ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრის გიორგი ინალიშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
ჩემს პროფესიაში/საქმიანობაში, მთავარი გამოწვევა კონკრეტული მოვლენების/ფაქტების არასათანადოდ შეფასებაა. კერძოდ, მოვლენების შეფასებისას არ ხდება ფართო სურათის გაანალიზება, საკითხს არ უყურებენ გლობალური პერსპექტივიდან. აღნიშნული გამოწვევის გადაჭრის გზებია: კონკრეტული მოვლენის შიდა და გარე ფაქტორების შესწავლა; პარალელურად მიმდინარე მოვლენების კვლევა; ისტორიული კონტექსტის გაანალიზება.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან დავასახელებდი რონდელის ფონდს.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
რაზე მუშაობთ ამჟამად?
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩემი საქმიანობა უკრაინას უკავშირდება. წელიწადზე მეტია ვმუშაობ ონლაინ-პლატფორმა Dopomoga.ge-სთვის, რომლის დანიშნულებაა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთიანი საინფორმაციო სივრცის არსებობა. პლატფორმა ყოველდღიურად განახლებადია და ინტერაქტიულია – დაარსებიდან დღემდე რამდენიმე ათას უკრაინელ ლტოლვილთან გვქონდა ინტერაქცია/კომუნიკაცია.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
ჩემი პროფესიაც და საქმიანობაც ამ ეტაპზე დაკავშირებულია ჩვენს რეგიონსა და ზოგადად, გლობალურ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვან საკითხთან, როგორიცაა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღდმეგ. გლობალურად რომ ვიმსჯელოთ, დასავლური სამყაროსა და რუსეთის ღია დაპირისპირების მოწმე ვართ, საიდანაც ჩვენ, საქართველომ ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. იზრდება ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება და ჩვენთვის გაიხსნება ისტორიული ფანჯარა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. აქედან გამომდინარე უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა განათლებაა, რომელიც სკოლიდან იწყება. მიუხედავად 32 წლიანი დამოუკიდებლობისა, სკოლებში კვლავ დომინირების საბჭოთა განათლების “ტრადიციები”, სადაც სრულად უარყოფილია კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა და ასე შემდეგ. კრიტიკული აზროვნების არ ქონა კი პირდაპირ აისახება განათლების დაბალ დონეზე, ხოლო ასეთი ტიპის (გაუნათლებელი) საზოგადოება მარტივად მოწყვლადი ხდება როგორც უცხო, მტრული ქვეყნის დეზინფორმაციული პროპაგანდისთვის, მათი მომხრე პოლიტიკური ძალებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე სახელმწიფოს შიგნით, მთავრობისთვისაც.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად მრავალი სირთულისა, დადებითი ტენდენციებიც იკვეთება და ყველაზე ნათელი ამ კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების პროგრესია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 32 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა – ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს პროგრესს და სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რაც არაერთი კვლევით დადასტურდა.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
ჩემი აზრით, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია:
1) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს, რომელიც მრავალი თაობის ოცნება იყო.
2). ვარდების რევოლუცია 2003 წელს. კორუფციაში, კრიზისში და სრულ ნიჰილიზმში ჩავარდნილ საქართველოს რევოლუციამ იმედი გაუჩინა და 2003-2007 წლებში სერიოზული რეფორმები ჩატარდა, რამაც საქართველო ჭაობიდან ამოიყვანა და საერთაშორისო ასპარეზზე დააბრუნა.
3). ევროკავშირში გაწევრებისკენ დაწყებული მოლაპარაკებები. 2011 წელს დაწყებული პროცესი 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გაგრძელდა, ხოლო 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.