2017 წლის 15 სექტემბერს თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან საბოლოოდ მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა (მათ შორის, ორჯერ უზენაეს სასამართლოში).
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა კონკრეტული თანამდებობის პირების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულის მუშაობის ხარისხთან და მის კომპეტენციასთან, და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დღემდე არ აღუსრულებია ეს გადაწყვეტილება.
ამ გარემოებების გამო თამაზ ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.
ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოწოდებას:
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს – დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს – მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებს – წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.
დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სათავეში მყოფი ადამიანების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან იცავს.
ხვალ თამაზის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.
#სამართლიანობა_თაზოს