ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ პოლიტმეცნიერების სტუდენტისა და სამოქალაქო აქტივისტის გურამ ჯაჯანიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე:

 

 

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ამ კუთხით უფრო ზოგად პრობლემაზე გავამახვილებდი ყურადღებას – სკოლის დამთავრების მომენტში მოსწავლეს ან გაცნობიერებული არ აქვს რა უნდა აკეთოს სამომავლოდ, ან მცდარი მოლოდინები აქვს საკუთარ არჩევანთან მიმართებით და შედეგად 21-22 წლის ასაკში ეჩეხება არასასურველ რეალობას, უწევს პროფესიის შეცვლა ან იპყრობს გაურკვევლობა.

ამის გადჭრა შესაძლებელია, თუ სასკოლო განათლების სისტემა მართლა მოამზადებს მოსწავლეებს რეალური ცხოვრებისთვის. პროფესიის სწორად არჩევის კუთხით ეს მიღწევადია მათი ინფორმირებით იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყანაში დასაქმების ბაზარი, რომელი სექტორია ყველაზე მოთხოვნადი, სად არის კარიერული განვითარების პერსპექტივა და როგორია ზოგადად სხვადასხვა სფეროში კარიერული განვითარების გზა, სად რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მას ანაზღაურების კუთხით და ა.შ.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

პირველი დასი (მე-19 საუკუნე) და ზოგადად დასები, რომლებიც იყო ერთგვარი პირველი სამოქალაქო გაერთიანებები, სადაც თავს იყრიდნენ ერთი იდეითა და ენთუზიაზმით შეკავშრებული ადამიანები

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

მთავარ მიღწევად მიმაჩნია იმის დაფასება, რაც აქ, საკუთარ ქვეყანაში მაქვს და მიუხედავად სირთულეებისა, არსებითად გავითავისე, რომ აქ ყოფნა და კონკრეტული მიზნის, იდეისკენ სწრაფვა ღირებულია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამით შესაძლებლობა მომეცა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა რაღაც დონეზე ახლოდან გამეცნო. შესაძლებლობა მქონდა რამდენიმე თვე გაცვლითი პროგრამით მეცხოვრა აშშ-ში, გარკვეული დრო გამეტარებინა გერმანიაში, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ყოველ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ გამოვცადე თუ რას ნიშნავს „აწყობილ ქვეყანაში ცხოვრება”, მეორე მხრივ კიდევ უფრო მეტად დავაფასე ის, რაც ჩემთვის „საქართველოდ” მოიაზრება, ის რაც აქ მაკავებს და რისთვისაც დარჩენა და კონკრეტული მიზნისკენ, იდეისკენ სწრაფვა ღირს.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პოლიტიკური დაიჯესტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა – Fellowship

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის ფაქტი, რომ ამ ტიპის საქმიანობა მეტწილად მოხალისეობრივია. მოხალისეობრივი საქმიანობა კი როგორც წესი ყველაზე დიდი ენთუზმიაზმით სრულდება. ამავდროულად სამოქალაქო აქტივიზმის არსებით ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ იგი ავსებს იმ სფეროებს, რომლებშიდაც საჯარო სივრცე და სახელმწიფო მოიკოჭლებს. მოხალისეობრივი კომპონენტიდან გამომდინარე სამოქალაქო აქტივიზმი არის ერთგვარი გზა გავიცნო ის ადამიანები, რომლებთანაც ენთუზიაზმი და საერთო იდეა, მიზანი მაკავშირებს. სწორედ ეს ფაქტორები ხდის მას ჩემთვის ღირებულს.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე

ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა არის დაქსაქსულობა იმ თემების ირგვლივაც კი, რომლებიც იდეაში გვაერთიანებს. მაგალითად მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას ბოლო დაახლოებით 20-25 წლის განმავლობაში სტაბილურად გათვითცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული გზა. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ასევე გააზრებული აქვს, რომ რუსეთი ქართული მიწების ოკუპაციის პირობებში, საკუთარი აგრესიული იმპერიალისტური ზრახვებით არის მტერი და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მთავარი საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამ ორი ძირეული თემის ირგვლივ არსებობს ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსი, ჩვენ ამ თემების ირგვლივაც კი მაინც ვახერხებთ დაყოფას.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

რაც არ უნდა ტრაგიკული და გამოწვევებით სავსე უნდა იყოს ჩვენი რეალობა, რაც არ უნდა ნიჰილისტური განწყობით იყოს შეპყრობილი მთელი ქვეყანა, მიმაჩნია, რომ ჩვენ გაგვაჩნია ყველაზე მნიშვენლოვანი რამ – ერთიანი ცნობიერება იმის შესახებ, თუ სად გვინდა ვიყოთ, ვის ვეძახით მტერს, და ვის მეგობარს. ეს გამოიხატება რუსთაველის გამზირზე 2022 წლის 24 ივნისს გამოსულ ათიათასობით ადამიანში, ეს გამოიხატება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების 75-85%-იან ურყევ ნებაში ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საკმარისი, ესაა აუცილებელი პირობა. აუცილებელი პირობა საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც გამოარჩევს საქართველოს ყველა სხვა სახელმწიფოსგან ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სახმრეთ-აღმოსავლეთით.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 

1978 წლის 14 აპრილი – დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ბოროტების იმპერიას და ზოგადად, განზოგადებულად იმპერიალიზმს დაანახა, რომ საკუთარი იდენტობის ხელყოფას არ აპატიებს და არ დაანებებს არავის.

1989 წლის 9 აპრილი – დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა საკუთარ ცნობიერებაშივე დაანგრია ისტორიული ბოროტება – საბჭოთა კავშირი და მოექცა განმანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში და აქვე 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც ტრაგიკული დღიდან ორი წლის თავზე აღადგინა დამოუკიდებლობა.

1999 წლის 27 იანვარი – ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში გააჟღერა ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. ეს დღე და სიტყვები ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა ნებისა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია მიგვიძღვება თავისუფალი სამყაროს წევრობისკენ დასახულ გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.