ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტის გიორგი სირბილაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
პოლიტიკური ინსტიტუციებისა და პოლიტიკური სპექტრის განუვითარებლობის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ძალზედ მნიშნველოვანია. სფეროს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის საჭიროა როგორც შიდა ისე საგარეო მობილიზება. წლებია სამოქალაქო საზოგადოება რესურს უცხოეთიდან იღებს, ხოლო შიდა რესურსის მობილიზება ინსტიტიუციების განუვითარებულობის და მოქალაქეების ნაკლები ჩართულობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მოქალაქეების მაღალი ჩართულობა გამოიწვევს რესურსების მომრავლებას და სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. ამისთვის მოქალაქეები ადრეული ასაკიდან უნდა ეცნობოდნენ და იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. ხვდებოდნენ ინდივიდის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და საბოლოოდ ხდებოდნენ აქტიური მოქალაქეები.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობა
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის და მიღწეული შედეგი ჩემი თაობის საამაყო აქტივობაა. ამ პროცესებმა მაჩვენა ჩემი თანატოლების პრინციპულობა და მოქნილობა. მოქმედებები ელვისებურად ვითარდებოდა. სულ რაღაც 1 კვირაში დაიგეგმა არაერთი შეხვედრა, აქცია და სხვა სახის აქტივობა. სტუდენტობამ აჩვენა არნახული ერთიანობა და შედეგმაც დიდი ხანი არ დააყოვნა. პირადად მე ვიყავი სტუდენტური მოძრაობის წევრი, რომელმაც სხვადასხვა ადამიანი გააერთიანა ერთი იდეის გარშემო. ეს იყო გამაერთიანებელი მოძრაობა ყველა იდეოლოგიის სტუდენტის, რომელთაც ჰქონდათ ერთი კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ სვლა იყო გააზრებული, პრინციპული და შეუჩერებელი.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვქმნი ორგანიზაციას სტუდენტური მოძრაობის საფუძველზე.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
ვფიქრობ ჩემი საქმიანობა ეხმიანება მოქალაქეების საჭიროებებს. არაფორმალური განათლება, მოქალაქეების და პირველ რიგში ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერება არის სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველი. სტუდენტური ცხოვრება და განათლების ხელშეწყობა არის ის ერთადერთი მიღწევადი მიზანი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო განავითაროს, დაამარცხებინოს სიღარიბე და გადაუჭრას ის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც ათწლეულებია გვაწუხებს. ვფიქრობ, რომ მსგავსი საქმიანობით შევძლებთ გავაძლიეროთ ახალგაზრდების პოლიტიკური გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე, რადგან საბოლოოდ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ეხება მომავალს.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისტორიის გადააზრება და მასზე დაყრდნობილი ღირებულებების გადახედვის აუცილებლობაა. საბჭოთა ისტორიკოსებისა და პოლიტიკური კულტურის არ არსებობის პერიოდში ისტორია იქცა პოლიტიკურ იარაღად და მანუპილირების საგნად. დღეს ამ მცდარი ღირებულებების გამოყენებით რადიკალური ჯგუფები ძლიერდებიან და საზოგადოებას ხლეჩენ. მსგავსი რადიკალიზმი არ არის სახასიათო ქართული საზოგადოებისთვის და მასთან ბრძოლა მხოლოდ განათლებით და სამოქალაქო თვითშეგნებითაა მიღწევადი. სამოქალაქო განათლება და ისტორია სწავლება საჭიროა ერთიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც მდგრადი იქნება თავის ღირებულებებში და სწორად დასვამს პოლიტიკურ დაკვეთას პოლიტიკოსების მიმართ.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა თვითორგანიზების ახალი დონე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მასობრივი პოლიტიკური კამპანია ან საპროტესტო აქცია პოლიტიკური პარტიების გარეშე წარმოუდგენელი იყო. უკანასკნელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, რესურსების მართვა და რაც მთავარია სათქმელის ზუსტად მიტანა მოსახლეობამდე. დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ საარჩევნო კამპანიებსა და პოლიტიკურ ბატალიებზე. მიტინგებით პოლიტიკის კეთება წარსულს ჩაბარდა რაც დადებითია როგორც პარტიებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. აღნიშნული მოვლენა ქართველი ერის ისტორიაში დიდი ერთიანობის და ეროვნული გამოღვიძების შედეგია. ქართველი ერის ჩამოყალიბების შემდეგ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა დამაგვირგვინებელი ეტაპია.
- ვარდების რევოლუცია – მოვლენა, რომელმაც საქართველო არშემდგარი სახელმწიფოთა სიიდან ამოიყვანა. აღნიშნული პერიოდის მოდერნიზაცია და პოლიტიკური ინსტიტუციების ჩამოყალიბება თანამედროვე სახელმწიფოს საწინდარია.
- 2008 წლის ომი – მიუხედავად სამხედრო მარცხისა პირველად საქართველო არ აღოჩნდა მარტო დამპყრობელთან. აშშ-ს სამხედრო-ჰუმანიტარულმა დახმარებამ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების ვიზიტმა შეაკავა რუსეთის აგრესია. შენარჩუნდა სახელმწიფოებრიობა და გეოპოლიტიკური არჩევანი.