ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და საერთაშორისო ორგანიზაციები და კრიზისის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტის, გიორგი ფაჩუაშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

მთავარი გამოწვევა მსოფლიოში არსებული კრიზისებია. სულ რამდენიმე წლის წინ გადავიტანეთ გლობალური პანდემია Covid-19-ის სახით, რამაც ბევრი რამ შეცვალა ავად თუ კარგად. 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩნდა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ამავდროულად, ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. ამ პირობებში, საქართველოს აქვს არჩვანი: განვითარდეს და შეუერთდეს ევრო-ატლანტიკურ ოჯახს, ან დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროდ. მთავარი გამოწვევა იმაზე შეთანხმებაა, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი კრემლის ორსაუკუნოვანი გავლენებს. ამის გადაჭრა კი, როგორც ახალგაზრდას, ჩემი მომავლის საფუძვლად მიმაჩნია.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ილია ჭავჭავაზე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო საქართველოში. მაშინ საქართველო, როგორც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა რუკაზე. იგი მიტაცებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ და ვერ ახერხებდა მისი უღელის დაძლევას. სწორედ ამაში ითამაშა როლი წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. არაფორმალური მან მეთოდებით შეძლო ჩვენი იდენტობის შენარჩუნება და საფუძვლის ჩაყრა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. სწორედ ესაა იმის მაგალითი, თუ რამდენად დიდი როლის თამაში შეუძლია აქტიურ მოქალაქეს საზოგადოებრივ ასპარეზზე.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ყველაზე მეტად მარტში განვითარებული მოვლენებით ვამაყობ. სტუდენტებმა ავიღეთ ინიციატივა და საერთო პროტესტის თანაორგანიზატორები გავხდით. ახლაგაზრდების უპრეცედენტო აქტიურობამ და სიმამაცემ კი ის შედეგი გამოიღო, რომ ხელისუფლებამ პირველად დაიხია უკან ასეთ გადამწყვეტ მომენტში. ამან გვაჩვენა, რომ არამხოლოდ მომავლის, არამედ დღევანდელი დღის ლიდერები ვართ. სწორედ ჩვენ უნდა ვიღებდეთ მიკროფონებს, რუპორებს, გამოგვქონდეს ბანერები და გადაწყვეტილებებს ვიღებდეთ იმ ღირებულებების გარშემო, რაც ზუსტად იმავე ბანერებსა თუ ჩვენს საუბრებში იქნება გამოხატული.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამჟამად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტში ვსწავლობ “საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კრიზისის მენეჯმენტის” სამაგისტროს პროგრამაზე.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

რადგან აუცილებელია იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რაც მსოფლიოს გარშემო გვხვდება და საქართველოსაც ეხება, როგორც ამ საერთო ოჯახის ერთ-ერთ წევრს. თუმცა, საერთაშორისო პროცესებში აქტიურად ჩართვისთვის აუცილებელია ქვეყნის შიგნით ვგრძნობდეთ უსაფრთხოდ თავს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობით შეგვიძლია გავაკეთოთ. ამავდროულად, გვჭირდება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირი ამისთვის არაჩვეულებრივი სივრცეა. მსურს, ჩემი უნარები ამ საქმეს მოვახმარო, რადგან ნატო-ც და ევროკავშირიც საერთაშორისო ორგანიზაციაა – რასაც ახლა შევისწავლი. ევროპის შუაგულში მიღებული ამგვარი გამოცდილება ფასდაუდებელია ამ გზის გასავლელად.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი შეუთანხმებლობაა. გამოვიარეთ საბჭოთა კავშირი, “ბნელი 90-იანები”, სამოქალაქო ომი, ახალ რეალობასთან და დამოუკიდებლობასთან შეგუების რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი. საბჭოთა იმპერიის რეპრესიული პოლიტიკის გამო დავკარგეთ კავშირი ჩვენს პირველ რესპუბლიკასთან, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია. რუსეთი კი მუდამ გვიტევს და ამჟამად ჩვენი მიწების 20% მიტაცებული აქვს. ასეთ მძიმე გარემოში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება და გუნდური მუშაობა, როგორც საზოგადოებას, რაც რთული პროცესია. სანამ არ შევთანხმდებით განვითარების გრძელვადიან და კონკრეტულ გზაზე, ხოლო ჩვენი პოლიტიკა ამას არ უპასუხებს, მანამდე ვერ მოვახერხებთ ვერც უსაფრთხოების და ვერც კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

დადებითი ტენდენცია ქართულ საზოგადიებაში ახალი, შემოქმედებითად მოაზროვნე, განათლებული თაობის გამოჩენაა. პირადი გამოცდილებით რომ ვისაუბრო, მთელი მსოფლიოს გარშემო ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობით პოვნა რთულია. ქართველი ახალგაზრდების მოწადინებულობა მუდამ მაოცებს და იმედით მავსებს, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა რეალურად სურს. ზუსტად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს ერჩოდა საბჭოთა კავშირი და ზუსტად ეს სეგმენტი გაანადგურა. თუმცა, ვერ წაშალა ჩვენი საერთო მახსოვრობა და იდენტობა, რომელიც უკეთესი სახელმწიფოს შენების სურვილს გვაძლევს. მარტში ნათლად დავინახეთ ეს; პროევროპული და პროუკრაინული აქციების მიმდინარეობისასაც. ამ თაობას არ სურს რუსეთის სატელიტ, განუვითარებელ “გუბერნიაში” ცხოვრება, ამიტომაც ირჩევს ევროპას.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

  1. ვარდების რევოლუცია: ამ მოვლენამ გვიჩვენა, რომ ძალაუფლების წყარო ჩვენს ქვეყანაში ხალხი იყო და მას განვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრება სურდა. ასევე დაგვანახა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთან შესაძლებელი იყო. 
  2. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან: ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება მივიღეთ. გაიზარდა აქაური საგანმანათლებლო, კულტურული თუ სხვა სახის პროექტების დაფინანსება. უფრო დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს და ახალგაზრდებს განვითარების მეტი შესაძლებლობა მოგვეცა. 
  3. რუსული კანონის მარცხი: ამ მოვლენამ დაგვანახა, რომ ახალგაზრდების პროტესტის ისტორიული გამოძახილი კვლავ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და მხოლოდ ძლიერდება. მან გააერთიანა ქართული საზოგადოება ჩვენი დევიზის პრინციპით. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.