ჩემი მოკლე ბიოგრაფია
გიორგი ეკალაძე არის სკოლა “აია-GESS”- ის XI კლასის მოსწავლე. სკოლაში ის ხელმძღვანელობს დებატთა კლუბს. გიორგიმ დაამთავრა დიპლომატიის სკოლა, რომელიც ხორციელდება მომავალ დიპლომატთა კლუბის და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. ამ სკოლის საშუალებით გახდა ინიციატივას წევრი. გიორგი აქტიურად ერთვება არაფორმალურ განათლებაში და ცდილობს, რომ მისი დამსახურებით, გაიზარდოს პიროვნულად და გახდეს სრულფასოვანი მოქალაქე.
ჩემთვის #ინიციატივა არის
ჩემთვის #ინიციატივა, უმთავრესად, არის საშუალება სახელმწიფოს წინაშე დავიწყო მოქალაქეობრივი ვალის გადახდა. ჩემი წვლილი, თუნდაც მცირედი, შევიტანო საქართველოს განვითარებაში. ამის შემდგომ კი, #ინიციატივა არის გზა პიროვნული განვითარებისა, საშუალება სწორად გაზარდო საკუთარი თავი. ეს პიროვნული ზრდა კი როგორც შენს თავს, ასევე ქვეყანას უნდა მოახმარო. #ინიციატივა არის გზა მიიღო ხარისხიანი განათლება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება, ვინაიდან ეს პლათფორმა სწავლისთვის არ იყენებს მოძველებულ ხერხებს, გართობით სწავლა კი უფრო შედეგიანი და აზრიანია. და მთავარი, #ინიციატივა არის ურთიერთობა, ჩემს სანაცნობო წრეს, ამ პლათფორმის საშუალებით, უამრავი განათლებული და კარგი ადამიანი შეემატა. შეჯამებისთვის, #ინიციატივა არის გზა გაზარდო საკუთარი თავი და იქცე ნამდვილ ადამიანად, სრულფასოვან მოქალაქედ, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ესაა ორგანიზაცია, რომელიც არ მიყვება დინებას და ებრძვის არასასურველ აწმყოს. ეს ორგანიზაცია ცდილობს გამოასწოროს უმთავრესი პრობლემა და ამისთვის მოზარდებს ზრდის სრულფასოვან მოქალაქეებად, რაც ქვეყნის წინსვლის გარანტია. ორგანიზაცია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ზრუნვით, ზრუნავენ საქართველოზე. ქართველებს განვითარებისთვის გვჭირდება ერთმანეთის სიყვარული, მუდმივი ქმედება და ცოდნა, იმის თუ როგორ უნდა მივეხმაროთ ქვეყანას. ძალიან რთულია ეს ასწავლო გზასაცდენილ მოზრდილ ადამიანებს, თუმცა შედარებით მარტივია, სანამ ბოლომდე ჩამოყალიბდება ადამიანი, მანამდე დაანახო სწორი გზა. ეს ორგანიზაცია მიხვდა ამას, დაიწყეს ქმედება და საქართველოს უმზადებენ ნათელ მომავალს, ამ ახალგაზრდა თაობის სახით.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე ის საქართველო მინდა, სადაც ხალხს ერთმანეთი ეყვარება და გააცნობიერებენ იმას, რომ სხვა თუ ცუდია, შენ მაინც შეიყვარო ის და მის გამოსწორებაზე იზრუნო. მინდა ადამიანებმა დავიწყოთ მოძრაობა და თავი გავანებოთ გადაბრალებას. მსურს ჯერ საკუთარ თავებში ვეძიოთ დანაშაულს, და თუ რამ შესაცვლელია არ დავიწყოთ მთავრობის განკითხვა, არამედ დავფიქრდეთ იქნებ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება. მენტალურად გარდატეხილი და გამოფხიზლებული საქართველო მინდა, ქვეყანა სადაც საზოგადოება და ხელისუფლება ჰარმონიულად, შეთანხმებულად იმოქმედებს. ჩვენ, ქართველები, თუ ამ ყველაფერს გავითავისებთ სახელმწიფო წინ წავა, უმთავრეს პრობლემას ჩვენში ვხედავ, ვინაიდან არ გვასვენებს მეტის და მეტის სურვილი. პიროვნულად და მენტალურად შეცვლილი ადამიანები მინდა საქართველოს მოქალაქეებად, რომლებიც გახდებიან სრულფასოვანი მოქალაქეები და შეეჭიდებიან დიდი ჩარხის დატრიალებას, რომელიც ქვეყანას აამუშავებს. ერთიანი საქართველო მინდა, ხომ არ დაგვიწყებია, ძალა ერთობაშია. საქართველოს მომავალს, სიმართლე გითხრათ, ასე ვხედავ. ვინაიდან ჩემს მახლობლად, ბევრი ჩემნაირად ფიქრობს. არსებობს ინიციატივა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფერს გვასწავლიან. ასე რომ, იბერიას გაბრწყინება, ნამდვილად უწერია.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მინდა გამოვიდე სამართალმცოდნე. არ იფიქროთ, ბანალურობის გამო ვამბობ, ვითომდა, ან ვექილი რომ უნდა იყო ან ექიმი, არა, ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს ეს პროფესია და ჩემს თავს ვხედავ მასში. ესაა ის საქმე, რაც ნამდვილად მიყვარს. თუმცა მიზანი უფრო დიდი მაქვს, არ მიყვარს სტაბილურობა და ვიცი, რომ აუცილებლად მომბეზრდება ადრე თუ გვიან ეს საქმე, როდესაც რუტინად მექცევა. შეიძლება ყმაწვილური გულის ან დროებითი პატრიოტიზმის გამო ვამბობ, ამ ასაკში რომ იფითქებს, მაგრამ არ მინდა გავჩერდე, მინდა ვიმოძრაო და თავი არ დავუხარო უსამართლობას. ვაპირებ თავი იურისტობით დავიმკვიდრო და საბაზისო ცხოვრება ამით შევიქმნა, თუმცა მერე მინდა პოლიტიკაში მოვიდე და უფრო აქტიურად ჩავერთო ქვეყნის დიდი ჩარხის დატრიალებაში. შეიძლება ბარათაშვილივით, არარეალურია ყმაწვილის ეს ბრმა სარწმუნოება და ახდენა არ უწერუა, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვთვლი, რომ მთავარი მონდომებაა.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა, მწამს, რომ არის ადამიანობა. დღევანდელი ქართველების უმეტესობით თუ ვისმჯელებთ, ქართველობა, ბევრ მანკიერ თვისებას გულისხმობს, თუმცა ვთლი, რომ დროებით ნამდვილმა ქართველობამ ფორმა იცვალა და ეს არაა რეალური ქართველობა. ჩემთვის, ქართველობა აერთიანებს ტოლერანტობას, სიყვარულს, და პატიოსნებას. თუმცა ქართველობა არაა იდეალური, ქართველს ახასიათებს მერყევობა და მეტის დაუოკებელი სურვილი, სწორედ ამან უცვალა ფორმა ნამდვილ ქართველობას, ასეთი ადამიანების მოჭარბებამ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაბრწყინებთ იმ ჩაკარგულ მანათობელ წერტილს ჩვენში, რასაც ნამდვილი ქართველობა ჰქვია და ქართველობას სამარცხვინო სიტყვიდან საამაყოდ ვაქცევთ.