ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და ფრანკლინის აკადემიის ლექტორის გიორგი ანდრონიკაშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არაფორმალურ განათლებას უკავშირდება. საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი საგანმანათლებლო ინიციატივა და საინტერესო პროექტი გვაქვს. 20 წლის წინ, გამოწვევა თავისთავად მსგავსი ფორმატების არსებობა და ხელმისაწვდომობა იყო. დღეს უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, ხარისხის ახალი თამასა დავამკვიდროთ და როგორც ფორმის, აგრეთვე შინაარსის კუთხით გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი წინ. იმის მიუხედავად, რომ ხარისხის კუთხით ბევრი გამოწვევა არსებობს და თვითკრიტიკულობა აუცილებელია, არაფორმალური განათლება ქართული სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ავტორიტარიზმის მზარდი ხასიათი ჩვენს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის ამ სფეროს დამოუკიდებლობას. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

საბჭოთა ანექსიამდე საქართველოში ძალიან შთამბეჭდავი საზოგადოებრივი მოძრაობა და ინტელექტუალური პროცესი არსებობდა. ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და სხვა საკვანძო ფიგურები სამაგალითო უნდა იყვნენ მთელი ჩვენი თაობისთვის.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

„ფრანკლინის აკადემიის“ ფარგლებში ბევრ საინტერესო ფორმატში ვარ ჩართული. პროექტის მონაწილეების დიდი ნაწილი, ლექციების შემდეგ, დაინტერესდა ხელოვნებით და ლიტერატურით, საქართველოს ისტორიითა და პოლიტიკით. იმედი მაქვს, გარკვეული წვლილი ამაში მეც შევიტანე.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ვატარებ ლექციებს „ფრანკლინის აკადემიაში„ დებატების ხელოვნებისა და პოლიტიკის შესახებ. აგრეთვე ვხელმძღაველობ ლიტერატურის კლუბს.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

კრიტიკული აზროვნების განვითარება და ღირსეული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს ორი კომპონენტი აუცილებელია განვითარებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად. ჩემი საქმიანობით, მაქსიმალურად ვცდილობ, ამ პროცესში მცირე წვლილი შევიტანო.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება და რეფლექსიური, ინტელექტუალური საზოგადოების შექმნა. პირველის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, მეორე კი უზრუნველჰყოფს, რომ ყოველთვის თვითკრიტიკულები, ამბიციურები და განვითარებაზე ორიენტირებულები ვიყოთ.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენიმე ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციის მონაწილე ვიყავი. ეს აქციები რუსული ოკუპანტის წინააღმდეგ და როგორც უკრაინის, აგრეთვე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ჩატარდა. ცხადია, მხოლოდ საპროტესტო დემონსტრაციები საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთი დაინახა და მიხვდა, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ვფიქრობ, რომ აპათიის დამარცხებისა და საზოგადოების გამოცოცხლების გზაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

1978 წლის 14 აპრილი – დემონსტრაცია ქართული ენის სტატუსის დასაცავად. უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი, რომელმაც ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე დააყენა. 

1991 წლის 9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 

აფხაზეთის ომი – ტრაგიკული და ძალიან რთული მოვლენა, რომლის საფუძვლიანად გამოკვლევა აუცილებელია. ეს არის ჭრილობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას არ მოურჩენია და მას აუცილებლად უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.