კაცობრიობის  ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს. ყველა მათგანი გარკვეულ რეალობას ბადებდა იმისდამიხედვით, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფებოდა ადამიანი და საზოგადოება ეპიდემიის მძვინვარებისას.თანამედროვე სამყაროსთვის გლობალურ გამოწვევად COVID 19  იქცა: ტექნოლოგიური  პროგრესის ზენიტში, მან ადამიანის ცხოვრების ფორმა შეცვალა. თითქმის ორი წელია სახელმწიფოები, საერთაშორისო პოლიტიკური და ჯანდაცვითი ორგანიზაციები, ადამიანები, პროფესიონალი ექიმები, მეცნიერები, ვირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე იბრძვიან მის წინააღმდეგ. ამ პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია, მეცნიერების ეს საჩუქარი დირიჟორის ჯოხია, რომლითაც ინფექციის ერთგვარი მართვა, ეპიდემიის კონტროლია  შესაძლებელი, რასაც შეუძლია ჩვენი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

ყველა საზოგადოებას სიახლესთან თავისებური შეხვედრა ახასიათებს, დღეს ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ცუდსა თუ კარგ სიახლეს მითებისა და დეზინფორმაციის ნიაღვარი მოჰყვება; გამონაკლისი არც ქართული საზოგადოებაა.  80-იანი წლებიდან ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ნარატივი შეიჭრა საზოგადოებრივ დისკურსში და დღეს ქართული საზოგადოება, გარეგნულად მაინც, მოგვაგონებს ცნობილი გერმანელი სოცილოგის ი. ჰაბერმასის[1] მიერ ჩამოყალიბებულ პოსტ-სეკულარული საზოგადოების მოდელს. საზოგადოებრივი ჰაერი გაჟღენთილია რელიგიურობით, უარეს შემთხვევაში კი რუდიმენტად ქცეული, ანუ საკუთარი არსისგან დაცლილი, რელიგიური ფორმებით, ქცევით თუ მიდგომებით. ასეთ გარემოში, არა ეპიდემიურ ვითარებაშიც, უამრავი რელიგიური მითი(ამ სიტყვის არა ანტიკური გაგებით) ვრცელდება და შესაბამისად ვერც ვაქცინასთან დაკავშირებულ რელიგიურ მითებს ავიცილებდით თავიდან, ან მითებს რომლებსაც სასულიერო პირები, რელიგიური კულტის მსახურები ავრცელებენ და მოსავენ მას რელიგიური საბურველით.

დიდი ხნის განმავლობაში ვაქცინის შექმნას რამდენიმე წელი სჭირდებოდა, თუმცა თანამედროვეობამ აჩვენა რომ ეს 8 ან 10 თვეშიც შესაძლებელია.  ხშირად ვაქცინას მეცნიერების ყველაზე დიდ მიღწევას უწოდებენ. ამიტომ, ვიდრე უშუალოდ ჩვენში გავრცელებულ რელიგიურ მითებს განვიხილავ, მნიშვნელოვანია, მოკლედ შევეხო ქრისტიანობის, ქრისტიანული თეოლოგიისა და მეცნიერების ურთი-ერთ მიმართების საკითხს.  თანამედროვე გაგებით, მეციერების დაბადება XVI-XVII საუკუნეში იწყება, ზოგიერთი ამას პირველ სამეცნიერო რევულუციას უწოდებს. სწორედ ამ დროს იქმნება მთელი სამყაროს პირველი სამეცნიერო სურათი, დასავლეთ ევროპაში. ამ დროს ჩამოყალიბდა პირველი სამეცნიერო დისციპლინები.  მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება  სამყაროს შესახებ ცოდნის დაგროვების მეთოდების მუდმივი ძიება, ამ მეთოდების დემონსტრირება, ამ ცოდნის აქტუალიზაცია და განახლებაა.  მეცნიერების[2] არსებობა ეფუძნება რამდენიმე ძირითადი პოსტულატის, ანუ აქსიომის, ერთხმად აღიარებას, „რწმენას,“[3] რომლებიც ემპირიული კვლევის შესაძლებლობას ბადებენ, როგორებიცაა:  მატერიალური სამყარო, მისი რეალური არსებობა; ამ სამყაროს არსებობის, ყოფნის, კანონზომიერება; ამ მატერიის და კანონზომიერების გამოკვლევის, შემეცნების შესაძლებლობა, რაც თავის თავშივე გამორიცხავს სამყაროს, მატერიის და მასში მოქცეული ყოფიერების უმნიშვნელობას და უარესი, მის სიკეთისგან დაცლას, ბოროტ არსს, საწყისს. ბიბლიის ახალი და ძველი აღთქმის წერლის ქართულ თარგმანში სიტყვა მეცნიერების, სხვადასხვა ვარიაცია(მეცნიერ, მეცნირებაიჲ, მეცნიერებითა) 186 ჯერ გვხვდება. და წერილისეული გაგება ამ სიტყვისა, განსხვავდება მისი თანამედროვე დეფინიციისაგან.[4]  ზოგჯერ, ბიბლიაში ეს სიტყვა გამოხატავს რაიმე კონკრეტულის ცოდნას: „  და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად.“(დაბ. 25:27) ან რაღაცის, მათ შორის მეტაფიზიკური კატეგორიის, გაგების, შემეცნების შესაძლებლობას: „მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“(დაბ. 3:22) ზოგიერთ შემთხვვაში უბრალოდ გონიერებას: „ესე არს სიბრძნე და მეცნიერება თქუენდა“(მეორე რჯ 4:6)  და სხვას, მაგრამ არა ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობას. ერთი შეხედვით, ბიბლია სდუმს ამ საკითხზე, თუმცა სინამდვილეში ქრისტიანული ეკლესია საკუთარი გამოცდილებით, მისი გარდამოცემა[5], პირველივე საუკუნეებიდან პოზიტიურად განიხილავს ხსენებულ ძირითად პოსტულატებს, რომლებსაც მეცნიერების არსებობა ემყარება.  მაგალითისათვის, ბუდიზმსა და ინდუიზმში, ასევე ფილოსოფიის ისეთ მიმდინარეობაში როგორიც სოლიფსიზმია[6], მატერია ილუზიაა, არ არსებობს, შესაბამისად ამქვეყნიური ყოფნა მხოლოდ ეფემერაა. ბუნებრივია ამ მოძღვრებებზე დაფუძნებულ კულტურაში ვერ დაიბადება მატერიალური სამყაროს შეწავლის სურვილი. საპირისპიროდ ამისა, ადრეული ეკლესიის მამათა ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში ვხვდებით გამოთქმებს „ეკლესიას რომელიც „მსხემობს,“ „მწირობს,“ „არის“ კორინთოში, ნაზიანზში, კონსტანტინეპოლში“ და სხვაგან…ესეიგი, ეკლესია თავიდანვე ამოწმებდა მატერიის რეალურ არსებობას, საკუთარი თავის მატერიალურ გარემოში ყოფნით. ეკლესიის ამა თუ იმ ქალაქში და სახელმწიფოში ყოფნა მიგვანიშნებს სწორედ ამაზე, რადგან კულტურა, პოლიტიკა, სახელმწიფო მატერიალურ გარემოში ყალიბდება და არა აბსტრაქტულად, მისგან განყენებულად. ამას გარდა, ანტიკურ ფილოსოფიაში, გვიან ანტიკურ ნეოპლატონიზმშიც კი, ხორცი, მატერია, უეჭველ სიბოროტედ განიხილება, ესაა სიბინძურე რომელიც ზღუდავს სულს, ანუ ღვთიურ საწყისს ადამიანში, ის მხოლოდ სიკვდილთანაა წილნაყარი, შესაბამისად უმნიშვნელოა. ანტიკური ფილოსოფიის გავლენით ეს ხედვა გნოსტიკოსებში, პირველ ქრისტიანულ  სექტებშიც არსებობდა, თუმცა ეკლესიამ არ მიიღო, განაგდო ეს მემკვიდრეობა. ეს უკვე შესამჩნევია პავლეს მიერ არეპაგში წარმოთქმულ სიტყვაში. ბოლოსდაბოლოს ქრისტიანობა მკვდართა აღდგომას ქადაგებს და რატომ უნდა აღდგეს ის რაც უმნიშვნელოა, მეტიც სიბოროტე და სიბინძურეა თავისი არსით?! რაც შეეხება შემეცნებას, ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით ადამიანი არის არსება რომელსაც შეუძლია შეიმეცნოს სამყარო, რადგან ის ხატი და მსგავსია ღმრთისა, რაც გულისხმობს თავისუფალი ნების არსებობას, თავისუფალი ნება კი წარმოუდგენელია შემეცნების გარეშე. ამაზე პავლე მიუთითებდა კვლავ არეოპაგში, „ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების დრონი“(საქმე 17:30) ამაზე მიუთითებდა მრავალი საეკლესიო ავტორიც, მაგალითად კლიმენტი ალექსანდრიელი: „განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ის, ვინც კაცობრიობისთის დაითმინა ამდენი ტანჯვა, ადამიანის შემეცნებას მოაკლო თუნდაც ერთი პუნქტი?“. ეს უმნიშვნელოვანესი პოსტულატები კაცობრიობას ქრისტიანობამ აჩუქა, როგორც სხვა ბევრი რამ.  როგორც ქართველი მეცნიერი, ზურაბ ეკალაძე, ძალიან სწორად შენიშნავს, შეუძლებელია მეცნიერების და მსოფლხედველობის გაიგივებაც, ვინაიდან მეცნიერებაას მიუხედავად ცოდნის დიდი ჯამისა, არ შეუძლია მოგვცეს სამყაროს მელი სურათი, სამყაროსავე მუდმივი ცვალებადობის გამო, მეცნიერება მისდევს სწორედ ამ ცვალებადობას. ხოლო მსოფხედველობა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს, განათლების და ინტელექტის დონის მიუხედავად. მისი ინტერესი ცხოვრების აზრი, ღმერთი, სიკეთე და ბოროტებაა და სხვა… ამიტომ რმენა და მეცნიერება, ერთი მხრივ, ერთმანეთისგან ავტონომიურად არსებობს, ხოლო მეორე მხრივ ავსებს ერთმანეთს. მაშასადამე, რელიგიის და განსაკუთრებით ქრისტიანობის დაპირისპირება მეცნიერებასთან, სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო ობსკურანტიზმი, რომლიც წარმოშობს სწორედ რელიგიურ მითებს.  ყოველივე ეს, უკანასკნელ ხანებში, ყველაზე დიდმა ქრისტიანულმა შეკრებებმა დაადასტურა, დასავლურ ქრისტიანობაში ეს იყო ვატიკანის II[7], ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიაში  კრეტის კრება,[8] რომლის ენციკლიკაშიც ვკითხულობთ, რომ ქრისტიანული ბიოეთიკა ხელს უწყობს ფილოსოფიური და მეცნიერული დისკუსის განვითარებას

კორონა ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ მასიური დაბნეულობა და შიში წარმოშვა, ეს კი ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა ანტივაქსერული მითების გასავრცელებლად. რაც დესტაბილიზაციას, ვირუსთან ბრძოლის შეფერხებას იწვევს. ეს ყოველივე კი პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, ასეთი განწყობები შეიძლება აღმოჩნდეს ბერკეტი უცხო ქვეყნის ხელში.(Soft Power ფაქტორი) ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვაქცინის შექმნა საწყის ეტაპზე იყო, დაიწყო ერთი შეხედვით სტიქიური დეზინფორმაციის კამპანია ვაქცინაციის წინააღმდეგ. ამ საქმეში ექიმებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს არ ჩამორჩნენ სასულიერო პირები, ან ის სოციალური თუ ონლაინ აქტორები, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ეკლესიასთან და ქრისტიანულ ღირებულებებთან ახდენენ. ამ უკანასკნელთა მიერ გაჟღერებული ანტივაქსერული მითები საკმაო ოდენობის და განსაკუთრებული შინაარსის გამო იმსახურებენ ცალკე განხილვას. მინდა მკითხველი გავაფრთხილო, რომ ყოველი მომდევნო დეზინფორმაციის განხილვისას, უკვე გაჟღერებულ მითებს აღარ გავაჟღერებ, ბლოგის მოცულობის გამო.

2020 წლის დეკემბერში, „თვალსაზრისმა“ გამოაქვეყნა ბერძენი მღვდლის, ვინმე მამა კლეონის ინტერვიუ, რომელშიც ის მოგვიწოდებდა დონ კიხოტის შემართებით წინ აღვდგომოდით „დაჩიპვას“ და ანტიქრისტეს გეგმებს. მისი მტკიცებით, ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის, ასევე, ორგანიზმში ლუციფერინი შეჰყავს, რომლითაც დგინდება ჩვენს სხეულში არის თუ არა ჩიპი.  სახელი ლუციფერინი, ჩვენში აღელვებას არ უნდა იწვევდეს, დიონისე არეოპაგელს რომ არ მივმართოთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, ეს სახელი ნათებას უკავშირდება და არა დემონს. ამ ორგანული ნაერთის ჟანგვის პროცესი ნათებას იწვევს, ტეხასის სამედიცინო ცენტრის განმარტებით, COVID 19 ის საწინააღმდეგო ცდებისას, ანტისხეულების ვიზუალური დადასტურებისთვის იყეებდნენ, რაც პერსპექტივაში დიაგნოსტიკის დროს შეამცირებდა. თუმცა ამ უწყინარ ფერმენტს კოვიდ პანდემიამდეც ხშირად იყენებდნენ, მაგალითად სიმსივნული თერაპიისას. ასევე სიცრუეა დნმ – ის ცვლილება, რადგან არც ერთ ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედების ბირთვთან შეხება არ აქვს.[9] მშვიდად იძინეთ მამა კლეონ!

რადგან გაზაფხულზე ჰელოუინი არაა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ვერაფერი დაარბია, მოიცალა და თებერვალში გვამცნო: რომ ვაქცინაცინაში შესაძლოა RFID ჩიპი იყოს, რომლითაც გვითვალთვალებენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვაქცინის წარმოება შეწყვიტეს, რადგან მისით მკურნალობა არაეფექტურია, ბუნებრივ ინფიცირებასთან შედარებით! ასევე, თურმე პფაიზერის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ვაქცინაციის საჭირროება უარყო. ამას გარდა, აცრისას ნანოტექნოლოგიურ კვანტურ ჩიპს ჩანერგავენ, რომელიც მუდმივი ჩიპი იქნება, არ გაცვდება! რეალურად, RFID ჩიპი არა ვაქცინაში, არამედ მის კონტეინერზეა დამაგრებული, ვარგისიანობის შესამოწმებლად და თაღლითობის ასაცილებლად და მისი გამოყენება, იმ დროისთვის დაწყებული არც იყო. კომპანია მერკმა კი, წარმოება საკუთარი ვაქცინის არაეფექტურობის გამო შეწყვიტა და არა ზოგადად ვაქცინაციის. ამას გარდა, მამა დეკანოზის ყველა მტკიცება ყალბი აღმოჩნდა და ძირითადად უცხოენოვან ინტერვიუთა შეუსაბამო ინტერპრეტაციას ეყრდნობოდა.[10]  აჰჰ, კარგით, ისევ შემდეგ ჰელოუინს დაველოდებით.

ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კი, ქართველი სოციალ დემოკრატების დისკრედიტაციასთან ერთად, გაიგო და ჩვენც გაგვაგებინა, რომ ვაქცინაში აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა უჯრედები შედის და ვაქცინაცია კანიბალიზმს შეადარა.[11] მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ეგებ კანიბალიზმის საფრთხეც რეალური აღმოჩენილიყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს მხოლოდ მანიპულაციაა.[12] სხვა მიტროპოლიტმა კი, როდესაც COVID 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა, არათუ საქართველოში, არამედ, ირმის ნახტომის არც ერთ წერტილში არ არსებობდა, წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ შემოგვთავაზებდნენ ვაქცინას, რომელიც არა ვირუსს, არამედ ადამიანების დამონებას და მართვას, მათ დამორჩილებას მოემსახურებოდა. ასევე, მოგვიწოდა სწორი დასკვნების გაკეთებისკენ.[13] გმადლბთ, მართლაც გვჭირდება სწორი დასკვნები: თქვენ გატყუებენ მეუფენო!

ელიტარული უბნის ელიტარულმა მამებმა, კი დაგვმოძღვრეს, წარმოგვედგინა რამდენი ადამიანის გაწყვეტა სჭირდებათ, მათ ვინც „ფარდის მიღმა, კულისებშია“(ა.ბ), რომ დედამიწაზე მოსახლეობა 1 მილიარდამდე ჩამოიყვანონ. კორონა ვირუსი არც ისე ლეტალურია და ვაქცინა ჩვენს „მოკვდინებას“ ემსახურება. თანაც, ეს უტყუარი ინფორმაცია პატივცემულ ხუცესს სოციალურ ქსელში წაუკითხავს და შესაბამისად ხელაღებით მოგვიწოდა ვაქცინის არ გაკეთებისკენ. ამ ამბავს, ექვს მილიარდზე მეტი და შვიდზე ნაკლები ადამიანის „თავიდან მოშორება“ დასჭირდება, მაგრამ, ღმერთო ჩემო, არ მეგონა პითაგორელების შემდეგ, თუ ვინმეს რიცხვებისადმი ამხელა ემოციური კავშირი ჰქონდა.

რაც შეეხება Bluetooth და Wi – Fi კავშირებს, თავად სცადეთ, მეგობრებო!

რა თქმა უნდა, ისეთი სასულიერი პირებიც არსებობენ, რომლებიც მოგვიწოდებენ, ვუსმინოთ კომპეტენტურ პირებს და თავადაც იცრებიან. მაგრამ რატომ გაჩნდა დეზინფორმაციის კასკადი?! და რას ნიშნავს ეს?! აქ განხილულზე ბევრად მეტი მითი ვრცელდება, მათი მთავარი ნარატივები ჩიპიზაცია, დამონება, გენის შერყვნა, ხელოვნური დეპოპულაცია და შეთქმულებებია. თუმცა, ყოველთვის ამგვარად გავრცელებული მითები ძირითადად სიყალბეა. ხშირად მათი გამავრცელებლები თავადაც მსხვერპლნი არიან კამპანიისა, რომლებსაც კვლევების მიხედვით აგრესორი სახელმწიფოები, ან დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალები აწარმოებენ.[14] როგორც ვხედავთ ეს მითები არანაირ თეოლოგიურ განსჯას, რეფლექსიას არ ემყარება და წარმოუდგენელიცაა სხვანაირად იყოს.  თუმცა რელიგიურ ელფერს იძენენ და რელიგიურ მითებად ყალიბდებიან, რადგან ხშირად ისინი გაისმის ამბიონიდან ქადაგებისას, რიტუალური თუ უბრალო საკრებულო თავშეყრებისას, სამღვდელმსახურო სამოსში გამოწყობილი პირების მიერ.  რელიგია კი ჩვენს საზოგადოებაში, მგრძნობიარე, ადვილად მანიპულირებადი თემაა.  ტაძარი, საკურთხეველი, ამბიონი საკრამენტალური ადგილებია, საიდანაც მუდმივად უნდა მიეწოდოს სიყვარული და ქრისტიანული სწავლება, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ყველას. ზემოთ შევეცადე განმეხილა როგორ გაიაზრებს ქრისტიანული თეოლოგია მეცნიერებას და შესაბამისად ვაქცინაციას, ეს მითები ამასთან შეუთავსებელია. მეტიც, როდესაც საკრამენტალური გარემოდან ქრისტიანობის სწავლების მაგივრად „შეთქმულების თეორიები“ ისმის, მისი გამაჟღერებელი ქრისტიანული სივრცის სეკულარიზაციას ახდენს, დაცლის მას ავთენტური შინაარსისგან. როდესაც ის მოწოდებულია იმის საქადაგებლად, რაც შეუთავსებელია ყოველგვარ სიყალბესთან. ამ შემთხვევაში, არამხოლოდ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, არამედ ზოგადად ქრისტიანობის, რწმენის დისკრედიტაცია იწყება ამბიონებიდან და არა ქუჩიდან ან რომელიმე სატელევიზიო სტუდიიდან. ამის მიზეზი ჩვენში ქრისტიანობის პროფანირება, მისი რეალური შინაარსისგან დაცლა და უსიცოცხლო თეოლოგიური დისკუსია, რაც ჩაკეტილობისკენ და მარგინალიზაციისკენ მიგვაქანებს. ამის, ნაცვლად მსოფლიოს მასშტაბით საეკლესი სივრცეებში იმართება სიმპოზიუმები, კონფერენციები, რომლებიც ცდილობენ ვაქცინაციას და ვირუსს შეხედონ ქრისტიანული ბიოეთიკის კონტექსტში, რათა ქრისტიანებმა აღასრულონ საკუთარი მისია. ცნობილი თეოლოგები აქვეყნებენ პუბლიკაციებს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ემსახურონ პანდემიის პირობებში გარშემო მყოფებს და შესაბამისად ღმერთს.

თუ პიროვნება ათეისტია, შორსაა რწმენითი ღირებულებებისგან, რატომ მოუსმენს და ენდობა ადამიანს, რომელიც, ნაცვლად თავისი რეალური მოვალეობის აღსრულებისა, რომლითაც უნდა ემსახუროს საზოგადოებას, სიყალბეს  ტირაჟირებს?!

თუ მორწმუნე და ეკლესიის წევრი ვარ,  რატომ უნდა მინდოდეს მიწინამძღვროს ადამიანმა, რომელიც იმ სივრციდან, სადაც უნდა შევხვდე ღმერთს, ავრცელებს სიყალბეს და ამითი შერყვნის ჩემთვის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან სწავლებას, რომელზეც ვაფუძნებ ჩემს ცხოვრებას? მეტიც, რატომ არ უნდა ვთქვა, რომ ამას არაფერი საერთო არა აქვს ქრისტიანულ რწმენასთან, იმასთან, რის გამოც და რისი აღიარების მეშვეობითაც ვხდები ეკლესიის წევრი?

ბუნებრივია, სამედიცინო, სამეცნიერო მოსაზრებით შეიძლება ვინმე კრიტიკული იყოს ამა თუ იმ კონკრეტული ვაქცინის მიმართ, ეს მისაღებია, რადგან ვირუსთან ბრძოლა ცოცხალი და დაუსრულებელი პროცესია. მაგრამ, თუ მთლიანად ვაქცინაციის წინააღმდეგ, სიყალბეზე აგებული წინააღმდეგობა ეხვევა რელიგიურ საბურველში, ეს წმიდა წყლის ობსკურანტიზმი, მანიპულაცია და მავნებლობაა.

სქოლიო

სტატია მომზადებულია GMF Leadership პროგრამის Alumni Leadership Action პროექტის „Disinformation in the Post-Pandemic Era“ ფარგლებში გერმანიის მარშალის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს გერმანიის მარშალის ფონდისა ან ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.