროსტრუქტურებისა და ნატოს სრულფასოვან წევრად გახდომის გზები და რუსეთთან ურთიერთობა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების რამდენიმე თვით გადადება გერმანიის მიზეზით და შემდგომ მათი პოზიციის გათვალისწინებით – საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნული სავიჟო რეჟიმი გაუქმდებოდა – აშკარაა, რომ ორ პარტნიორ სახელმწიფოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვნად გაწევრიანების განსხვავებული პერსპექტივები გააჩნიათ. გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საუბრისას აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი: გერმანია არ არის „საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის“ წევრი, რომელშიც ერთიანდებიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ. ასევე, რუსეთში გერმანიის საელჩოს გვერდზე მიძღვნილია სტატია ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე ხაზგასმით იწყება. საგულისხმოა, რომ ამ კონტექსტში საუბარია უკრაინის მაგალითზე, თუმცა საქართველო არ არის ნახსენები. (რუსეთში გერმანიის საელჩო, 2020)

კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე, რადგან ის მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე მსჯელობისას და, ცხადია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სამშვიდობო პროცესებშიც. ამასთანავე, ის არაპირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე.
საერთო ჯამში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავება, ქართული პერსპექტივით, ორი უმთავრესი ფაქტორით არის გამოწვეული: რუსულ ორბიტაზე არყოფნის სურვილი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სწრაფვა. (კაკაჩია & ლებანიძე, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში – როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?, 2019)

2008 წლის გაზაფხული: ნატო-ს მინისტერიალი და სამიტი

საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშის II ტომის მიხედვით, „2008 წლის 6 მარტს, ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, რამდენიმე ევროპელმა მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ ფიქრობდნენ საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გადავადებაზე. საქართველოს განაცხადი კიდევ უფრო საკამათო იყო, ვიდრე უკრაინის განაცხადი. წინააღმდეგობა გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ზოგიერთი სხვა მთავრობის მხრიდან, ძირითადად, დამყარებული იყო მათს შეშფოთებაზე რუსეთთან ურთიერთობის გამო“. (საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, 2009)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ. (Socor, 2008) კუშნერი მოუწოდებდა ნატო–ს საბჭოს, რომ „მხედველობაში მიეღო რუსეთის სენსიტიურობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებდა“. (Socor, Is NATO Facing a Russian Veto Through Franco-German Hands?, 2008) მინისტრის აზრით, რუსეთთან ურთიერთობა უკვე საკმაოდ დაძაბული იყო, რაც გამოწვეული იყო კოსოვოთი და აშშ-ის გეგმით, განეთავსებინა სარაკეტო დაცვის სისტემები ცენტრალურ ევროპაში. ჰაიდი ტალიავნის გუნდის აზრით, საფრანგეთის მთავრობას, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, სჭირდებოდა რუსეთთან თანამშრომლობა. (საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, 2009)

საგულისხმოა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, იმავე წლის 10 მარტის განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგიონულ ან შიდა კონფლიქტებში ჩართული ქვეყნები ალიანსის წევრები არ უნდა გამხდარიყვნენ. (Socor, Germany Torpedoes Ukrainian, Georgian Membership Action Plans Ahead of NATO Meeting, 2008)
ნატო სამიტი თითქმის ყოველწლიურად ტარდება, რომელსაც რომელიმე წევრი სახელმწიფო მასპინძლობს. სამიტს ესწრებიან ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები. 2008 წელს ნატოს სამიტი ბუქარესტში ჩატარდა. საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან გაჩნდა მოლოდინი, რომ საქართველო მიიღებდა წევრობის სამოქმედო გეგმას. მოლოდინის არსებობის მიუხედავად, ასე არ მოხდა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს შორის შედგა კონსესუსი, რის საფუძველზეც საქართველოს შესახებ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემის ნაადრევობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ევროპული სახელმწიფოები – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი. ბუქარესტის სამიტის მიმდინარეობისას, თურქმა ჟურნალისტმა, გაზეთ ”მილიეთის” საერთაშორისო ამბების რედაქტორმა, კადრი გიურშელმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტთან კობა ლიკლიკაძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის გავლენა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტები სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების გზაზე: „ვიდრე საქართველო არ მოძებნის გასაღებს, რომ მოაგვაროს ეს ორი კონფლიქტი, მანამდე საქართველოს ექნება წინააღმდეგობა იმ ქვეყნებისაგან, რომლებსაც ნამდვილად არ სურთ რუსეთის გაღიზიანება და გაბრაზება, რადგან რუსეთს შეუძლია საკუთარი ენერგეტიკული შესაძლებლობები გამოიყენოს და იყენებს კიდეც ამ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკურ იარაღს. ამით რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ევროპული ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის – ეკონომიკაზე. და მე ვფიქრობ, რომ ამ ბერკეტებით რუსეთი ახდენს ზემოქმედებას ნატოს გადაწყვეტილებებზეც. ეს პარადოქსულია, მაგრამ ეს ფაქტია.“ (რადიო თავისუფლება, 2008)

გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბუქარესტის სამიტზე მის სხვაგვარ პოზიციას – საქართველოსთვის „კანდიდატი წევრის“ სტატუსის მინიჭების მომხრედ ყოფნა – შეეძლო პოზიტიური ეფექტი მოეხდინა ევროპის სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზე. ბუქარესტის სამიტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველო რუსეთის პირისპირ ჩათრეულ ომში მარტო აღმოჩნდა, რომლის შეწყვეტაც ევროკავშირმა ითავა.

გერმანულ-რუსული ურთიერთობების გავლენა კონფლიქტის მოგვარების პროცესებზე

The New York Times-ი გერმანიასა და რუსეთს „მოსისხლე მეგობრებს“ უწოდებს, რადგან მათი რამდენიმე საუკუნოვანი ურთიერთობა წინააღმდეგობრივი და ამბივალენტური ბუნებით ხასიათდება. ისტორიის მანძილზე ისინი იყვნენ როგორც ეკონომიკური პარტნიორები, ისე მსოფლიო ომებში დაპირისპირებული ბლოკების წამყვანი სახელმწიფოები. თუმცა, „ოსტპოლიტიკამ“ გერმანულ-რუსულ ურთიერთობებზეც იმოქმედა და მეტად დინამიურად განავითარა ამ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები. (Reisner, 2003) გერმანიისა და რუსეთის ეკონომიკური კავშირები ზედმეტად მჭიდროა, რასაც გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ადასტურებს. 2018 წელს გერმანიის ნავთობის იმპორტის 36% და ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40% რუსეთზე მოდიოდა. (Wettengel, 2020)

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე გერმანიასა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დაიძაბა, თუმცა სხვადასხვა ეკონომიკურ ინიციატივის ირგვლივ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ – მათ შორის გამორჩეულია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება გაორმაგდება. თუმცა, ამ პროექტის სრულად განხორციელება ეჭვქვეშ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადგა. „ჩრდილოეთი ნაკადი ორის“ განხორციელებას მწვავედ აკრიტიკებენ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და აშშ. დონალდ ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობისას სანქციებიც კი დააწესა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც სამუშაო პროცესებზე ითავებდა. გარდა ამისა, აზრთა სხვადასხვაობა იყო გერმანიის შიგნითაც – ცხადია, რომ რუსეთი ვერ იქნება აღქმული, როგორც სანდო პარტნიორი და მასზე ენერგოდამოკიდებულება ასევე ხელს შეუშლის კონტინტური ევროპის დამოუკიდებელ პოლიტიკას. პროექტის შესაძლო შეჩერება რუსეთის მიმართ გერმანიის გამკაცრებული ტონის მაგალითია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გერმანიის სამხედრო ლაბორატორიამ დაასკვნა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მედიის მიერ წოდებული „რუსი პაციენტი“, ნოვიჩოკით იყო მოწამლული. უკანასკნელი დაძაბულობის ტალღა გარკვეულწილად აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებითა და ყირიმის ანექსიით დაიწყო და გაგრძელდა ინციდენტების ჯაჭვით, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ჩეჩენი მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავია. მკვლელობის გამო გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. (სამხარაძე, 2020)
გარდა ამისა, კრემლი ცდილობს გერმანიის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, რაც შიდა საქმეებში ჩარევაში გამოიხატება. 2017 წლის მარტში, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოიწვია გერმანიის ფედერალური უსაფრთხოების საბჭო, სადაც მან რუსეთის შესაძლო ჩარევა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკულად მნიშვნელოვან საფრთხედ დაასახელა. (Brattberg & Maurer, 2018)
ნათელია, რომ დასავლეთს არ ჰქონია ისეთივე მკაცრი შეფასება რუსეთ-საქართველოს ომზე 2008 წელს, როგორიც ეს ყირიმის ანექსიის შემთხვევაში მოხდა. ამას ადასტურებს ისიც, რომ უკრაინის მოვლენებს, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დაწესდა, მათ შორის გერმანიისგან. (Baker & McKenzie, 2015)

ალისა ვიტშენი რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა გერმანიის როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში. მათგან ერთ-ერთი, ივანე აბრამაშვილი აღნიშნავს, გერმანია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პარტნიორია ევროპაში, შესაბამისად მას შეუძლია გარკვეულწილად ზეგავლენის მოხდენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გერმანიის მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის მოზომილია და გათვლილია კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ბერლინის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისა და კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ. ალისა ვიტშენთან საუბრისას დავიდ აფრასიძე აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ამოცანების მისაღწევად და მისი აგრესიის შესამცირებლად სანქციები ეფექტიანი მეთოდია. მალხაზ სალდაძე აღნიშნავს, რომ გერმანიის ქმედებები საქართველოს პოზიციიდან ხშირად აღქმულია როგორც ზედმეტად დამთმობი, რათა თავიდან აირიდოს ევროპამ კიდევ ერთი კონფლიქტი. ქართველი ექსპერტების შეფასებით, მთავარი პრობლემა გერმანია-რუსეთის ურთიერთობებში გერმანიის არასათანადოდ მყარი არშემგუებლური პოზიციაა რუსეთის წინააღმდეგ. (Wittschen, 2016)

საერთო ჯამში, გერმანულ-რუსული ურთიერთობების დაძაბვის ძირითადი განმაპირობებელი ორი მიზეზია: საერთაშორისო კონიუნქტურა და ინციდენტები უშუალოდ ამ ორ სახელმწიფოს შორის. (სამხარაძე, 2020) გერმანიის იდენტობა, რომელიც ვლინდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, რადგან ეკონომიკური კავშირების გამო მისი სიმტკიცე არასაკმარისია.

გერმანია და საქართველოს მეგობარი ქვეყნები

1993 წელს საფრანგეთის ინიციატივით „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ შეიქმნა, რომელშიც საფრანგეთთან ერთად აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და გერმანია ერთიანდებოდნენ. ჯგუფის შექმნის მიზანი გაეროს გენერალური მდივნისთვის რეკომენდაციების მიცემა იყო, რაც სხვადასხვა კონფლიქტების დროს უკვე ნაცად პრაქტიკას წარმოადგენდა. 1994 წელს საქართველოში იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი. აშკარა გახდა, რომ გაერო კონფლიქტით განსაკუთრებულად დაინტერესდა, რასაც მალევე მოჰყვა გენერალური მდივნის მიერ პირველი რეზიდენტი სპეციალური წარმომადგენლის, ლივიუ ბოტას დანიშვნა თბილისში. დიალოგის პროცესში ჩაერთო „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“. ამ პერიოდიდან იწყება სხვადასხვა ინიციატივების შეთავაზება დაპირისპირებული მხარეებისთვის, თუმცა მხარეთა შორის პარტიზანული შეტაკებებით გაჩენილმა უნდობლობამ, დოკუმენტებში ნახსენებმა „ბუნდოვანმა ტერმინებმა“ და საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისმა ზეწოლამ შანსების ვერგამოყენება განაპირობა. გაეროს გააქტიურების პარალელურად გახშირდა მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრები – 1996 წლის მარტში მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ სოხუმში, სადაც ე.წ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეხვდნენ, 1997 წელს კი საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა შეხვდნენ ერთმანეთს.
დროთა განმავლობაში სამშვიდობო პროცესების ინსტიტუციონალიზაცია დაიწყო, რომელშიც დიდი წვლილი „საქართველოს მეგობართა ჯგუფსა“ და გაეროს მიუძღვის. 1997-2002 წლებში მიმდინაროებდა „ჟენევის პროცესი“, რომლის სულის ჩამდგმელიც გაერო იყო. „ჟენევის პროცესი“ მხარეთა მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრათა ციკლს გულისხმობდა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც მეგობართა ჯგუფის ქვეყნები, ასევე ეუთო. პრობლემათა მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სამი სამუშაო ჯგუფისგან დაკომპლექტდა. თითოეული მათგანი სხვადასხვა საკითხზე მუშაობდა: ცეცხლის განუახლებლობა და უსაფრთხოება, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, ეკონომიკურ-სოციალური საკითხები. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების, ძალისხმევისა, 1995-1997 წლებში ბევრი არაფერი შეცვლილა.
„კავკასიური სახლის“ მიერ მომზადებული საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წლის დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ პერიოდის საქართველოში გავრცელდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით თუ მოგვარდებოდა. ასეთი შეხედულება თბილისს გარე აქტორების ინიციატივებისა და დახმარების იმედად ამყოფებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში მთავარი საერთაშორისო აქტორი, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული სამხრეთ კავკასიით და საქართველოს გეოპოლიტიკით, რუსეთის ფედერაცია იყო. თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ამ მიზეზთან ერთად კიდევ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რეალურად აბრკოლებდა სამშვიდობო პროცესებს. (აბრამაშვილი & ქოიავა, 2018)

არახელშესახებ წარმატებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს 1998 წლის მაისის შეტაკებებიც, რომლებიც ქართველ პარტიზანებსა და აფხაზებს შორის მოხდა. შეიარაღებული კონფლიქტი იმდენად ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 30000 ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. დაპირისპირებულ მხარეთა შორის უნდობლობა კიდევ უფრო გამძაფრდა. კონფლიქტმა გადაფარა ყველა ის შეთანხმება და წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სამშვიდობო პროცესებს ემსახურებოდა. დაპირისპირებულების პოზიციების დაშორება იმდენად შეუქცევადი გახდა, რომ 1999 წელს აფხაზეთმა რეფერენდუმი ჩაატარა და ე.წ „აფხაზეტის დამოუკიდებლობის აქტით“ დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამ პროცესების პარალელურად, 1998 წლის ბოლოს ათენში „ნდობის აღდგენის შეხვედრების“ ციკლის პირველი შეხვედრა გაიმართა „ჟენევის პროცესის“ ფარგლებში. შეხვედრებს ორგანიზებას კვლავ საქართველოს მეგობართა ჯგუფი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უწევდა. რიგით მესამე შეხვედრა იალტაში გაიმართა 2001 წლის მარტში, რომელიც განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს მიმართეს თხოვნით ყოფილიყო შუამავალი გაეროს, ეუთოს, დსთ-სა და საქართველოს მეგობართა ჯგუფთან, რათა შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების (პირველ ეტაპზე გალის რაიონში) გარანტორები გამხდარიყვნენ. თუმცა, აფხაზეთში გახშირებული ინციდენტების გამო ეს შეთანხმებაც წარუმატებელი აღმოჩნდა. (აბრამაშვილი & ქოიავა, 2018)

გერმანიის ჩართულობის შეფასებისთვის სამშვიდობო პროცესებში 1999 წელი მეტად საინტერესო თარიღია. სწორედ ამ პერიოდში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი ინიშნება. იგი მეტად ენერგიულად შეუდგა საქმის წარმოებას – მიზნად დაისახა კონფლიქტის მოგვარებისთვის ყველა მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, მათ შორის სამშვიდობო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მომავალში გახდებოდა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე გრძელვადიანი მოლაპარაკებების საწინდარი. დოკუმენტი მალევე შემუშავდა, რომელიც „ბოდენის გეგმის“ სახელით დამკვიდრდა. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტი იყო ერთადერთი პოზიტიური ბიძგი პრობლემის მოგვარების კუთხით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდის მსოფლიოს მთავარ გამოწვევად ტერორიზმი ესახებოდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა კი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მოსწყვიტა სხვა მრავალ საკითხს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართა.

შემდეგი თავი ეხება სამშვიდობო ინიციატივების განხილვას, რომელიც გერმანელი დიპლომატებისა და გერმანიის მიერ ყოფილა შემოთავაზებული. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ „ბოდენის გეგმაზე“ არ მუშაობდა მხოლოდ გერმანელი დიპლომატი და მასში ჩართული იყვნენ სხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსებიც, დოკუმენტი უპირველესად გერმანელ დიტერ ბოდენთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სამშვიდობო გეგმების თავში პირველი „ბოდენის გეგმა“ იქნება განხილული.

სამშვიდობო ინიციატივები

ბოდენის გეგმა

საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც „ბოდენის გეგმის“ სახელით დამკვიდრდა, 2001 წელს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“. თუმცა, დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაოები ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე კამათობდნენ ჯგუფის წევრი ქვეყნებიც – რუსეთსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის კომპრომისის ძიებამ დიდი დრო წაიღო. (აბრამაშვილი & ქოიავა, 2018)

დოკუმენტი 8 მუხლისგან შედგებოდა და მოიცავდა ზოგად დებულებებს, რომელთა მთავარი დანიშნულება კონფლიქტის ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან მოწვევა იყო, რათა ეზრუნათ კონფლიქტის სამშვიდობო პროცესებზე. როგორც თავად ბოდენი განმარტავდა, გეგმის განხორციელების სრული ვალდებულება ქართულ და აფხაზურ მხარეებზე იყო. პროცესებში ჩართული იქნებოდა გაეროც, რომელიც იქნებოდა მოდერატორი, ხოლო საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხელს შეუწყობდა საქართველოს აღნიშნულ პროცესებში. ყველაზე საპასუხისმგებლო როლს კი დიტერ ბოდენი იღებდა – დაპირისპირებულ მხარეებთან იგი იქნებოდა მთავარი მომლაპარაკებელი ამ პროცესებში. (Boden, 2012) დოკუმენტის თანახმად, საქართველო იყო სუვერენული სახელმწიფო 1991 წლის 21 დეკემბერს დამტკიცებული საზღვრებით და „არ ექვემდებარეობდა არანაირ ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარეშე“. აფხაზეთი კი ფედერაციული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს შიგნით სუვერენული წარმონაქმნი უნდა ყოფილიყო. შეთანხმების ცვლილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ კონსესუსის საფუძველზე. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია და 1994 წლის 26 ნოემბერს მიღებული ე.წ აფხაზეთის კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ შეთანხების საფუძველზე, როგორც იყო ყოველივე ეს განსაზღვრული ფედერაციული შეთანხმებით. „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ 1994 წლის 4 აპრილის დეკლარაცია“ უნდა გამხდარიყო საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საფუძველი. დოკუმენტის თანახმად, დაცული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, ასევე დაცული უნდა ყოფილიყო ყველა დევნილისა და ადგილნაცვალი პირის უპირობო უფლება თავიანთ სახლებში სრული უსაფრთხოების პირობებში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. (ბოდენი, 2003) საბოლოოდ, ბოდენის ინიციატივა ჩავარდა, რისი გამომწვევი მიზეზებიც, უპირველესყოვლისა, მხარეთა არასაკმარისი პოლიტიკური ნებით იყო გამოწვეული. არც ერთ მხარეს არ სურდა კომპრომისზე წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაოების დროს მეგობართა ჯგუფის ქვეყნის ელჩები ხშირად ხვდებოდნენ აფხაზურ მხარეს და არწმუნებდნენ, რომ ეს დოკუმენტი უნდა გამხდარიყო სამშვიდობო პროცესების საწინდარი, აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ გადაწყვეტილებასა თუ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იქნებოდა. იმის გამო, რომ გაერო აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზები უნდობლობას უცხადებდნენ გაეროს მიერ მხარდაჭერილ ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესებს. აფხაზურმა მხარემ გეგმის ტექსტის მიღებაც კი იუარეს. დოკუმენტის შინაარსს იწუნებდა ქართული მხარეც – თბილისისთვის მიუღებელი იყო დოკუმენტში ისეთი ტერმინების ჩაწერა, როგორებიცაა „აფხაზეთის სუვერენულობა“ და „საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა“. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ რუსეთმა უარი განაცხადა ზეწოლა მოეხდინა მხარეებზე აეღოთ გეგმის შესრულების პასუხისმგებლობა, რაც საკმარისი აღმოჩნდა აფხაზეთისთვის – უარი ეთქვა საქართველოსთან ფედერაციულ კავშირზე. (Boden, 2012) დაპირისპირებული მხარეებისთვის მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა დოკუმენტში ამ საკითხზე არაფერი ეწერა. კავკასიური სახლის მკვლევრების ივანე აბრამაშვილისა და რევაზ ქოიავას აზრით, დოკუმენტის ირგვლივ გაწელილმა დრომ ირიბი გავლენა იქონია კოდორის კრიზისის გამწვავებაზეც. (აბრამაშვილი & ქოიავა, 2018) ბოდენის გეგმის საბოლოო შედეგი სამშვიდობო გეგმის სრული ჩავარდნა იყო – არც ერთმა მხარემ არ მიიღო მისი შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა. გარკვეულწილად ამ ინიციატივის ჩაგდება გახდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანის საწყისი წერტილი. შედეგად, ვერც გაერომ და ვერც ეუთომ ვერ შეძლეს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გარდამტეხის ცვლილების მიღწევა. (Boden, 2012)

შტაინმაიერის გეგმა

დიტერ ბოდენის მიერ შეთავაზებული გეგმის შემდეგ იყო სხვადასხვა შინაარსის სამშვიდობო ინიციატივები, თუმცა ყინული ლღვობის ნაცვლად, რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ფართოვდებოდა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების უკანასკნელი მცდელობა გერმანიას და გერმანიის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უკავშირდება. მიუხედავად ახალი სამშვიდობო გეგმის ინიცირებისა, გეგმის წარდგენიდან მალევე, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ( ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2020) 2008 წლის 30 ივნისს ბერლინში მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არ ესწრებოდა რუსეთი. ეს გეგმა, ლოგიკურია, გერმანიამ მეგობართა ჯგუფის სხვა წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გაასაჯაროვა, რომელიც მალევე დამკვიდრდა „შტაინმაიერის გეგმის“ სახელწოდებით. სამშვიდობო გეგმა სამეტაპიანი იყო: პირველი ფაზა ითვალისწინებდა ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას, ასევე ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას, მეორე ფაზა გულისხმობდა კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას საერთაშორისო დონორების დახმარებით, მესამე და საბოლოო ეტაპი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტა იყო. საგულისხმოა ის განსხვავება, რომელიც 90-იანების ბოლოს კონფლიქტის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებსა და ამ გეგმას შორის არსებობს – აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის დრო. გარკვეულწილად, მაშინდელი მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მიზეზი ეს ხდებოდა – სტატუსის გადაწყვეტით იწყებოდა ინიციატივების პირველი ფაზა, ხოლო „შტაინმაიერის გეგმის“ მიხედვით, ეს ბოლო ეტაპი იყო. დაპირისპირებული მხარეების აზრით, გეგმა არ ეხებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც იმ მომენტში მთავარ გამოწვევებად ითვლებოდა: ზემო კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო შენაერთების ყოფნა და დსთ-ის სამშვიდობო კონტიგენტის საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების მოთხოვნა. (შტაინმაიერი, 2008)

2008 წლის 15 ივლისს შტაინმაიერი საქართველოში ჩამოსვლამდე თავის რუს კოლეგას ტელეფონზე ესაუბრა, რომელმაც დადებითად შეაფასა გერმანელი დიპლომატის ინიციატივა. ივლისის ბოლოს კი შტაინმაიერი საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან ქართულ მხარეს თბილისში, ხოლო აფხაზურს გალში, გააცნო სამშვიდობო ინიციატივის დეტალები. გალიდან დაბრუნების შემდეგ, 18 ივლისს შტაინმაიერი ქართულ მხარეს კვლავ შეხვდა ბათუმში, რის შემდეგაც იგი მოსკოვში გაემგზავრა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსთან განიხილა სამშვიდობო ინიციატივის პერსპექტივები. შტაინმაიერის ქართული ტურნეს შემდეგ კვლავ რუსეთში გამგზავრება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გერმანია ანგარიშს უწევდა რუსეთის როლს რეგიონში და მას კონფლიქტის მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევდა. გავრცელებული ინფორმაციით,აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებები თითქმის იდენტური იყო – ორივე მათგანის აზრით, ზემო კოდორის ხეობიდან ქართული საპოლიციო ძალების გაყვანა აუცილებელი იყო, რის გარეშეც მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა. ასევე ხაზს უსვამდნენ ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებაზე ხელის მოწერის აუცილებლობას. ამის საპირწონედ კი, ქართული მხარე ყურადღებას ამახვილებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე – იმ შემთხვევაში თუ მყარი გარანტიები არ იქნებოდა ოჩამჩირისა და გალის რაიონებში მოსახლეობის დაბრუნებისა, ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმება ვერ შედგებოდა. ქართული მხარე ასევე აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო სამშვიდობო საპოლიციო ძალების ინტერნაციონალიზაცია, რომლის შესახებაც დოკუმენტში არაფერი ეწერა. თბილისი განმარტავდა, რომ რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფდნენ შეთანხმების გარანტორის როლს. (Civil.ge, 2008) მიუხედავად გერმანელი დიპლომატის მცდელობისა, გეგმის წარდგენიდან მალევე რეალობა სრულად შეიცვალა – განახლდა ფართო მასშტაბიანი კონფლიქტი. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. როგორც თავად საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, კონფლიქტის ესკალაციის შესაძლო ვარიანტი მოსალოდნელი აფხაზეთში უფრო ვიყო ვიდრე ცხინვალის რეგიონში. (Civil.ge, 2019) თურმე შემთხვევითი არ ყოფილა ისიც, რომ გერმანიის ვიცე-კანცლერის საქართველოსკენ გამომგზავრების მომენტში ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფებმა მამისონისა და როკის უღელტეხილები დაიკავეს.
გერმანიის პოლიტიკური ფონდების საქმიანობა კონფლიქტთა ტრანსფორმაციის მიმართულებით

სამხრეთ კავკასიაში გერმანიის ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა. იმისათვის, რომ რეგიონში არსებობდეს ძლიერი სამოქალაქო სექტორი გერმანია დიდ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს რეგიონის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი საქართველოს, რადგან დემოკრატიის ხარისხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ჩართულია უამრავი აქტორი, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური ფონდები. აღნიშნული ორგანიზაციები აფილირებული არიან გერმანიის ბუნდესტაგის წევრ პარტიებთან და ფინანსდებიან ფედერალური ბიუჯეტიდან. სულ გერმანიის 6 პოლიტიკური ფონდი არსებობს, თუმცა სამხრეთ კავკასიაში ოფისი მხოლოდ 4 მათგანს გააჩნია. ესენია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და ჰაინრიჰ ბიოლის. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაცია მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ არ აქვთ ისეთი პროექტების განხორციელების უფლება, რომლებიც ეწინააღმდეგება გერმანიის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ფონდები აქტიურად არიან ჩართული რეგიონის კონფლიქტების ტრანსფორმაციაში – აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და ყარაბაღში. ფონდების მიერ განხორციელებული პროექტები ემსახურება
დიალოგისთვის ახალი პლატფორმების შექმნას, სტერეოტიპების მსხვრევას, რომლებიც არსებობს დაპირისპირებულ მხარეთა შორის, ხელს უწყობენ სხვადასხვა უმცირესობების (რე)ინტეგრაციას, აფინანსებენ პუბლიკაციების გამოცემას და ა.შ.

კონფლიქტთა ტრანსფორმაციის მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საქმიანობა, რომელიც ამ კუთხით მუშაობისას ოთხ მთავარ ნიშას აყალიბებს: საჯარო დისკუსიები; კონფლიქტური მხარეების საზოგადოებებს შორის დიალოგის პროექტები; ფილმების, რადიო- და ტელეგადაცემების, გაზეთების, ინტერნეტფორუმების შექმნა; სამეცნიერო და ლიტერატურულ პუბლიკაციები. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სტამბულის და მოსკოვის რეგიონულ ოფისებთან და ხშირად ორ- და სამმხრივ პროექტებს ახორციელებენ. ბიოლის ფონდი შესაძლებლობას აძლევს კონფლიქტოლოგიით დაინტერესებულ აკადემიკოსებს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები ფონდის პლატფორმაზე. (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, 2021) აღნიშნულ პლატფორმაზე გამოქვეყნებულია თომას დე ვაალის სტატია, სახელწოდებით „ყირიმი, რუსეთი და ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. როგორც სათაურიდან ჩანს, ავტორი სტატიაში საუბრობს ყირიმის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების პარალელებზე – მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ერთ-ერთ აბზაცში დე ვაალი აღნიშნავს რომ, „უფრო რთულადაა მდგომარეობა აფხაზეთში. საქართველომ უნდა აღიაროს, რომ აფხაზეთზე იურისდიქციას ვერ აღადგენს და, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავლის პოვნაზე იფიქროს“. (დე ვაალი, 2015) სხვა პლატფორმებისა და გამოცემების მსგავსად, საიტზე განთავსებულია დისქლეიმერი, რომელის მიხედვითაც შესაძლოა ავტორისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და, ამ მხრივ, პასუხისმგებლობას იხსნის. ზოგადად, დისქლეიმერი ერთგვარი გარანტორი და ხშირად ინდიკატორია ორგანიზაციის შიგნით სიტყვის თავისუფლებისა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ფორმულირება – დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთ-ერთისთვის მოწოდება, რომ შეეუგოს არსებულ რეალობას – ხელს უწყობს მარგინალურ აზრების დამკვიდრებას საზოგადოებაში, რაც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მხოლოდ ის არის დაინტერესებული კონფლიქტის მუდმივი პროვოცირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის პოლიტიკური ფონდების წვლილი დიალოგის ახალი პლატფორმების, აკადემიური შრომების გამოცემითა და, ზოგადად, ქართული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საქმიანობაში ვლინდება გერმანიის კიდევ ერთი იდენტობა – დემოკრატიის ქომაგი მსოფლიოში – სამხრეთ კავკასიაში.

გერმანული კონტიგენტი საერთაშორისო მისიებში საქართველოში

1993 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო მისია ფუნქციონირებდა – გაეროს სადამკვირვებლო მისია, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მისია და ევროკავშირის შეუიარაღებელ სამოქალაქო დამკვირვებელთა მისია. რუსეთის დიდი ძალისხმევის გამო, დღესდღეობით, მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს. რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის ვეტოს უფლება გაეროსა და ეუთოში, რათა არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ახალი და გაზრდილი კონტიგენტები. აღნიშნულ მისიებში გერმანიის კონტიგენტის მნიშვნელობა, მართლაც, რომ განსაკუთრებულია. იგი სამივე მისიაში აქტიურად იყო ჩართული – როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსით. მაგალითად, გაეროს სადამკვირვებლო მისიაში, 2009 წლის თებერვლის მონაცემებით, 146 სამხედრო და საპოლიციო თანამშრომელი ირიცხებოდა, რომელთაგან ყველაზე დიდი კონტიგენტი გერმანიას ჰყავდა გამოგზავნილი – 12 მოსამსახურე. გარდა ამისა, მისიაში მონაწილეობდა გერმანელი სამედიცინო ჯგუფიც, რომელიც დახმარებას უწევდა სოხუმის სათავო ოფისს, ასევე ზუგდიდისა და გალის სექტორებს. გერმანული კონტიგენტის ხელმძღვანელი 1993 წლიდან 2002 წლამდე საქართველოს კარგად ნაცნობი დიტერ ბოდენი იყო. მისიის მოიცავდა ეკონომიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებშიც 31 ინფრასტრუქტული აღდგენის პროექტი განხორციელდა – ხელახლა აშენდა დანგრეული ხიდები და დაიგო გზები. გაეროს სადამკვირვებლო მისია აქტიურად თანამშრომლობდა ეუთოს მისიასთან – მათ დაქვემდებარებაში არსებული გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი სოხუმში და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის – მათ შორის, 3000-მდე მოსწავლე სასკოლო ნივთებით უზრუნველყვეს ოჩამჩირის რაიონში. მიუხედავად იმ დიდი მნიშვნელობისა, რომელიც ამ მისიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჰქონდა, რუსეთმა უსაფრთხოების საბჭოზე ვეტო დაადო მისიის გახანგრძლივებას. ასე მოიქცა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით სხდომაზე, როცა ეუთოს მისიის გახანგრძლივებაზე მსჯელობდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისიის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგობის გამო სეპარატისტულ რეგიონში შიგნით შესვლის უფლება არ ჰქონდათ. აგვისტოს ომის შემდეგ გერმანიის წვლილი მისიის სრულფასოვნად მუშაობაში აღნიშვნას იმსახურებს – ეუთოს გაფართოებულ მისიაში გერმანიის მიერ დამატებით 2 გერმანული უნიფორმული და 15 უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი გაიგზავნა. გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური მთავრობა უზრუნველყოფდა მისიის აღჭურვილობას, 500,000 ევრო გამოიყო სპეციალურად დაცული ხუთი სამოქალაქო მანქანის შესაძენად. (Reliefweb, 2008)

ერთადერთი მისია, რომელიც რუსეთმა ვერ დაბლოკა ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. აღნიშნული მისიის გამოგზავნას ითვალისწინებდა ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვს პუნქტიანი გეგმა, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. რუსეთი კი კვლავ არ ასრულებს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებას, შესაბამისად ევროკავშირს უფრო მეტად მტკიცე და ხისტი პოზიცია მართებს. მისია 2008 წლის სექტემბრიდან დღემდე 24 საათიანი პატრულირების რეჟიმში ფუნქციონირებს. ეუთოს დამკვირვებლების მსგავსად, ევროკავშირის დამკვირვებლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრები გადაკვეთონ და იქიდან დააკვირდნენ მოვლენებს. თითოეული მისიის მიზანი საომარი მოქმედებების განახლების თავიდან არიდებაა, ასევე ცდილობენ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის, მოქმედებას საინტერესოდ აფასებს საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია: აშკარაა, რომ ევროკავშირის შიდა დებატებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რომელსაც მეტად ფრთხილად აკვირდებოდნენ. ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის ვერგაგრძელების საკითხი, 2005 წელს „საზღვრის მხარდამჭერი პატარა გუნდის გაგზავნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობის ქვეშ, თავიდან მხოლოდ 3 ექსპერტის შემადგენლობით“ და დროდადრო შემადგენლობის ზრდა ნათლად ადასტურებდა ევროკავშირის ფრთხილ მიდგომას რუსეთის მიმართ. ევროკავშირის დამოკიდებულება საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მიმართ ცხადჰყოფდა იმ ფაქტს, რომ მას არ სურდა რუსეთის გაღიზიანება. (საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, 2009) დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, ჰაიდი ტალიავინის თაოსნობით, წერს: „საზღვრის მენეჯმენტის გაძლიერება გრძელვადიანი ამოცანაა, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირისათვის და წარმოადგენს მის მიდგომას კონფლიქტის მოგვარებისადმი საქართველოში. ევროკავშირის სიფრთხილე, გრძელვადიანი მიდგომა, როგორც აღმოჩნდა, არ იყო საკმარისი ისეთი ტიპის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელშიც საქართველო და რუსეთი იყვნენ ჩართულები. ის საჭიროებდა კომბინირებას მკაცრ პოლიტიკასთან, რადგან იყო სეპარატისტულ ტერიტორიებზე არსებული დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის რისკი“. (საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, 2009) საერთაშორისო მისიებში ჩართულობიდან გამომდინარე, გერმანიის როლი კონფლიქტში არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიატორობით. მისი ერთ-ერთ იდენტობა საქართველოში სწორედ მშვიდობისა და ადამიანი უფლებების დაცვაში ვლინდება.

დასკვნა

საერთო ჯამში, აშკარაა, რომ გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ქართველი ხალხი დიდად აფასებს იმ ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია საქართველოსთვის იჩენს. აშშ-ის შემდეგ, ფაქტობრივად, გერმანია არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოში და პირველი ევროპაში – ეს გამოჩნდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების ირგვლივაც.

ნაშრომიდან ცხადი ხდება, რომ სამშვიდობო პროცესების წარმართვაში გერმანიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც ამას თავად გერმანიის მაღალი რანგის თანამდებობის პირები და დიპლომატები აღნიშნავენ. ნაშრომში განხილული პროცესებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, აშკარაა გერმანიის უფრო აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში პირველი ორი ათეული წლის მანძილზე, აფხაზეთის ომის შემდეგ. როგორც ნაშრომში აღინიშნა, არსებობს საკითხები, რომლებსაც გერმანია და საქართველო განსხვავებულად აღიქვამენ. იმისათვის, რომ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არ მოხდეს მისკომუნიკაცია, რომელიც დააზიანებს მათ ინტერესებს, აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება და პოლიტიკური ელიტების უფრო მეტად დაახლოება.

კვლევაში განხილული საკითხების თანახმად, აშკარაა, რომ გერმანია საქართველოში რამდენიმე იდენტობის მიხედვით მოქმედებს – სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ეხმარება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება/გაძლიერებაში, დონორი სახელმწიფო, რომელიც ფინანსურად აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას; მშვიდობის დამცველი, რომელიც კონფლიქტის ზონებში სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობს; მედიატორი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეთა მორიგებას ცდილობს.
თბილისში ხშირად შენიშნავენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა და მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა სახელმწიფომ – გერმანიამ, რუსეთთან ურთიერთობაში უნდა გამოავლინოს უფრო მეტად მტკიცე, კრიტიკული და სკეპტიკური დამოკიდებულება. ზემოთ განხილულ მასალებზე დაყრდნობით, გერმანია და ევროკავშირი იჩენს დიდ ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსადმი, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური მხარდაჭერის პროპორციული – ეს უკანასკნელი საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის ისეთი მტკიცე, როგორიც საჭიროა. ამას ადასტურებს არაფერი ფაქტი, როცა მისი სტრატეგიული პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკური დღის წესრიგში, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არ არის ნახსენები. აღნიშნული ხდება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, არამედ აშშ-თანაც – შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველი სატელეფონო ზარისას საქართველოზე არ უსაუბრია, კვლავ უკრაინისგან განსხავებით.(თეთრი სახლი, 2021)

კვლევის ფარგლებში განხილული საკითხები პასუხს სცემს დასმულ კითხვას – რამდენად ეფექტიანია გერმანიის ჩართულობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სამშვიდობო პროცესებში? დღემდე მიმდინარე საოკუპაციო პროცესები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მცოცავი ოკუპაცია, რუსეთის მიერ წარმოებული აქტიური ჰიბრიდული ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და, ზოგადად, ვერ / არ შეკავებული რუსეთი – ნათლად აჩვენებს, რომ ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორი, ამ შემთხვევაში კი გერმანია, იჩენს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისია – რაც ერთი მხრივ, აიხსნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის არასაკმარისი სიმტკიცით, ხოლო მეორე მხრივ, გერმანიის მაქსიმალური მცდელობით, არ დაეძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ეს კი თავის მხრივ, გამოწვეულია იმ ეკონომიკური კავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს სხვა სახელმწიფოების ენერგოდამოკიდებულება მის რესურსებზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს. თუმცა, გერმანიასა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობების დინამიკის, 2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნების, მომავალი, ჯერ-ჯერობით უცნობი, კანცლერისა და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ამ ორ სახელმწიფოს შორის. გერმანულ-რუსული ურთიერთობები კი თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს ზოგადად ევროპულ-რუსულ ურთიერთობებზე, რაც, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

ბიბლიოგრაფია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. (2012). რეზოლუცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. მოპოვებული მონაკოს საბოლოო დეკლარაცია: http://www.oscepa.org/meetings/annual-sessions/2012-monaco-annualsession/2012-monaco-final-declaration/1683-15-დან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. (2020 წლის 7 აგვისტო). 12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები,. მოპოვებული ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,: : https://idfi.ge/ge/august_war_russian_desinformation -დან

Agenda.ge. (2018 წლის 23 აგვისტო). Angela Merkel: “Germany supports Georgia. That’s why I am here”. მოპოვებული Agenda.ge: https://www.agenda.ge/en/news/2018/1769-დან

Anastasov, P. (2018 წლის 25 მაისი). The Black Sea region: a critical intersection. მოპოვებული NATO: https://www.nato.int/docu/review/articles/2018/05/25/the-black-sea-region-a-critical-intersection-დან

Baker & McKenzie. (2015 წლის იანვარი). EU Updates Sanctions Against Russia and Crimea. მოპოვებული Baker & McKenzie: https://www.bakermckenzie.com/-/media/files/insight/publications/2015/01/eu-updates-sanctions-against-russia-and-crimea/files/read-publication/fileattachment/al_germany_sanctionsrussiacrimea_jan15.pdf -დან

Boden, D. (2012). Conflict Settlement for Abkhazia and South Ossetia: Lessons and prospects. South Caucasus – 20 Years of Independence.-ში Friedrich-Ebert-Stiftung.

Brattberg, E., & Maurer, T. (2018). Russian Election Interference. Carnegie ENDOWMENT For International Peace.

Civil.ge. (2005 წლის 12 მარტი). რუსულქართული სასაზღვრო დისკუსიები ეუთოში. მოპოვებული Civil.ge: https://civil.ge/ka/archives/134611-დან

Civil.ge. (2008 წლის 18 ივლისი). ბაღაფში გერმანულ გეგმას მიუღებლად მიიჩნევს. მოპოვებული Civil.ge: https://civil.ge/ka/archives/144111 -დან

Civil.ge. (2019 წლის 9 სექტემბერი). ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან აგვისტოს ომზე. მოპოვებული Civil.ge: https://civil.ge/ka/archives/316275-დან

Civil.ge. (2021 წლის 21 იანვარი). სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოპოვებული Civil.ge: https://civil.ge/ka/archives/392298 -დან

Deutsche Welle. (2016 წლის 2 ივნისი). Bundestag passes Armenia ‘genocide’ resolution unanimously, Turkey recalls ambassador. მოპოვებული Deutsche Welle: https://www.dw.com/en/bundestag-passes-armenia-genocide-resolution-unanimously-turkey-recalls-ambassador/a-19299936-დან

Federal Ministry for Economic Cooperation and Development. (2010). Political Foundations. მოპოვებული German Federal Ministry for Economic Cooperation and Development: https://www.bmz.de/en/ministry/approaches/bilateral_development_cooperation/players/political_foundations/index.html-დან

German News Information GmbH. (2008 წლის 11 აგვისტო). A Broker with Interests. მოპოვებული German News Information GmbH: https://www.german-foreign-policy.com/en/news/detail/4256/-დან

Grau, A. (2003 წლის 5 მაისი). Neue Ostpolik. მოპოვებული Lebendiges Museum Online: http://www.hdg.de/lemo/kapitel/geteiltes-deutschland-modernisierung/neue-ostpolitik-დან

Human Rights Watch. (1995 წლის მარტი). Georgia/Abkhazia: Violations of the laws of war and Russia’s role in the conflict. მოპოვებული Human Rights Watch: https://www.hrw.org/legacy/reports/1995/Georgia2.htm#P117_4464 -დან

Reisner, O. (2003). THE SOUTH CAUCASUS –A CHALLENGE FOR EUROPE? – CONFLICTS, INTERESTS, IDENTITIES,WESTERN INTERPRETATION –AND BASIC APPROACHES. THE SOUTH CAUCASUS –A CHALLENGE FOR EUROPE? (გვ. 3-19). Berlin: HEINRICH-BÖLL-FOUNDATION.

Reliefweb. (2008 წლის 27 აგვისტო). Germany strengthens OSCE Mission to Georgia. მოპოვებული Reliefweb: https://reliefweb.int/report/georgia/germany-strengthens-osce-mission-georgia-დან

Socor, V. (2008 წლის 13 მარტი). Germany Torpedoes Ukrainian, Georgian Membership Action Plans Ahead of NATO Meeting. Eurasia Daily Monitor, გვ. http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=33458 .

Socor, V. (2008 წლის 11 მარტი). HARD DEBATES AT NATO ON GEORGIAN MEMBERSHIP ACTION PLAN. Eurasia Daily Monitor. მოპოვებული Jamestown Foundation, Eurasia Daily Monitor.-დან

Socor, V. (2008 წლის 20 მარტი). Is NATO Facing a Russian Veto Through Franco-German Hands? Eurasia Daily Monitor, გვ. http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=33477.

TULUN, T. E. (2018 წლის 9 სექტემბერი). MERKEL’S VISIT TO SOUTH CAUCASUS: ARTICULATION OF GERMAN NATIONAL INTERESTS IN THE REGION AND LIKELY PREDICAMENTS. მოპოვებული Center For Eurasian Studies: https://avim.org.tr/en/Analiz/MERKEL-S-VISIT-TO-SOUTH-CAUCASUS-ARTICULATION-OF-GERMAN-NATIONAL-INTERESTS-IN-THE-REGION-AND-LIKELY-PREDICAMENTS-დან

Wettengel, J. (2020 წლის 19 ივნისი). Germany’s dependence on imported fossil fuels. მოპოვებული Journalism for the energy transition: https://www.cleanenergywire.org/factsheets/germanys-dependence-imported-fossil-fuels-დან

Wittschen, A. (2016). German Approaches and Policies towards Russian-Georgian Relations. კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

აბრამაშვილი, ი., & ქოიავა, რ. (2018 წლის 17 ოქტომბერი). საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი. მოპოვებული კავკასიური სახლი: http://regional-dialogue.com/25-years-3/-დან

ავალიშვილი, ზ. (1990). საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკიაში. თბილისი: თბილისი : საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი.

ბოდენი, დ. (2003). თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები. მოპოვებული კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი: http://www.iccn.ge/files/boden_document_2003_geo.pdf-დან

ბოკუჩავა, მ. (2020). რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

გვანცელაძე, თ. (2015 წლის 22 ნოემბერი). აფხაზოლოგიის ძირითადი პრობლემები თანამედროვე დისკურსში. მოპოვებული აფხაზოლოგია: https://abkhazology.wordpress.com/2015/11/22/თეიმურაზ-გვანცელაძე-აფხ-4 -დან

დე ვაალი, თ. (2015). ყირიმი, რუსეთი და ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.

კაკაჩია, კ. (2017). ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

კაკაჩია, კ., & ლებანიძე, ბ. (2019). ქართულგერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტშიროგორ შევაჯეროთ მოლოდინები? ბერლინი/თბილისი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

რადიო თავისუფლება. (2008 წლის 6 აპრილი). უცხოელი ჟურნალისტების მიერ დანახული საქართველოს პერსპექტივა ბუქარესტი სამიტის გადაწყვეტილების ფონზე. მოპოვებული რადიო თავისუფლება: https://www.radiotavisupleba.ge/a/1557184.html-დან

რუსეთში გერმანიის საელჩო. (2020 წლის 27 ოქტომბერი). Germany and Russian Federation: Bilateral Relations. მოპოვებული https://www.auswaertiges-amt.de/en/aussenpolitik/laenderinformationen/russischefoederation-node/russianfederation/218616 -დან

საერთაშორისო ამნისტია. (1998). ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ. მოპოვებული საერთაშორისო ამნისტია: https://www.amnesty.org/en/documents/eur56/002/1998/en/ -დან

საერთაშორისო ამნისტია. (2008). მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე; ქართულრუსული კონფლიქტი. მოპოვებული საერთაშორისო ამნისტია: https://www.amnesty.org/download/Documents/52000/eur040052008eng.pdf-დან

საერთაშორისო ამნისტია. (2009). მშვიდობიანი მოსახლეობა ომის შეგდეგ: ერთი წელი საქართველორუსეთის კონფლიქტიდან. მოპოვებული საერთაშორისო ამნისტია: https://www.amnesty.org/en/documents/EUR04/001/2009/en-დან

საერთაშორისო ამნისტია. (2010). მოლოდინის რეჟიმში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში. მოპოვებული საერთაშორისო ამნისტია: https://www.amnesty.org/en/documents/EUR56/002/2010/en/ -დან

საერთაშორისო ამნისტია. (2019). მავთულხლართებს მიღმა. მოპოვებული საერთაშორისო ამნისტია: https://www.amnesty.org/download/Documents/EUR5605812019GEORGIAN.PDF -დან

სამხარაძე, ნ. (2020 წლის სექტემბერი). ნორდ სტრიმი 2, ნოვიჩოკის გეოპოლიტიკა და რუსეთგერმანიის ურთიერთობების მომავალი. მოპოვებული საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი: http://gip.ge/ge/ნორდ-სტრიმი-2-ნოვიჩოკის-გე/#_ftn1-დან

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. (2015 წლის 2 მაისი). ნატო საზღვაო ძალების ფრეგატები შავ ზღვაში. მოპოვებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: https://mod.gov.ge/ge/news/read/2258/nato-marine-commandership%E2%80%99s-permanent-group-2-of-marine-sappers-in-black-sea-დან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. (2018 წლის 7 მარტი ). დავით ზალკალიანმა ფრიდრიხ ებერტის ფონდში საქართველოს მთავრობის პროგრამასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოპოვებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: https://mfa.gov.ge/News/davit-zalkalianma-fridrikh-ebertis-fondshi-saqartv.aspx?CatID=5-დან

საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია. (2009). ანგარიში II.

შტაინმაიერი, ფ.-ვ. (2008 წლის 30 ივნისი). კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ელემენტები. მოპოვებული კონფლიქტისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი: http://iccn.ge/files/steinmeier_peace_plan_2008_geo.pdf-დან

ჩიტალაძე, ა. (2018). შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობი კონფრონტაციის ხაზზე. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

ჭანკვეტაძე, ნ. (2020 წლის 13 დეკემბერი). აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები. (მ. მთიულიშვილი, ინტერვიუერი)

ჯალაბაძე, გ., & ქანთარია, გ. (1989). ალან ჩოჩიევი სეპარატიზმის სათავეებთან. მოპოვებული დამოუკიდებლობის გაკვეთილები ~ მომავლისკენ წარსულის გააზრებით: https://lessonsgeo.wordpress.com/1989/01/01/ალან-ჩოჩიევი-სეპარატიზმი/ -დან

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. (2021). კონფლიქტების ტრანსფორმაცია. მოპოვებული ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი: https://ge.boell.org/ka/2014/02/19/konpliktebis-transpormacia -დან

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.