ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავიბადე 2001 წლის 6 დეკემბერს ცაგერში. 2006 წლის ივნისში ტირილით გამოვეთხოვე ბავშვობას (დავასრულე ბაღი), მართალია მაშინ არავინ იცოდა რომ სექტემბერში სკოლის მოსწავლე გავხდებოდი (მათ შორის არც მე), მაგრამ, მიუხედავად ამისა ჩემმა გუმანმა, რომელიც თითქმის არასდროს მღალატობს განსჭვრიტა ჩემი მომავალი და დროულად შემამზადა ტანჯვისათვის (მაშინ ასე აღვიქვამდი სკოლას). მოკლედ 2006 წლის სექტმბერში გარკვეულ გარემოებათა გამო დავიწყე სწავლა ცაგერის საჯარო სკოლაში და დღემდე ვარ ამ სკოლის მოსწავლე. მეცხრე კლასში წარმატებული სწავლისათვის მივიღე კომპიუტერი. მონაწილეობას ვიღებ სასკოლო ოლიმპიადებში, ასევე აქტიურად ვარ ჩართული რაიონის ფარგლებში (და მის გარეთ) ჩატარებულ ღონისძიებებში, საგანმანათლებლო აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
დავამთავრე მუსიკალური ექვსწლედი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლის, ,,ლეჩხუმის”, ხუთწლედი და ცაგერის სამხატვრო სკოლის ექვსი კლასი.
ზოდიაქოთი ვარ მშვილდოსანი, შესაბამისად ვარ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი, ანუ მრავალფეროვანი იმ მხრივ რომ მაინტერესებს თითქმის ყველა სფერო. ამჟამად გატაცებული ვარ ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესწავლით, ასევე მეცნიერებით (ასტრონომიით), საოჯახო მედიცინითა და ხის სათამაშოების შეგროვებით.
თავისუფალ დროს ვატარებ ზემოთ ხსენებული ინტერესის სფეროების შესწავლასა და გაფართოებაში. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩანახატებისა და ნოველების წერა. მიყვარს ცხოველები და ვცდილობ დავიცვა მათი უფლებები. პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ მხრივ დაახლოებით 6 თვის წინ გადავდგი, მას შემდეგ, რაც გავხდი ვეგეტარიანელი.
ვცდილობ აქტიურად ჩავერთო სამოქალაქო აქტივობებში და წვლილი შევიტანო საკუთარი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

მოგეხსენებათ რომ ამ ოჯახის წევრი სულ ახლახან, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავხდი. როდესაც ბანაკში მოვდიოდი ვფიქრობდი თუ რა სიტუაცია დამხვდებოდა იქ, რა ცოდნითა და გამოცდილებით დავბრუნდები უკან. სიმართლე გითხრათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ გარემოებამ რაც იქ დამხვდა.
ინიციატივა პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე არის ჯგუფი, გაერთიანება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააჩნიათ მსგავსი მიზნები, რომლებიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მდგომარეობის გაუმჯობესობაზე გადის. ეს პროექტი გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას უკეთესობისაკენ გადადგას ნაბიჯი. ინიციატივა გვაძლევს საშუალებას უკეთესობისაკენ შევცვალოთ საკუთარი ქვეყნის მომავალი, რათა მომავალ თაობებს გარკვეულწილად გავუადვილოთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამ ყველაფრისათვის კი ეს პროექტი გვასწავლის საღად აზროვნებასა და ანალიზს, ანუ იმ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია ამ ყველაფრის ასრულებისათვის.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გარკვეული გზებით ცდილობს მათ გადაჭრას. ხელს უწყობს საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციის წევრებთან ერთად გატარებულმა ხუთმა დღემ ძალიან დიდი განათლება და გამოცდილება მომცა, გამოცდილება იმისა თუ როგორ გამოვთქვა საკუთარი აზრი საზოგადოებაში. აქ ჩატარებულმა ლექციებმა დამაფიქრეს იმ დასავლურ ფასეულობებზე, რომლებსაც ადრე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.
ამგვარად, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის საშუალება გავიგო მეტი დასავლურ ფასეულობებზე, თუ რატომ ევროპა; შევიძინო გამოცდილება საკუთარი აზრის საზოგადოებაში დაფიქსირებისა და რაც მთავარია, შევიძინო თანამოაზრენი, რომლებთან ერთადაც განვიხილო ესა თუ ის პრობლემა და მოვძებნო ალტერნატიული გზა ამ პრობლემს გადაჭრისა.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მოკლედ ყველას მსგავსად მეც მინდა ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება, ისეთ სახელმწიფოში, სადაც ფასობს ადამიანობა, სადაც ყველა ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული ეროვნებისა, აზროვნებისა და ცხოვრების წესისა აქვს უფლება ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი. სახელმწიფო, სადაც ფასობს განათლება და არა ქურდული მენტალიტეტი. სახელმწიფო, სადაც ბავშვების მთავარი საზრუნავი განათლების მიღებაა და არა საკუთარი ოჯახის რჩენა. სახელმწიფო, სადაც პატარა ბავშვები ერთმანეთს არა დანების ტრიალში, არამედ ცოდნაში ეჯიბრებიან. სახელმწიფო, რომლის 20% არ არის ოკუპირებული. საქართველოსი, რომელიც წარმატებით ინტეგრირდება ნატოსა და ევროკავშირში და ეს საშუალეებას მისცემს მას დაიცვას ის ფასეულობები და ღირსებები, რომლებიც წინაპრების სისხლის ფასად გვაქვს შემორჩენილი. აი, ასეთი საქართველო მინდა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ამ და მსგავსი პროექტების დახმარებით შევძლებ ვიხილო ასეთი საქართველო.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მთელი ბავშვობა მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი, დაახლოებით მეათე კლასამდე ვერ წარმოვიდგენდი საკუთარ თავს სხვა სფეროში, მაგრამ უკანასკენლ ორ წელიწადში ბევრი სხვა ინტერესის სფეროები გამიჩნდა რამაც ცოტა არ იყოს ამირია გონება, ამიტომ, ზუსტად ჯერ კიდევ არ ვიცი რა მინდა გამოვიდე.
სერიოზულად ვფიქრობ მედიცინასა და ბიოქიმიაზე (რომ შემეძლოს ორივე ფაკულტეტზე ერთდროულად ვისწავლიდი). სწავლის დასრულების (ვგულისხმობ უნივერსიტეტის დასრულების) შემდეგ ჩემი მომავალი საქმიანობით (რაც არ უნდა იყოს ეს) ვეცდები მნიშვნელოვანი სარგებელი მოვუტანო საკუთარ ქვეყანას.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის ერთგავრი სტატუსია, რომელიც მავალდებულებს, როგორც წინარების, ისე მომავალი თაობების წინაშე. წინაპრებმა საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს და სიმწრით გადარჩენილი ქვეყანა ჩაგვაბარეს; ჩაგვაბარეს და მათ უხმო კვნესაში ისმოდა თხოვნა, გავფრთხილებოდით ჩვენს ქვეყანას, ღირსეულად გვეპატრონა მისთვის და ასევე, ღირსეულად გადაგვეცა იგი მომავალი თაობებისათვის, რომ არ შერცხვენოდათ ამ ქვეყნის შვილობა.
ქართველებმა სუფრასთან განსაკუთრებულად ლამაზი სიტყვებით ვიცით სამშობლოს სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ მხოლოდ სადღეგრძელოდ ნათქვამი სიტყვები არ კმარა საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამოსახატად. სიტყვა არაფერია თუ მას საქმე არ ახლავს თან. ეს სიტყვები ისევე გაილევა, როგორც იმ ფიალაშა მყოფი ღვინო, რომლიც ჩვენი წინაპრების დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა, რა იქნებოდა იმათაც მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვები რომ ‘ეყარათ’ და საქმე არ მიეყოლებინათ თან? რათქმაუნდა, არაფერი გამოვიდოდა. ,,ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო” ხოდა ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს წინაპრებზე მეტი გავაკეთოთ საკუთარი ქვეყნისათვის, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ასე ძლიერ სჭირდება საყრდენი ჩვენ პატარა საქართველოს.
ხშირად ჩამესმის წინაპრების შორეული კვნესა, რომელიც კიდევ უფრო მიმძაფრებს პასუხისმგებლობის გრძნობას ვუპატრონო, პატიოსნად შევინახო, უკეთესობისაკენ შევცავლო, გავაერთიანო და ღირსეულად გადავცე შვილთა თაობას. მე ვეცდები საკუთარი წვლილი შევიტანო სამშობლოს განვითარებაში, ეცადე შენც და ვინაიდან ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გადავრჩინოთ საკუთარი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.