აბსტრაქტი
ახალგაზრდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე უმნიშვნელოვანესია სწრაფად და მდგრადად მზარდი ეკონომიკა. საბჭოთა წარსული და ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე შეხვედრილი რთული დაბრკოლებები ძალიან უშლის ხელს მას ეკონომიკის გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებაში. საუკუნის დასაწყისში გადადგმული სწორი ეკონომიკური ნაბიჯები და რეფორმები გახდა საფუძველი ქვეყნაში ბიზნესის გამოცოცხლებისა, თუმცა ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა რყევებმა, არასტაბილურმა და საფრთხის შემცველმა გარემომ შეამცირა ქვეყანაში როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისე ქვეყნის შიგნით ბიზნესის განვითარების სიჩქარე. ამ ყველაფერს კი დაემატა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება და კოვიდ-პანდემია, რამაც კიდევ უფრო გაართულა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ქვეყანაში. ლელო საქართველოს ახალგაზრდული ფრთა დაუღალავად მუშაობს აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზების გამოსანახად. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობას ეხება. პრობლემის სიმწვავისა და მისი მოგვარების გრძელვადიანი პრესპექტივიდან გამომდინარე უმჯობესია გარკვეული პერიოდით ქვეყანაში ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად მოწვეული იქნეს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელთან მუშაობითაც დროთა განმავლობაში უნდა შეიქმნას ანალოგიური დამოუკიდებელი არბიტრაჟი სასამართლოში. ასეთი მოდელი ქვეყანას მისცემს საშუალებას სწრაფად გამოაცოცხლოს ეკონომიკა და ამადროულად გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა.
საქართველოში ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრის გზები
საქართველო 70 წლის განმავლობაში მოქცეული იყო საბჭოური ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის ჩარჩოებში, ამას ზედ ერთვოდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც ისედაც არსებულ მანკიერ სტრუქტურას კიდევ უფრო ართულებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ მოხერხდა დასავლური საბაზრო სტილის ეკონომიკაზე გადასვლა რიგი მიზეზების გამო. ეს განაპირობა ბევრმა ისეთმა ფაქტორმა როგორიც არის სამოქალაქო ომი, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი, კორუფცია, კრიმინალი და ჰიპერინფლაცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოში ეკონომიკური კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბიზნეს გარემო ვერ ჩამოყალიბდა.
21-ე საუკუნის დასაწყისში იყო გარკვეული ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც გამოიხატა ბიუჯეტის მატებაში, უცხოური ინვერსტიციების და ექსპორტის ზრდაში.
ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი და უცხოური ინვესტიციები საკმაოდ შემცირდა. ამას დაემატა კორონა ვირუსის (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული პრობლემები. მაგალითად, როგორიც არის ემიგრანტთა მიერ გამოგზავნილი ფულადი ნაკადის შემცირება.
კვლევის მიზანი და ამოცანები:
მოხდეს არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი და პრობლემების გამოკვეთა. ამოცანაა შევიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმები და ალტერნატიული გზები.
პრობლემის დასმა
პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილური გარემო – ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკურად სტაბილური გარემო. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა. არასტაბილურობას პირველ რიგში ბიზნეს სექტორი გრძნობს და ეს ნათლად ჩანს სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე, სადაც აქციების კურსი პოლიტიკოსთა განცხადებასა და გადაწყვეტილებებზეც კი რეაგირებს. ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკურ თავისუფლებაში რეალურად იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში და რამდენად იცავს სასამართლო ბიზნესს სახელმწიფოს ჩარევისაგან. ქვეყნის ეკონომიკის რა წილი არის დამოკიდებული სახელმწიფოს ინსტიტუციების მხრიდან თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად არის შექმნილი სამართლებრივი გარემო კერძო საკუთრების დაცვისა და ბიზნესის უსაფრთხოებისთვის. ჰერიტაჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია კანონის უზენაესობა. საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ ინდექსით შეფასების შემდეგ კანონის უზენაესობის კრიტერიუმში აქვს. კანონის უზენაესობა საკუთარ თავში მოიაზრებს კერძო საკუთრების დაცვისა და კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმს, რომელიც საქართველოში რეალურ პრობლემას წარმოადგენს.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ზარალდება საქართველოს მოსახლეობა, რადგან ეკონომიკის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია მათ კეთილდღეობასთან.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც ეკონომიკური ზრდა და უცხოური ინვესტიციები ძალიან შემცირდა, არის პოლიტიკური ინსტიტუტების და ხელისუფლების უნიათო, გულგრილი დამოკიდებულება.
პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)
- თავისუფალი ეკონომიკური გარემო / დაბალი გადასახადები/საქართველოს რეგიონის ფინანსურ ცენტრად ქცევა
საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ-იორკის, ჰონკონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა.
ბიზნესში დაბალი გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე მიმიზიდველი ფაქტორია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ეს ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს სუბიექტების შექმნას.
- სამართლებრივი და უსაფრთხო გარემო (ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი)
ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება. მალევე უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეფორმების გატარება. საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად მოწვეული უნდა იქნას ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი და ამ პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე საქართველოში უნდა მოხდეს ანალოგიური საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუციის შექმნა/ჩამოყალიბება.
- დარგობრივი მიმართულების განვითარება / სტარტაპები
სახელმწოფოს მხრიდან უნდა მოხდეს გარკვეული დარგების წახალისება, რაც გულისხმობს პრივილეგიის მინიჭებას ისეთ დარგებზე როგორიც არის ინოვაციური და ინტერნეტ ტექნოლოგიები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავერბს ისეთი ტიპის უზარმაზარი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის ალიბაბა, ფედექსი, ამაზონი და სხვა.
რეკომენდაციები
ჩვენს დოკუმენტში დასმული პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელ, მისაღებ გზად, მივიჩნევთ მეორე ალტერნატივის განხორციელებას, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივ და უსაფრთხო გარემოს. ეს ალტერნატივა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლიც დიდ გავლენას ახდენს ინვესტორების მოზიდვაზე და ახალი ბიზნეს ობიექტების ჩამოყალიბებაზე. აუცილებელია, მოხდეს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟების მოწვევა, რათა არ ქონდეთ ბიზნეს დავებში მონაწილე მხარეებს იმის განცდა რომ მიკერძოებული იქნება მოსამართლე რომელიმე მხარის მიმართ. ასევე უნდა მოხდეს ქართველი მოსამართლეების გადამზადება.
დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლი ვთქვათ, რომ ქართული ეკონომიკის სტაბილურობისთვის აუცილებელია მრავალი სხვადასხვა რეფორმის გატარება მაგალითად როგორიც არის: დაბალი გადასახადები, სამართლებრივი და უსაფრთხო გარემო, დარგობრივი მიმართულებების განსაზღვრა, საშეღავათო პერიოდის დაწესება, იაფიანი სესხების აღების შანსი, მაგრამ ამ და სხვა რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამართლიანი-დამოუკიდებელი სასამართლო და უსაფრთხო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს იმ კომფორტული გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.