17 ივნისს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა – გიორგი მელაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის ეთერში” არჩილ გამზარდიას გადაცემა „პოლიტიკაში” ისაუბრა ბაიდენ-პუტინის შეხვედრასა და საქართველოს საკითხზე, ასევე ევროკავშრის ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში და საქართველოს მიერ ოკუპაციასა და რუსულ აგრესიასთან გამკლავების მთავარ წინაპირობებზე.
მელაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო ყოფილიყო ნახსენები. მისი აზრით ჩვენი ჩრდილში გადასვლა არის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი, თავად არგაღიზიანების პოლიტიკა კი იყო შეცდომა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენი მოკავშირე უკრაინა ძალისხმევას უფრო და უფრო აძლიერებს, რათა აქტიურად იყოს განხილვის საგანი საერთაშორისო დღის წესრიგში.
მელაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ზოგადი კონტექსტი არ არის კატასტროფული – ვინაიდან საქართველოს საერთაშორისო დონეზე მაინც ახსენებენ და ამის გამოხატულება იყო ნატოს ბოლო სამიტიც. თუმცა, თუ თავად არ გავაქტიურდით საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს მოკავშირეები ჩვენი „არგაღიზიანების დეკლარირებული პოლიტიკის” წინააღდეგ არ წავლენ და „ვერ იქნებიან იმაზე უფრო მეტად ქართველები, ვიდრე ჩვენ უნდა ვიყოთ”.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დადებითი ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში. მისი აზრით ეს იყო ნათელი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა ბევრს ნიშნავს ბრიუსელისთვის და რომ იგი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. მეორე მხრივ, უკეთესი იქნებოდა ევროკავშირის ენერგია დახარჯულიყო ოკუპაციასთან ბრძოლის თემაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების ხელყოფის საკითხზე.
არგაღიზიანების პოლიტიკაზე საუბრისას გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არგაღიზიანების პოლიტიკა არაღიარების პოლიტიკის პარალელურად არის პარადოქსული, ვინაიდან საქართველოს მხრიდან არაღიარების პოლიტიკა არსებითად აღიზიანებს რუსეთს, შესაბამისად იმის თქმა, რომ ჩვენ თან არგაღიზიანების პოლიტიკა გვაქვს და თან არაღიარების პოლიტიკასაც მივმართავთ, არის ალოგიკური. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა არის დიდი შეცდომა, ვინაიდან რუსეთს აღიზიანებს საქართველოს მხრიდან საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
რაც შეეხება საქართველოს მიერ ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმართვას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიასთან გამკლავების კონტექსტში, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური გამართულობა, გარდა ამისა საქართველოს როლისა და ფასეულობრივი ერთობის ჩვენება დასავლეთთან მიმართებით. ამ ორი ფაქტორის გარეშე მისი აზრით საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობები და ეფექტიანობა არის შეზღუდული.