„ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნების მნიშვნელობა უკრაინის ინფორმაციულ ომში 2022 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობისას“
კვლევითი ნაშრომი მომზადებულია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჰიბრიდული ომის
კურსის ფარგლებში
ნაშრომის ავტორი:
ელენე სვიანაძე
კურსის ხელმძღვანელი რევაზ თოფურია
თბილისი, საქართველო
2022 წლის 14 ივლისი
“The importance of the personality of Volodymyr Zelensky in Ukraine’s information warfare during the 2022 Russia-Ukrain conflict””
The Research Paper submitted to the Faculty of the International Relations School of Free University
in fulfillment of the requirements for the Course in Hybrid Warfare
BY
Elene Svianadze
Supervised by Revaz Topuria
Tbilisi, Georgia July 14, 2022
შესავალი
„გმირი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის“ – 2022 წლის 24 ივნისს, თბილისში გამართულ აქციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველის ხალხისთვის მიმართვის შემდეგ მწერალმა და აქციის წამყვანმა ლაშა ბუღაძემ ამ სიტყვებით დაახასიათა უკრაინის პრეზიდენტი.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ დიდი საერთაშორისო მოვლენაა და ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა ცივი ომის შემდეგ. გარდა იმ პოლიტიკურ- ეკონომიკური ძვრებისა, რასაც მიმდინარე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამოიწვევს მომავალში, მან მსოფლიოს დაანახა ინფორმაციული ომის მნიშვნელობა და ეს დაპირისპირება სამომავლო კვლევებისთვის საინტერესო შესასწავლი საგანი შეიძლება გახდეს.
რუსეთ-უკრაინის სამხედრო თუ ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, საინტერესოა ამ ორი სახელმწიფოს ლიდერების გადაწვეტილებები და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებები, რადგან, განსაკუთრებით საბჭოთა სივრცეში პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს და სოციუმიც ადამიანების მიმართ არსებული სიმპათია-ანტიპათიით შეიძლება საზღვრავდეს ამ ლიდერების მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობას (CASSIDAY & JOHNSON, 2010). ამავე პრინციპით, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში დიდ როლს თამაშობს ინფორმაციული ომი, რომლის ნაწილიც ორი სახელმწიფოს ლიდერები არიან და მაშინ, როდესაც პუტინის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით უმეტესად უარყოფით დამოკიდებულებას ვხედავთ, ზელენსკის სახით პოლიტიკური და უბრალოდ ადამიანური გმირი იბადება როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნაკლებად ცნობილი პიროვნება იყო ომის დაწყებამდე, ან უფრო ნაკლებად ცნობილი იყო როგორც პოლიტიკოსი და მეტად, როგორც მსახიობი ან კომიკოსი. მაგრამ ეს მშვიდობის პერიოდში.
2022 წლის თებერვალში კი, კიევში, ხაკისფერ მაისურში გამოწყობილი ვოლოდიმირ ზელენსკი კამერას უყურებს და თავის ტექსტს მტკიცე ტონით კითხულობს. მიუხედავად კამერების არსებობისა, ის არ არის მსახიობი, ან აღარ არის მსახიობი. ის ახლა ომშია და არა კინოში.
ვიდეოები სოციალურ ქსელებში ფართოდ ვრცელდება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადგილზე აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს დაიცვას ტერიტორია და არ დადოს იარაღი. ის ასევე აცნობებს მოსახლეობას ბოლო მოვლენების შესახებ და უარყოფს ცრუ ჭორებს.
რამდენიმე დღეში ვხედავთ ავსტრალიის პარლამენტში გამოდის სიტყვით, ან NATO- ს სამიტზე ერთვება ზემოთ ხსენებული ხაკისფერი მაისურით.
ამრიგად, უკრაინის პრეზიდენტის აქტიური სოციალურ მედია კამპანია თუ მსოფლიოს ტელეარხებზე, მნიშვნელოვან სამიტებსა და კინოფესტივალებზე გამოსვლები გახდა როგორც მისი, ისე უკრაინის ცნობადობისა და მისდამი ინტერესის გაზრდის მიზეზი.
თანამედროვე ომი არის ნარატივების ომი, სადაც ტყვიებს გაისვრიან როგორც ფიზიკურად, ასევე ვირტუალურად. პრეზიდენტი ხარ თუ ტერორისტი, თუ არ გესმის, როგორ გამოიყენო სოციალური მედიის ძალა ეფექტურად, შეიძლება ერთ ბრძოლაში მოიგო, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის ომს წააგებ (Patrikarakos, 2017).
ამრიგად, ზელენსკის პოსტები თუ სიტყვიერი მიმართვები, ხაკისფერი მაისურით სიარული კიევის ქუჩებში და 30 წამიანი ვიდეოები, რომლებიც რამდენიმე წუთში ჰიტად იქცევა ხოლმე, უკრაინის ინფორმაციული ომის ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ. და მართალია გერასიმოვის დოქტრინა ომის ჰიბრიდული საშუალებების გამოყენების შესახებ უმეტესად თავდასხმას ითვალისწინებდა, თავდაცვის პირობებშიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტერი რაოდენობრივად ბევრად მეტია, ჰიბრიდული ომის
მექანიზმების ამოქმედება და გამოყენება აუცილებელია. შესაბამისად, ინფორმაციული ომი ამ კონფლიქტის ის ნაწილია, რომელში გამარჯვების მიღწევაც უკრაინას ცალსახად შეუძლია და სრულიად ბუნებრივი და გულწრფელი ან იქნებ წინასწარ დაწერილი ტექსტებით მოსაუბრე პრეზიდენტი ზელენსკიც ამ ინფორმაციული ომის ნაწილია. რამდენად დიდ გავლენას მოახდენს კონკრეტული პიროვნების სახე ომის საბოლოო შედეგებზე ამაზე საუბარი მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდგომ ჩატარებული კვლევებით გახდება შესაძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობისას შეგვიძლია შევაფასოთ ზელენსკის ქმედებები და მის მიმართ არსებული დამოკიდებულება უკრაინულ თუ საერთაშორისო მედიაში.
მეთოდოლოგია
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და შესაბამისად, მასში მონაწილე პირებიც ფართო საზოგადოებრივი ინტერესის საგნებს წარმოადგენენ. ბუნებრივია, პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ გაზრდილი ინტერესიც იწვევს ამ ადამიანის შესახებ ბევრი ინფორმაციის გავრცელებას, უამრავი სტატიისა თუ ვიდეოს ან ჩანაწერის გავრცელებას, მაგრამ ვინაიდან ომის დაწყებიდან 5 თვე გავიდა, არც მიმდინარე კონფლიქტის და შესაბამისად არც ზელენსკის შესახებ ჯერ აკადემიური კვლევა არ არსებობს, ან წერისა და გამოცემის პროცესშია.
შესაბამისად, ქვემოთ მოცემული კვლევა ეყრდნობა უფრო ზოგად რესურსებს და ინდივიდუალურად ჩატარებული კვლევის საფუძველზე ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორი გავლენა იქონია ზელენსკის ქმედებებმა მის რეიტინგსა და საზოგადოებაში პრეზიდენტის მიმართ არსებული დამოკიდებულებების ცვლილებაზე და როგორ გახდა იგი უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ინფორმაციული ომის ნაწილი.
აღნიშნულისთვის მოცემული ნაშრომი თავდაპირველად განიხილავს იმას, თუ როგორ ახდენს ზელენსკი გავლენას მასებზე, რა უნარებსა და შესაძლებლობებს იყენებს ამისთვის. მეორე ნაწილი კი ეთმობა იმის ანალიზს, თუ რა გავლენა აქვს
ზელენსკის პიროვნების მსგავსად წარმოჩენას უკრაინელ საზოგადოებასა და საერთაშორისო მედია სივრცეებზე.
ნაშრომი ეყრდნობა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლებისა და ვიდეო მიმართვების ანალიზს, სოციალურ მედიაში მის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ამაზე საზოგადოების გამოხმაურების ანალიზს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ წიგნების სერიაში – War Speeches By Volodymyr Zelensky (I; II; III) თავმოყრილია ყველა ის მიმართვა, რაც ზელენსკის გაუკეთებია ომის მიმდინარეობისას. აღნიშნულმა წყარომ გაამარტივა კვლევისა და ანალიზის პროცესი. ინფორმაციულ ომში სოციალური მედიის გამოყენებისა და პოლიტიკური ლიდერების სახის შექმნის ანალიზისთვის გამოყენებულია ბრიტანელი ჟურნალისტისა და მკვლევარის დეივიდ პატრიკარაკოსის 2017 წლის წიგნი – War in 140 Characters: How Social Media Is Reshaping Conflict in the Twenty-First Century.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაფასებლად უმეტესად გამოყენებულია იზაბელ მანდროს 2021 წლის წიგნი Poutine, la stratégie du désordre, რომელშიც საუბარია როგორც პუტინის პიროვნებაზე, ისე უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. კვლევისთვის გამოყენებულია CNN, Franceinfo, Al-jazeera, და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებები, თუმცა ნაშრომი უმეტესად მოიცავს პრესაში გავრცელებული სტატიების ანალიზს. ზელენსკის გაზრდილი პოპულარობისა და რეიტინგის შესაფასებლად, აღნიშული მედია საშუალებების ონლაინ გვერდებზე უკრაინასა და მის პრეზიდენტზე გავრცელებული სტატიების რაოდენობისა და დინამიკის შესწავლა კი მეტად ნათელს ხდის ზელენსკის პიროვნების მნიშვნელობას ინფორმაციულ ომში. და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მცირე მასშტაბიანი კვლევაა და მხოლოდ სტატიების რაოდენობასა და სათაურებში ზელენსკის შესახებ არსებული ინფორმაციის შეფასებას ემყარება, შესაძლოა საინტერესო საფუძველი გახდეს საკითხის შემდგომი, უფრო ფართო და სრულფასოვანი შესწავლისთვის.
ზელენსკის სამსახიობო კარიერის როლი ლიდერის სახის ჩამოყალიბებაში
თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ზელენსკი აღქმული იყო, როგორც კომიკოსი, ტელესერიალების მსახიობი და ამრიგად, პოლიტიკისთვის შეუფერებელი. ამის მიუხედავად, მისმა სამსახიობო გამოცდილებამ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს დიდი როლი ითამაშა ზელენსკის საჯარო სახის ჩამოყალიბებაში. ეს არ გულისხმობს, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა დადგმული ან არაგულწრფელია, თუმცა აშკარაა, რომ გარკვეულმა სამსახიობო უნარებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოებაში ზელენსკის მიმართ ინტერესისა და ნდობის ამაღლებას.
ლინკოლნ-დუგლასის დებატები, რომელიც სახალხოდ იმართებოდა მოხსენიებულია ლინკოლნის ჩანაწერებში, სადაც ყურადღება მახვილდება მიმიკის და გამოხატულებების მნიშვნელობაზე. უმიკროფონოდ ამდენი ადამიანის წინაშე საუბარი მკაფიო, მშვიდი თუმცა მკვეთრი უნდა ყოფილიყო, რათა თავიანთი აზრები ბრბოს კიდემდე მიეტანათ. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე გამომსვლელებზეც. იმ განსხვავებით, რომ ტელევიზიაში წარმატების მთავარი გასაღები მინიმალიზაციაა (Miller, 2001). კამერის წინაშე დამაჯერებლობა და სიმშვიდეა მნიშვნელოვანი- ამ სიტყვებს 2001 წელს წერდა არტურ მილერი, თუმცა თანაბრად მართალია ზელენსკის შემთხვევაზეც. მსახიობობა დღესაც ეხმარება იმაში, რომ Play it cool, და აძლევ მთელ რიგ თვისებებს რაც მნიშვნელოვანია პროპაგანდის წარმოებაში. მაშინ, როცა კონფლიქტი მუდმივად ლაივ რეჟიმში შუქდება სამსახიობო უნარები მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკოსებისთვის ინფორმაციული ომის წარმოებისას.
პრეზიდენტ ზელენსკის შემსრულების გამოცდილება და უნარები კი საჭიროა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზელენსკი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ტელევიზიამ ის მიიყვანა კომიკოს-მსახიობობამდე. იყო ბევრი ტელეშოუს სცენარის ავტორი და პროდუსერი (Kvartal 95). 2015 წელს შექმნა ვასილ გოლობორდკოს როლი ტელესერიალში – ხალხის
მსახური. ეს პერსონაჟი ძალიან განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ. გოლობორდკო უბედური მოქალაქეა, რომელიც სულაც არ ელოდება და არც მზადაა ასეთი თანამდებობისთვის, თუმცა საკუთრივ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისეთი უნარების ჩამოსაყალიბებლად, როგორებიცაა აუდიტორიისთვის სასურველი ემოციებისა და ეფექტის მინიჭება, საუბრის მანერა, მშვიდი ტონი და სხვა. ვინაიდან ამავე სერიალის სცენარის ავტორიც თავად უკრაინის პრეზიდენტი გახლდათ, სატელევიზიო პროდუქტმა დიდი როლი ითამაშა ზელენსკის მხრიდან ოფიციალური მიმართვის ტექსტებისა და ზოგადად წერის უნარების გამომუშავებაში.
რამდენიმე წლის შემდეგ კი ვხედავთ, პრეზიდენტი ზელენსკი იუწყება მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ, ინარჩუნებს მშვიდ თუმცა მკაცრ მიდგომას. დრამატული პაუზები კი მაყურებელს საშუალებას აძლევს აღიქვას სიტუაციის სერიოზულობა (Miller, 2001). ზელენსკი ოსტატურად იყენებს ტონსაც, რომელიც გადმოსცემს მდგომარეობის სირთულეს. ამრიგად, ერთის მხრივ, საზოგადოების პანიკას ირიდებს თავიდან, როგორც მშვიდი და გაწონასწორებული ლიდერი, მეორეს მხრივ კი, საერთაშორისო მედიას აწოდებს მნიშვნელოვან შეტყობინებას სიტუაციის სიმძიმის შესახებ.
ომსა თუ მშვიდობაში ლიდერს სჭირდება ემოციების გამოხავის შესაბამისი ფორმები, რომელთანაც საზოგადოება შეძლებს საკუთარი დამოკიდებულებების გაიგივებას ან ნათქვამის დაჯერებას. მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერის მრჩეველი გორდონ რისი შეშფოთებული იყო ლიდერის საჯარო იმიჯით 1979 წლის არჩევნებში. ამის გამო, მან გამოიყენა ნაციონალური თეატრის მსახიობები, რათა ტეტჩერის ხმასა და მიმიკაზე ემუშავათ. ასეთი მწვრთნელების საშუალებით ლიდერის ხმაურიანი და მჭექარე ბგერები იქცა რბილ, ღრმა ტონად, რაც საზოგადოებაში თანაგრძნობას იწვევდა და წარმოთქმულსაც მეტ დამაჯერებლობას სძენდა (Aitken, 2013). ეს, როგორც ჩანს უკრაინის ლიდერსაც ესმის.
როდესაც ზელენსკიმ მიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს, მასში არავის დაუნახავს გადაღლილობა ან ზეწოლის ქვეშ ყოფნა. თუ დავფიქრდებით, რამდენად დიდი მომზადება საჭირო იმისთვის, რომ საომარი ბუნკერიდან ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვა წაროსთქვა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყვეტ აპლოდისმენტს გამოიწვევს, ნათელი ხდება სამსახიობო უნარების მნიშვნელობა და ამასთან სწორად და ზუსტად შერჩეული მესიჯბოქსი კონკრეტული აუდიტორიისთვის. შესაბამისად, ზელენსკის გამოსვლების შინაარსი და გარკვეული თავისებურება/ტენდენციურობაც მნიშვნელოვანია ინფორმაციულ ომში მისი როლის დასადგენად.
2022 წლის 25 თებერვალი – 13:07 – ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინელ ხალხს და მათთან ერთად მსოფლიოსაც. „ეს არ არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს ევროპის წინააღმდეგ დაწყებული ომია“ (Zelensky, Glory to our Army! Glory To Ukraine!, 2022) – განაცხადა მიმართვის პირველივე წინადადებაში. შემდგომი დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა აღნიშნული მესიჯი და ეს იყო ერთგვარი ინფორმაციული კამპანიის ნაწილი. თებერვალი-მარტის ერთთვიან ინტერვალში გაკეთებულ 79 განცხადებაში ევროკავშირისადმი მოწოდება გვხვდება 82 ჯერ, NATO- სადმი – 38-ჯერ, რაც გაეროს მისამართით გაკეთებული განცხადებების რაოდენობას
(13) მნიშვნელოვნად აღემატება1. ამგვარი რიცხვობრივი მონაცემები უფრო ნათლად აჩვენებს ე.წ. მესიჯბოქსის მიმართულებას და გამოსვლების ძირითად ფოკუსსაც. გარდა ამისა, მნიშნელოვანია მიმართვების შინაარსი და თავისუბურებაც. თებერვალი- მარტის გამოსვლებზე დაყრდნობით ის სიტყვები რომლებიც უშუალოდ უკრაინელი ხალხისთვის იყო გათვლილი გამოკვეთდა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს ან დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობას 2 . ამის სანაცვლოდ, მიმართვები საერთაშორისო მედიაში მოიცავდა უმეტესად უკრაინელი ხალხისთვის დახმარების
1 მონაცემები მოყვანილია წიგნის War Speeches I: February – March 2022 – Published by The Presidential Office of Ukraine – ში მოცემული მიმართვების კვლევის საფუძველზე.
2 მაგალითები: ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვები – 28 თებერვალი -23:48; 2 მარტი – 09:32; 3 მარტი – 01:14; 3
მარტი – 11:20.
გაწევისკენ მოწოდებას, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის რიცხობრივი სიზუსტით ჩამოთვლას3.
ეს ერთი შეხედვით ლოგიკური გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის მხრიდან, ვინაიდან სამიზნე აუდიტორიას ის ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რომელიც ერთის მხრივ სასარგებლოა მომხსენებლისთვის და მარტივად მიღებადია მსმენელისთვის. თუმცა ვინაიდან რეალური ინფორმაცია სინამდვილეში პროპაგანდის აუცილებელი ელემენტია (Ellul, 1973), ზელენსკის შემთხვევაშიც, მოცემული რეალობის სამიზნე აუდიტორიისთვის სწორად მიწოდება ინფორმაციული ომის ნაწილია. როგორც ზოგადად პროპაგანდა, საზოგადოებაში რაღაც აზრსა და დამოკიდებულებებს აჩენს სასურველი საკითხის მიმართ, ისე უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლები მიმართული იყო მოსახლეობაში სიმამცის, ბრძოლისუნარიანობის და გამძლეობის ამაღლებისკენ, ხოლო საერთაშორისო თვალსაზრისით მიმდინარე ომის სირთულის, სოციალური კატასტროფის სურათის დახატვა საკითხით მეტი ადამიანის (მათ შორის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების) დაინტერესებას იწვევდა.
ამას თან ერთვის მსოფლიოს მასშტაბით ჩართვები და გამოსვლები ადგილობრივ საპარლამენტო ინსტიტუტებში. მაგალითად, 29-30-31 მარტს, რამდენიმე საათიანი ინტერვალით იგი ერთვება ნორვეგის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის პარლამენტს და აცნობს მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
უკრაინის პრეზიდენტმა გადააქცია Zoom პანდემიის ეპოქის პლატფორმიდან გლობალური ლიდერების და კეთილი ნების მქონე ადამიანების გულებისა და გონების მოსაგებ ხელსაწყოდ (ARCAND, 2022).
ზელენსკიმ გახსნა 2022 წლის კანის კინოფესტივალიც აღნიშნული პროგრამით და შონ პენმა უარი თქვა Oscars-ის ჯილდოზე ცერემონიაზე უკრაინის საკითხის იგნორირებისა და ზელენსკის არ მიწვევის გამო. ამ შემთხვევაშიც ზელენსკის,
3 ზელენსკის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე – 14 თებერვალი; ბუნდესტაგისთვის მოწოდება – 17 მარტი; შვეიცარიელი ხალხისთვის მოწოდება – 19 მარტი
როგორც ყოფილი მსახიობის პიროვნება მნიშვნელოვანი იყო კინოინდუსტრიის მხრიდან დახმარების გამოხატვაში.
სოციალური მედია
სოციალური მედია საშუალებები გახდა ინფორმაცის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე გავლენიანი წყარო. სოც-ქსელში დადებული ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება და ედება ყველა ასაკისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელს (Trottie & Fuchs, 2015). ამას იყენებენ პოლიტიკოსებიც და მიმდინარე საუკუნის უკანასკნელ წლებში Twitter გახდა ერთგვარი დიპლომატიური სივრცე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა შეიძინა Instagram-აც, რომელსაც კიდევ უფრო ფართო და ზოგადი ინტერესის მქონე მასებამდე მიაქვს ინფორმაცია. ორივე ქსელს მუშაობის სხვადასხვა სპეციფიკა აქვს და შესაბამისად პოლიტიკოსებიც განსხვავებულად იყენებენ მას. ზელენსკის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც Twitter-ზე დადებული განცხადებები ოფიციალურ სახეს უფრო ატარებდა, Instagram-ის შემთხვევაში ფოტოები და 30 წამიანი ვიდეოები ხდებოდა პოპულარული. გარდა იმისა, რომ ასეთი მარტივი მიმართვები ხალხს არწმუნებს პრეზიდენტის სიმტკიცესა და უკრაინაში ყოფნაში, ზრდის პოსტების მნახველთა რაოდენობას და შესაბამისად, პოპულარობასაც. ამას ზელენსკის გამომწერთა რაოდენობის ცვლილებაც ადასტურებს. 2020 წელს 9 მილიონი follower -დან რაოდენობა 17 მილიონამდე გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ4.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზელენსკიმ შეძლო მისი რეიტინგის ზრდის დინამიკაზე ემოქმედა და თავისი მოკლე ვიდეოებით ხალხისთვის უფრო ახლობელი გამხდარიყო. ის ამით ამბობს: „მე შენი პრეზიდენტი ვარ, არ ვიმალები, არსად არ წავალ. მერხს მიღმა არ ვზივარ და კოსტუმი მაცვია. მე აქ ვარ მოკვლის რისკის ქვეშ, ისევე როგორც ყველა სხვა. ”
4 მონაცემები აღებულია მოცემული ბმულიდან – Statista
მიუხედავად იმისა, რომ საინტერესოა რას აკეთებს პრეზიდენტი ზელენსკი თავისი და უკრაინის პოპულარობის გასაზრდელად და ყურადღების მისაქცევად, ინფორმაციულ ომში მისი როლის კვლევისას მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც ამ მცდელობებმა მოიტანა უკრაინისთვის. ერთი შეხედვით ცალსახაა, რომ რუსეთთან შედარებით უკრაინული წყაროები უკეთ მუშაობენ და ავრცელებენ საკუთარ აზრსა და ნარატივს და ამის ნაწილი საკუთრივ პრეზიდენტიცაა, თუმცა კვლევისთვის მნიშვნელოვანია მაგალითები და მონაცემები საზოგადოებაში ნდობისა და რეიტინგის, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის ზრდის კუთხით.
ზელენსკისადმი დამოკიდებულება უკრაინაში
IRI-ის მიერ უკრაინაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგები 2022 წლის მაისის თვის პირველ კვირაში გამოქვეყნდა, აჩვენა უკრაინელი ხალხის მხრიდან ზელენსკისადმი საოცარი ნდობა, პრეზიდენტის მხარდაჭერა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. პრეზიდენტ ზელენსკის შესახებ კითხვაზე, უკრაინელების 94% მტკიცედ ამტკიცებს ან გარკვეულწილად ეთანხმება მის მუშაობას. უკრაინელებმა ასევე გამოხატეს მტკიცე რწმენა, რომ ისინი დაამარცხებენ რუსეთს მიმდინარე კონფლიქტში. კითხვაზე, მოიგებენ თუ არა ომს, უკრაინელების 97%-მა თქვა დიახ5. აღნიშნული შედეგები შეიძლება შედარებული იყოს 2019 წლის მონაცემებთან. იმავე კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ზელენსკი იმ პერიოდის პრეზიდენტებს შორის 63%-იანი ნდობის რეიტინგით ლიდერობდა. დღეს აშკარაა მისი მხარდაჭერის ზრდა.
ომის დასრულებამდე დასკვნების გამოტანა რთულია, ვინაიდან, ყოვედლღიურად 1000-მდე უკრაინელის დაღუპვამ ომში შესაძლოა გმირად შერაცხული პრეზიდენტის
5 IRI Ukraine Poll Shows Overwhelming Support for Zelensky, Confidence in Winning the War, Desire for EU Membership
რეიტინგიც მკვეთრად შეამციროს. თუმცა არსებულ რეალობაში უკრაინის შიგნით ზელენსკის პოლიტიკისა და ქმედებებისადმი ნდობის მაღალ ნიშნულს ვხედავთ. საინტერესოა თვისებრივი კვლევის მონაცემებიც, რომლის ფარგლებში მცირე ინტერვიუები ჩატარდა უკრაინელ მოსახლეობასთან.
არტემ უ. 17 წლის სტუდენტია კიევიდან, რომელიც დედასთან და ძმებთან ერთად პოლონეთში გაიქცა. ის ამბობს, რომ მისი ოჯახი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა ზელენსკის მმართველობას. „ომამდე ბევრს არ მოსწონდა ის, მაგრამ ახლა ბევრმა შეიცვალა აზრი“, – განმარტავს ის.
არტემის თქმით, მის ოჯახს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ზელენსკი კომიკოსი იყო. ისინი ამჯობინებდნენ გამოცდილ პოლიტიკოსს ან ვინმეს ბიზნესის სფეროდან. მაგრამ ახლა აფასებენ მის ხელმძღვანელობას. „ის ჩვენთვის გმირია, მომავალ არჩევნებზე ხმას მივცემთ“, – ამბობს ის (Nils Adler, 2022).
Al-jazeera-სთან ინერვიუში ბოქსიორი ევგენი ტიშჩენკო აღნიშნავს, რომ ზელენსკის კომუნიკაციის სტილი არის პოპულარობის მთავარი გასაღები. „მისი პიროვნული თვისებები ახლა ნამდვილად იჩენს თავს, მისი გამოსვლები სერიოზულია, მაგრამ გასაგები. ახალგაზრდებს ნამდვილად მოსწონთ ეს“, – ამბობს ის.
მიხაილ ჰონტარენკო, 17 წლის, ოდესიდან, თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სამსახიობო კარიერა ეხმარება მას თავისი სიტყვების გადმოცემაში კამერის წინ, ის ავლენს ნამდვილ ემოციებს. „არა მგონია, რომ ის ახლა თამაშობს, მას ეშინია“, – ამბობს ის.
ისინიც კი ვინც ადრე ზელენსკის საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილნი, ახლა ემხრობიან პრეზიდენტს მისი პიროვნული თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. არტემ სკორობაგაჩი ხარკოვიდან 20 წლის სტუდენტია, რომელიც ახლა სარეზერვო თავდაცვის ძალებში მსახურობს. ის ამბობს, რომ ომის პერიოდში მან დაინახა ზელენსკის განსხვავებული მხარე და რომ მისმა სიმამაცემ და სიმტკემ შეაცვლევინა აზრი.
„თავიდან ის [ზელენსკი] პოპულისტად მეჩვენებოდა. ის ბევრ რამეს დაჰპირდა ხალხს [რაც მასზე არ იყო დამოკიდებული]. მაგალითად, მან თქვა, რომ რუსეთთან მიმდინარე ომი შეიძლება შეჩერდეს, ჩვენ, უკრაინის არმიამ, უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ სროლა. რა სისულელეა. ეს თავიდანვე ცალმხრივი სროლა იყო რუსების მხრიდან“, – ამბობს ის (Nils Adler, 2022).
მაგრამ სკორობაგაჩი თვლის, რომ ომმა და ხალხის დაღუპვამ პრეზიდენტს უფრო ადამიანური და პატრიოტული მხარე წარმოაჩენინა, რაც მის სატელევიზიო გამოსვლებში და სოციალურ მედიაში ჩანს. მისი აზრით, ამან ის ბევრად უფრო ახლობელი გახადა უკრაინელებისთვის, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის მწარე რეალობის წინაშე დგანან.
თუმცა, ისიც ნათელია, რომ ყველა ადამიანი კმაყოფილი არ არის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა პრეზიდენტს, სჯერათ მისი, ზელენსკის მიერ შემუშავებული გარკვეული წესები, მაგალითად, 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა, მაინც იწვევს უკმაყოფილებას. მაგალითად, ოლღა ბალაბანი, 26 წლის კიევიდან, რომელსაც პოლონეთის საზღვართან მოუწია საკუთარი ძმის დატოვება ამ კანონის გამო აცხადებს, რომ არასამართლიანად მიაჩნია ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მიუხედავად მსგავსი შემთხვევებისა, საერთო ჯამში, აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით პრეზიდენტ ზელენსკისადმი ნდობა საზოგადოებაში გაიზარდა. ამის მიზეზად კი გამოკითხულთა დიდი ნაწილი თავად ასახელებს სოციალურ მედიას და პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისა და ემოციების წარმოჩენის უნარს. თუმცა საკითხი მხოლოდ უკრაინის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არ დგას და ზელენსკის საერთაშორისო მედიაში მოპოვებული სახე წარმოადგენს უკრაინის ინფორმაციული ომის მთავარ გამოვლინებას.
საერთაშორისო მედია ზელენსკის შესახებ
CNN-ის ონლაინ ვებ-გვერდზე საძიებო ველში Zelensky-ის ჩაწერის შემდეგ ვხვდებით 2185 სტატიას, სადაც ეს სიტყვაა გამოყენებული. სტატიათა გარკვეული ნაწილი უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტის პიროვნებას ეხება, სათაურად კი ვხედავთ ისეთ წარწერებს, როგორებიცაა მაგალითად – How Zelensky changed the West’s response to Russia 6 (როგორ შეცვალა ზელენსკის რუსეთის მიმართ დასავლეთის პასუხი) ან President Zelensky is a profile in courage7 (პრეზიდენტი ზელენსკის გამბედაობის სახეა) . აღნიშნული სტატიების ვებ-გვერდზე განთავასების დინამიკა განსხვავდება ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. შესწავლილი 2185 სტატიიდან, რომელშიც ზელენსკია ნახსენები 188-ის სათაურშივე ვხვდებით უკრაინის პრეზიდენტის სახელს. ამ სტატიებიდან 51 დაწერილია 2019 წლის აპრილისა და 2022 წლის იანვრის შუალედში – ანუ გაპრეზიდენტებიდან ომის დაწყებამდე, ხოლო დანარჩენი 137 სათაური 2022 წლის თებერვალი-მაისის ინტერვალში.
მოცემული დაკვირვება მცირე მასშტაბიანია და საერთაშორისო სურათის დანახვის საშუალებას ვერ იძლევა, თუმცა იმის თვალსაჩინოებას მაინც წარმოადგენს, თუ რამდენად აქტუალური გახდა ზელენსკის პიროვნება მედიაში.
Franceinfo-ს ოფიციალურ გვერდზე უკრაინის შესახებ არსებული TOP 100 სტატიიდან ზელენსკის სახელი 43-ის სათაურში გვხვდება. ესეც იმის მანიშნებელია, პრეზიდენტი უკრაინის ერთგვარ სახედ იქცა მიმდინარე ომში.
Al-Jazeera-ს მიერ გამოქვეყნებული TOP 100 სტატიიდან კი 41 -ის სათაურში უკრაინის პრეზიდენტის გვარს ვხედავთ.
ეს მონაცემები აღწერს ერთგვარ ტენდენციას საერთაშორისო მედიაში, სადაც უკრაინის სახე მჭიდროს დაუკავშირდა ზელენსკის პიროვნებას.
ამ მხრივ იქმნება ერთგვარი კონტრასტი ვლადიმირ პუტინთან.
6 CNN – How Zelensky changed the West’s response to Russia
7 President Zelensky is a profile in courage
პუტინს აქვს უზარმაზარი გამოცდილება პოლიტიკასა და საერთასორისო ურთიერთობებში, თუმცა როგორც ავტორიტარული ფიგურა, რომელიც იზოლირებულია რუსული საზოგადოებისა და დანარჩენი სამყაროსგან, ის გახდა საკუთარი რეჟიმისა და იდეოლოგიური რწმენის მძევალი (Isabelle Mandraud, 2021). პუტინის ბოლოდროინდელი ქმედებები და გამოსვლები, შეხვედრები თუ ვიდეოები, რომელთა ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აჩვენებს ამ იდეოლოგიური ხაფანგის სიღრმეს და მსოფლიო საზოგადოებაში ქმნის ეგრეთ წოდებული „პუტინური ისტერიის“ დანახვის საფუძველს.
მაშინ, როდესაც პუტინი 6 მეტრიანი მაგიდის დაშორებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ზელენსკი კიევის ქუჩაში დგას და იქედან დებს ვიდეოს, პირადად ხვდება მსოფლიო ლიდერებს ან Zoom-ის პლატფორმით იჭრება უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე. მკვეთრი სხვაობა ხალხთან არსებულ დისტანციაში ზელენსკის აქცევს ანტი-პუტინად და ამრიგად, უკრაინის პრეზიდენტი ხდება თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო ბოროტებას (ბუღაძე, 2022).
დასკვნა
ას ბრძოლაში ასი გამარჯვების მოპოვება ოსტატობა არაა. ბრძოლის გარეშე მტრის დამორჩილებაა ოსტატობა – წერდა სუნ წ ჯერ კიდევ 27 საუკუნის წინ. დღესაც, ინფორმაციული ომი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი განზომილებაა. იგი განაპირობებს საზოგადოებაში სხვადასხვა ტიპის იდეებისა და დამოკიდებულებების გავრცელებას, რაც შეიძლება მთავრობების წინააღმდეგ იარაღი ან დიპლომატიის ნაწილი იყოს (Arutunyan, 2022).
ზელენსკის შემთხვევაში მის მიერ მართული სოციალური მედია, გავრცელებული ვიდეოები, მისი ქცევა და მანერები კამერების წინ – ყველაფერი ერთად, ქმნის უკრაინის პრეზიდენტის სახეს, რომელიც გმირად იქცა მსოფლიოსთვის.
საერთაშორისო მედიაში გაზრდილი აქტუალურობა, გავრცელებული სტატიების რაოდენობა და ამ სტატიათა შინაარსი უკრაინის ინფორმაციულ ომში ზელენსკის პიროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
პრეზიდენტი იქცა უკრაინის ბრძოლის ერთგვარ სახედ, როგორც საკუთარი ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს მასშტაბით. და მაშინ, როცა ომამდე პერიოდში ავლენდა სისუსტეებს, ომის დაწყების შემდეგ გახდა სიმამაცისა და გამძლეობის სიმბოლო. მისმა შემართებამ, უარმა ქვეყნის დატოვების შესახებ ბრძოლის მეტი მოტივაცია მისცა უკრაინელ ერს.
ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზელენსკის პიროვნება გახდა უკრაინის ინფორმაციული ომის ნაწილი, ცალსახა გამოხატულება იმისა, რომ ბოროტება რუსეთის სახით უპირისპირდება უკრაინით წარმოდგენილ სიკეთის იდეას. და მსოფლიოში ასეთი იმიჯის შექმნა დიდ როლს თამაშობს უკრაინის დიპლომატიაშიც. მხოლოდ ინფორმაციული წყაროებით ომის მოგება შეუძლებელია, თუმცა მისი გავლენა საერთო შედეგზე მაინც დიდია,
ზელენსკის წინ დიდი გზა აქვს, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ომმა თავდაპირველთან შედარებით დაკარგა აქტუალურობა საერთაშორისო მედიაში. ამრიგად, ზელენსკის მისიას საკუთარი პიროვნების სიმბოლურობის, იმიჯის და რეიტინგის შენარჩუნება წარმოადგენს, რაც ასევე უკავშირდება უკრაინის საკითხის აქტურალურობის შენარჩუნებასაც და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მიმდინარე ომის პირობებში.
ზელენსკის შესახებ პროგნოზების გაკეთება რთულია. იგი შეიძლება დარჩეს როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი, ისე ერთ-ერთი უბრალოდ პრეზიდენტი, რომელსაც მოუწია ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ზელენსკი ომის ლიდერია და რამდენად აპატიებს უკრაინელი ხალხი ამდენი ადამიანის დაკარგვას, მისი ბრძოლისუნარიანობის, ხასიათის, შემართების მიუხედავად ჯერ კიდევ საკითხავია და ომის დასრულების შემდეგ მისი ბედი საკმაოდ ბუნდოვანია.
მიუხედავად ამისა, ზელენსკის შესახებ ახალი კვლევები აქტუალური იქნება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემული ნაშრომი წარმოადგენს ამ საკითხვის კვლევის ერთგვარ მცირე მცდელობას, იგი შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლად ახალი, უფრო ვრცელი ნაშრომებისთვის.
Bibliography
CASSIDAY, J. A., & JOHNSON, E. D. (2010, October). Putin, Putiniana and the Question of a Post- Soviet Cult of Personality. The Slavonic and East European Review, pp. 681-707.
Miller, A. (2001, March 26). On Politics and the Art of Acting. Washington, DC. Aitken, J. (2013). Margaret Thatcher: Power and Personality. London: Bloomsbury.
Zelensky, V. (2022). Glory to our Army! Glory To Ukraine! War Speeches I: February – March 2022. The Presidential Office of Ukraine.
Ellul, J. (1973). Propaganda: the formation of men’s attitudes. New York: Vintage Books. Trottie, D., & Fuchs, C. (2015). Social media and the Arab Spring: Politics comes first. New York:
Routledge.
ARCAND, P. B. (2022, March 5). VOLODYMYR ZELENSKY, LE RÔLE DE SA VIE. ACADIE NOUVELLE, pp. 21-29.
Patrikarakos, D. (2017). War in 140 Characters: How Social Media Is Reshaping Conflict in the Twenty-First Century. Basic Books.
Nils Adler, A.-J. (2022, March 3). Ukraine’s Zelenskyy: A wartime statesman for the social media age. Retrieved from Al-Jazeera: https://www.aljazeera.com/author/nils-adler
Isabelle Mandraud, J. T. (2021). Poutine, la stratégie du désordre. Paris: Tallandier.
ბუღაძე, ლ. (2022, ივნისი 24). გამოსვლა თბილისის მანიფესტაციაზე.
Arutunyan, A. (2022). Hybrid Warriors Proxies, Freelancers and Moscow’s Struggle for Ukraine.
Hurst.
Zelensky, V. (2022). War Speeches I: February – March 2022. Kiev: The Presidential Office of Ukraine.
Zelensky, V. (2022). War Speeches – April 2022. Kiev: The Presidential Office of Ukraine. Zelensky, V. (2022). War Speeches – May 2022. Kiev: The Presidential Office of Ukraine.