ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ლუკა 18 წლისაა, სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მისი მომავალი პროფესიაც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. ლუკა არის სამოქალაქო ქმედების სკოლის შიდა პოლიტიკის მოდულის დამფუძნებელი ნაკადის აქტიური მონაწილე. იგი სკოლის ასაკიდან აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ასამდე პროექტში, ნამყოფია ოცამდე ბანაკში. მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ყოფილა რამდენიმე ბანაკის ლიდერი. განსაკუთრებითაა დაინტერესებული პოლიტიკითა და მიმდინარე მოვლენებით. მისი ჰობია მეგობრებთან ერთად გართობა, უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, იზიდავს ცურვა, ესწრაფვის ახალ შესაძლებლობებს და სურს მოგზაურობა.
ჩემთვის #ქმედება არის
ჩემთვის სამოქალაქო ქმედების სკოლა არის ადგილი, სადაც ანალიტიკური და კრიტიკული მსჯელობის საფუძველზე განიხილავ შენი მოდულის თემატიკას, ჩემ შემთხვევაში შიდა პოლიტიკის მოდულს.
#ქმედება არის გარემო, სადაც თითოეული მონაწილის მოტივაციაა შეიცნოს მეტი და სადაც ყოველი განსახილველი თემის შერჩევია მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
#ქმედებაში თითოეულის აზრი ფასეულია და ყველას აქვს საშუალება საკუთარი განსხვავებული აზრი წარმოაჩინოს და დაიცვას იგი. სამოქალაქო ქმედების სკოლა არის ადგილის, სადაც არაფრისმომცემი და ქრესთომატიული თეორიული ცოდნის ნაცვლად იღებ პრაქტიკულ ცოდნას აქტუალურსა და ადაპტირებულს დღევადელ ქართულ რეალობასთან, რაც საშუალებას გაძლევს იმსჯელო არა წარმოსახვითი და გაუგებარი თეორიებით არამედ პრაქტიკული და ყველასთვის ნათელი მაგალითებით.
ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიცირებული მენტორები და ორგანიზატორები.
სამოქალაქო ქმედების სკოლის პოლიტიკის მოდულის პროგრამა ძალზე ინფორმაციული და საინტერესოა, ამავე დროს დატვირთული და ბევრისმომცველი, რადგან თავად პოლიტიკის საგანი ძალზე ფართოა. შეუძლებელია პოლიტიკის შესახებ მსჯელობა, თუ არ ხარ გათვითცნობიერებული ისტორიაში, ეკონომიკაში, საგარეო ურთიერთობებში და სხვა უამრავ მნიშვნელოვან სეგმენტში. პოლიტიკის მოდული აუცილებლობიდან გამომდინარე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს ეხება. ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ქმედების სკოლის პოლიტიკის მოდულს შეუძლია მოგვცეს ფუნდამენტური პრაქტიკული ცოდნა, რათა შევძლოთ პოლიტიკური ფაქტის შესახებ მსჯელობა და მისი შეფასება.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის მეშვეობით აერთიანებს ათასობით მოტივირებულ ახალგაზრდას მთელი საქართველოდან.
#EGI არის ერთობა, რომლიდანაც მოდის ახალგაზრდული მუხტი, ენერგია და ენთუზიაზმი, აქ იბადება ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება საზოგადოებაში. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტების საშუალებით უამრავი მოზარდი ჩაერთო საკუთარ სკოლაში, თემში, რაიონში ან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ამით ხელი შეუწყო ქვეყანაში სამაქალაქო აქტივიმის განვითარებას და შექმნა ფუნდამენტი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმატებულად ჩამოყალიბებისთვის.
#EGI_ის დაარსების ისტორია არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება შენი იდეა სისრულეში მოიყვანო არაფრით, ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე. დღეს კი ეს ორგანიზაცია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ქსელს წარმოადგენს, რომლის საშუალებით შესაძლებელია უამრავი ფართომასშტაბიანი პროექტის წამოწყება.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის ერთობა, რომელმაც გააღვივა ახალგაზრდული მუხტი მთელ საქართველოში, საშუალება მისცა ახალგაზრდებს სისრულეში მოეყვანათ საკუთარი იდეები, შექმნა პლატფორმა, რომელიც ახალისებს ინიციატივებს, აქტიურ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს პოზიტიური მუხტი შეიტანონ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ საზოგადებაში, რითაც წარმოაჩენენ საკუთარ წვლილს სოციუმის განვითრებაში.
და ბოლოს, #EGI არის საუკეთესო ლიდერების გაერთიანება, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
მე ასეთი საქართველო მინდა…
საქართველოს მომავალზე ჩემი ხედვა ყოველთვის იწყება მისი გაერთიანებით. მე მინდა საქართველო, სადაც არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, არ არიან საკუთარ სამშობლოში დევნილები, სადაც არ არის შიში, რომ ხვალ შეიძლება საზღვარი გადმოწიონ და ჩემი სახლ-კარი და მიწა ოკუპანტებმა მიითვისონ.
მე მინდა საგარეო საფრთხეებისგან დაცული საქართველო, მინდა „ნატოს“ სრულუფლებიანი წევრი საქართველო.
მინდა ევროპის კავშირის წევრი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც თითოეული ადამიანი ფასდება მისი შრომის მიხედვით.
მინდა გარემო, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებულია.
მინდა ვნახო საქართველო, სადაც თოთოეული მოქალაქის უფლება დაცულია, სადაც კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, სადაც დემოკრატიის მაღალი ხარისხია: მთავრობა რეალურადაა ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და მის ინტერესებს ატარებს, სადაც ხელისუფლების მუშაობა გამჭირვალეა და კითხვებს არ ბადებს, მინდა საქართველო, სადაც თითოეული ადამიანის ხმა ისმის, მინდა საქართველო, სადაც ადამიანი, ინდივიდი, უმაღლესი ღირებულებაა.
მინდა სამშობლო, საიდანაც არ უნდათ გაქცევა ახალგაზრდებს, სადაც ბევრი შესაძლებლობაა, სადაც თავს დაფასებულად გრძნობენ.
მე მინდა თანამედროვე საქართველო, სადაც ეროვნული იდენტობა და ტრადიციებიც შენარჩუნებულია, რაც ხიბლავს ყველა ტურისტს და ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილს უღვიძებს.
მინდა საქართველო, ისეთი როგორიც თითოეულ ქართველ ახალგაზრდას წარმოუდგენია.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მინდა გამოვიდე პიროვნება, რომელიც მუშაობს საზოგადოების საჭიროებისთვის, რომელიც წარმოაჩენს საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ებრძვის უსამართლობას და უმეცრებას, მინდა გამოვიდე პიროვნება, რომლის ღირებულებაა თავისუფლება და პროგრესი.
არ ვიცი კონკრეტულად რა გზას ავირჩევ ჩემი მიზნების განსახორციელებლად. არ ვიცი ჩემს მიზნებს წარმოვადგენ როგორც პოლიტიკოსი, როგორც საჯარო მოხელე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ როგორც კერძო სექტოში მოღვაწე. ვფიქრობ, მთავარია გქონდეს კონკრეტული მიზანი და იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ფორმითაა მისი განხორციელება უფრო ეფექტური ადვილად განსასჯელი საკითხია.
ჩემი მიზნები გამომდინარეობს ჩემი პიროვნებიდან და შეესაბამება ჩემს უნარებსა და შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ როგორ მოვახერხებ, რომ მიზნები გარდაქმნას ამოცანებად და მის განხორციელებას.
ქართველობა ჩემთვის არის…
რა არის ჩემთვის ქართველობა არაა მარტივი კითხვა და დაფიქრებას მოითხოვს, თუმცა ნამდვილად ვიცი, თუ რა არაა ქართველობა: ქართველობა არაა პოპულისტური, მოჩვენებითი, ფსევდო და ურა პატრიოტობა. ქართველობა არ შეიძლება იყოს ქსენოფობია, ქართველობა ვერ იქნება უცხოელის სიძულვილი და „სახალხო პატრული“, ქართველობა ვერ იქნება „ქართველი ინტელიგენციის“ მიერ „ქართველობის“ დასაცავად გამოქვეყნებული წერილი და სხვა. მიმაჩნია, რომ ამგვარი „ქართველობა“- ანტიქართველობაა და მეტი არაფერი.
პირადად ჩემთვის ქართველობა, ნიშნავს-მეთქი რომ ვთქვა გამიჭირდება, თუმცა მინდა, რომ ნიშნავდეს ევროპელობას. დღეს კი ქართველობაა როდესაც იზიარებ და პატივს სცემ ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებას, მის ღირებულებესა და პრინციპებს.