დღეს სამართლებრივი სახელმწიფოს, პირდაპირი vs. არაპირდაპირი დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების შესახებ ვისაუბრეთ. ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად დატვირთული დღე იყო. იმ საკითხთა უმრავლესობა, რომლებზედაც ვმსჯელობდით, საკმაოდ ახლო და ნაცნობი აღმოჩნდა ჩემთვის; ამიტომ მსჯელობა ამათუიმ თემაზე რთული არ ყოფილა.
ჯგუფური სამუშაოების განმავლობაში თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე წარმოვადგინეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთა დაცვისა და დარღვევის მაგალითები. გარდა ამისა, ვიდებატეთ იმის შესახებ, რომელია უმჯობესი – პირდაპირი დემოკრატია თუ ირიბი დემოკრატია. მეთოდოლოგიურად რამაც მომხიბლა ის იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარის ყველაზე ძლიერი (ჩვენი აზრით) არგუმენტი უნდა გამოგვეყო.
მინდა ცოტა ხნით გუშინდელ დღეს დავუბრუნდე და რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო რუსეთის წარმომადგენლის შესახებ. კურსის დასაწყისში, მეორე დღეს, სემინარის ყველა მონაწილეს მოგვიწია სხვადასხვა სახის შეკითხვებზე პასუხის გაცემამ, მაგალითად რას ვსაქმიანობთ, რას ვფიქრობთ საკუთარ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიტუაციაზე და ა.შ.
შეკითხვა, რომელზედაც მომიწია პასუხის გაცემამ შეეხებოდა საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე არსებულ სიტუაციას მასთან მიმართებაში. თავდაპირველად აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია და არსებობს მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი. პირველ რიგში კი ეს ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. „20% of Georgia is occupied by Russia!” – როდესაც ეს მესიჯი გავაჟღერე, რუსეთის წარმომადგენელი ჩემ წინ იდგა, სახეზე დაბნეულობა შევატყვე. ალბათ, არ ელოდა ამგვარ პირდაპირობას.
თუმცა მთავარი ისაა, რომ თავადაც მსგავსად ფიქრობს, კრიტიკულად აფასებს რუსეთის ხელისუფლების როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას, რამაც კიდევ უფრო კარგი შთაბეჭდილება შემიქმნა მასზე.
დამღლელი დღის შემდეგ გარეთ დავსხედით, რაც კი რამ სახალისო და გასართობი მოგვაფიქრდა, ‘ვითამაშეთ’. ერთ-ერთი იყო თამაში „Who’s most likely to“, საიდანაც აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე “Who’s most likely to be a spy of the foreign country?” პასუხი ვიყავი მე J არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს J
ხვალინდელი დღე ბონსა და კიოლნს დაეთმობა. კიოლნის დასათვალიერებლად დაახლოებით შვიდი საათი გვექნება. ასე რომ დროის მაქსიმალურად გამოყენება უნდა შევძლო. იმდენად ბევრი რამ არის სანახავი, საიდან დავიწყო არც ვიცი. იმედი მაქვს, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის.