ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მასწავლებლის გიორგი გელაშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
სკოლებში ყველაზე დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურულია. აუცილებელია ყველა სკოლას ჰქონდეს საჭირო ტექნიკა და სივრცე ისეთი სწავლებისთვის, რომლითაც შეგვიძლია თანამედროვე გამოწვევებს ვუპასუხოთ.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
მიხარია, რომ ამ კითხვაზე თავში იმდენი ვინმე მახსენდება, რომ რთულია ამორჩევა. მაგრამ თუკი მაინც ამ სიმრავლიდან ერთი უნდა გამოვარჩიო, მაშინ ეს მარია მონტესორი იქნება.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
მჯერა, რომ მიღწევა, რომლითაც მთელი გულით ვიამაყებ ჯერ კიდევ წინ არის.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად ჩემი მთავარი სამუშაო ისაა, რომ პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოვყალიბდე და შევძლო, სრულფასოვნად შევასწავლო მოსწავლეებს ჩემი საგანი.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოება. განათლების გარეშე ასეთი საზოგადოება ვერ იარსებებს.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
მე მგონია, რომ ახლა მთავარი გამოწვევაა პრინციპულ საკითხებზე კონსესუსი არსებობდეს. ამისთვის კი აუცილებელია დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თუკი ვერ შევძლებთ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე შეთანხმებას, ქვეყნის გარეთ არსებული არაკეთილმოსურნე ძალები ნებას არ მოგვცემენ, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
მახსოვს, როცა პირველად გაჩნდა თბილისში ყვითელი ავტობუსები. ვერ ნახავდით ერთ ავტობუსსაც კი, რომლის სკამები სპეციალურად დაკაწრული და დაჭრილი არ იყო. ახლა ასეთი რამე დიდი იშვიათობაა. მახსოვს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ მართლდებოდა, ახლა კი ბევრმა მიიღო ის ფაქტი, რომ მოძალადე მეუღლე ან მშობელი არ იმსახურებს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მახსოვს, ჰარი პოტერი თავის დროზე ლამის ერესად გამოაცხადეს, ახლა ამ ქმედების კომიკურობას ყველა ხვდება. მთლად ბოლომდე ვერ, მაგრამ უკვე რიგში დგომაც ვისწავლეთ შესაფერისად. მე ამ მცირე ცვლილებების მწამს და მჯერა, რომ ყოველივე ეს გაერთიანდება და შექმნის საფუძველს ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
ეს იქნებოდა 9 აპრილი, როგორც ერის ეროვნული მეხსიერების ყველაზე მტკივნეული გამოცდილება. ვარდების რევოლუცია, რომელმაც შეგვიქმნა მშვიდობიანი რევოლუციის პრეცედენტი ქვეყანაში და ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენა. და 2012 წლის არჩევნები, რომლითაც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობა მშვიდობიანად შეიცვალა.