12 მაისს „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეს” ეთერში სტუმრად იმყოფებოდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი.

განხილვის თემას წარმოადგენდა დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის. მელაშვილმა თავდაპირველად მოკლედ მიმოიხილა კონფლიქტის ისტორიული საწყისები, მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე. შემდგომ მან ისაუბრა უშუალოდ არსებული ესკალაციის ქრონოლოგიაზე, თუ როგორ გადაიზარდა რამადანის დროს არაბ მომლოცველთა მიერ დამასკოს კარიბჭესთან შეკრების შეზღუდვა პოლიციასა და ადგილობრივ არაბებს შორის დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც ისრაელის პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რის შემდეგადაც ისრაელთან ისედაც მუდმივ დაპირისპირებულმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს, წამოიწყო მასობრივი სარაკეტო დაბომბვები მთელი ისრაელის მასშტაბით. მელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის წითელი ხაზი ისრაელისთვის, რის გამოც იგი მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს ჰამასს.

გარდა ამისა, მელაშვილმა აღნიშნა რომ აღნიშნულ დაპირისპირებას არ აქვს მხოლოდ ერთი პერსპექტივა და რომ მას რამდენიმე განზომილება აქვს. ერთი, ეს არის დაპირისპირება საკუთრივ ისრაელსა და ჰამასს შორის, კონფლიქტის მეორე განზომილებას წარმოადგენს დაპირისპირება თავად ორ პალესტინურ ჯგუფს – ჰამასსა და პალესტინის ადმინისტრაციის მოძრაობა – ფათხს შორის, რომლებიც გავლენებისთვის იბრძვიან. თავის მხრივ კი კონფლიქტში თავისი როლი აქვს ლიბანში მოქმედ პალესტინელი დევნილების მიერ დაარსებულ ორგანიზაცია ჰეზბოლას, რომელიც დაინტერესებულია რეგიონზე გავლენის გაზრდით.

ამასთან ერთად, ისრაელის მიერ შესაძლო სრულმასშტაბიან სახმელეთო სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას მელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის უკანასკნელი გამოსავალი, რაც გააჩნია ისრაელს და რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ისრაელის შიდა-პოლიტიკური კონტექსტიც. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ისრაელში არ არის სტაბილური პოლიტიკური გარემო და უკვე წელიწადნახევარია ნეთანიაჰუს მთავრობას არ აქვს მასობრივი მხარდაჭერა და ფაქტობრივად მთავრობის მოვალეობის შემსრულებლის როლს ასრულებს, ძნელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.

დასასრულს მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მოთამაშეების რეაქციაზეც. მისი თქმით მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიჭერს აშშ, საინტერესოა თურქეთის პოზიციონირება, რომლის ინტერესები სირიას ცდება, მნიშვნელოვანია თავად არაბული სამყაროს რეაქციაც, რომლის ნაწილმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების მხრივ გარკვეული ხელშესახები ნაბიჯები გადადგა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვითარებაში არაბული სამყარო გასწირავს პალესტინელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.