ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ლიბერალური ინტერნაციონალის ერთობლივი პრეს-რელიზი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ლიბერალური ინტერნაციონალისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობლივი მოწვევით ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (ჩეთემ ჰაუსი) სიტყვით გამოვა.

ღონისძიება „საქართველოს ევროპული შესაძლებლობა“ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რაც მიზნად საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას ისახავს.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხის აქტუალიზება და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერის კონსოლიდაცია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩეთემ ჰაუსში, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ანალიტიკურ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იმ მხარდაჭერის მაჩვენებელია, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს დასავლეთის ქვეყნებში გააჩნია.“ – აღნიშნავს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი, გიორგი მელაშვილი.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს ჩეთემ ჰაუსის ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი და ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი, დოქტორი ჰაკიმა ელ ჰაიტე უმასპინძლებს.

საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსი) ლონდონში მოქმედი წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციაა.

ლიბერალური ინტერნაციონალი ლიბერალური პოლიტიკური პარტიებისა და მსოფლიოში ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი გამავრცელებელი და მაკოორდინირებელი ორგანიზაციაა. ინტერნაციონალის შტაბ-ბინა ლონდონში, ეროვნულ ლიბერალურ კლუბში მდებარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.