აბსტრაქტი
კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემები სიმწვავის და მნიშვნელობს მიხედვით რომ დავალაგოთ, სამუშაო ადგილებზე ადამიანთა უფლებების დარღვევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს. მითუმეტეს, რომ ამ დარღვევაში ადამიანის ფუნდამენტური – სიცოცხლის უფლების ხელყოფა იგულისხმება. ეს საკითხი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აქტუალური და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 17 პუნქტიდან მეტ-ნაკლებად ყველა მათგანი აწუხებს ჩვენს ქვეყანას. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, გამოქვეყნებული სტატისტიკების გამო, საქართველოს ლეიბორისტული პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას მერვე პუნქტზე (ღირსეული სამუშაო, ეკონომიკური ზრდა), კერძოდ კი – შრომის უსაფრთხოებაზე ამახვილებს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მოგვარებისათვის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა რამდენად ეფექტური და შედეგის მომტანია ისინი, ეს სხვა საკითხია. ყოველივე ზემოთ თქმულის გამო ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის მუშაობისა და მოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ჭირდება დამატებითი რესურსების ჩადება შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდის მიზნით სახელმწიფოში, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას უკეთესი სამუშაო გარემო და შემცირდეს სამუშაო ტრამვებისა და სიკვდილიანობის ფაქტების რაოდენობა ქვეყანაში.
შესავალი
საქართველოში დღემდე დგას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფის პრობლემა, რაც თავის მხრივ განაპირობებს დასაქმებულთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი 2005 წლამდე აქტიურად ფუნქციონირებდა. 2005-2015 წლებში აღნიშნული დეპარტამენტი გაუქმებული იყო. 2015 წლიდან „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“ აღდგენილ იქნა. თუმცა ფაქტია, რომ 2015 წლიდან დღემდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამუშაო ობიექტებზე არ შემცირებულა. 2012-2018 წლებში უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფის გამო სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას დაიღუპა 418 ხოლო მძიმედ დაშავდა 1000-ზე მეტი ადამიანი. არსებული პრობლემის აქტუალურობას განაპირობებს ის, რომ დასაქმებულის მხრიდან ხდება საერთაშორისო სტანდარტების (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) უგულებელყოფა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია სახელმწიფო მექანიზმის არაეფექტურობით.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტს არ გააჩნია რეგიონული ოფისები და ერთადერთი ცენტრალური ოფისი გვაქვს დედაქალაქში.
პრობლემის დასმა
სახელმწიფომ 2015 წელს, როგორც უკვე ვახსენეთ, შექმნა დეპარტამენტი, რომელიც იდეურად ისახავს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას. ამ დეპარტამენტს გააჩნია მთელი რიგი ფუნქციები და მიმართულებები, მაგრამ სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ იყენებს მათ. ამის მიზეზი მარტივია – დაახლოებით 688 000 ბიზნეს ობიექტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს 40-მა ინსპექტორმა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
ადამიანის სიცოცხლე და ღირსება უმთავრესია. გამომდინარე აქედან მიზანი აშკარაა, დაცული უნდა იყოს დასაქმებულთა ფუნდამენტური – სიცოცხლის უფლება და სამუშაო ადგილები წარმოადგენდნენ ისეთ გარემოს სადაც დასაქმებულები არ ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემო პირობებში.
კვლევების ანალიზიდან გამომდინარე ჩანს :
- 2015 წელს -142 ობიექტი შემოწმდა;
- 2016 წელს – 287 ობიექტი;
- 2017 წელს- 392 ობიექტი;
- 2018 წელს – 465 ობიექტი;
- 2019 წელს -1264 ობიექტი.
როგორც უკვე აღინიშნა, შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა დაახლოებით 688 000-ია, 2015 წლიდან 2019 წელამდე 687736 ობიექტი შეუმოწმებელი რჩება. ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში ყველა ბიზნეს სუბიექტის შემოწმებას 687 წელი დასჭირდება.
პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)
- პირველი ალტერნატივა – სტატუს კვო, შიდა ინსპექციის არსებობაა, რომელიც არაეფექტური, დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ძირითადად, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებზე მორგებულია ვიდრე დანარჩენ პოლიტიკურ აქტორთა შეხედულებებზე.
- მეორე ალტერნატივას წარმოადგენს ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა და მათი გადამზადება/დატრენინგება. ეს ყოველივე იქნება ეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემას, ერთი მხრივ, სწორედ ინსპექტორთა მცირე რაოდენობა წარმოადგენდა და მეორე მხრივ, გვეყოლება კვალიფიციური კადრები, რომლებიც უფრო ხარისხიანად შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ალტერნატივის სისრულეში მოყვანა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაინც ღირს მისი განხორციელება, რადგან პრიორიტეტული დასაქმებულთა სიცოცხლის უფლების დაცვაა.
- მესამე ალტერნატივა შრომის კოდექსის რედაქტირებას წარმოადგენს. იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებშიც 20 ან მეტი ადამიანია დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ადგილზე ჰყავდეს ერთი ინსპექტორი. მცირე ბიზნეს სუბიექტებისთვის ეს მხოლოდ ზედმეტ ხარჯს წარმოადგენს. ამიტომ, ეს ვალდებულება უნდა დაეკისროთ მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, რომლებშიც შედის მაღაროები, მშენებლობები და ა.შ. ეს ალტერნატივა ხარჯებთან საერთოდ არ არის დაკავშირებული, დადებითი შედეგების მომტანია მცირე ბიზნეს სუბიექტებისთვის, თუმცა სადავოა თუ რამდენად მისაღები იქნება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებისთვის.
რეკომენდაციები
ამრიგად, ჩვენს დოკუმენტში დასმული პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად, ყველაზე მისაღებად მივიჩნევთ მეორე ალტერნატივის განხორციელებას. კერძოდ, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს და უნდა მოხდეს მათი გადამზადება/დატრენინგება. ამისათვის შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი:
- ინსპექტორთა რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა 40-დან 400-მდე;
- კვალიფიციური ტრენერების მოწვევა და მათი დახმარებით არსებული/მომავალი ინსპექტორების გადამზადება/დატრენინგება;
- შიდა ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისათვის, თბილისის ცენტრალური ოფისების გარდა რეგიონალური ოფისების მიცემა საქართველოს 10 სამხარეო ერთეულში. შრომითი ინსპექტორების რაოდენობა უნდა გადანაწილდეს იმ პროპორციების შესაბამისად თუ რა პროპორციებითაც ოპერირებენ ბიზნეს სუბიექტები ამა თუ იმ სამხარეო ერთეულში.
დასკვნა
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შემოთვაზებული ალტერნატივა რეორგანიზაციის შესახებ წარმოადგენს ისეთ გზას, რომელიც მეტად პროდუქტიული იქნება. შრომითი ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა და მათი გადამზადება/დატრენინგება შესაძლებელს გახდის რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ეფექტურად შემოწმებასა და დაცვას, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამცირებს სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრამვების რაოდენობას სამუშაო ობიექტებზე.