ჩემი მოკლე ბიოგრაფია

გურამი ჯაჯანიძე დაიბადა 1999 წლის 4 მარტს ქალაქ თბილისში. 2017 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის N87-ე საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. სკოლაში სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული უცხო ენის შემსწავლელ კურსებში TLC (Tbilisi Language Centre – ინგლისური)-სა და Goethe-Institut Tbilisi-ში (გერმანული), 2014 წელს ჩააბარა ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდაც – Cambridge First Certificate in English (FCE). გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ და კერძო სასკოლო ოლიმპიადებში, 2016 წელს ინგლისურ ენაში ეროვნულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების შედეგად გახდა 2016 წლის ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის მონაწილე. საჯარო სკოლის დამთავრებამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე იგი ჩაერთო პროექტ “ინიციატივის” ფარგლებში ჩატარებულ ერთ-ერთ აქტივობაში და მას შემდეგ აქტიურად არის ამ პლატფორმის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების მონაწილე. 2017 წელს იგი გახდა შზსუ-ს მიერ ორგანიზებული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული, რის შედეგადად უკვე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მოიპოვა სრული შიდა დაფინანსება აღნიშნულ სასწავლებელში, სადაც მალევე განაგრძო სწავლა. გარდა ამისა, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა შორის იგი იყო პირველ ადგილზე რანჟირებული სიის მიხედვით.

ჩემთვის #ინიციატივა არის

#ინიციატივა არის პლატფორმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მაძლევს შანსს, მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და ამით ჩემს გარშემო რაღაც მაინც გავაუმჯობესო, მივცე გასაქანი შთაგონებას, გზა გავუხსნა კრეატივს და ცოტა მეტად დავძაბო ტვინი, მოვიფიქრო რაღაც ახალი, ავამუშავო ფანტაზია და ეს ყველაფერი იმ განცდის ფონზე, რომ ყოველივე ეს ამაო არ არის და ამ ფანტაზიის, კრეატივისა და შთაგონების ნაყოფი, იმ შემთხვევაში თუ კარგად იქნება დამუშავებული და ფორმულირებული, შესაძლოა არ შთაინთქას გონებაშივე და ფაქტობრივად განხორციელდეს რეალურ დროსა და სივრცეში. ნუ, გარდა ამ უპირველესი მიზნისა, რაც გულისხმობდა ჩემს გარშემო არსებული სივრცის უკეთესობისკენ შეცვლას, ინიციატივა არის პლატფორმა, რომელსაც შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს პირადად ჩემი ცხოვრებაც, რაც მდგომარეობს შემდეგში – ინიციატივას შეუძლია (და, ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე ეს უკვე შეძლო კიდეც) გამხადოს მე უკეთესი სოციალური სუბიექტი, უკეთესი პიროვნება, ვინაიდან მასში ჩართულობის გზით მე მეძლევა შანსი გავიცნო ძალიან ბევრი საინტერესო და ძვირფასი ადამიანი, რომლებიც, საკუთარი პიროვნული თვისებებისა და აკადემიური შესაძლებლობების წარმოჩენის გზით, თავის მხრივ, ასაზრდოებენ ჩემს პიროვნებასაც (ასევე პიროვნული და აკადემიური გადმოსახედით), ანუ, ანგარებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმ სიამოვნებისა, რომელსაც ამ ხალხთან ურთიერთობისას განვიცდი, მე ვიღებ აბსტრაქტულ სარგებელსაც, მოკლედ რომ ვთქვათ – პიროვნულად ვიზრდები. გარდა ამისა, აღნიშნული მიმართულებებით ზრდაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებით, აკადემიური მიმართულებით) მეხმარება თავად ის აქტივობებიც, რომლებიც ინიციატივის ფარგლებში ტარდება, ვინაიდან ისინი თავისი ფორმატითა, ისევე როგორც მათში არსებული ინფორმაციული რესურსითა და გამოცდილებით მაძლევენ განვითარების რეალურ შესაძლებლობას, ცოდნის გაღრმავებისა და სხვადასხვა ტიპის უნარჩვევის განვითარების შანსს. მოკლედ, #ინიციატივა მაგარი რამაა…

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

სანამ იმას ვიტყოდე, პირადად მე რა დამოკიდებულება მაქვს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიმართ, აღვნიშნავ, რომ სრულებით ვეთანხმები ამ ორგანიზაციის აღწერაში არსებულ შემდეგ მცირედ, მაგრამ მრავლისმთქმელ მონაკვეთს – “ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში”. ამ მონაკვეთის ჭეშმარიტებაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია გადავხედოთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია დაარსების დღიდან კურირებდა…
რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ანუ, იდეაში სუბიექტურ მოსაზრებას, რომელიც რეალურად, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, საკმაოდ ობიექტურია, ვიტყვი, რომ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავისი ქმედებითა და არსით ანადგურებს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ არც თუ ისე ჯანსაღ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც უკვე თავისი სიმძაფრითა და სიმრავლით პარადიგმად ჩამოყალიბდა. ვგულისხმობს შემდეგს, ქართული საზოგადოების უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიჩნევს ფულის მჭამელ (ე.წ. გრანტიჭამია), უმაქნის წარმონაქმნებად, რომელთა მთავარ მიზანსაც სახელმწიფოებრივობის ძირის გამოთხრა და მგრძნობიარე თემებით მანიპულირება წარმოადგენს, ეროპულ-ქართული ინსტიტუტი კი ამტკიცებს სრულებით საპირისპიროს, მე პირადად მაქვს განცდა, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია არათუ იზიარებს და ესწრაფის რომელიმე ზემოაღნიშნულ ამორალურ და ნეგატიურ მიზანს, არამედ პირიქით, ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივიზმის გამძაფრებას, არაფორმალური განათლების პოპულარიზებას, მოსახლეობის ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებას, ყოველივე ეს კი პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივობის განმტკიცებასთან და პირდაპირ გულისხმობს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერას, ვინაიდან განათლებული და სამოქალაქო სფეროში აქტიური მოსახლეობა თავისთავად არის ის რესურსი, რომელიც ქმნის შემდგარ და ძლიერ სახელმწიფოს…
ამგვარად, მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომლის თვითმიზანსაც წარმოადგენს ქართულ სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნვა, რასაც ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს და ვიმედოვნებ, ეს ასეც გაგრძელდება…

მე ასეთი საქართველო მინდა…

თავდაპირველად, ვახსენებ ზოგადად მარტივად ჩამოყალიბებულ იმ სურვილებსა და ნატვრებს, რომლებიც ყველა ქართველს აკავშირებს…
მე მინდა ერთიანი, სუვერენული, მდგრადი, ძლიერი, განვითარებული, განათებული (იდეურად), განათლებული და გაბრწყინებული ქვეყანა…
ნუ, ერთ წინადადებაში ფორმულირებისას არც თუ ისე რთულად წარმოსადგენია ეს ყველაფერი, თუ როგორი საქართველო მინდა, მაგრამ, რეალურად, “და მაინც დიდი გზაა იქამდე…” (ავტორმა მომიტევოს ამ სიტყვების ორიგინალი იდეისგან განსხვავებულ კონტექსტში გამოყენება…),
… და რამდენად დიდი გზაა იქამდე და რა დაბრკოლებები გვხვდება ამ გზაზე, ამის წარმოჩენას მოკლედ შევეცდები მომდევნო რამდენიმე ხაზში, სადაც თავის მხრივ, არ ვუღალატებ ამ ესეს სათაურს და ვიტყვი, თუ როგორი საქართველო მინდა (ან არ მინდა) და რომელი დიდი გზა გვაშორებს იმ საქართველოსგან, რომელიც მე მინდა…
მე მინდა საქართველო, სადაც ქართველი დარჩენას არ თაკილობს და ევროპაში “მოხევაზე” არ ფიქრობს დღე-ღამ, არამედ ქვეყანა, სადაც მასზე ზრუნვა და მისთვის შრომა თვით პირად კეთილდღეობაზე ზრუნვის ყველაზე ეფექტურ გზადაა მიჩნეული…
მე მინდა საქართველო, სადაც შრომა და სწავლა ყველასთვის უფრო პრესტიჟულია, ვიდრე კრიმინალურ სამყაროში “სახელის მოხვეჭა”…
მე მინდა საქართველო, სადაც ხალხი სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტს, სადაც სახელმწიფოებრივი, კოლექტიური ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ინდივიდუალური ფსევდო-ღირებულებები…
მე მინდა საქართველო, სადაც პატრიოტიზმი თავის ზენიტშია… ვგულისხმობ გააზრებულ, ზომიერ (და არა რადიკალურ, უაზრო) პატრიოტიზმს, რომელსაც, მიუხედავად ზომიერებისა და ადეკვატურობისა, შესწევს ძალა, იქცეს აღმაფრენისა და სამშობლოსთვის თავდადების განცდის გამომწვევ წყაროდ…
მე მინდა საქართველო, სადაც ყველას გააზრებული აქვს, რომ პირადი კეთილდღეობის მიზნით სახელმწიფოს ძარცვა დამღუპველია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც და შემდეგ ძირს უთხრის თავად იმ პირად კეთილდღეობასაც, რომლის მიღწევასაც ასე ესწრაფის მისი შემოქმედი…
მე მინდა საქართველო, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება იდეები და არა ამ იდეების შემოქმედი ხალხი, სადაც თითოეულ ინდივიდს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იდეების დაპირისპირება გზაა განვითარებისა, ხოლო იდეათა შემოქმედთა პირადი დაპირისპირება მაუწყებელია მხოლოდ უკუსვლისა, უკეთეს შემთხვევაში – ერთი და იმავე ადგილის ტკეპნისა…
მე მინდა საქართველო, სადაც თითოეული მოქალაქე თავისი არსით ჯარისკაცია, სადაც ჯარის მოხდა უფრო მეტად განპირობებულია პირადი კეთილი ნებით და არა ვალდებულებით, სადაც “სავალდებულო ჯარიც” რეალურად ნებაყოფლობითია…
მე მინდა საქართველო, სადაც მოქალაქე პატივს სცემს პოლიციელს და არ უყურებს მას ზიზღის თვალით, ვინაიდან გათვითცნობიერებული აქვს, რომ პოლიციელი მის კეთილდღეობაზე ზრუნავს და, თავის მხრივ, ამ საქართველოში პოლიციელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ზემოაღნიშნული იდეა, აქ იგი მთელი თავისი არსით აცნობიერებს თავის დანიშნულებას და შესაბამისადაც მოქმედებს…
მე მინდა საქართველო, სადაც ქართველი თავადვე აკეთებს ყველაფერს საკუთარი ქვეყნის და გარემოს უკეთესობისკენ შესაცვლელად, ხოლო თუ რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, ეძებს ამ ნეგატივშიც თავის ბრალეულობას და ყოველთვის ყველაფრის გამკეთებლად ან გასაკიცხ საგნად არ მოიაზრებს მის მიერვე არჩეულ ხელისუფლებას…
მე მინდა საქართველო, სადაც ისტორია გააზრებულად არის სარკე მომავლისა და ქვეყანა აღიქვამს მას საუკეთესო მასწავლებლად და არა იმად, რაც ჩვენში მხოლოდ და მხოლოდ აღძრავს მძიმე ნოსტალგიური ფონით გაჟღენთილ სევდანარევ სიამაყესა და მელანქოლიას იმით, რომ გვაჩვენებს, თუ “რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა”,
მოკლედ, ჩამოთვლა ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს, ცოტა არ იყოს, ის ქვეყანაც, რომელიც მე მინდა, უტოპიური და ძნელად მიღწევადიც კია. (თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ ამ უტოპიურობისკენ დაახლოებას უნდა ვესწრაფოდეთ მაინც, იდეალური არაფერია და ვერც იქნება, მაგრამ იდეალიზმისკენ სწრაფვა მუდმივად იყო მიზანი და ყოველთვის წარმოადგენდა გზას უკეთესობისკენ). მოკლედ, მე ასეთი საქართველო მინდა…

მომავალში მე მინდა გამოვიდე

“რეალურად, არ მაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რა მინდა გამოვიდე, ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და საკითხს ცოტა უფრო განსხვავებულად და ეპიკურად წარმოვაჩენ…

მოკლედ, ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ იდეალური არაფერია და ვერც ვერაფერი იქნება, თუმცა ეს არ გვაძლევს იდეალებისკენ სწრაფვაზე ხელის აღების საფუძველს, ვინაიდან იქვე მივამატე, რომ იდეალიზმისკენ სწრაფვა გზაა ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლისა… ჰოდა ჩემი “სამომავლო გეგმებიც” იდეალიზმისკენ სწრაფვას უკავშირდება, მართალია, ამ იდეალს მე ვერასდროს მივაღწევ, მაგრამ ჩემთვის ისიც კმარა, რომ ეს სწრაფვა უკეთეს არსებად ჩამოყალიბებაში დამეხმარება…

ჰოდა, მე მინდა გამოვიდე იდეალური ადამიანი, “სუპერმენი”, ნუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, “ზეკაცი” რომელიც არაფერ კავშირშია მარველის კომიქსებთან და არც მაინცდამაინც ნიცშეს “übermensch”-ის იდენტურია (მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ჩემი “სუპერმენის” შთაგონების წყარო სწორედ ეს უკანასკნელია, თუმცა არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები ჩემი შთაგონების ერთ-ერთ წყაროსა, ანუ ნიცშეს “სუპერმენსა” და ჩემს პირად იდეალს შორის…). და, მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს გავხდები ეს იდეალური ადამიანი, ანუ “ზეკაცი”, იმ მარტივი მიზეზით, რომ იდეალურობა მიუღწეველია, ამ მდგომარეობისკენ სწრაფვა მაინც ჩემს უპირველეს მიზანს წარმოადგენს…

ჰო, ანუ როგორია ახლა ეს ზეკაცი… ზეკაცი ისახავს რამდენიმე ან სულაც ერთ დიად მიზანს და ამ დიადი მიზნისა თუ მიზნებისკენ მიმავალ პატარ-პატარა ქვემიზნებსაც, შემდეგ კონსტრუქციულად უდგება მათ შესრულებას, იგი არასდროს იღლება, მუდმივად შრომობს, ვითარდება გონებრივად, ფიზიკურად, პიროვნულად და არც თუ ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ თავშესაქცევებს, რომლებიც მას ზემოაღნიშნული მიმართულებებით წინსვლის გზაზე რეალურ სარგებელს ვერ მოუტანს… მოკლედ, თავისი ცხოვრების სტილით იგი ჰგავს რობოტს, მუდმივმოქმედ მექანიზმს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განასხვავებს ის, რომ მას ჯერ კიდევ გააჩნია გრძნობები და სწორედ ამ მოტივით ბოლომდე არ დაუკარგავს ადამიანურობა, მისთვის უცხო არაა აღმაფრენა და ემოციები, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ მოტივატორ ფაქტორებსაც წარმოადგენს… მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, იგი არც თუ ისე საინტერესო “ადამიანია” სხვა ადამიანების თვალში, ვინაიდან რაღაც დოზით მაინც მოკლებულია ჰუმანურობას, ზეკაცი არ იღლება, რასაც აკეთებს, არასდროს ბეზრდება, იგი სტრუქტურული, მეთოდური და მიზანმიმართულად მოქმედია… საყურადღებოა, რომ შეცდომები მისთვის მხოლოდდამხოლოდ გზაა რაღაცის სწავლისა და გაუმჯობესებისა… რაც მთავარია, “ჩემი ზეკაცი” განმსჭვალულია ეროვნული იდეით და მისი ინდივიდუალური წინსვლის საფუძველი და მთავარი მოტივი სწორედ საერთო სახელმწიფოებრივ მიზანზე, “ზესახელმწიფოს” იდეალის შექმნაზე ზრუნვაა (თუმცა ეს “ზესახელმწიფო” არაა ზესახელმწიფო კლასიკური გაგებით, რომელიც მსოფლიოში დომინირებაზე აცხადებს პრეტენზიას, ამ შემთხვევაში ზესახელმწიფოც დაახლოებით ისეთი კომპლექსური და ინდივიდუალური ხასიათისაა, როგორისაც ზემოაღნიშნული ზეკაცი, ნუ, გარკვეული მცირედი განსხვავებებით…)

უნდა ვაღიარო, რომ სათაური თავისი არსით ამ ჩემს პატარა თემაში აშკარად იგნორირებულია, ვინაიდან იგი რეალურად გულისხმობდა იმ სფეროს დასახელებას, სადაც მომავალში საკუთარ თავს ყველაზე მეტად მოვიაზრებ, თუმცა ვინაიდან რეალურად მართლა არ მაქვს განსაზღვრული კონკრეტულად სად ვხედავ საკუთარ თავს, გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა უფრო მეტად მელაპარაკა იმაზე, თუ რა მინდა საკუთარი თავისგან უახლოეს და არც თუ ისე უახლოეს მომავალში, შეიძლება ითქვას, ზოგადად მთელი ცხოვრების განმავლობაში… მაგრამ მაინც, მიმაჩნია, რომ ის რაც დავწერე, ვერ ვიტყვი პირდაპირ შეესაბამება სათაურს – “რა მინდა მომავალში გამოვიდე”-მეთქი, მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, სწორედ ესაა ის მაქსიმუმი, რისი წარმოჩენაც ამ სათაურის ქვეშ ამ ეტაპზე შემიძლია.

ამგვარად, მე მინდა გამოვიდე “ზეკაცი”, რომლის “ზეკაცობაც” უპირველეს ყოვლისა განვითარებისა და ზრდისადმი მუდმივ სწრაფვაში, მიზნების დასახვასა და მათ ეფექტურად მიღწევაში გამოიხატება, რაც თავის თავად სასარგებლოა როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის, ისე, ზოგადად, სოციუმისა და სახელმწიფოსთვის. (რა თქმა უნდა, პიროვნების ცოდნის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების ადეკვატური მიზნების მიღწევისთვის გამოყენების შემთხვევაში.)

ქართველობა ჩემთვის არის…

“ქართველობა ჩემთვის, პირველ რიგში, არის იმის გაცნობიერება, რომ მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, გამაჩნია გარკვეული ვალდებულებები ამ სახელმწიფოს მიმართ.

გარდა ამისა, ქართველობა ჩემთვის ნიშნავს იმის გაცნობიერებასაც, რომ დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ სტატუსის მატარებელმა მილიონობით ადამიანმა დიდი მსხვერპლის ფასად შემოგვინახა იდენტობა და საჭიროებისამებრ იმავე მიზნით ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ანალოგიური მსხვერპლის გასაღებად.

ქართველობა კონკრეტულად გულისხმობს იმის გაანალიზებასაც, რომ ქართველად დაბადება ნიშნავს არა მხოლოდ ამ სტატუსის ფორმალურად ტარებას და შემდგომში მხოლოდ გულზე მჯიღის კვრას, არამედ იმის გარემოების გაცნობიერებას, რომ ქართველად დაბადებისას მე ავტომატურად დამეკისრა მოვალეობა საქართველოზე ზრუნვის და ჩემი უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის, ხოლო ყოველივე სხვა დანარჩენი, მათ შორის ინდივიდუალური წინსვლა და კეთილდღეობა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი დიადი მიზნის ქვეშ გაერთიანებული მეორეხარისხოვანი ქვემიზნებია.

ქართველობა თავისთავად გულისხმობს ამ ყველაფრის გაცნობიერების შედეგად “საქართველოზე ფაქტობრივ ზრუნვასაც” და საკუთარი მოვალეობის გაცნობიერების შედეგად დასახული მიზნების ამ გზით აღსრულებას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაფრის თეორიულად გააზრება არ კმარა და მთავარი მაინც ქმედითი ნაწილია, სანამ საქმე მსვხერპლამდე მივა, ჩვენს უპირველეს დანიშნულებას წარმოადგენს ამ ქვეყანაზე ზრუნვა, მშვიდობიანობის დროს მის განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრი და მუშაობა. ამგვარად, ქართველობა აუცილებლად გულისხმობს საქართველოს უკეთესობისკენ შესაცვლელად გაკეთებულ რეალური ქმედებების შექმნის პროცესსაც.

ნუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქართველობა ჩემთვის ნიშნავს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ გერქვას “ქართველი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.