ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ვახტანგ დავითაშვილი 1998 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 2016 წელს დაამთავრა სკოლა 21-ე საუკუნე და ამავე წელს ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ამჟამად იმყოფება მე-2 კურსზე. ფლობს ინგლისურ, რუსულ, კორეულ და ფრანგულ ენებს. 2018 წელს მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო ქმედების სკოლის პირველ ნაკადში.
ჩემთვის / #ქმედება არის
ჩემთვის ქმედება არის ძალიან კარგი პროექტი, სადაც პირველ რიგში მივიღე ცოდნა, იმ სფეროში, რითიც მე ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული. ამასთან ერთად ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ვისთანაც ბევრი საერთო მაკავშირებს და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ საქმიან თუ არა-საქმიან ურთერთობას. ბაკურიანში კი განსაკუთრებით ძალიან გავერთე და ამ პროექტის დამსახურებით დიდი ცოდნა მივიღე საზოგადო აქტივობის ორგანიზებასა და დაპროექტებაში, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ მეც და დარწმუნებული ვარ იქ მყოფი ყველა ახალგაზრდა, საბოლოო ჯამში კი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა ქვეყანას ბევრად წინ წაწევს.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
სამწუხაროდ სამოქალაქო ქმედების სკოლამდე არ მქონია შეხება ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან და ბევრის თქმა არ შემიძლია, თუმცა რაც ფაქტია, ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკვანძო საკითხებში რაც რადიკალურად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის იქნება ეს ქვეყნის შიდა პრობლემები თუ ქვეყნის საგარეო კურსი, მიზანი კი ჩემი აზრით ისაა, რომ გვქონდეს ჯანსაღი, მოაზროვნე და განათლებული თაობა.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე მინდა ვიცხოვრო საქართველოში, სადაც ისეთი ინსტიტუტები როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და საყოველთაოდ გააზრებული. ისეთ საქართველოში, სადაც ყველა გაიაზრებს, რომ 3 მილიონი ადამიანი რომ ვართ ქვეყანაში, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვემტერებოდეთ რელიგიის, პარტიულობისა ორიენტაციისა და ეთნიკურობის გამო, ჯობია ერთად დავდგეთ როგორც ერთიანი და ვიფიქროთ იმ ქვეყნის განვითარებაზე, რომელშიც ყველა ჩვენთაგანს გვიწევს ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე არ იფიქრებენ ისედაც და განსაკუთრებით არჩევნებზე წასვლისას, არამედ იფიქრებენ როგორ გააუმჯობესონ მდგომარეობა, რაც მათ ქვეყანაშია, რადგან ქვეყნის განვითარება, ნებისმიერი მისი მოქალაქის უკეთეს ცხოვრებას ნიშნავს და ბოლოს, საქართველო, საიდანაც არავინ იტყვის მინდა წავიდე და ევროპაში ან ამერიკაში ვიცხოვროო, არამედ ის ქართველები, ვისაც უწევთ საზღვარგარეთიდან ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა, მათაც შეეძლებათ დაბრუნება და თავიანთ სამშობლოში ცხოვრების გაგრძელება.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ზუსტად არ ვიცი მომავალში რა მინდა გამოვიდე, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, უკვე დიდი ხანია ჩემი მიზანია ვემსახურო ჩემ ქვეყანას. ზუსტად არ ვიცი რა მეთოდებით ვაპირებ ამას, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა არის ის სფერო, რითიც ვარ დაინტერესებული და რასაც ვსწავლობ, შესაბამისად მომავალში ჩემი გეგმაა წავიდე საზღვარგარეთ სასწავლებლად, რათა უფრო გავიღრმავო ცოდნა იმ სფეროში რაც მე მაინტერესებს, ხოლო შემდეგ ჩამოვიდე და უკვე ადგილზევე გადავწყვიტო თუ რითი შემიძლია ყველაზე მეტი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას. ვფიქრობ, უდიდესი ბედნიერებაა ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოგქონდეს იმ საქმიანობით, რაც ამავდროულად ძალიან გაინტრესებს.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის იყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ომი გადაიტანა, თუმცა არასდროს არ დაცემულა და ყოველთვის შეძლო საკუთარი ტრადიციების, სარწმუნოებისა და კულტურის შენარჩუნება. ქართველობა ჩემთვის არის იყო იმ ძლიერი ერის წარმომადგენელი, რომელიც სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა ყოველთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველობა არ არის იყო მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალ კულტურული მოსახლეობით. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობით საიდან ხარ, მთავარია გიყვარდეს საქართველო, მისი კულტურა და ტრადიციები კარგად გესმოდეს და რაც მთავარია ცდილობდე საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანო.