2019 წლის სექტემბერში ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ევროპის ლიბერალური ფორუმის აფილირებული წევრი გახდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ორგანზიაცია გახდა ევროპული დონის დიდი სამეულის (ევროპის კვლევების ვილფრედ მარტენსის ცენტრი, ევროპის პროგრესული კვლევების ფონდი და ევროპის ლიბერალური ფორუმი) პოლიტიკური ფონდის წევრი.
ევროპის ლიბერალური ფორუმის წევრობა არის უნიკალური შანსი ქართული ორგანიზაციისთვის, უშუალო კავშირი დაამყაროს ევროპაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისა და დამატებითი მხარდაჭერის მიზნით.
ევროპის ლიბერალური ფორუმის 2019 წლის გენერალური ასამბლეა პრაღაში გაიმართა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე, გიორგი მელაშვილი, რომელშიც მან შეაჯამა ინსტიტუტის საქმიანობა და წარადგინა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი სამომავლო პროექტები.
მელაშვილის გამოსვლის შემდეგ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც გენერალური ასამბლეის უმრავლესობამ ორგანიზაციაში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
ევროპის ლიბერალური ფორუმი, ან შემოკლებით ELF, არის ევროპული დონის პოლიტიკური ფონდი, რომელიც დაკავშირებულია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსთან.
ფონდი შეიქმნა 2007 წელს და მისი მიზანი არის ევროპაში მოქმედი ლიბერალური ორგანიზაციების, ფონდებისა და ინსტიტუციების დაახლოება და ერთობლივი დღის წესრიგის შემუშავება.