დეზინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში
აჰმად შაჰიდოვი
ხელმძღვანელი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
შესავალი
სამხრეთ კავკასიის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ოთხი რეზოლუცია არსებობს. ამ დოკუმენტებში ნათლადაა ნათქვამი, რომ მხარეებმა შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან და მშვიდობიანი მოქალაქეები თავიანთ სახლებში უნდა დაბრუნდნენ. სამწუხაროდ ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონში ვითარება არ შეცვლილა და მთიანი ყარაბაღი დღემდე დაძაბულობის კერად რჩება.კონფლიქტის მიმდინარეობის დროს მონაწილე მხარეები არაერთხელ იყვნენ ჩაბმული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ რეგიონში მშვიდობას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. ამის მიზეზი საომარი რიტორიკის შემცველი პროპაგანდის გააქტიურება და მხარეთა შეიარაღებაში დახარჯული დიდი თანხებია.
სომხური მხარე თავის პოზიციას იმით ამართლებს, რომ ხალხებს თვითგამორკვევის უფლება აქვთ. თავის მხრივ, სომეხი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მიწებს არ დათმობენ, რაც სამშვიდობო პროცესს აფერხებს.
კონფლიქტის დროს ერთ – ერთი ყველაზე საყურადღებო მომენტი კონფლიქტის მხარეებს შორის საინფორმაციო ომია. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანმა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გაამახვილა ყურადღება თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე. აზერბაიჯანი აღნიშნავს, რომ გადაუწყვეტელი რჩება დაახლოებით 1 მილიონი ლტოლვილისა და ტყვეების, დაკარგული ადამიანებისა და მძევლების ბედი. აზერბაიჯანული მხარე აცნობებს მსოფლიო საზოგადოებას დანგრეული მეჩეთების, ისტორიული ძეგლებისა და ობიექტების შესახებ. თავის მხრივ, სომხეთი ირწმუნება, რომ მთიანი ყარაბაღი ისტორიული სომხეთის მხარეა და აქ მცხოვრები სომხები სარგებლობენ თვითგამორკვევის უფლებით.
უკანა ფონი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარე ეტაპი 1987 წლის ბოლოს ხანკანდიზე თავდასხმით დაიწყო (საბჭოთა პერიოდში – სტეფანაკერტი) და შედეგად დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობით გაჩენა მოჰყვა. 1988 წლის 20 თებერვალს სომეხთა საზოგადოების წარმომადგენლებმა მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ოლქში ხალხთა წარმომადგენლების საბჭოს სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი საბჭოებისათვის გაეგზავნათ მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ოლქის აზერბაიჯანის სსრ-დან სომხეთის სსრ-ს შემადგენლობაში გადასვლის შესახებ პეტიცია. 1988 წლის 26-28 თებერვალს სუმგაითის არეულობებს შედეგად 36 სომეხი და აზერბაიჯანელის სიკვდილი მოჰყვა. 1988-1989 წლებში მოხდა დეპორტაციები. მასობრივი დეპორტაციის დროს დაიღუპა მინიმუმ 216 ადამიანი, დაიჭრა 1,154 ადამიანი. სომხეთიდან ლტოლვილებმა, რომელთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 200000 ადამიანი შეადგინა, აზერბაიჯანში დაიწყეს ჩამოსვლა. 1992 წლის თებერვლის ტრაგედია, რომელიც ქალაქ ხოჯალიში მოხდა ათასობით აზერბაიჯანელის სიკვდილითა და ტყვეობით დასრულდა; ქალაქი მიწასთან იქნა გასწორებული. ხოჯალის მოსახლეობა ქალაქში ტრაგიკულ ღამემდე დარჩა.
ხოჯალის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული იყო მთიანი ყარაბაღის რეგიონში და მის გარშემო შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას. ამ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაიღუპა 613 ადამიანი, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1,275 ადამიანი მძევლად იქნა აყვანილი, ხოლო 150 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში და მის გარშემო, აზერბაიჯანში, რვა ადამიანიდან დაახლოებით ერთი, იძულებით გადაადგილებულ პირად ან ლტოლვილად აქცია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა აგრეთვე მძიმედ დააზარალა, როგორც სომხეთის აგრეთვე აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური გარემო.
აზერბაიჯანში 871 დასახლება, მათ შორის 11 ქალაქი, 848 სოფელი, ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება დაიწვა ან სხვაგვარად განადგურდა. ასობით ათასი სახლი და ბინა, ათასობით სოციალური და სამედიცინო დანიშნულების შენობა განადგურებულია ან გაძარცვულია. ასობით ბიბლიოთეკა გაძარცვულია, დამწვარია ან სხვაგვარადაა განადგურებული უამრავი ძვირფასი ხელნაწერი. განადგურებულია რამდენიმე სახელმწიფო თეატრი, ასობით კლუბი და ათობით მუსიკალური სკოლა. რამდენიმე ათასი საწარმო, სოფლის მეურნეობის და სხვა სახის ქარხანა გაძარცვულია. ასობით კილომეტრიანი სარწყავი სისტემა მთლიანად განადგურებულია.
განადგურებულია რეგიონალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის ასობით ხიდი, ასობით კილომეტრის გზა და ათასობით კილომეტრი წყლის მილსადენი, ათასობით კილომეტრი გაზსადენი და ათეული ბენზინგასამართი სადგური.
წინასწარი მონაცემებით, კონფლიქტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაახლოვებით ათი მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.
1994 წლის 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. მიუხედავად ამისა, 2003 წლის ზაფხულიდან შეინიშნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების რაოდენობის ზრდა.
გავლენა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნეგატიური გამოვლინებები სომხეთში და აზერბაიჯანში ჯერ კიდევ იგრძნობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურება, საცხოვრებელი სახლების ნგრევა. ამ კონფლიქტმა ჩართულ მხარეებს სერიოზული უარყოფითი შედეგები, მატერიალური და მორალური დანაკარგები მოუტანა. კონფლიქტი საზიანოა ორივე მხარისთვის და იგი არც სამომავლოდ გვპირდება რაიმე პოზიტიურს. ფრონტის ხაზზე ყოველ დღე, ყოველ კვირას არის ადამიანის მსხვერპლი და მილიარდობით დოლარი და დიდი დრო იკარგება სამხედრო ბიუჯეტზე და შეიარაღებაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სიმშვიდეში კეთილმეზობლური ურთიერთობით უნდა იცხოვრონ. კონფლიქტის საფუძველი ტერიტორიული მთლიანობის კონცეპტია, რაც მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაძაბულობას უდევს საფუძვლად. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და ხალხებმა კვლავ ერთად და მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.
რეკომენდაციები
დღეს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის ერთადერთი პრობლემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ამ პრობლემის მოგვარება გამოიწვევს კონფლიქტურ მხარეებს შორის მშვიდობასა და შერიგებას. რა უშლის ხელს მშვიდობას? ყურადღება ამ კითხვაზე უნდა გამახვილდეს.
დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში ხუთი მუდმივი წევრია, ყველა მათგანი მსოფლიოში იარაღის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ერთის მხრივ, ისინი მსოფლიოში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლებად ითვლებიან, მეორეს მხრივ, სხვა ქვეყნებთან იარაღით ვაჭრობენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ამ იარაღს იძულებით ყიდიან. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ყოველწლიურად ყიდულობენ დიდი რაოდენობით იარაღს და მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. თუ ეს თანხები რეგიონის განვითარებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვისა და კულტურაზე დაიხარჯება მშვიდობის მიღწევა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.
ხალხთა შორის კომუნიკაცია, დიალოგი, ერთად ცხოვრება და მშვიდობა აუცილებელია. გარეგანი ჩარევა საჭირო არაა, კონფლიქტიდან გამოსავალი თავად მონაწილე მხარეებმა უნდა იპოვონ. ურთიერთპატივისცემა, საერთაშორისო კანონების, ნორმებისა და პრინციპების პატივისცემა მშვიდობის გასაღებია. სომხებმა უნდა იცოდნენ, რომ მტერი არა აზერბაიჯანი არამედ ის ძალები არიან, რომლებმაც რეგიონში ეს კონფლიქტი შექმნეს და დღემდე დაინტერესებულნი არიან მისი გაგრძელებით. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებული საზღვრების აღდგენის შემდეგ, ორივე ქვეყნიდან მილიონობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს და კვლავ მშვიდობიანად იცხოვროს. მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, აუცილებელია ჰუმანიტარული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყოს. მაგალითად, დღეს ორივე მხარეს ტყვეები და მძევლები ჰყავს. ტყვეებისა და მძევლების გაცვლამ, შესაძლოა, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაგვაყენოს. მთიან ყარაბაღში ერთობლივი პროექტების განხორციელება, ფესტივალების და დღესასწაულების აღნიშვნა უკეთესია, ვიდრე ომი. ერთად ცხოვრება, მულტიკულტურალიზმი და ურთიერთპატივისცემა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები შეიძლება გახდეს. ჩვენ შეგვიძლია რეგიონში მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის გადაჭრის კარგი მაგალითის მიცემა მთელი მსოფლიოსათვის.