ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ელენე თუთბერიძე დაიბადა 2000 წლის 19 იანვარს ქალაქ თბილისში. 2005 წელს სწავლა დაიწყო წმ.ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში და 2017 წელს დაამთავრა წარჩინებით, ოქროს მედალზე. სკოლაში სწავლის პერიოდში ელენე აქტიურად იყო ჩართული სკოლაში და სკოლის გარეთ არსებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში . მათ შორის 2014 წელს გაიმარჯვა “ვეფხისტყაოსნის” მხატვრულად კითხვის ლიტერატურულ კონკურსში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში “ოქროს საწმისი” . ამ პერიოდში აქტიურად შეისწავლიდა ბერძნულ ენას და მონაწილეობას იღებდა საელჩოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ პროექტებში. 2015 წელს გაიმარჯვა კინგსის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში. ამავე წელს სკოლის სახელით მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საბუნებისმეტყველო მეცინერებათა ოლიმპიადაში. 2017 წელს წარმატებით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტებში. მათ შორის წარმატებით ასპარეზობდა “ელსა საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია” ნოვაციოს” მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროექტებში. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში სოციალური მუშაობის განხრით, საკონფერენციო ნაშრომით “მუშაობა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან”. ამჟამად შეისწავლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. 2018 წლიდან არის სამოქალაქო ქმედების სკოლის წვერი.
ჩემთვის #ქმედება არის
ჩემთვის სამოქალაქო ქმედება არის უდიდესი ცხოვრებისეული გამოწვევა, ამას ვამბობ პირდაპირ ,როგორც სამოქალაქო აქტივიზმზე და ირიბად, როგორც სამოქალაქო ქმედების სკოლაზე, ორივე მათგანი თავის მხრივ მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა ცხოვრების ამ ეტაპზე და ვგონებ მომავალშიც. ერთი ქმედება არის მრავალი მომავალი ქმედების სათავე , იწყება ქმედება შესაბამისად იწყება აზროვნება, ფიქრი, განსჯა და გამოხატვა. შეხედულებების გაზიარება და შინაგანი ნების ქვეცნობიერიდან გამოდევნა. შესაბამისად სამოქალაქო აქტივიზმი ამ ყოველივეს საჯაროდ გაცხადებაა სახელმწიფოს დახმარებისაკენ მიმართული. მაშინ როცა ადამიანები იწყებენ ფიქრს ქვეყანაში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე , მაშასადამე იწყებენ ქმედებას იდეების განსახორციელებლად.
ქმედება არის ურთიერთობა ადამიანებთან , რესურსებთან და პრობლემებთან,
ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც საინტერესო იდეებით არიან შეპყრობილნი, აქვთ გარკვეული რესურსები და სწორედ ამ შეზღუდული რესურესბით ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს .
რაც შეეხება სამოქალაქო ქმედების სკოლას, ამ პროექტმა პირველ რიგში მომცა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება იმ საკითხებთან დაკავშირებით რაზედაც არც წარსულში მიფიქრია და სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი არ დავფიქრდებოდი. ამ სკოლამ მასწავლა ის თუ რა უნდა გავაკეთო მომავალში წარმატების მისაღწევად. მასწავლა თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროდუქტიულად და ეფექტურად, თანაც მარტომ კი არა, არამედ სხვა ადამიანებთან ერთად, განსხვავებულ აზრებთან და შეხედულებებთან ერთად , დროში და რესურსებში შეზღუდულმა. მასწავლა ლიდერული უნარ-ჩვევები და დამანახა რომ ნებისმეირ ადამიანში იმალება ლიდერი. ამ უდიდესი რესურსის რეალიზაცია კი ყველაზე კომპლექსური და მაშასადამე შრომატევადია.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ- ქართული ინსტიტუტი არის კვალიფიციური და საკუთარი საქმის პროფესიონალ ადამიანთა ჯგუფი ამას დამატებით მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების ერთგავრი გაერთიანება, სადაც ინსტიტუტის თითოეული წევრი მზადაა მიიღოს ნებისმიერი შეხედულება და მოსაზრება ქვეყანაში არსებულ აქტუალურ და მეტად მნიშვნელოვან საკიხებზე. ესაა ადგილი სადაც ყოველთვის პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, იზიარებენ მას და მხედველობაშიც იღებენ სამომავლოდ. ესაა ადგილი სადაც იდეა ყოველთვის ფასდება, შრომა არ იკარგება , ინვესტიცია კი მართლდება . ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელსაც მუდმივად აქვს წინსვლის და წარმატების პერსპექტივა. მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გაუმჯობესებისკენ. მუდმივად ცდილობს საკუთარი იდეები და მიზნები ფართო საზოგადოებას გააცნოს და ამით გამოიწვიოს მისი ინტერესი. კრეატიული პროექტებითა და საინტერესო სწავლების მეთოდებით ევროპულ-ქართული ინსტიტუტი უამრავ ახალგაზრდას იზიდავს და აძლევს იმის შანსს რომ მომავალში უკვე თავად გახდეს სხვადასხვა დასამახსოვრებელი პროექტის ინიციატორი და მოთავე . ეგი მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს ყოველთვის აძლევს შანსს გახდეს წარმატებული და მიაღწიოს იმ მიზნებს რომელთა აღსრულებაც წარმოუდგენლად მიაჩნია. სწორედ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი დაეხმარება მათ ამ მიზნების განხორციელებაში, სწორედ ის მისცემს იმ საფუძველს რაზეც საბოლოოდ წარმატებული მომავალი უნდა აიგოს .
მე ასეთი საქართველო მინდა…
მომავალში საქართველო წარმომიდგენია ბევრად წინ მდგომი ვიდრე დღეს არის. წინ მდგომი მრავალმხრივ და მრავალ ასპექტში. მომავალში საქართველოს ვხედავ როგორც საღად მოაზროვნე ადამიანების ერთობას. განათლებული და ტოლერანტი ადამიანების გაერთიანებას. ქვეყანას სადაც უპირობოდ დაცულია ადამიანის უმაღლესი ფასეულობანი ღირსება ,თავისუფლება, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ქვეყანას, სადაც თითოეული ადამიანს აქვს მიზანი და ამავდროულად საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გახადოს . სადაც ადამიანებს შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა სუფევს. სადაც პატივს სცემენ საწინააღმდეგო აზრს და აკრიტიკებენ მოსაზრებას და არა თავად ამ მოსაზრების ავტორს. სადაც არ იდევნებიან ადამიანები თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის და სადაც სამართლიანობა სუფევს. სამართლიანობა თითოეულ ასპექტსა თუ საკითხში, სადაც ნებისმიერი პრობლემა სამართლიანად იჭრება და ქვეყნის მოქალაქეებს არ გააჩნიათ დაუსრულებელი უსამართლობის გრძნობა. სადაც ქვეყანა თითოეული პიროვნებისგან შედგება და სადაც სწორედ ეს ადამიანები სათითაოდ და ამავდროულად ერთობლივად იღწვიან ერთიანი და თავისუფალი საქართველოს არსებობისთვის. ვხედავ საქართველოს რომელსაც აწ უკვე გაზიარებული აქვს ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს მთავარი აქტორი საერთაშორისო ასპარეზზე და იყოს მაგალითი სხვა ისეთი ქვეყნებისთვის , რომლებიც დღეს თავად არიან ჩვენთვის მისაბაძი და სამაგალითო.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მინდა გამოვიდე და დიდი იმედი მაქვს რომ გამოვალ წარმატებული ჩემს პროფესიაში, კერძოდ იურისპრუდენციაში. იმედი მაქვს განვახორციელებ ყველა იმ მიზანს რაც ჩემს მომავალს და ამ პროფესიას უკავშირდება. ფრიად ბედნიერი ვიქნები თუ გავცდები საქართველოს ფარგლებს და ჩემს ცოდნას კიდევ უფრო ფართო გასაქანს მივცემ. არ დავიწყებ იმაზე საუბარს მოსამართლეობა მინდა, ადვოკატობა, პროკურორობა თუ კიდევ სხვა რამ , რადგან ვფიქრობ ყოველივე ამაზე საუბარი შაბლონური და უინტერესო იქნება. თუმცა ასევე ვფიქრობ რომ სწორედ ასეთი მიზნებიდან იწყება საშუალებების მოძებნა მიზნის განსახორციელებლად და სამომავლო წარმატების მისაღწევად. ძალიან მინდა, რომ ჩემი სამომავლო საქმიანობა არ იყოს მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ან მხოლოდ ჩემი თავისთვის სასარებლო, მინდა ჩემი პროფესია გამოვიყენო ქვეყანაში არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად და ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესში. მინდა დავეხმარო სხვებს, გავუზიარო მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მუდამ მქონდეს შრომის და სწავლის მოტივაცია. არ მივეცე თვითკმაყოფილებას და ყოველთვის მკაცრი მოთხოვნები წავუყენო საკუთარ თავს. მაქვს დიდი სურვილი და მოლოდინი იმისა რომ ჩემ მიერ არჩეული სპეციალობის განვითარებაში მომავალში გარკვეულ წვლილს მეც შევიტან, ამიტომ აქვე დავდებ პირობას რომ ასეც მოვიქცევი და ნამდვილად განვახორციელებ ჩემ მიერ დასახულ იდეალურ მიზანს.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული იმისა, რომ განვავითარო ჩემი ქვეყანა, გავხადო ის უფრო უკეთესი და გავაცნო მთელ მსოფლიოს. ქართველობა ჩემთვის არ არის მხოლოდ ქვეყნის ქვეყნის სიყვარული, რომლითაც ალბათ ყველა ქართველი დაიკვეხნის. ქართველობა მეტად პატივსაცემი და ამაღლებული ღირებულებაა , რომელსაც მუდმივად სჭირდება მოფრთხილება და დაფასება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ქართველობით რადგან ამ სიტყვის და ჩემი წარმომავლობის ხსენებისას თავისთავად ხაზი ესმება იმ უდიდეს კულტურასა და ტრადიციებს რაც ქართველებს უძველესი დროიდან მოგვსდევს. ხაზი ესმება იმ ისტორიას რაც საქართველომ ქვეყნის პატრიოტი ქართველების სიცოცხლის ფასად გამოიარა. იმ მნიშვნელოვან დღეებს, როდესაც ქვეყნის ბედი ერთ ადამიანს გადაუწყვეტავს. და იმ ერთ ადამიანებს , რომლებმაც იმ დღეს ქვეყნის ბედი გადაწყვიტეს. ტექსტის დასაწყისში პასუხისმგებლობა ვახსენე და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. სწორედაც რომ პასუხისმგებლობაა ქართველობა, რადგან დღეს მე ვამბობ რომ ვარ ქართველი ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი ამბობდა, ისევე როგორც თამარ მეფე ამბობდა, ერეკლე მეფე ამბობდა . ამას ამბობდა რუსთაველი , ვაჟა , ილია , გალაქტიონი , პაოლო იაშვილი, რომელმაც სწორედ ქართველობისთვის მოიკლა თავი მწერალთა სახლში , მიხეილ ჯავახიშვილი , ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი, რომლებიც სწორედ იმიტომ დაიღუპნენ, რომ ქართველობას არ უღალატეს და ამ ადამიანების გარდა კიდევ მრავალი სხვა. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც ვახსენებ სიტყვა ქართველობას და ამ ტიტყვას საკუთარ თავს ვუკავშირებ , შესაბამისად, მინდა საკმარისი რამ მქონდეს გაკეთებული იმისთვის, რომ შემდეგ ვიამაყო სწორედ ჩემივე ქართველობით.