ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ელენე დარბაიძე დაიბადა 1998 წლის 7 ივლისს, ქალაქ თბილისში. 2016 წელს დაამთავრა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის I საჯარო სკოლა და იმავე წელს წარჩინებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სკოლის პერიოდიდანვე ცდილობდა ყოფილიყო აქტიური, ერთვებოდა სხვადასხვა პროექტში, მათ შორის იყო რამოდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება. აგრეთვე, მონაწილეობდა ეროვნულ თუ კერძო ოლიმპიადებში. 2016 წელს მოიპოვა „ყვარლის ეტალონ-მოსწავლის“ სტატუსი. პირველი ადგილი დაიკავა „Veritas Olumpics”-ის მიერ ორგანიზებულ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე. უკვე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება ა(ა)იპ „ნოვაციოში“ , რის შემდეგაც იყო აღნიშნული ორგანიზაციის აქტიური წევრი.
დღეისათვის ცდილობს აქტიურად ჩაერთოს სტუდენტურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, კვლავ აგრძელებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც სამოქალქო ქმედების სკოლის აპლიკაცია ვნახე, ბევრი ვიფიქრე შემევსო თუ არა, რადგან არ მინდოდა დასვენების დღეებიც ლექციებზე სიარულში დამეხარჯა. თუმცა მაინც შევავსე, რადგან დარწმუნებლი ვიყავი საინტერესო რამ მელოდა წინ. საბედნიეროდ, არც შევმცდარვარ. ერთ-ერთი საუკეთესოა იმ პროექტთა შორის, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია.
ამაში გასაუბრებიდანვე დავრწმუნდი, სადაც ფაქტების ცოდნა კი არა , ჩემი აზროვნება შეამოწმეს. მე-2 კურსის სტუდენტი ვარ, შესაბამისად საკმაო ხანია რაც სამართალთან მაქვს შეხება, თუმცა ამ კურსის ფარგლებში ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ხოლო ნაცნობი საკითხები უკეთ გავაანალიზე. ვამუშავებდით კანონებსაც, რაც საშუალებას გვაძლევდა უკეთ გავცნობოდით ამა თუ იმ კანონს და კრიტიკული თვალით შეგვეხედა მისთვის, დაგვენახა მასში არსებული პრობლემები და გვეფიქრა გადაჭრის გზებზე.
კიდევ ერთი დადებითი იმიტირებული პროცესია. ყოველი იურისტისათვის, მიუხედავად იმისა აპირებს თუ არა მომავალში ადვოკატობას/პროკურორობას, მნიშვნელოვანია პროცესზე გამოსვლა შეეძლოს. ამ პროცესმა გარდა იმისა, რომ მომცა საშუალება სიღრმისეულად გავცნობოდი გარკვეულ საკითხებს, საკუთარი თავი ადვოკატის ამპლუაში დამანახა.
და რაც მთავარია, ვერანაიარი გამოცდილება ვერ შეედრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროეტმა გამაცნო. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ჭკვიან, მოტივირებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდებთან მქონდა შეხება. სხვა რომ არაფერი ყოფილიყო ამ ადამიანთა გამოც კი თამამად ვიტყვი, რომ ქმედების სკოლაში მისვლა ღირდა.
ეს ის პროქტია, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ ძალიან ბევრი ნაკადი ჰყავდეს, რადგანაც ეს არ არის უბრალოდ ლექციები ინფორმაციის მისაღებად. აქ სწორად აზროვნებასა და ანალიზს სწავლობ. ეს კი დღევანდელ ახალგაზრდობას ნამდვილად სჭირდება.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
“ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ურთიერთობა ორი წლის დავიწყე, როდესაც საზაფხულო სკოლა „შენი ხმა ჩვენი მომავალიას“ აპლიკაცია შევავსე. შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ბანაკში აღმოვჩნდი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და თან საუკეთესო ადამიანები გავიცანი.
შემდეგ იყო „ინიციატივა“ და პროექტი „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“, რომლის ფარგლებშიც ჩემს გუნდთან ერთად ჩვენს სოფელში (ახალსოფელი, ყვარელი) , სადაც, ძირითადად, საინტერესო არაფერი ხდება, პროექტი „ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა სამიტი“ ჩავატარეთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომიტანა.
აგრეთვე იყო ორი ბანაკი ბაკურიანში როგორც ნაცნობ, ისე უცნობ მონაწილეებთან ერთად და სამოქალაქო ქმედების სკოლა, რომელიც, მართლაც, ძალიან კარგი პროექტია.
EGI-ის ბანაკებში როდესაც მივდივარ, ვიცი, რომ დასვენებაზე მეტად დავიღლები და ძალიან ბევრს ვიმუშავებ, თუმცა მაინც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივდივარ. რატომ ? ალბათ იმიტომ,რომ ეს მუშაობაც საინტერესო და სასიამოვნოა. კიდევ იმიტომ, რომ EGI ჩემთვის უბრალოდ ორგანიზაცია არ არის, ეს ერთი დიდი ოჯახია, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონიდან საუკეთესო ახალგაზრდებს კრებს და ერთმანეთთან აკავშირებს. აქ ისეთ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ, მოტივაციას იმისა, რომ რაღაც აკეთო, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო. აქ შეგიძლია საუკეთესო მეგობრებიც იპოვო. EGI ის ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ყველა საინტერესო იდეას ხორცი შეასხან და სულ მცირე რამ მაინც შეცვალონ უკეთესობისკენ.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ალბათ ყველას უნდა განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება, ქვეყანაში სადაც ნაკლები პრობლემა და ნაკლები გაჭირვებული ადამიანია. ჰო, რა თქმა უნდა, მეც მინდა.
როგორ ვხედავ საქართველო მომავლს? სამოთხის აღწერას არ დავიწყებ. თუმცა ჩემი უპირვეელსი სურვილი და მიზანი გაერთიანებულისაქართველოს ხილვაა. იმ საქართველოსი, რომლის ტერიტორიათა 20% ოკუპირებული არაა. ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს მიზანია, რომელიც, მჯერა, ადრე თუ გვიან რეალობად იქცევა. მე მინდა ვნახო ისეთი საქართველო, რომელშიც ქუჩის ყოველ კუთხეში მოწყალებას არ ითხოვენ. მინდა, რომ ადამიანებს უბრალო სამუშაოს შოვნის საშუალება მაინც ჰქონდეთ. თუმცა არ მინდა სამუშაო, სადაც დამსაქმებლისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. მინდა, რომ დასაქმებული, თუნდაც უბრალო მუშა, დაფასებული და დაცული იყოს.
მე მინდა ისეთი ქვეყანა,სადაც სიტყვა „განსხვავებული“ „ ცუდთან“ და „არასწორთან“ არ ასოცირდება, ქვეყანა, სადაც განსხვავეული აზრის პატივისცემა და განსხვავებულ ადამიანთა მიღება შეუძლიათ.
მინდა სკოლები, სადაც ბავშვებს ლექსებს კი არ აზეპირებენ, აზროვნებას აჩვევენ. და თუ თქვენ მაინც სამოთხედ გეჩვენებათ აღწერილი, გეტყვით, რომ ასე არაა. თუ სხვა ქვეყნებმა შეძლეს ასეთი მდგომარეობის მღწევა , ჩვენც შევძლებთ. მთავარია, მიზანი დავისახოთ სწორად და შემდეგ მისთვის ვიბრძოლოთ. დღევანდელი ახალგაზრდობა კი ამას ნამდვიალად აკეთებს.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
როდესაც სამართალზე ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლებდი, თუმცა დღეს ეს უბრალოდ ლამაზ ზღაპრად მეჩვენება. მივხვდი, რომ სიტყვები „სამართალი“ და „სამართლიანობა“ კი ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ერთი და იგივე არ არის. მე-2 კურსზე ვარ, თუმცა დაზუსტებით კიდევ არ ვიცი , რა დარგს გავყვები და სად ვიმუშავებ მომავალში. ალბათ, საარჩევნო სამართალს შევისწავლი კარგად. რადგან, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგია. ზოგადად, არჩევნები ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი საზომია, საქართველოში კი არჩევნების საკითხი ჯერაც საკმაოდ მწვავედ დგას.
აგრეთვე, ვაპირებ, რომ უნივერსტეტის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგის პროფესიას დავეუფლო. მართალია, დღეს ამ პროფესიით დასაქმება არც თუ ისე მარტივია, თუმცა ეს ისაა, რაც ნამდვილად მაინტერესებს. ხოლო ინტერესი და დიდი სურვილი ხშირად გვაიძულებს არც თუ ისე პრაგმატულები ვიყოთ. თანაც, ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიის წარმომადგენელს ასე თუ ისე სჭირდება ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა. შესაბამისად, ერთი პროფესია მეორის უკეთ გამოყენებაში დამეხმარება.
ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც რაღაცის, თუნდაც სულ მცირე რაიმის, უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებს. ასე, რომ ვეცდები ჩემი ცოდნა და უნარები მაქსვიმალურად გამოვიყენო და დასახულ მიზანს მივაღწიო.
ქართველობა ჩემთვის არის…
ჩემი თანატოლებისგან იმდენად ხშირად მესმის ფრაზა „ოღონდ აქედან წავიდე..“, თავი ხანდახან უცხოპლანეტელი მგონია. ჰო, მეც მინდა წასვლა, მაგრამ დაბრუნებაც მინდა, რადგან გაქცევაში შვებას ვერ ვხედავ.
ჩემთვის ქართველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა წინა თუ შემდგომი თაობის წინაშე. მგონია, რომ ერთგვარი ვალი გვაქვს იმ თაობისა, რომელიც ჩვენთვის იბრძოდა, იბრძოდა, რომ ყოფილიყო საქართველო, დამოუკიდებელი ქვეყანა. მისი უკეთ განვითარების ვალდებულება კი ჩვენ გვაქვს, ახალ თაობას. მართალია, სხვა ქვეყნებში უკეთ ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ, ქართველობა ალბათ, გარკვეულწილად, თავგანწირვაცაა. ახალგაზრებს გვაქვს არჩევანი ვიცხოვროთ აქ და ვიბრძოლოთ, რომ ოდესმე ეს ქვეყანაც შეუერთეს განვითარებულ ქვეყანათა რიგებს ან წავიდეთ და ბევრად უკეთ ვიცხოვროთ იმ ქვეყნებში, რომლებმაც დიდი ხნის წინ მიაღწიეს იმ საფეხურს, რომლისკენაც ჩვენ ახლაღა მივილტვით. სწორი არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ აუცილებელი.
ჩემთვის ჭეშმარიტი ქართველები ის ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ სიტყვით კი არა , საქმით იცავენ ქვეყანას, რომლებიც განვითარების გზას ხედავენ და ამ გზისკენ მიისწრაფიან. ჭეშმარიტი ქართველები ის ადამიანები არიან, რომლებიც პირადულზე მაღლა ქვეყნის პრობლემებს აყენებენ და ამ პრობლემათა გადაჭრას ცდილობენ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არაა, ისინი ჩვენს გარშემო მრავლად არიან და საქართველოს ნათელი მომავლის იმედიც მანამ იარსებებს, სანამ ერთი ასეთი ადამიანი მაინც იქნება.