ძვირფასო მეგობრებო,
გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს –
წელიწადის ამ დროს, სანამ საახალწლო სამზადისში ბოლომდე ჩავერთვებით,
გვაქვს ერთი დღე, როდესაც შეგვიძლია უკან გავიხედოთ და შევაჯამოთ წარმავალი – 2018 – წელი.
ეს წელი ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოდგა – ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს 22 მუნიციპალიტეტს და ჩავატარეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ, როგორ მომავალს ვხედავთ – და, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, დავინახეთ სურვილი და მზაობა, რომ ერთად ვიმუშავოთ ამ საერთო უკეთესი მომავლისთვის.
წელს წამოვიწყეთ ადგილობრივ ლიდერთა პროგრამა ახალგაზრდებისთვის – ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხეში მიაღწია. შევიკრიბეთ ბაკურიანსა და თბილისში, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, და რაც მთავარია, იმაზე, თუ რას ვაპირებთ მომავალში.
წელს აღვნიშნეთ პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავი – იმ სახელმწიფოსი, რომლის მომავალი წაგვართვეს, მაგრამ რომლის სულისკვეთება ვერ მოსპეს. პირველი რესპუბლიკა იყო ჭეშმარიტად ქართული და, ამავდროულად, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომელიც სრულიად იყო ჩართული ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაგრამ ამავდროულად, თავდაპირველი იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, ამ მცირე დროში, მოახერხა ჭეშმარიტ ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელმაც მუდმივი ომის პირობებში დაამტკიცა ქართული სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობა.
წელს ჩვენს გერმანელ მეგობრებთან ერთად GIZ-იდ ან და ნაუმანის ფონდიდან (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) შევქმენით ადგილობრივი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასტიპენდიო პრორგამა – რომლის პირველი შედეგები უკვე იანვარში გამოქვეყნდება; ნაუმანის ფონდთან ერთად შევქმენით თბილისის განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდული ქსელი და ვუმასპინძლეთ ჩვენს მეგობრებს სომხეთიდან – რომლებსაც აინტერესებდათ საქართველოს გამოცდილება.
წელს შევიძინეთ ახალი მეგობრები – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუის პროექტი (EWMI Access), ვისთანაც ერთად, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო წარმატებული მომავლისთვის.
და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ შემოგვიერთდებით – რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიღწევას.
წარმატებულ და ბედნიერ 2019 წელს გისურვებთ!