ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ იურისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, გიორგი მელიქიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?

ადამიანის უფლებათა დაცვის გზაზე ბევრი გამოწვევაა საქართველოში. პირველ რიგში, საზოგადოებივი აზრი არ არის საკმარისად მომწიფებული, იყოს თითოეული მისი წევრის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. სამწუხაროდ, არც სახელმწიფო ინსტიტუტები უწყობენ ხელს აღნიშნულს.
უმთავრესი გამოწვევა მაინც დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არარსებობაა. სამოქალაქო საზოგადოებიდან ხშირად ისმის კრიტიკა სასამართლოში არსებულ კორპორატივიზმზე. ვფიქრობ, სასამართლო ხელისუფლება, რომლის რეფორმირება გარდაუვალია, საქართველოში ძლიერი დემოკრატიული პროცესების წინაპირობა.
სასამართლოს რეფორმა არ იქნება მარტივი და უმტკივნეულო. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ არსებულ სისტემაზე და მთლიანად თავიდან უნდა დავიწყოთ მისი შენება.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ყველა ადამიანი, ვინც კი უსამართლობაზე და ჩაგვრაზე ხმას იღებს ყველა სამაგალითოა ამ მხრივ.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ

ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის მიღწევებზე საუბარი. მიუხედავად ამისა, ჩემთვის საამაყოა ჩემი გარემოცვა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები შედიან. მათთან საერთო ღირებულებები და ფასეულობები მაერთიანებს, განსაკუთრებით, სურვილი იმისა, რომ ევროპული ტიპის საქართველოში ვიცხოვროთ და ჩვენ თანატოლებს ერთადერთ მიზნად ემიგრაცია არ ქონდეთ. ჩემთვის ეს არის შეუფასებელი სოციალური კაპიტალი.
მეტიც, გასული წლის ბოლოს შეხვედრა მქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან სამშვიდობო დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას.

რაზე მუშაობთ ამჟამად?

ჩემი ძირითადი ფუნქციაა დავეხმარო სახალხო დამცველს ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებაში. პირველ რიგში, ვაფასებ თუ რამდენად ასრულებენ სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. აგრეთვე, ჩემი საქმიანობა მოიცავს ქვეყანაში შევაფასო, თუ რამდენად სათანადოდ არის უზრუნველყოფილი სამართლაინი სასამართლო, რელიგიური უმცირესობების უფლებები და პირადი ცხოვრების თავისუფლება.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?

ჩემი საქმიანობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თვითონ ადამიანი, როგორც ინდივიდი არის მნიშვნელოვანი. დღეს წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა უფლებების გარეშე. ეს უფლებები კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არ უნდა იყოს, აღნიშნული ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
რა თქმა უნდა, ეს რთული გზაა და ამ ყველაფერს ენთუზიაზმი და გამძლეობა სჭირდება. განსაკუთრებით არადემოკრატიულ რეჟიმებში, სადაც უფრო მეტი და ძლიერი წინაღობის დაძლევა უწევთ უფლებადამცველებს. გამომდინარე აქედან, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ ბევრი პრობლემაა, ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თითოეული ინდივიდის უფლებებისთვის იბრძვის.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე

ქართულ საზოგადოებაში ძალიან მცირეა თავისუფალი დისკუსიისთვის სივრცე. ეს შეუძლებელს ხდის რაციონალურ მსჯელობას და ფაქტობრივად კლავს პოლიტიკას. ჩვენთან მიღებული არაა საგნობრივად საუბარი, ნებისმიერი საკითხი განიხილება ემოციურ ფონზე. ჩვენს საზოგადოებას ბევრი ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს შიშები და არა წინასწარი განწყობების საფუძველზე, არამედ გონივრული მსჯელობის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილებები.
ამ ფონზე გასაოცარი არ არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ ისმის უმცირესობების ხმები. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნებისა, კვლავ შიშებით და სტერეოტიპებით ვმოქმედებთ. ვერ ვიქნებით სრულყოფილი საზოგადოება თუ არ დავძლევთ ამ გამოწვევას და მისი ყოველი წევრის ინტეგრაციაზე არ ვიზრუნებთ.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

დადებითად არის შესაფასებელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვა გახდეს დიდი ვროპული ოჯახის ნაწილი. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, რომლებიც ღრმად არის გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, ჩვენ მაინც ვახერხებთ კონსოლიდაციას აღნიშნულ საკითხზე და ანტიდასავლური ძალები მხოლოდ მარგინალურ ნაწილად რჩებიან.
შეუძლებელია თვალი დახუჭო ქართული საზოგადოების ერთიანობაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე. თბილისის თუ ყველა სხვა ქალაქის ქუჩებში, საზოგადოების სურვილი გვერდზე დაუდგეს ჩაგრულ ერს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.
ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა მცირე მაგრამ მაინც მნიშვნელოვან წინსვლას შემწყნარებლობის გზაზე. მიუხედავად არაერთი პროპაგანდისა თუ სიძულვილის თესვისა, არასდროს დაიჩრდილება საქართველოში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების იმედი.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

– თანამედროვე საქართველოს ისტორია 9 აპრილიდან იწყება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ საბოლოო ლურსმანი დაასვა საბჭოთა რეჟიმს. სიმბოლურია, რომ 9 აპრილი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს ლეგიტიმაციის საფუძველი შექმნა;
– „ვარდების რევოლუცია“ ვფიქრობ კიდევ ერთი გარდამტეხი ნაბიჯი იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ფაქტობრივად საბოლოოდ ეთქვა პოსტსაბჭოთა ნომეკლატურას უარი და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეფორმები დაიწყო;
– 2014 წელი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც ერთგვარი ჯილდო იყო 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების პირველად მშვიდობიანი ცვლილებისთვის და წარმოადგენდა პირველ ხელშესახებ ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.