ჩემი მოკლე ბიოგრაფია

თიკო ბაბალაშვილი დაიბადა 2000 წლის 17 თებერვალს. 2006 წელს მივიდა საქობოს საჯარო სკოლაში, 2010-ში კი სწავლა გააგრძელა კერძო სკოლა “ინტელექტში”. ბავშვობიდან კარგად სწავლობდა და ახლა ოქროს მედლის კანდიდატია. სკოლაში სწავლის 12 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთ კონფერენციასა და ოლიმპიადაში, არის რა?სად?როდის? სკოლისა და ბიბლიოთეკის გუნდის წევრი. მომავალში აპირებს გახდეს ბიოქიმიკოსი, იყოს ლაბორატორიაში, თეთრი ხალათით, მიკროსკოპებით სინჯარებით და ა.შ

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

ინიციატივა და ქმედება არის ევროპულ-ქართული ინსიტუტის ორი საოცრად კარგი პროექტი. პირველ რიგში იმიტომ, რომ პროექტის მონაწილეებს აგვიმაღლა ცნობიერება კონსტიტუციის და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ. მეორე, მონაწილეებს მოგვცა საშუალება საზოგადოებაში გაგვევრცელებინა ის, რაც ჩვენ ვისწავლეთ. “ინიციატივა” და “ქმედება” დაგვეხმარა ჩვენით დაგვეგეგმა სხვადასხვა პროექტები, მოგვეფიქრებინა კრეატიული და ნოვატორული ღონისძიებები. ბანაკის დღეებში ვესწრებოდით საოცრად საინტერესო ლექციებს, შემდეგ კი ვმუშაობდით ჯგუფებში, სადაც გრძნობ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის ნაწილი ხარ, შენი აზრი მნიშვნელოვანია, ხარ იქ, სადაც შენი სიტყვა ფასეულია და გრძნობ რომ შეგიძლია რაღაც შეცვალო. #ინიციატივა და #ქმედება გაახლოებს მოტივირებულ ახალგაზრდებთან, რომლებთან ერთადაც ბევრი კარგი ცვლილების მოხდენა შეგიძლია.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემი აზრით, საქართველოში ძალიან დიდ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე სხვდასხვა საკითხებში. ეს ორგანიზაცია მისი პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად აღმოფხვრის სტერეოტიპულ წარმოდგენებს ევროპაზე, გვიჩვენებს ევროპის ფენომენის რეალურ სახეს. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ძლიერადაა შემორჩენილი სსრკ-ს იდეოლოგიისა და მენტალიტეტის გავლენა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის არსებობა არის იმედი იმის, რომ ამ გავლენისგან მალე გავთავისუფლდებით და მსოფლიოს ქვეყანათა შორის ვიპოვით ჩვენს ადგილს.

მე ასეთი საქართველო მინდა…

საქართველო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა, ამიტომ რასაც ამ ეტაპისთვის ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, სავსებით მისაღებია, მაგრამ სახელმწიფო იზრდება და შესაბამისად უნდა განვითარდეს. მომავლის საქართველოს წარმოდგენისას ვხედავ ქვეყანას, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია. განათლებაა ჩვენი რეალობის ყველაზე დიდი პრობლემა და სწორედ ამიტომ, ვისურვებდი მომავალ თაობებს ეს პრობლემა არ ჰქონდეთ. საქართველოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რესურსი აქვს და იმედი მაქვს, მომავალში აუცილებლად შევძლებთ ამ რესურსების სწორად გამოყენებას.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მომავალში მინდა ვიყო ბიოქიმიკოსი, რომელიც აუცილებლად იქნება ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ბავშვობიდან მომწონდა, შემდეგ კი მივხვდი რა გზით მინდოდა წავსულიყავი. ბიოქიმიკოსობა გადავწყვიტე და იმედია მომეცემა ჩემი იდეების განხორციელების საშუალება. ბოლო წლებია ვფიქრობ ინოვაციებზე, რომელთა განხორციელებაც მინდა, მაგრამ ამისთვის სერიოზული ცოდნა მჭირდება, ამიტომ სწავლას ბიოლოგია/ბიოქიმიის განხრით გავაგრძელებ.
ვფიქრობ, რომ როგორი კარგი პროფესიონალიც არ უნდა იყო, არავინ ხარ თუ საზოგადოებას არ გამოადგები, ჰოდა როგორც შემეძლება, პროფესიით თუ პროფესიის გარეშე, აუცილებლად ჩავერთვები სამოქალაქო აქტივიზმში.

ქართველობა ჩემთვის არის…

ჩემთვის ქართველობა არის დიდი პასუხისმგებლობა.
პირველ რიგში, მას არავინ გვართმევს, ვერავინ ამოგვაცლის ჯიბიდან და ა.შ.
ქართველობა არ ილახება შეღებილი თმითა და საყურით, ან ნახევრადგადაპარსული თავით.
იყო ქართველი, ნიშნავს აკეთებდე საქმეს ქვეყნისთვის, ფიქრობდე მის პრობლემებზე და მოგვარების გზებზე, გაინტერესებდეს მისი წარსული, აწმყო და მომავალი, შენს ცოდნას მისი გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის იყენებდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.