ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტის გიორგი ეკალაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

აქტივიზმი/პოლიტიკა – მთავარი გამოწვევა პოლიტიკაში ახალგაზრდების უშუალო ჩართულობის ნაკლებობაა გადაწყვეტილების მიღებისას. მეტი საშუალება უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად, და ამის ინიციატორები, პირველ რიგში, მოქმედი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. საგანმანათლებლო სფერო – ჩემი საქმიანობა არაფორმალურ განათლებას უკავშირდება, რომელიც შემავსებელია იმ დანაკლისების, რაც ქართულ საგანმანთლებლო სისტემაში უხვადაა. ჩვენ ვცდილობთ დებატების კულტურა განვავითაროთ განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებში. ძალიან კარგი იქნება თუ დებატები ფორმალური განათლების შემადგენელი ნაწილი გახდება, რადგან იმ უამრავ უნარს ავითარებს, რაც აქტიურ მოქალაქეს და დემოკრატიის გადარჩენას სჭირდება.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

სამაგალითო ადამიანი მაჰათმა განდია, რომელმაც აჩვენა კაცობრიობას რომ ფუნდამენტური ცვლილებები მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზითაც მიღწევადია.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად აღმოვჩნდი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გაჯანსაღებაში ფუნდამენტური ცვლილებების შემოქმედი – არალეგიტიმურ თვითმმართველობას დავუპირისპირეთ ფაკულტეტის დონეზე, თვითორგანიზებით ჩატარებული ალტერნატიული არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის მიერ.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამჯამად ვარ ორგანიზაცია “საქართველოს მომავლის აკადემიის” აღმასრულებელი დირექტორი, რომლის მთავარი საქმიანობაც დებატების განვითარებას უკავშირდება. ასევე ვარ სტუდენტური ორგანიზაცია “წერტილის” თანადამფუძნებელი და სტუდენტური გადაცემა “მრავალწერტილის” წამყვანი.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას ორი მიმართულებით ვხედავ – პიროვნულ ნაწილში – ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვიზრდები და ვიღებ დიდ გამოცდილებას, საზოგადო კუთხით კი – ჩემი განვითარებით ვავითარებ იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობ – იქნება ეს დებატები თუ სტუდენტური აქტივიზმი, ორივე მიმართულია განათლებული ახალგაზრდობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

საზოგადოების მთავარი გამოწვევა პასუხისმგებლობის აღების შიში და უცოდინლობაა ნებისმიერ ეტაპზე – იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ სამსახური. მუდამ კომფორტულია ჩვენთვის სხვას ვაბრალოთ, თუ რა ცუდ მდგომარეობაში ვართ, რომ საქმე არ გაკეთდა ან ვიწუწუნოთ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ჩავერთოთ და ვიყოთ პირველები, ვინც ცვლის, აკეთებს და მოქმედებს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

დადებითი ტენდენცია, სწორედ იმ გამოწვევის ეტაპობრივი გამკლავებაა, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მარტის აქციებმა და არამარტო, გვაჩვენა, რომ ახალი თაობა მზადაა არ გაექცეს პასუხისმგებლობას და წინა თაობა მზადაა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

მას შემდეგ რაც მე დავიბადე, 2001 წელს, პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციაა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გამოიწვია, საქართველო დემოკრატიის მშენებლობით დაადგა დასავლურ კურსს. შემდეგ უკვე 5-დღიანი აგვისტოს ომია, 2008 წელს, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და სასტიკი მისწრაფებები საქართველოსთან მიმართებით. შემდგომ კი, ჩემი აზრით ამ ეტაპამდე, ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა 2022 წლის 3 მარტია, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო საქართველოს ხელისუფლების არჩევანი, ქართველი ხალხი ვდგავართ ჩვენი იდენტობისა და ისტორიული არჩევანის სადარაჯოზე, ეს განსაკუთრებით უკანასკნელმა მოვლენებმა დაამტკიცა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.