ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ისტორიის მაგისტრისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის ელისო ბრეგვაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ გამოწვევებს აწყდებიან საქართველოში, რომლის დაძლევა მოცემული შესაძლებლობებით არც თუ ისე მარტივია. განსაკუთრებით საუბარი მაქვს ახალგაზრდებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიაში არიან ჩართულები. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის თავის დამკვიდრება არსებულ პოლიტიკურ სპექტრში. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი ამ საკითხში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების საქმიანობის პოპულარიზაციას. სამწუხაროდ ინტერესი ჩვენ მიმართ არც ისე დიდია. ამიტომ მგონია, რომ ეს ფაქტორი მოსაგვარებელია, რათა საშუალება გვქონდეს მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პიროვნული შესაძლებლობები საზოგადოებაში და ჩევენს პოლიტიკურ პარტიაში.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
ჩემთვის ის პარტია სადაც ვიმყოფები, ლოგიკურად, სამაგალითოა. ესაა სტრატეგია აღმაშენებელი.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, როცა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი მქონდა. ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში სოციალური მედიის ხელმძღვანელი.
2020 წელს – ვიყავი სტრატეგია აღმაშენებლის – კარდაკარის ხელმძღვანელი.
2021 წელს ვიყავი – ჭიათურის თვითმმართველობის არჩევნების შტაბის ხელმძღვანელი და აგრეთვე საკრებულოს სიის მეორე ნომერი.
2022 წელი – ვარ თანადამფუძნებელი „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოსი“ და საბჭოსვე წევრი.
2023 წელს – შერჩევითი კონკურსის საშუალებით ვიყავი გერმანიაში ფრიდრიხ ნაუმანის პროექტის მონაწილე.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად ვმუშაობ გაყიდვების სფეროში და ამავდროულად ვეწევი პარტიულ საქმიანობას.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
საქართველოს წარსულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არც ერთი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც საწინდარი იყო დიდი გარდამტეხი ცვლილებების, ახალგაზრდების გარეშე არ განხორციელებულა. თუკი ცხოვრებაში გვაქვს შესაძლებლობა და პირველ რიგში სურვილი, რომ შევცვალოთ ის, რაც არ მოგწონს და მიგვაჩნია რომ არასწორია, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ისე, როგორც არასდროს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა და მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და მგონია, რომ დღევანდელი გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ.მე სტრატეგია აღმაშენებელი და ჩემი საქმიანობა მეხმარება იმაში, რომ ერთი აგური დავდო ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს, რომელიც გარკვეულწილად უკან ხევს ჩვენი ქვეყნის მომავალს.
პირველი რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ არის საბჭოთა მენტალობა, საბჭოთა წარსული, რომელმაც, განსაკუთრებით ჩვენი მშობლების, და სამწუხაროდ, ჩვენს ცნობიერებასაც სერიოზული ზიანი მიაყენა. საბჭოთა კავშირმა შეძლო, რომ ადამიანებში ჩაეკლა თავისუფლების სურვილი, უფლებების და თავისფლებების მაქსიმალური შეზღუდვა. საზოგადოება მოაქცია ბორკილებს ქვეშ, რომლისგან განთავისუფლება დღესაც ძალიან უჭირს საზოგადოებას.
მეორე ესაა განათლების პრობლემა, განსაკუთრებით საუბარი მაქვს პოლიტიკურ განათლებაზე, პოლიტიკურ ცნობიერებაზე, რომლის მხრივაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო.
მესამე ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
დადებით ტენდენციაზე როცა ვსაუბრობთ, აქ სამიზნე ობიექტად ძირითადად ახალ თაობას გამოვიყენებ და თამამად ვიტყვი რომ, ეს თაობა არიან მეტად თავისუფლები, მათ აქვთ განცდა, რომ ვალდებული არიან დაიცვან თავიანთი ქვეყანა თავისუფლებისთვის. ბევრად ღიად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს, პროტესტის უკიდურესი ფორმითაც კი. რაც მთავარია, თუ გადავხედავთ კვლევებს, დავინახავთ, რომ ევროპისკენ სწრაფვა გაზრდილია და ძირითადი მასა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყანა იხილონ ევროკავშირსა და ნატოში, სწორედ ახალგაზრდები არიან.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
ვარდების რევოლუცია- უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი და გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც სრულიად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური ამინდი.
ამ მოვლენამ უარყოფითთან ერთად უამრავი დადებითი და კარგი ცვლილება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალური კუთხით.
უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც საშუალება მოგვცა ევროპას მეტად დავახლოვებოდით
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება არის აგრეთვე უმთავრესი მიღწევა, რადგან მეტი დემოკრატიულობისთვის საჭირო იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა ჩვენს ქვეყანაში.