აბსტრაქტი

დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის საკთხში ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მშენებლობა წარმოადგენს. ქვეყნის მძიმე საბჭოთა წარსულისა და ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიიდან გამომდინარე საქართველოს წინაშე მწვავედ დგას დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა, რომელიც დამოუკიდებლობის  30 წლიანი ისტორიის განმავლობაში ვერცერთი ხელისუფლების მიერ ვერ მოგვარდა. ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემის კლანური მმართველობის დასრულებას სწორი და კონსტრუქციული რეფორმები სჭირდება, რომლებიც ქვეყნის ახალი მრავალპარტიული პარლამენტის მიერ უნდა იქნას მიღებული. დღემდე  ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისათვის საქართველოში.

პარტია გირჩის ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოკვლევის საფუძველზე თვლიან, რომ აღნიშნულ ეტაპზე ქვეყანაში  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია შეიქმნას სასამართლო ინსტანციების ერთმანეთთან დამოკიდებულების ისეთი სისტემა, რომელშიც სასამართლოს სხვადასხვა შრეებს შორის გავლენის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. პარტია გირჩს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა მოქალაქეთა მიერ  პირდაპირი არჩევის სისტემა მიაჩნია. აღნიშნული ალტერნატივა მართლმსაჯულების განხორციელებაში სისტემის სხვა შრეების  როლის მაქსიმალურად შემცირებას გამოიწვევს  და გაზრდის თითოეული  ადამიანის როლს მართლმსაჯულების განხორციელებაში.

შესავალი

სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლო ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველია. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. სამართლიანი, დროული, ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი სასამართლოს არსებობა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორთა რიგებშია. საპირისპიროდ, გადატვირთული სასამართლო სისტემა და დროში გაწელილი მართლმსაჯულების პროცესი ეკონომიკურ აქტორებში ზრდის განუსაზღვრელობას რაც,  თავის მხრივ, მხარეების მიერ ოპორტუნისტულ ქცევისთვის სივრცეს ქმნის.

სასამართლო მომსახურება თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საზოგადოებრივი საქონელი, რომელიც მომხმარებელს ორი სახის სერვისს აწვდის – დავის გადაწყვეტა და თავად წესების, როგორც მეორადი პროდუქტის ფორმულირება. ეს უკანასკნელი ანგლო-საქსური სამართლის სისტემებს ახასიათებს.

ამდენად, სასამართლოს მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების პროცესში, უმნიშვნელოვანესია მიღწეული იყოს სერვისის მაღალი ხარისხი, რაც სასამართლოს მიერ მომხმარებლის ნდობის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია ასევე, არსებითია გადაწყვეტილების მიღებისთვის – მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო  რესურსები და მათი ეფექტიანი გამოყენება.

ჩვენი კვლევის მიზანია ვაჩვენოთ არსებული სასამართლო სისტემის არაეფექტურობა და შემოგთავაზოთ, ბევრად უფრო ეფექტური, ახალი მოდელი.

პრობლემის ელემენტები და ასპექტები

პრობლემის მთავარ ასპექტს წარმოადგენს, მართლმსაჯულების ცენტრალიზებული სისტემა. ეს კი შეეხება – სასამართლოს, პოლიციასა და პროკურატურას. ამჟამინდელი სისტემით სამივე ინსტიტუტი იმართება ვერტიკალურად – კერძოდ მოსამართლეები ექვემდებარებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროკურორები – გენერალურ პროკურორს, ხოლო პოლიცია – შინაგან საქმეთა მინისტრს.

თითოეული მათგანი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია არა მოქალაქეა მიმართ, არამედ საკუთარი უწყების ხელმძღვანელის მიმართ, ეს პრობლემა საქართველოს უკვე 30 წელია აქვს, რადგან არასდროს მომხდარა სისტემის არსებითი ცვლილება და დღემდე საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას წარმოადგენს.

პრობლემის მასშტაბები და სიმწვავე

ამასთან, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია, სასამართლოს ეფექტიანობა ერთ კონკრეტულ შედეგს დავუკავშიროთ. ეფექტიანობის მიღწევა არ ხდება მხოლოდ სასამართლო სისტემის ბიუჯეტის, ან თავად მოსამართლეთა რიცხვის ზრდით – თუმცა საქართველოს სასამართლო პრაქიკას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ მათთვის არც ბიუჯეტია საკმარისი და არც ადამიანური რესურსი. უფრო მეტიც, შესაბამისი ბიუჯეტის და ადამიანური რესურსის პირობებშიც კი, შესაძლოა მაინც ვერ იქნას მიღწეული სასამართლოს ეფექტიანობა.

შესაბამისად, ამ სექტორისთვის ფინანსური რესურსის უხვი მიწოდებაც ვერ იქნება წარმატების საწინდარი. არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აწყდება დაგვიანებული მართლმსაჯულებისა და საქმეთა დავალიანების პრობლემას, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სასამართლოს როლის და მისი უფლებამოსილების ფარგლების გაზრდა. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპი.

სახელმწიფოს მიერ ახალი რეგულაციების შექმნით და სასამართლოს არაეფექტურობით, გაზრდილია საქმეების რაოდენობა, რაც მოსამართლეთა გადატვირთვას უწყობს ხელს რაც, თავისთავად, ზრდის გადაწყვეტილების მიღების დროს, გადაწყვეტილების დაბალი ხარისხისა და შეცდომის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში გონივრულია, ვიფიქროთ, რომ მოსამართლეები უფრო მეტად ფოკუსირებულები არიან გადაწყვიტონ რაც შეიძლება მეტი დავა, რომ არ მოხდეს საქმეების დაგროვება და ნაკლებად არიან ორიენტირებულნი თავად გადაწყვეტილების ხარისხზე, განჭვრეტადობაზე, რაც თავის მხრივ ამცირებს სასამართლოს მიმართ სანდოობას. ასეთ პირობებში თუკი სასამართლო არ იქნება დეცენტრალიზებული, შეუძლებელი გამოდის მისი ეფექტიანობა.

პრობლემის გადაჭრის ალტერნატივები

პრობლემის გადაჭრის პირველ ალტერნატივად წარმოდგენილია, სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც ჩვენი ხედვით ასე გამოიყურება: სისტემა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან. მმართველმა პარტიამ, მმართველმა კოალიციამ ან „ცეკას მდივანმა“ ვერ შეძლოს სასამართლო სისტემის თავისი შეხედულებისამებრ მართვა და მისი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა არ იყოს ერთი ვერტიკალური სისტემა, არამედ შედგებოდეს დამოუკიდებელი სეგმენტებისგან (დამოუკიდებელი მოსამართლე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასამართლო დონეები და ინსტანციები და სხვა) , რათა შეუძლებელი გახდეს სისტემის მართვა „კლანის“ მეშვეობით. აუცილებელია, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესი იყოს საჯარო, სამართლიანი და სანდო, ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი ასე გამოიყურება – საქალაქო/რაიონული მოსამართლე იქნება არჩევადი და მას აირჩევს შესაბამისი ტერიტორიიული ერთეულის ამომრჩეველი. შესაბამისად, არჩეული მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და აღარ წარმოადგენს ერთიანი ვერტიკალური სასამართლო სისტემას დაქვემდებარებულ პიროვნებას. მოსამართლის სამოქმედო არეალი შესაძლოა მოიცავდეს ერთ ან რამოდენიმე რაიონს და შესაბამისად მის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სამოქმედო არეალის ამომრჩეველი. ამ გზით არის შესაძლებელი ცალკეულ რაიონებში პოლიტიკური კლანების ზეგავლენის შესუსტება. თითო მოსამართლე 5 წლის ვადით იქნება არჩეული. მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხელმისაწვდომობაც, რათა უფრო ეფექტური იყოს სასამართლო. სოწრედ ამიტომ, ბრალდებულის ან მოსარჩელის მოთხოვნით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება ყველა სახის სისხლის სამართლის და გამოხატვის თავისუფლების საქმესთან დაკავშირებულ დავაზე უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, ასევე ვისაუბროთ თუ როგორ უნდა მოხდეს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა – მათ  დანიშნავს პარლამენტი. პარლამენტს დასანიშნ კანდიდატებს წარუდგენს საპარლამენტო კომისია, რომელიც კომპლექტდება ბოლო ორი ან სამი საპარლამენტო არჩევნებში 2%-იან ბარიერ გადალახული პარტიების ორ-ორი წარმომადგენლის მიერ. სწორედ ეს კომისია წყვეტს, კანდიდატთან გასაუბრების შემდგომ წარუდგინოს თუ არა კანდიდატი პარლამენტს დასანიშნად. კომისიის დაკომპლექტების ამგვარი პრინციპი მუდამ უზრუნველყოფს კომისიაში მმართველი ძალისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენელთა დომინირებას. შესაბამისად, მოსამართლეთა დანიშვნის ამგვარი პრინციპი ერთის მხრივ გამორიცხავს დანიშნულ მოსამართლეთა პარტიულ მორჩილებას და მეორეს მხრივ გაზრდის სასამართლოს სანდოობისა და სამართლიანობის ხარისხს. პარლამენტის მიერ ამგვარი წესით მოსამართლეების დანიშვნით, ავტომატურად ტოვებენ სასამართლოს მანამდე დანიშნული მოსამართლეები, მათ შორის უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. მოსამართლეები არ ინიშნებიან მუდმივად, არამედ გარკვეული ვადით – 5 წლით. როცა მოსამართლეს ყოველ ხუთ წელიწადში უწევს გასაუბრება საპარლამენტო კომისიასთან, ეს უზრუნველყობს მის პატიოსნებას და სამართლიანობას. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეებად მოწვეული იქნებიან უცხოელი მოსამართლეები. უცხოელი მოსამართლეები ძირითადად უნდა დაკავდენ საზოგადოებისათვის მაღალი სენსიტივობის მქონე საქმეებით.

პრობლემის გადაჭრის მეორე ალტერნატივას წარმოადგენს კერძო საარბიტრაჟო სასამართლოების ჩამოყალიბება. რომლის დროსაც სასამართლო აღარ არის საჯარო დაწესებულება, არამედ იგი გადადის ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიების ხელში. აქ კი რთლია განისაზღვროს თუ რამდენად, ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული სერვისი თითოეული მოქალაქისათვის.  სასამართლოსადმი მიმართვიანობა მუდმივად მზარდია, ასეთ დროს კი სასამართლოს ეფექტიანობა და დროში მოქნილობა უმნიშვნელოვანესია. სასამართლოს მომსახურება შეიძლება მივიჩნიოთ merit good-ად, რაც ნიშნავს, იმას, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ სახის მომსახურება ადამიანების განვითარებისათვის, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული სისტემის სრულად განკერძოებამ კი რეფორმის საწყის ეტაპზე, შესაძლოა შეამციროს მისი ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სერვისი, ხელოვნურად მონოპოლიზებულია სახელმწიფოს მიერ, ჩვენ არ ვიცით თუ როგორი იქნებოდა, მათი ეფექტურობა, თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კომპანიები ყოველთვის ბევრად ეფექტურები არიან, ვიდრე სახელმწიფოს მოწვდილი იგივე სერვისია.

არსებული რეალობისა და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ არჩეული ალტერნატივებიდან, პირველი უფრო რეალისტური და დროში მალე განხორციელებადია.
მესამე ალტერნატივას წარმოადგენს სტატუს კვო, რომელზეც ვისაუბრეთ პრობლემის სიმწვავისა და ასპექტების ნაწილში – სწორედ ამიტომ აღარ განვიხილავთ ამ ალტერნატივას მოცემულ ნაწილში.

რეკომენდაციები

ამრიგად ჩვენს დოკუმენტში წამოჭრილი ალტერნატივებიდან, პრველი ყველაზე მეტად ეფექტური იქნება. კერძოდ – მოხდეს სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაცია, მოსამართლეები იყვნენ  არჩეული მოსახლეობის მიერ. ამრიგად, ისინი ანგარიშვლადებულნი იქნებიან ხალხის და არა ბიუროკრატიული აპარატის თუ მხოლოდ ვერტიკალური სისტემის მიმართ. ამისათვის საჭიროა:

  • დავუბრუნოთ სასამართლოს ნდობა – აუცილებელია, რომ ხალხი ჩავრთოთ მისი დაკომპლექტების პროცესში.
  • მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნას შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს, შორის – „სისტემა უნდა დაიშალოს“.
  • უნდა მოხდეს ამ თემის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტუალიზაცია.

დასკვნა

ჩვენი ალტერნატივის მიხედვით, მართლმსაჯულების განხორციელებაში სისტემის როლი მაქსიმალურად მცირდება და იზრდება ადამიანის როლი. წარმატების გარანტი იქნება არა ის თუ რამდენად ზუსტად შეასრულებენ მოსამართლეები სისტემის თავში მსხდარი ადამიანების სურვილებს, არამედ პირიქით, რამდენად შეძლებენ უგულებელჰყონ ის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანებისთვის არათუ საშიში იქნება, არამედ დაიცავს მათ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად მივიღებთ სასამართლოს, რომელიც იქნება მმართველი პარტიისგან თავისუფალი.

ავტორები:
თეკლა დალაქიშვილი
ანა ჩიქოვანი
ნინო ცქიტიშვილი
როკო მწყერაშვილი
ნინა საჯაია
ირაკლი ეხვაია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.