2022 წლის 23 მაისს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა რადიო პალიტრას გადაცემა – „შუა დღის სტუდიის“ წამყვან კოკა კვირკველიასთან საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 

გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ხელისუფლების წევრების მხრიდან ოპოზიციის მიმართ წამოსული ბრალდებები. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ერთად უნდა იმუშაონ და პარალელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გაავლო, სადაც ურთიერთდაპირისპირებული პარტიები საგარეო პოლიტიკაში აქტიურად თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს არც მთავრობას აქვს ძალაუფლების განაწილების სურვილი და არც ოპოზიციას თანამშრომლობის. 

უკრაინაზე საუბრისას გიორგი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა როგორც უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობაზე, ასევე დასავლური სახელმწიფოების მზარდ მხარდაჭერაზე. მან აღნიშნა, რომ დასავლურმა, განსაკუთრებით კი ამერიკულმა, შეიარაღებამ უკვე ითამაშა მნიშვნელოვანი როლი რუსეთის წინსვლის შეჩერებაში.

წამყვანმა კითხვა დასვა დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოში არსებული სკეპტიციზმის შესახებაც, რაზეც გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სკეპტიკური იდეები ამ ქვეყნებშიც კი რეალური მხარდაჭერით არ სარგებლობს . 

გადაცემაში საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე პროცესებს. გიორგი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთისთვის უკრაინაში რუსეთის ომზე დასავლური სახელმწიფოების რეაქციის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ თუკი დასავლეთი არ გაერთიანდებოდა ამ აგრესიის წინააღმდეგ, მაშინ ეს მწვანე შუქი იქნებოდა მსგავსი მოვლენებისთვის აღმოსავლეთ აზიაში.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტის შეფასებისას მან ხაზი გაუსვა 2 ბანაკის – პროდასავლური და დასავლური ღირებულებების მიღმა ქვეყნების დაჯგუფებების ჩამოყალიბებას და აღნიშნა, რომ ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესოა ბაიდენის მიერ თაივანზე თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარების პირობის გაცემის გამო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.