უკანასკნელი ორი საუკუნის ქართული ინტელექტუალიზმის ისტორია თითქმის შეუსწავლელია. მიზეზები, თუ რატომ არ ვიცნობთ ქართული პოლიტიკური აზრის განვითარებასა და ტრანსფორმაციას, მრავალმხრივია. ერთის მხრივ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს იდეების ისტორიის კვლევის მეთოდოლოგია და ტრადიცია, ხოლო მეორეს მხრივ, საბჭოთა რეჟიმმა სივრცე არ დატოვა ქართული პოლიტიკური აზრის შესწავლისთვის, და თუ მაინც შეისწავლებოდა საკითხი, ისიც მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან, რაც საგნის სრულფასოვან აღქმას ართულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობაში ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ილია ჭავჭავაძის, ნოე ჟორდანიას, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა მოაზროვნეთა ინტელექტუალურ მემკვიდრეობაზე, ამ მიმართულებით მთელი რიგი საკითხებია შესასწავლი, გასაანალიზებელი და კონტექსტში მოსაქცევი. ვითვალისწინებთ რა, თემის მასშტაბურობასა და სირთულეს, აღნიშნული პუბლიკაცია ჩვენი მხრიდან მცირე მცდელობაა ამ მიმართულებით და შევეცდებით თანმიმდევრულად, ტრანსნაციონალურ კონტექსტში დავინახოთ ქართული ლიბერალური ტრადიციის აღმოცენება, მინავლება და ხელახალი აღდგენა.

მოდერნულობა, რომელსაც პირობითად 1789 წლიდან, ან ზოგჯერ 1800 წლიდან ვითვლით, თავის მხრივ, მოიცავადა პოლიტიკისა და საჯარო ცხოვრების სრულ, ევოლოციურ ტრანსფორმაციას. ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციის სულისკვეთებამ XIX საუკუნის დამდეგს იმპერიების ცენტრებსა და პერიფერიებში შეაღწია, მოგვიანებით კი დისკუსია გააჩაღა არსებული პოლიტიკური ფორმების გარდაქმნის სამომავლო პერსპექტივებზე.

მოდერნულობის დაბადებასა და გავრცელებას საქართველო ჯერ კიდევ ფეოდალურ-მონარქიული სისტემით შეეგება. მარტივი პარალელი რომ გავავლოთ, როდესაც ირლანდიელი მოაზროვნე ედმუნდ ბერკი წერს თავის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომს, „დაკვირვევები საფრანგეთის რევოლუციის შესახებ“, საქართველოში ჯერ კიდევ მონარქიული მმართველობაა, ხოლო კაპიტალიზმის ნიშნები ნაკლებად ჩანს.

1801-1810 წლებში ჯერ აღმოსავლეთ, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში რუსული იმპერიული წესრიგი გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სინამდვილეში რუსეთის იმპერია დასავლეთის სახე-ხატად აღიქმებოდა, რომანოვების რუსეთში არათუ ლიბერალიზმი, არამედ ბატონ-ყმობის გაუქმებაც კი შორეულ ოცნებად მოჩანდა, აქედან გამომდინარე, რუსეთის იმპერია და, შესაბამისად, საქართველო და ქართველ ხალხი ნახევარ საუკუნეზე მეტი ელოდა წოდებრიობის გაუქმებას. წოდებრიობა და სოციალური დიფერენციაცია, რომელიც არ აღიარებდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და თავისუფლებას, ფიზიკურად ვერ შექმნიდა სივრცეს ლიბერალური პროექტისთვის.

XIX საუკუნის საქართველოსა და რუსეთში ლიბერალიზმს დღევანდელი მნიშვნელობითა და პერსპექტივით არ უყურებდნენ. ეს იყო არა ეკონომიკური დოქტრინებისა და თეორიების მჭიდრო ნაზავი, არამედ პოლიტიკური თავისუფლების ფილოსოფია, რომელიც პირველ რიგში ილაშქრებდა მეფის ხელისუფლებისა და მისი ბიუროკრატიის წინააღმდეგ.

როგორც ვთქვით, XIX საუკუნის დასაწყისისთვის, ჯერ ქართლ-კახეთის, ხოლო მოგვიანებით იმერეთის სამეფო და წვრილი ქართული სამეფო-სამთავროები რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირდა. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური აზრი შემდგომ წლებში პეტერბურგიდან და მოსკოვიდან იკვებებოდა. 1830-იანი წლებიდან, როცა ქართველი ახალგაზრდები მდინარე თერგის გადავლით რუსეთის სასწავლებლებში მიდიოდნენ, ისინი ეცნობოდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ნაციონალურ დისკუსიებს და მოგვიანებით ამ იდეებს ავრცელებდნენ მშობლიურ მხარეებში.

ჩვენთვის, პირველ რიგში, საინტერესოა გავიგოთ თუ ვის მიერ გაჟღერებული ლიბერალური პერსპექტივა ხიბლავდა ქართველ თერთგდალეულებს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1840-იანი წლებიდან რუსულმა ინტელექტუალურმა წრეებმა ფართოდ გაიალაშქრეს სლავოფილიის წინააღმდეგ და შექმნეს „მედასავლეთეთა“ მოძრაობა, რომელიც პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებებს ქადაგებდა იმპერიის მასშტაბით. სწორედ რუსეთის გავლით შემოდის ქართულ სინამდვილეში ლიბერალიზმი, რომელიც მოგვიანებით ნაციონალიზმის ელემენტებს ითავსებს და გვევლინება, როგორც ეროვნული მოძრაობა. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ენტონი სმითის ცნობილ თეზას, რომ ნაციონალიზმი შეიძლება იყოს ლიბერალიზმის ქვესიმრავლე, რისი პრაქტიკული მაგალითიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოა.

როდესაც რუსულ ლიბერალიზმზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ სერგეი ვოლკონსკი, ბესარიონ ბელინსკი, ალექსანდრ ჰერცენი, ნიკოლაი ოგარიოვი და სხვები. მათი ხედვები ეწინააღმდეგებოდა იმ დროისთვის არსებულ თვითმპყრობელობას, მოითხოვდნენ დასავლური ყაიდის რესპუბლიკანიზმს, პარლამენტარიზმს, პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, ბატონ-ყმობის გაუქმებას.

1832 წლის წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში მიინავლა. დაიწყო „პესიზმიზმის ხანა“ (1832-1861). ქართველი თერგდალეულები, რომლებიც 1860-იანი წლებიდან ბრუნდებიან საქართველოში, აქტიურად იწყებენ კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას პრესის ფურცლებზე. უარს ამბობენ ნიჰილიზმზე, უძრაობასა და უმოქმედობაზე. ერთ-ერთი მთავარი მანიფესტი, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებია“. ილია ჭავჭავაძემ, სხვა თერგდალეულების მსგავსად, რუსეთში განათლება მიიღო, კარგად იცნობდა ალექსანდრ ჰერცენის, ნიკოლაი ოგარიოვისა და ბელინსკის ლიბერალურ იდეებს, ამასთანავე იგი დიდი გულშემატკივარია, ირლანდიასა და იტალიაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლების, რომელთა მიზანი ავტონომია, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება და თავისუფალი სასამართლოა.

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან ბრუნდება კავკასიაში. სწორედ ამ მოგზაურობას ეხება მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება „მგზავრის წერილები“, სადაც ავტორი საუბრობს მომავალი ქართული ლიბერალური პროექტის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე. ტექსტის დასაწყიში ვხვდებით საინტერესო პასაჟს, სადაც დიალოგი ვითარდება ილია ჭავჭავაძესა და ფრანგ მოგზაურს შორის. მათი საუბარი იწყება სამოგზაურო ეტლის გარშემო, რომელიც ფრანგ მოგზაურში ირონიას იწვევს. ერთის მხრივ, აღნიშნული ეპიზოდი აშკარად გვიჩენებს რუსეთის იმპერიის ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო ჩამორჩენას, ხოლო მეორეს, მხრივ იმ სხვაობას, რომელიც მოდერნიზებულ დასავლეთსა და რომანოვების რუსეთს შორის არსებობს.

ტექსტის მესამე თავში ილია ჭავჭავაძე სვამს შეკითხვას თუ რა არის მისი იდენტობა, როგორია მისი პოლიტიკური ხედვა, მისი მოლოდინები და როგორ გაართმევს თავს იგი ახალ მისიას, რომელიც მან უნდა იკისროს საკუთარი ერის წინაშე. ლიბერალური დოქტრინისთვის აუცილებელი წინაპირობაა აზროვნების მოწესრიგება, საკუთარი თავის განსაზღვრა, საკუთარი პიროვნების აღმოჩენა და ამ გამოცდილებით საკუთარი საარსებო გარემოს გარდაქმნა, როგორ უნდა იყოს ინდივიდი წარმოდგენილი პოლიტიკურ ერთობაში და სხვ. სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხს პოულობს ავტორი ლელთ-ღუნიასთან საუბარში, რომელიც ადგილობრივი მოხევეა. იგი ავტორს მიმართავს შემდეგი სიტყვით: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდვნეს“, სწორედ თავისუფლების იდეაა ფასეული მოხევესათვის, რომელიც ტექსტში იმ ქართველის სახე-ხატია, რომელიც პიროვნულ, ინდივიდუალურ თავისუფლებას ამჯობინებს ბევრ სხვა სიამეს. ფაქტობრივად „მგზავრის წერილები“ იქცა ქართული ლიბერალური პროექტის ერთ-ერთ მთავარ ტექსტად, რომელიც მიკროდონეზე გვიჩვენებს ქართული სინამდვილის, რუსული ანექსიისა და იმპერიალიზმის მანკიერებებს, რომლის წინააღმდეგაც ქართული ლიბერალური იდეა ილაშქრებს.

მოძრაობებს, რომელთაც სურთ ახალი დღის წესრიგის შემოტანა საზოგადოებრივ ასპარეზზე XIX საუკუნიდან მოყოლებული, მთავარ ინსტრუმენტად მიაჩნიათ პრესა და საინფორმაციო საშუალებები. თუ დავესესხებით ბენედიქტ ანდერსონს, გამოვა, რომ რომანმა და გაზეთმა ახალი პერსპექტივები დაუსახა პოლიტიკურ მოძრაობებს, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა რომ 1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს „საქართველოს მოამბეს“, ხოლო 1877 წლიდან „ივერიას“. სწორედ „ივერიის“ ფურცლებზე ვხვდებით პირველად ლიბერალური ნაციონალიზმის პროექტს, რომელიც ემიჯნება ეთნიკურობას და წინ აყენებს საერთო კულტურულ იდენტობას.
როდესაც ვსაუბრობთ ქართული ლიბერალური მოძრაობის ისტორიაზე, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გამოვყოთ ორი პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურადაც და იდეურადაც მკვეთრად განსხვავდება. ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი ქართულ სინამდვილეში თავს იჩენს 1860-იანი წლებიდან და სრულდება 1921 წლის ოკუპაციით, ხოლო მეორე ეტაპი, აღმავლობას იწყებს 1990-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება.

XIX საუკუნის ქართული ლიბერალური მოძრაობა თავისი არსით უფრო პოლიტიკურ ემანსიპაციაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მონარქიული ბიუროკრატიის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული, ნაცვლად ეკონომიკური დოქტრინების ფართოდ გავრცელებისა. XIX-XX საუკუნეების მიჯნის მოღვაწეთაგან ჩვენ შევჩერდებით სამ ინტელექტუალზე- ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე და ნიკო ნიკოლაძე.

არჩილ ჯორჯაძე ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე იყო, რომელმაც მცირე გამოკვლევა მიუძღვნა ქართული ინტელექტუალიზმის ისტორიას. იგი იგონებს, რომ ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ ქვეყნდებოდა „დობროლუბოვისა და ბელინსკის ზოგიერთი წერილების თარგმანი, ვიკტორ ჰიუგოს „საბრალონი“, ლერმონტოვის „ ჩვენი დროის გმირი“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, წერილები მონობის შესახებ ჩრდილოეთის ამერიკის შტატებში, ვიკტორ ჰიუგოს წერილი სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ“. როგორც ვხედავთ, ქართული პრესა 1860-იანი წლებიდან თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსს მიჰყვება და ცდილობს ისეთი მედიუმების საშუალებებით, როგორიც ჟურნალი და გაზეთია, მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმ ლიბერალურ მოძრაობებზე, რომელმაც მთელი დასავლური სამყარო მოიცვა.

„ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავისთავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან. ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება“- ვკითხულობთ ილია ჭავჭავაძის წერილში, რომელიც ავტორმა 1888 წელს გამოაქვეყნა. ილია ჭავჭავაძე ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ქართული ლიბერალური მოძრაობის, თუმცა მისი პოლიტიკური ხედვები მუდმივად იცვლებოდა. ახალგაზრდობის ადრეულ პერიოდში იგი ნაციონალისტია, შემდგომ ხდება ლიბერალი, ბოლოს კი კონსერვატორულ პოზიციას იკავებს მთელი რიგი საკითხების მიმართ, მაგრამ მისი იდეები და ინტელექტუალური ბიოგრაფია ცხადად გვაძლევს პასუხებს ავტორის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე. იგი პირველ რიგში, მოდერნისტი მოღვაწეა, რაციონალიზმის მიმდევარი, მხარს უჭერს ეპოქის შესაბამის პოლიტიკურ თავისუფლებებს, იაზრებს სასამართლოს მნიშვნელობას, მკაცრად იბრძვის წოდებრიობისა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებების შელახვის წინააღმდეგ. იგი მკაცრად აკრიტიკებს ძველ, ტრადიციულ წყობას, რომელიც ერთის მხრივ, თავადაზნაურობის ძალაუფლებშია განმტკიცებული, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიასა და რეპრესიულ სისტემაში.

რუსეთის იმპერიის დასავლეთი ნაწილის მსგავსად, 1860-იანი წლებიდან საქართველოშიც ვრცელდება „მედასავლეთეობა“. ამ პერიოდში ქართველი პუბლიცისტები დასავლეთს პოლიტიკურ იდეალად მიიჩნევენ, ხოლო, აღმოსავლეთს ზურგს აქცევენ და მასში უთანასწორობას, ტირანიასა და შეუზღუდავ ძალაუფლებას ხედავენ. 1877 წელს ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილების სერია სათაურით „ცხოვრება და კანონი“, სადაც აღნიშნავს შემდეგს: ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის, რომ „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირვლენი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდელბობის ძალითა და ნიჭითა.“ მოცემულ წერილში, ავტორის პოზიცია შეგვიძლია შემდეგნაირად დავახასიათოთ, მისთვის ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შელახოს სხვისი უფლებები. თავისუფლების აღკვეთა, ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია. კანონისა და ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხედავდა ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზაციას რუსეთის იმპერიის კიდეზე მდებარე გუბერნიად ქცეულ საქართველოში.

XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნიკო ნიკოლაძეს. ილია ჭავჭავაძის მსგავსად, იგი წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ცარიზმისა და იმპერიული სისტემის წინააღმდეგ. იგი ერთდროულად იყო ქართველიც და მსოფლიო მოქალაქეც, მისი წერილები ერთნაირი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და საფრანგეთში. სტუდენტობის წლებში ნიკოლაძე მოხიბლული და გატაცებული იყო ნიკოლაი ჩერნიშევსკის პიროვნებითა და ლიბერალური ხედვებით. შემდგომ წლებში მან იმოგზაურა საფრანგეთსა და შვეიცარიაში, სადაც დახვეწა თავისი თეორიული ცოდნა და პუბლიცისტური საქმიანობა. ქართულ სინამდვილეში თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს პროგრესისტი, მოდერნისტი და თანამედროვეობის მეხოტბე, პირველ რიგში ნიკო ნიკოლაძეა, რომლის სახელსაც არაერთი წარმატებული საქმე და მისია უკავშირდება, როგორც ცარიზმის, ისე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში.

ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს აქვეყნებს უაღრესად საინტერესო წერილს „მოკლე განხილვა მმართველობის სხვა და სხვა ფორმისა“, სადაც საუბრობს სახელისუფლებო შტოების დანაწილებაზე. „მმართველობის ფორმას ან სახეს უწოდებენ იმ წესს და დაწყობილებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოში ხალხის სამართავად. განათლებულს და რიგზედ დაწყობილს სახელმწიფოებში ხალხის სამართავად დაწესებულია სამგვარი უფლება:

  1. სჯულისდამდები;
  2. აღმასრულებელი ანუ ადმინისტრაციული და
  3. სამსჯავრო.

თვითეულს იმათგანს განსაზღვრული აქვს საგანი მოქმედებისა. სჯულის-დამდები უფლება გადმოსცემს კანონებს სახელმწიფოში, აღმასრულებელი – მართავს სახელმწიფოს ამ კანონების ძალით, სამსჯავრო – განიხილავს და გადასწყვეტს სადავო საქმეებს. – იმ უმთავრესს უფლებას, რომელიც განაგებს და მართავს მთელს სახელმწიფოს, უზენაესი უფლება ჰქვიან“ . საგულისხმოა, რომ ნიკოლაძე წერილს აქვეყნებს იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის იმპერიის მასშტაბით ფართო დისკუსიაა გაჩაღებული იმპერიის სამომავლო რეფორმირებაზე და იქვე დასძენს, რომ „კონსტიტუციური მმართებლობა არსებობს ყოველს ევროპის სახელმწიფოებში, რუსეთის და ოსმალეთის გარდა.“ ცხადია, ავტორი აკრიტიკებს ცარიზმის წეს-წყობილებას, მის აბსოლოტურ ძალაუფლებასა და ერთპიროვნულ მმართველობას. პოლიტიკური ტრადიცია ძალაუფლების დანაწილების შესახებ, თავს პირველად ჯონ ლოკთან იჩენს, ხოლო შემდეგ სრულყოფილი სახით მონტესკიესთან გვხვდებ. ნიკო ნიკოლაძის აღნიშნული წერილი სხვა არაფერია, თუ არა რესპუბლიკური წყობისა და ძალაუფლების დანაწილების მართებულობის დასაბუთება, რაც ლიბერალიზაციის ერთ-ერთი საწყისი გამოვლინებაა.
XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიბერალურ მოძრაობაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით არჩილ ჯორჯაძეს. არჩილ ჯორჯაძის სახელს უკავშირდება პირველი ქართული პოლიტიკური პარტიის დაარსება. 1904 წლის აპრილში ქალაქ ჟენევაში პირველ ქართულ პოლიტიკურ ფრაქციათა კონფერენციაზე შეიქმნა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია. აღნიშნული პოლიტიკური ერთობა განსხვავებული იდეოლოგიის ხალხს აერთიანებდა თავის რიგებში დაწყებული ეროვნულ- დემოკრატებით, დასრულებული სოციალისტ-რევოლუციონერებით. არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ კონცეფციაში უაღრეასად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა. 1901 წელს არჩილ ჯორჯაძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური კონცეფცია სათაურით „საერთო მოქმედების ნიადაგი“. ავტორი პუბლიკაციაში რამდენიმე აქტუალურ თემაზე საუბრობს:

  • ა) ქართული ენის დაცვა;
  • ბ) ეროვნული ბურჟუაზიის შექმნა და ადგილობრივი კაპიტალის განვითარება;
  • გ) ქართული ინტელექტუალური ელიტის აქტიური კულტურული მოღვაწეობა;
  • დ) ქალაქების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

ჯორჯაძეს პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ქართული კაპიტალიზმის განვითარება მიაჩნია, რომელმაც უნდა შეადუღაბოს ქართველი ერი და შექმნას მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. ავტორისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური მოდელების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იგი ფართოდ ეხება ქართველთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. 1900-იანი წლების დამდეგს ქართველები საჯარო პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად ჩანდნენ, სწორედ ამ მანკიერების წინააღმდეგ ილაშქრებს არჩილ ჯორჯაძე თავის „საერთო მოქმედების ნიადაგში“.

ჩვენი ღრმა რწმენით, ის ლიბერალური მოძრაობა, რომელიც თავს იჩენს საქართველოში 1860-იანი წლებიდან უფრო მეტად პოლიტიკური თავისუფლების გამოხატულებაა, ვიდრე ეკონომიკური დოქტრინის. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეიქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტი, დამყარდა სეკულარიზმი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, 1860-1921 წლების მოძრაობას არანაირი კავშირი არ ჰქონია კლასიკურ ლიბერალიზმთან. აღნიშნულ პერიოდში მოღვაწე ლიბერალები ეროვნულ საკითხს, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობასა და ადგილობრივი კაპიტალის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ პუბლიკაციებში, ვიდრე მსჯელობას სახელმწიფოს როლზე ეკონომიკასა და შრომის დანაწილებაში.

საბჭოთა კავშირის კოლაფსმა და ვარშავის პაქტის დაშლამ დასავლურ აკადემიურ წრეებში არნახული დისკუსია გააჩაღა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების სამომავლო პოლიტიკური მოწყობის თაობაზე, ქრონოლოგიურად ამ პერიოდს დაემთხვა ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანის“ გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც, ლიბერალური დემოკრატია პოლიტიკური მოწყობის უკანასკნელი ფორმა იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში.

1991 წლიდან საქართველოში ლიბერალიზაცია თვისობრივად განსხვავებული ხასიათით მიმდინარეობს. თუ XIX საუკუნის ქართული ლიბერალიზმისთვის პოლიტიკური უფლებების მოპოვება და ეროვნული საკითხი პირველხარისხოვანი იყო, XX საუკუნის მიწურულის საქართველოში ლიბერალიზმი უფრო მეტად ადამიანის უფლებებსა და ეკონომიკურ დოქტრინაზე ორიენტირდა. ყოველდღიურობაში გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა : თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი, ეკონომიკური თავისუფლება, ინდივიდუალური თავისუფლება, რელიგიური ტოლერანტობა და ა.შ.

1988-1990 წლებში საქართველოში თანდათან ყალიბდება ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები. 1990 წლის მიწურულს საქართველოში სულ მცირე ორი ლიბერალური პარტია არსებობდა: რესპუბლიკური პარტია და ლიბერალურ- დემოკრატიული ეროვნული პარტია.

1999 წლისთვის საქართველოში 10-მდე ფორმალურად ლიბერალური პარტია არსებობდა, მათ შორის აღსანიშნავია ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი, დემორკატიული პარტია, საქართველოს დემოკრატიული ცენტრი და სხვ. თუმცა, ამ პარტიებს მზარდი რეიტინგი არ გააჩნდათ და, შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უმნიშვნელო გავლენა ჰქონდათ. თითოეულ მათგანს აერთიანებდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ფორმალურ დონეზე ადამიანების უფლებების აღიარება.
1996-2003 წლების ქართული ლიბერალიზმის განხილვა წარმოუდგენელია „თავისუფლების ინსტიტუტის“ გარეშე. თავისუფლების ინსტიტუტი ლიბერალური საჯარო პოლიტიკის არაპარტიულ საზოგადოებას წარმოადგენდა. იგი ესწრაფვოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობების დამკვიდრებას.

დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ „ვარდების რევოლუცია“ ქვეყნის მოდერნიზაციასთან ერთად, ლიბერალიზაციის პროექტიც იყო. 2003 წლიდან დღემდე ლიბერალური მოძრაობები, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთვრობო ორგანიზაციების სახით, ქართულ საჯარო სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. თუ გადავხედავთ უკანასკნელ 5 წელიწადს, თვალში მოგვხვდება ლიბერალური ყაიდის ისეთი პარტიები, როგორებიცაა: რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ა.შ, თუმცა მიუხედავად დეკლარირებული ლიბერალიზმისა, ლიბერალურ პარტიებს ელექტორატის მცირე მხარდაჭერა გააჩნიათ, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ როგორ წარიმართება უახლოეს პერიოდში ქართული ლიბერალიზმის ბედ-იღბალი.

სტატია „ლიბერალიზმი საქართველოში“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – გიორგი ჯავახიშვილს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.