ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენლები (გიორგი ინალიშვილი, მარიამ ღიბრაძე, რატი კობახიძე, გიორგი ანდრონიკაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი) ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 27 ივლისი – 7 აგვისტოს პერიოდში ლატვიაში იმყოფებოდნენ.
პროექტი საერთაშორისო ხასიათის იყო და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, სლოვენიელები, გერმანელები და ლატვიელები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის მიზანს ტოტალიტარიზმის მეხსიერების აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა.
პროგრამის ფარგლებში ქართველმა მონაწილეებმა ევროპელ ახალგაზრდებს ტოტალიტარიზმის მახასიათებლების, მისი გამოვლინებებისა და ტოტალიტარიზმის ქართულის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს.
ამასთანავე, მონაწილეებმა მოინახულეს ის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, ასევე მუზეუმები და მემორიალები, რომლებიც ლატვიაში ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების შესახებ მეხსიერების შენარჩუნებას და სათანადოდ წარმოჩენას ემსახურებიან. ისინი ესტუმრნენ რიგაში ებრაელთა მუზეუმს, ოკუპაციის მუზეუმს, სახალხო ფრონტის მუზეუმს, სალასპილის მემორიალსა და სხვ.
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ნაცისტური რეჟიმის პირობებში ლატვიაში ებრაელთა დევნის, ასევე კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ლატვიელი ხალხის ბრძოლის ისტორიას. ამასთანავე, ქართველმა მონაწილეებმა შეისწავლეს ამ ტიპის მემკვიდრეობის მუზეუმებისა და მემორიალების საშუალებით საინტერესოდ გადმოცემის გზები და ამის საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა.
ამ ყველაფერთან ერთად, პროექტის ფარგლებში გაიმართა ქართული საღამოც, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა ევროპელ თანატოლებს ქართული ღვინო და ჩურჩხელა გაასინჯეს, ქართული მუსიკა მოასმენინეს, ცეკვა აჩვენეს და ქართულ კულტურაზე ესაუბრნენ.